📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ილონ მასკი ჯერ კიდევ შორეულ წარსულში იყო აღფრთოვანებული სახელით - http://X.com

By Walter Isaacson

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

1999 წლის დასაწყისში მასკს ბიძაშვილი, პიტერ რივი ეწვია და მან აღმოაჩინა, რომ მასკი საბანკო სისტემის შესახებ კითხულობდა წიგნებს. "ვცდილობ მოვიფიქრო, შემდეგ რა გავაკეთო", − ამიხსნა მან. იგი Scotiabank-ში მუშაობის გამოცდილებამ დაარწმუნა, რომ ეს ინდუსტრია დიდი ცვლილებებისთვის იყო მზად.

ასე რომ, მან 1999 წლის მარტში http://X.com დააარსა და გრანდიოზული ფინანსური კონცეფცია ჰქონდა: ის უნდა ყოფილიყო უნივერსალური მაღაზია ყველა ფინანსური საჭიროებისთვის − საბანკო ოპერაციები, ციფრული შესყიდვები, ჩეკები, საკრედიტო ბარათები, ინვესტიციები და სესხები. ტრანზაქციები მყისიერად დამუშავდებოდა, შესყიდვის დასასრულებლად ლოდინი არ იქნებოდა საჭირო. მისი აზრით, ფული უბრალოდ ჩანაწერი იქნებოდა მონაცემთა ბაზაში და უნდა მოეფიქრებინა, ყველა ტრანზაქცია რეალურ დროში უსაფრთხოდ როგორ უნდა დაფიქსირებულიყო. "თუ მიზეზი აღარ იარსებებს, რის გამოც მომხმარებელი სისტემიდან ფულის გატანას მოისურვებს", − ამბობს ის, − "მაშინ ეს იქნება ადგილი, სადაც მთელი ფული მოიყრის თავს და ეს მას მრავალ ტრილიონდოლარიან კომპანიად აქცევს".

მასკმა Sequoia Capital-ის გავლენიანი ხელმძღვანელის, მაიკლ მორიცის დაყოლიება შეძლო, რომ მას http://X.com-ში ძირითადი ინვესტიცია განეხორციელებინა. შემდეგ მორიცმა გარიგების დადებას შეუწყო ხელი Barclay's Bank-სა და კოლორადოს ადგილობრივ ბანკთან, რომ პარტნიორები გამხდარიყვნენ, ისე, რომ http://X.com-ს ერთობლივი ფონდების შეთავაზება შესძლებოდა, ბანკის წესდება ჰქონოდა და − FDIC დაზღვევა. მასკის მართვის ერთ-ერთი ტაქტიკა, როგორც მაშინ, ისე მოგვიანებითაც, გიჟური ვადების დაწესება იყო და მის შესასრულებლად კოლეგების იძულება. მან 1999 წლის შემოდგომაზეც ასე გააკეთა, როდესაც გამოაცხადა, რომ http://X.com ფართო საზოგადოებისთვის მადლიერების დღის უქმეებზე უნდა გაეშვათ. ამას ერთმა ინჟინერმა "სასტიკი ნაბიჯი" უწოდა.

მანამდე მასკი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მადლიერების დღის ჩათვლით, ოფისში ყოველდღე ნერვიულად დააბიჯებდა, პირდაპირ მძვინვარებდა და ღამით უმეტესად თავისი მაგიდის ქვეშ იძინებდა. მასკმა დილის 11 საათზე დაურეკა ერთ-ერთ ინჟინერს, რომელიც მადლიერების დღეს, ღამის 2 საათზე წავიდა სამსახურიდან, და დაბრუნება სთხოვა, რადგან მისმა კოლეგამ მთელი ღამე მუშაობაში გაატარა და სრული ძალით ვეღარ მუშაობდა. მისი ასეთი საქციელი დრამებსა და უკმაყოფილებას იწვევდა, მაგრამ ამავე დროს, წარმატებებსაც.

პროდუქტი იმ შაბათ-კვირას გაუშვეს და ყველა თანამშრომელი ახლომდებარე ბანკომატისკენ გაემართა, სადაც მასკმა http://X.com სადებეტო ბარათი მოათავსა... და ნაღდი ფული წამოვიდა. გუნდისთვის ეს დიდი ზეიმი იყო. კომპანიის ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი გახლდათ ფუნქცია, რომელიც მათ თავიდან მნიშვნელოვანი არ ეგონათ: ელექტრონული ფოსტით ფულის გაგზავნის შესაძლებლობა. ის უზომოდ პოპულარული გახდა, განსაკუთრებით, აუქციონის გვერდზე eBay, სადაც მომხმარებლები უცნობი ადამიანებისთვის თანხის გადასახდელ მარტივ გზას ეძებდნენ, როდესაც რაიმეს შეიძენდნენ [ეს კომპანია პიტერ თილისა და მაქს ლევჩინის დაარსებულ კომპანიასთან შერწყმის შემდეგ, PayPal-ის სახელით გახდა ცნობილი].

"მასკი დაჟინებით მოითხოვდა, რომ კომპანიის სახელი http://X.com ყოფილიყო, PayPal კი მხოლოდ მისი ერთ-ერთი შვილობილი ბრენდი გამხდარიყო. მან გადახდის სისტემის რებრენდირებაც კი სცადა − კომპანიას X-PayPal დაარქვა, თუმცა ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, განსაკუთრებით ლევჩინის მხრიდან.

PayPal სანდო ბრენდი გახდა, კარგი მეგობარივით იყო, რომელიც ფულის მიღებაში გეხმარებათ. ფოკუს-ჯგუფებმა აჩვენეს, რომ http://X.com-ის შემთხვევაში პირიქით მოხდა: ამ სახელის გაგონებაზე წარმოსახვაში უბადრუკი გვერდი ჩნდებოდა, რომელზეც ნორმალურ საზოგადოებაში არავინ ისაუბრებდა. მაგრამ მასკი შეუდრეკელი იყო და დღემდე ასეა. "PayPal უკეთესია, თუ გსურთ, მხოლოდ ე.წ. ნიშური გადახდის სისტემა იყოთ", − თქვა მან, − "მაგრამ თუ მსოფლიო ფინანსური სისტემის დაპყრობა გსურთ, მაშინ საუკეთესო სახელია − X".

ლევჩინი და მასკი კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ერთი საკითხის გამო, რომელიც ტექნიკურად ჟღერდა, მაგრამ თეოლოგიურიც იყო: მთავარ ოპერაციული სისტემად Microsoft Windows გამოეყენებინათ თუ Unix. მასკი ბილ გეითსს ეთაყვანებოდა, Windows NT მოსწონდა და ფიქრობდა, რომ Microsoft უფრო საიმედო პარტნიორი იქნებოდა. ლევჩინი და მისი გუნდი შეძრწუნებულნი იყვნენ − ფიქრობდნენ, რომ Windows NT არცთუ მიმზიდველი და საიმედო იყო, ამასთან, შეცდომებიც ჰქონდა. მათ Unix-ის მსგავსი ოპერაციული სისტემები ამჯობინეს, მათ შორის, Solaris და Linux ღია საწყისი კოდით.

ერთხელაც, შუაღამე გადასული იყო, ლევჩინი საკონფერენციო დარბაზში მარტო მუშაობდა, როდესაც მასთან მასკი კამათის გასაგრძელებლად შევიდა. "საბოლოოდ, ამას ისე შეხედავთ, როგორც მე", − უთხრა მას მასკმა, − "მე ვიცი, ეს ფილმი როგორ მთავრდება".

"არა, ცდები", − უპასუხა ლევჩინმა თავისი მონოტონური ხმით, − "Microsoft-ში ეს უბრალოდ არ იმუშავებს".

"იცი, რა", − თქვა მასკმა, − "მზად ვარ ამაზე ხელჩართული ჩხუბი გავმართო".

ლევჩინი სრულიად სამართლიანად ფიქრობდა, რომ ეს ყველაზე სულელური გზა იყო პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ უთანხმოების მოსაგვარებლად, თან, მასკი მასზე ფიზიკურად თითქმის ორჯერ ძლიერი იყო. მაგრამ გვიანობამდე მუშაობისგან ქანცგაწყვეტილი და არეული, მკლავჭიდზე დათანხმდა. მართალია, ყველანაირად სცადა, მაგრამ სწრაფად დამარცხდა. "მინდა გასაგებად ვთქვა", − უთხრა ლევჩინმა, − "არ ვაპირებ, წონის გამოყენებას რაიმე ტექნიკური გადაწყვეტილების მისაღებად". მასკს გაეცინა და უპასუხა: "დიახ, გასაგებია". მაგრამ მან გაიმარჯვა.

[მასკმა იქამდე მითხრა, სანამ Twitter-ზე კონტროლს აიღებდა, რომ http://X.com-ის რებრენდინგს აპირებდა და ცდილობდა პლატფორმად გარდაექმნა, რომელზეც 1999 წლიდან ოცნებობდა].

ამონარიდი წიგნის ბოლო თავებიდან: მასკს განწყობა მკვეთრად ეცვლებოდა 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს, Twitter-ის შეძენამდე. "უზომოდ აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ საბოლოოდ http://X.com ისეთია, როგორიც უნდა ყოფილიყო, ამაჩქარებლის სახით Twitter გამოვიყენე!", − მომწერა მან მოულოდნელად დილის 3:30 საათზე. და იმედია, დემოკრატიასა და სამოქალაქო დისკურსს დაეხმარება". მასკმა თქვა, რომ მას ფინანსური პლატფორმისა და სოციალური ქსელის კომბინაციად გარდაქმნიდა, რომელიც http://X.com-ისთვის 24 წლის წინ ჩაიფიქრა და დასძინა, რომ მისი რებრენდინგის ჩატარებას იმ სახელით აპირებდა, რომელიც თვითონ მოსწონდა.

რამდენიმე დღის შემდეგ ის კიდევ უფრო პირქუში გახდა. "Twitter-ის შტაბბინაში მომიწევს ცხოვრება. ეს უმძიმესი ვითარებაა. ნამდვილად მიფუჭებს განწყობას. დაძინება მიჭირს".

და აი, მასკი პიტერ თილთან ერთად და http://X.com ბარათი 1999 წელს;

და აი, ზეიმი Pappy Van Winkle-თან ერთად იმ დღეს, როდესაც მან Twitter იყიდა.

Pappy van winkle − მსოფლიოს საუკეთესო ბურბონია.

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას