📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"ყველაზე რთული იმ შიშის დაძლევაა, რომელსაც პირველი ნაბიჯის გადადგმა ჰქვია" USAID YES-Georgia-ს ბენეფიციარი ქალი მეწარმეები საქართველოს რეგიონებიდან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქალი მეწარმეების რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სტაბილურად იზრდება. აღსანიშნავია, რომ მეწარმე ქალებს დღეს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის შემცირებაში. მსოფლიო ბანკის მიხედვით, შეერთებულ შტატებში ქალების მფლობელობაში არსებული ფირმები სხვა ფირმებთან შედარებით გაორმაგებული ტემპით იზრდებიან, მათ ეკონომიკაში თითქმის 3 ტრილიონი დოლარი შეაქვთ და უშუალოდ პასუხისმგებლები არიან 23 მილიონ სამუშაო ადგილზე. მეწარმეობის სფეროში ქალების ოდენობა იზრდება ასევე განვითარებად ქვეყნებში, სადაც დაახლოებით 8 მილიონიდან 10 მილიონამდე ფორმალური მცირე და საშუალო საწარმოა (SME) მინიმუმ ერთი ქალი მფლობელით.

მიუხედავად იმისა, რომ ქალი მეწარმეების რიცხვი გლობალურად იზრდება, მათ კვლავ უწევთ არაერთ დაბრკოლებასთან გამკლავება, რომლებიც მათი ბიზნესის ზრდას აფერხებენ, ესენია კაპიტალის ნაკლებობა, მკაცრი სოციალური შეზღუდვები, შეზღუდული დრო და უნარები. დღეს არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც ქალებს ამ დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარებიან, ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა.

ქალ მეწარმეთა გაძლიერებას წლებია აქტიურად ემსახურება USAID YES-Georgia-ს პროგრამა "ახალგაზრდებისა და ქალთა მხარდაჭერა საქართველოში", რომელსაც ფონდი "კრისტალი" ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალთან" ერთად ახორციელებს. Entrepreneur-მა აქამდეც არაერთხელ გიამბოთ აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარების შესახებ, ახლა კი გვსურს სხვა მეწარმეებიც გაგაცნოთ, რომლებიც მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, საკუთარ საქმეს წარმატებით ახორციელებენ.

ნინო მეგრელიშვილი So sunny

2021 წელს ნინო მეგრელიშვილმა ხაშურში საკუთარი ბრენდი "პაწაწინა ფეხსაცმელები − for fluffy feet" დააფუძნა. ყაისნაღით საბავშვო ფაჩუჩებს ქსოვდა და უნიკალური დიზაინის მქონე პროდუქტებს ქმნიდა. მომდევნო წელს ასორტიმენტს ნაქსოვი თოჯინები დაუმატა და ბრენდს So sunny დაარქვა. დღეს იგი მომხმარებლებს ხელით ნაქსოვ საბავშვო ფაჩუჩებსა და სათამაშოებს სთავაზობს. გარდა ამისა, ჰყავს მოსწავლეები, რომლებსაც ამიგურუმს − ქსოვის ერთ-ერთ მიმდინარეობას ასწავლის.

"ყაისნაღით ქსოვა ხდება მხოლოდ ხელით, არ არსებობს არანაირი მოწყობილობა შრომის გასამარტივებლად. ამიტომაც არის უნიკალური მიმართულება. თითოეულ ნივთს მოსაქსოვად საშუალოდ 2-5 დღე სჭირდება", − ამბობს ნინო მეგრელიშვილი.

როგორც ნინო Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, საკუთარი ბიზნესის წამოწყება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დეპრესია წარმატებით დაამარცხა. ვინაიდან დეპრესიის ერთ-ერთი მიზეზი არასათანადო სამუშაო გარემო იყო, არასტანდარტულ სამსახურს ეძებდა, პლუს ამას პანდემიის პერიოდში ბევრი თავისუფალი დრო გაუჩნდა და დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რის კეთება ანიჭებდა სიამოვნებას. "გავიხსენე ჩემი ბავშვობა და მისწრაფებები, მერე მივიხედ-მოვიხედე და რაშიც საკუთარი სურვილებისა და გარემოს თანხვედრა დავინახე, ეს იყო ქსოვა. ამავე წელს, ოქროს დაბადების დღეზე 300 ლარი მაჩუქეს. ეს იყო ჩემი პირველი კაპიტალი ქსოვაში, ვიყიდეთ საჭირო ნივთები. ასევე, ხელმისაწვდომი იყო ძაფები, მეორეული ან დასაშლელი ზედატანები, რომელთა ჩაცმა არავის უნდოდა", იხსენებს ნინო.

თავდაპირველი ნაბიჯების გადადგმა მარტივი არ აღმოჩნდა. როგორც ნინო აღნიშნავს, საქართველოში ყაისნაღით ქსოვა არცთუ განვითარებული მიმდინარეობაა, შესაბამისად ხელმისაწვდომი არ არის სქემები, რომლის მიხედვით სხვადასხვა პროდუქტის მოქსოვაა შესაძლებელი. მას ხშირად უწევდა ინფორმაციის მოძიება ისეთ ენებზე, როგორებიცაა პორტუგალიური, ესპანური და ინგლისური. ქსოვის ტექნოლოგიაც ამ ენებზე ისწავლა და საკუთარ მოსწავლეებსაც უზიარებს ცოდნას.

"თავიდან მეორეული ძაფებით დავიწყე ქსოვა და თანდათან ვისწავლე, რა ტიპის ძაფები არსებობს, რატომ არ გამოდის ერთი ტიპის ძაფით ნებისმიერი ნივთი და .. ვსწავლობდი ინტერნეტით, არც კი ვიცოდი სად უნდა მეძებნა. პირველი ფაჩუჩი, რომელიც მოვქსოვე, ჩემი მოგონების ნაწილი იყო, თუ როგორ უქსოვდა დედაჩემი ჩემს თოჯინას ფაჩუჩებს და როგორ მინდოდა მეც შემძლებოდა ეს. უსაყვარლესი ფაჩუჩების ვიდეო ვიპოვე პორტუგალიურ ენაზე. იმდენად მინდოდა მეც მომექსოვა, რომ ვიჯექი და ვაკვირდებოდი სათითაო მოძრაობას. ზოგჯერ მთელი დღე არ ვდგებოდი, 8-10 საათი ვიჯექი ხოლმე. ამასობაში აღმოვაჩინე, რომ თურმე უკვე კარგად მესმოდა რას ამბობდა ბრაზილიელი როზანჟელა ზიდოკა პორტუგალიურად, რომელიც ჩემი პირველი მასწავლებელი იყო", იხსენებს ნინო.

პირველი ფაჩუჩების მოქსოვის შემდეგ, საკუთარი ნამუშევარი ბრაზილიის Facebook-ჯგუფში გააზიარა, ნელ-ნელა დადებითი გამოხმაურებებიც მოიპოვა. იგი დღემდე ინახავს პირველ მწარე გამოცდილებას, როდესაც ერთი ფაჩუჩის შექმნას დღეები და უამრავი საათი მოანდომა.

დღეს So sunny-ის პროდუქტების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ბრენდის Facebook-გვერდზე, ასევე თბილისში, მაღაზიაში "ზერო ეფექტი". როგორც ნინო გვიყვება, მისი ნამუშევრები პირველად სრულიად შემთხვევით ოჯახის მეგობარმა ნახა და თავის მაღაზიაში გამოფენა შესთავაზა, რამაც დიდი სტიმული მისცა.

"თანდათან გემოვნება დამეხვეწა. ვისწავლე ხარისხიანი ნამუშევრების ცნობა. ერთი წლის მერე გადავწყვიტე თოჯინას მოქსოვა მეცადა, რაც იქამდე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. როცა თოჯინების ქსოვაშიც დავიგროვე გამოცდილება, ჩემი ნამუშევრები ინტერნეტში განვათავსე და სრულიად უცხო ადამიანებისგან მოწონებაც დავიმსახურე. მახსოვს, პირველი შეკვეთები როდესაც მივიღე, იმ ღამით არ მეძინა", იხსენებს იგი.

დღეს ნინო უკვე დამოუკიდებლად უძღვება საკუთარ საქმეს. მართალია ამ ეტაპზე არ ჰყავს გუნდი, თუმცა ოჯახის წევრები, განსაკუთრებით დედა და მეუღლე, აქტიურად არიან ჩართული სამუშაო პროცესში − იქნება ეს საბუღალტრო თუ პროდუქტის მიწოდების სერვისი. ამ ეტაპზე ნინოს ვიდეოგაკვეთილების ჩაწერა სურს ყაისნაღით ქსოვის შესახებ. ასევე მის მიერ შექმნილი სათამაშოების სქემების დაწერა უნდა, რათა იგი ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ ნახა ვერავინ, ვინც ამ მიმართულებით მისცემდა ცოდნას, ამიტომ ისევ საკუთარი რესურსებით ცდილობს ისწავლოს ქსოვის დიზაინერობა. მომდევნო ეტაპზე So sunny უცხოურ ბაზარზე გასვლას გეგმავს, თუმცა ამჟამად პრიორიტეტული ქართული ბაზარია.

"ქალებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო უკან იხევენ, ვეტყვი, რომ მაქსიმალურად ეცადონ არ გაუშვან არცერთი შანსი ხელიდან. დაწყება არასოდეს არის გვიან. მოუსმინონ თავიანთ სურვილებს, საკუთარ გარემოს და არა გარემოცვას. არ არსებობს მზა რეცეპტი წარმატებისთვის. მე ბევრი საქმე ვცადე და ბოლოს შევჩერდი იქ, სადაც საკუთარი ცხოვრების სტილი და პირადი მახასიათებლები ჩემს გარემოსთან თანხვედრაშია", − აღნიშნავს ნინო მეგრელიშვილი.

სალომე კალანდაძე − ფერმა "ოდაში"

პანდემიის პერიოდში, ჯერ კიდევ 2020 წელს სალომე კალანდაძე მეუღლესთან ერთად ლანჩხუთში, სოფელ ნიგოითში გადავიდა საცხოვრებლად. მას შემდეგ მთელი ოჯახი აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობაში, რამაც ფერმის "ოდაში" დაარსებას ჩაუყარა საფუძველი.

"პანდემიის დროს სოფელში გავატარეთ რამდენიმე კვირა, რომლის დროსაც დავთესეთ უამრავი მცენარე. იმდენად მოგვეწონა ეს ყველაფერი, რომ აქტიურად დავიწყეთ კითხვა, კვლევა და ვიდეოების ნახვა სოფლის მეურნეობის დარგთან დაკავშირებით. 2020 წლის აპრილში გადმოვედით სოფელში და დავიწყეთ ეს საქმიანობა", − იხსენებს სალომე.

დღეს "ოდაში" სეზონურ ბოსტნეულს აწარმოებს ყოველგვარი სინთეტიკური წამლებისა და შხამ-ქიმიკატების გამოყენების გარეშე. წარმოების უდიდესი ნაწილი მოიცავს ღია გრუნტზე ბოსტნეულ კულტურებსა და მცირე ფართობის სათბურში არსებულ საჩითილე მეურნეობას. "ოდაში", როგორც ბრენდი, 2022 წლის 31 დეკემბერს შეიქმნა, როდესაც სალომე კალანდაძემ მეუღლესთან ერთად გადაწყვიტა, საკუთარი ეზოს ჭიშკრის თავზე აბრა დაეკიდა, რომელზეც ქართულ და ინგლისურ ენაზე ეწერა − "ოდაში".

ფერმის მომხმარებლების უდიდესი ნაწილი თბილისის მოსახლეობაა, რომლებსაც სეზონის განმავლობაში, კვირაში ერთხელ, პირდაპირ ადგილზე, 8-12 სახეობის ბოსტნეულისა და მწვანილისგან შემდგარი კალათებით ამარაგებენ.

"ჩვენ ვიყენებთ ე.წ. Farm To Table მოდელს, რომლის განსახორციელებლად საქართველოში პირველად შევქმენით საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობა − "სმა", რომელიც ინგლისურიდან CSA (Community Supported Agriculture)-ს ნიშნავს. ჩვენი მომხმარებლები, რომლებმაც სეზონური კალათები თებერვალშიც კი შეიძინეს, მხარს უჭერენ "ოდაში"-ს მეურნეობას, ჩვენ კი მათ ყოველკვირეულად ვაწვდით ჯანსაღ და ახლად დაკრეფილ ბოსტნეულსა და მწვანილს პირდაპირ ადგილზე", − ამბობს სალომე.

როგორც Entrepreneur-თან საუბრისას სალომე აღნიშნავს, პანდემიამდე სოფლის მეურნეობის სფეროში არანაირი გამოცდილება არ ჰქონიათ. ცოდნის უდიდესი ნაწილი ონლაინსაშუალებებით მიიღეს და დღემდე საკუთარი თავისა და ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავენ, ესწრებიან კურსებს მებოსტნეობისა თუ სხვა თემების შესახებ და აქტიურად არიან სხვადასხვა აქტივობაში ჩართული. ჯერჯერობით "ოდაში"-ს გუნდი არც ისე დიდია, თუმცა წარმატებით განაგრძობს ოპერირებას ბაზარზე.

"დღე იწყება და მთავრდება "ოდაშით". ჩვენი სამუშაო ძალის უდიდესი ნაწილი ფიზიკურ მუშაობაში მიდის. ჯერ მხოლოდ სტარტაპ-ფაზაში ვართ, თუმცა ნელ-ნელა ვფიქრობთ, მეტი დრო და ყურადღება დავუთმოთ ბრენდის განვითარებას. ჩვენი გუნდისა და მხარდაჭერის გარეშე ძალიან რთული იქნებოდა ასეთი საქმის მშენებლობა. ვცდილობთ შექმნათ საზოგადოება, რომელიც იზიარებს ძირითად ღირებულებებს და მხარს უჭერს როგორც ერთმანეთს, ასევე ადგილობრივ წარმოებას", − აღნიშნავს სალომე.

სამომავლოდ "ოდაში"-ს გეგმები ისევ და ისევ ორგანული ბოსტნეულის წარმოებასა და აგროტურისტული ობიექტის შექმნას უკავშირდება, რადგან ამ მიმართულებით საკმაოდ დიდია მოთხოვნა. "ვიმედოვნებთ, მალე იქნება საგრანტო პროექტი გურიაში და მოგვეცემა შანსი ვაქციოთ ჩვენი ორგანული ფერმა პატარა აგროტურისტულ ობიექტად".

სალომეს თქმით, წარმატება შეუპოვრობისა და წინსვლის ნაყოფია, რომლის წართმევა შეუძლებელია. გარდა ამისა, სქესი არ არის წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი და ამის ბევრი მაგალითი უკვე თავადაც ნახა USAID YES-Georgia-ს ტრენინგებზე.

"ყველაზე რთული იმ შიშის დაძლევაა, რომელსაც პირველი ნაბიჯის გადადგმა ჰქვია. ამის შემდეგ უკვე მუდმივი განვითარებისა და წინსვლის ეტაპი იწყება", − ამბობს სალომე კალანდაძე.

თამარ კოპალიანი − APODEMIA CRAFTS

APODEMIA CRAFTS საკუთარ მომხმარებლებს პოლიმერული თიხისგან დამზადებულ ქალისა და მამაკაცის აქსესუარებს სთავაზობს. სახელოსნო თამარ კოპალიანმა 2018 წელს დააარსა, მანამდე კი შინ მუშაობდა. ამ სფეროში მას 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება და რაც მთავარია, სხვადასხვა საავტორო ტექნიკა აქვს, რომლებიც, რა თქმა უნდა, საიდუმლოა და უნიკალური დიზაინის მქონე სამკაულების შექმნაში ეხმარება.

როგორც თამარი აღნიშნავს, მისთვის ბრენდზე მუშაობის პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, თუ როგორ მიიღებს საზოგადოება მის ხედვას, "გემოვნებაზე არ დავობენ, შესაბამისად, მე ჯერ კიდევ ვსწავლობ თითოეული ჩემი მომხმარებლისგან, რა არის კარგი, ლამაზი და დახვეწილი. ვცდილობ, მუდმივ კავშირზე ვიყო მომხმარებლებთან, რათა მათი სურვილები მაქსიმალურად გავითვალისწინო და სასურველი ნივთი შევქმნა", − აღნიშნავს თამარი.

ამჟამად APODEMIA CRAFTS-ის სახელოსნო სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" მდებარეობს და ბევრი გამვლელის ყურადღებასაც იქცევს. გარდა ამისა, ბრენდი საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში, მათ შორის − TikTok-პლატფორმაზე.

"გუნდის წევრები არ მყავს, რადგან ეს საქმე ძალიან ინტიმურია ჩემთვის და არ მიმაჩნია, რომ ამ საქმეში ჩემ გარდა ვინმე უნდა იყოს. თითოეულ ნივთს ვგრძნობ, შესაბამისად, ეს ნივთები მხოლოდ ჩემი ხედვაა", − ამბობს თამარი.

APODEMIA CRAFTS-ის თავდაპირველი მიზანი გაყიდვების ზრდაა, ამისთვის კი თამარი აქტიურად მუშაობს ახალ კოლექციებზე. მომდევნო ეტაპზე კი საერთაშორისო გაყიდვების პლატფორმაზე რეგისტრაცია და საკუთარი ვებგვერდის შექმნაც იგეგმება.

თამარის თქმით, მოტივაცია და საკუთარი საქმისადმი სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი აზრით, მომხმარებელთან მჭიდრო ურთიერთობა და საკუთარი ბრენდის დახვეწაზე აქტიური მუშაობა საუკეთესო გზაა წარმატებისკენ, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს თავად.

"ჩვენს სოციუმში, როდესაც ქალად იბადები, ყოველთვის უნდა ამტკიცო, რომ რაღაც შეგიძლია. ყველაზე კარგი გრძნობაა, როდესაც საკუთარ თავზე გაიმარჯვებ. დაამარცხებ შიშებს, რომ არ გამოგივა. საკუთარი თავის რწმენას ვუსურვებ ყველა ქალბატონს. მთავარია გიყვარდეს ის, რასაც ქმნი", − აღნიშნავს თამარი კოპალიანი.

გურანდა მირგატია − G.M. handmade

გურანდა მირგატია პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერი და ეკონომისტია. საკუთარი ბრენდის შექმნამდე ბევრგან მუშაობდა, თუმცა არასდროს უმუშავია დიზაინერად. ამჟამად სენაკში ცხოვრობს და უკვე 5 წელზე მეტია, რაც ტყავის ხელნაკეთ ნივთებსა და აქსესუარებს ამზადებს.

"ყოველთვის მინდოდა მქონოდა საკუთარი საქმე, სადაც ჩემი ნიჭის რეალიზებას შევძლებდი. ტყავი ყოველთვის ჩემი ინტერესის სფერო იყო. პირველად ტყავის საყურე შევქმენი, ამას მოყვა თმის სამაგრი, ბროში, ყელსაბამი, შემდგომ უკვე საახალწლო და სააღდგომო დეკორატიული ნივთები, რამაც მოწონება დაიმსახურა. გადავწყვიტე შემექმნა ლოგო და გამეკეთებინა ჩემი გვერდები facebook-სა და Instagram-ზე G.M. handmade-ის სახელწოდებით. შემდგომ უკვე ტყავის ხელნაკეთი საფულეებიც დაემატა ჩემს შექმნილ ნივთებს", − იხსენებს გურანდა მირგატია.

2021 და 2022 წლებში, ადგილობრივი თუ საერთაშორისო გრანტების მოპოვების შემდეგ გურანდამ საჭირო ხელსაწყოები და დანადგარები შეიძინა, რასაც დღეს პროდუქციის შესაქმნელად აქტიურად იყენებს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ტყავის ნივთების დამზადება დაიწყო, პერიოდულად მონაწილეობდა გამოფენებზე და ფესტივალებში რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით, გაჰქონდა საკუთარი ნივთები და ნახატები. აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ტრენინგსა თუ საინფორმაციო შეხვედრაში, რათა ის ცოდნა დაეგროვებინა, რომელიც საკუთარი საქმის განვითარებასა და სრულყოფილი პროდუქციის შექმნაში დაეხმარებოდა.

"მას შემდეგ, რაც "Buzz საქართველოს" მეწარმის უნარებისა და პიროვნული კომპეტენციების განვითარების კურსი გავიარე, Buzz-ელჩად ამირჩიეს. შემდგომ მიმიწვიეს "Buzz საქართველოს" ელჩების შეხვედრაზე, რამაც საშუალება მომცა შემეძინა მეტი სამეწარმეო უნარ-ჩვევები, უკეთ გავრკვეულიყავი ფინანსურ დაგეგმარებაში და გამეცნო ძალიან ნიჭიერი მეწარმეები ყველა კუთხიდან. პროექტის ფარგლებში გაძლევენ შესანიშნავ შანსს, მათ მიერ ორგანიზებულ გამოფენებში მიიღო მონაწილეობა, რაც საშუალებას გაძლევს უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს შენი პროდუქცია და გაზარდო შემოსავალი", − აღნიშნავს გურანდა.

ჯერჯერობით გურანდა დამოუკიდებლად მართავს საკუთარ ბრენდს და თავადვე ქმნის თითოეულ დეტალს. თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს სახელოსნოში ატარებს. მომავალში გუნდის წევრების მატებასა და წარმოების გაზრდას აპირებს. როგორც თავად აღნიშნავს, სამეგრელოში ტყავის ხელნაკეთ ნივთებზე მოთხოვნა მაღალია, რასაც ადგილობრივი ბაზარი ვერ აკმაყოფილებს. მისი უმთავრესი მიზანია, ადგილობრივი ბაზრის საჭიროებები უზრუნველყოს და საკუთარი პროდუქტები მაღაზიებში გაიტანოს − როგორც სენაკში, ასევე მიმდებარე ქალაქებში. გარდა ამისა, სამომავლოდ ისეთი საერთაშორისო ონლაინპლატფორმების ათვისება სურს, როგორებიცაა Etsy და Amazon.

ნონა კვარაცხელია − სამკერვალო-სალონი

ნონა კვარაცხელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჯგალის თემში ცხოვრობს, პროფესიით ეკონომისტია და წლების განმავლობაში კოლმეურნეობის მთავარ ბუღალტრად მუშაობდა. კერვა მისი მეორადი სპეციალობაა, მკერავობა კი ბავშვობის ოცნება.

2013 წელს ნონამ USAID-ის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მცირე გრანტი მოიპოვა, ამასთან ერთად კი საკერავი მანქანაც გადასცეს. სწორედ ამ საკერავი მანქანით გახსნა მან საკუთარი პირველი სამკერვალო-სალონი სოფლის ცენტრში და ამით ბავშვობის ოცნება აისრულა. მოგვიანებით ნონამ არაერთი დაფინანსება მოიპოვა, რომლითაც რამდენიმე სახეობის საკერავი მანქანა და დამატებითი ინსტრუმენტები შეიძინა, აიყვანა მკერავი და დღემდე აქტიურად ამუშავებს სამკერვალოს, სადაც ყველანაირ ტანსაცმელს, თეთრეულს, ფარდებსა და ტყავს კერავენ, ასევე მუშაობენ გადაკეთებაზე.

"ამჟამად მიკრომეწარმე ვარ, მსურს მცირე მეწარმე გავხდე და ამიტომ გადავედი რაიონში. შესაბამისად, გამეზარდა მომხმარებლების რაოდენობა. მიყვარს ჩემი საქმე, მყავს მკერავი, მოსწავლე და რაც მთავარია გულისყურით ვეკიდები ყველა მომხმარებლის მომსახურებას", − აღნიშნავს იგი.

ნონა აქტიურად ეხმარება სოციალურად დაუცველ ქალბატონებსა და მცირეწლოვანი ბავშვების დედებს. დღეს ნელ-ნელა იზრდება მოთხოვნა სამკერვალოს სერვისებზე, რაც თავის მხრივ მზარდ შემოსავალზეც აისახება. სამომავლოდ ნონა სამკერვალო-სალონის გაფართოებასაც გეგმავს.

ქალებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო უკან იხევენ, ნონა ურჩევს, რომ მთავარი მონდომებაა და მიუღწეველი არაფერი დარჩება.

ლამზირა კვარაცხელია − საოჯახო სასტუმრო "მორთი"

"მორთი" ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში მდებარე საოჯახო სასტუმროა, რომელიც სტუმრებს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს − იქნება ეს განთავსება, კვება, ტრანსპორტით უზრუნველყოფა, გიდობა, ცხენების ქირაობა თუ სხვა. ლამზირა კვარაცხელია ოჯახის წევრებთან და დამხმარე პერსონალთან ერთად მაქსიმალურად ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა დამსვენებელმა თავი რაც შეიძლება კომფორტულად იგრძნოს.

სასტუმროსთან ერთად "მორთიში" საცხობიც ფუნქციონირებს, სადაც არაერთ შეკვეთას იღებენ კომპანიებისგან, ორგანიზაციებისა თუ ტურისტებისგან. როგორც ლამზირა აღნიშნავს, საოჯახო სასტუმროს გახსნის გადაწყვეტილება მალევე მიიღო და ამაზე ბევრი არ უფიქრია.

"ორი პატარა ბავშვით როდესაც ვერსად მიდიხარ, რა უნდა მეკეთებინა ამაზე უკეთესი? მით უმეტეს, როცა ადგილმდებარეობაც ხელს გიწყობს - ულამაზესი ხედები, ხობისწყალი, ბუნებრივი კალციუმი; შურუბუმუს მღვიმე, რომელსაც დღემდე იკვლევენ; სილამაზით და მრავალფეროვანი ყვავილებით განთქმული ტობავარჩხილი და რაც მთავარია, ხშირი სტუმრები. სხვათა შორის, მათაც მიბიძგეს ამ საქმიანობისკენ. გარდა ამისა, მივხვდი, რომ მხოლოდ მამაკაცის შემოსავალი არ იყო საკმარისი ოჯახისთვის. როდესაც შეგიძლია რამე აკეთო და გამოგდის, რატომაც არა? თან ძლიერდები, არ გიწევს მეუღლისთვის ფულის თხოვნა სხვადასხვა საჭიროებისთვის, როცა გესმის რა შრომით არის ის მოპოვებული", − აღნიშნავს ლამზირა კვარაცხელია.

სამომავლოდ საოჯახო სასტუმროში საკონფერენციო დარბაზის დამატება, კოტეჯების აშენება და ცენტრალური გათბობის დამონტაჟება სურთ. ასევე, ახალგაზრდების გასართობი ცენტრის შექმნა და კიდევ ბევრი რამ, რაც მუხურში მცხოვრებ მოსახლეობას ძალიან აკლია.

საოჯახო სასტუმროს გარდა, ლამზირა კვარაცხელია ქალების თვითდახმარების ჯგუფს წარმოადგენს და ასოციაცია "მაღვიძარას" წევრია. იგი მუდმივად ცდილობს მის ირგვლივ მცხოვრებ ქალებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და მოტივაცია შესძინოს.

"ქალებს მინდა ვუთხრა, რომ მეტად გაბედულები იყვნენ, ნუ ჩაიკეტებიან შინ. შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება. არ არსებობს ადამიანი, რამე რომ არ ეხერხებოდეს, მთავარია გადადგან ნაბიჯი, კარგად გათვალონ არეალი, სად რა შეიძლება გაკეთდეს. ნუ შეშინდებიან. დღეს არა? ხვალ აუცილებლად გამოვა! ნუ იქნებიან სხვაზე დამოკიდებულები", − აღნიშნავს ლამზირა კვარაცხელია.

თეა მიშველია − "ფენიქსი"

თეა მიშველია ქალაქ ზუგდიდში ცხოვრობს, სპეციალობით პედაგოგია, თუმცა აღნიშნული მიმართულებით არასდროს უმუშავია. 2022 წლის თებერვალში მან საკუთარ ძმასთან ერთად შპს "მიშველია" დააარსა და ასე ჩაეყარა საფუძველი "ფენიქსის" ბრენდის შექმნას, რომელიც მომხმარებლებს ბიოსასმელებს სთავაზობს. ჯერჯერობით "ფენიქსი" ოთხი სახეობის სასმელს ამზადებს, ესენია: ფეიხოას არაყი, მაგარი სასმელი, ჭაჭის არაყი და შერეული ხილის არაყი. თითოეული სასმელი ტრადიციული მეთოდით მზადდება, დაცულია ყველა ტექნოლოგია, რაც უმაღლესი ხარისხის პროდუქტისთვისაა აუცილებელი. ვინაიდან პროდუქტი ნატურალურია და ყოველგვარი დანამატის გარეშე მზადდება, "ფენიქსის" არაყი სპეციფიკური გემოთი გამოირჩევა.

თეას ოჯახში მუდმივად აყენებდნენ ღვინოს და ხდიდნენ არაყს. ამ საქმეში ბავშვობიდან აქტიურად ჩართული იყო მისი ძმა ჯამლეთ მიშველია, მოგვიანებით კი თავადაც დაინტერესდა. სწორედ ბავშვობიდან გაღვივებულმა ინტერესმა შეუწყო ხელი "ფენიქსის" შექმნას.

"ამ საქმეში ბავშვობიდან აქტიურად იყო ჩართული ჩემი ძმა ჯამლეთ მიშველია. შეიძლება ითქვას, რომ ეს მისი საყვარელი საქმეა და დაახლოებით 27-წლიანი გამოცდილება აქვს. ღვინის დაყენებას ლოცვით იწყებდა, ეს პროცესი მისთვის მნიშვნელოვანი რიტუალი იყო და ამიტომ აუცილებლად უნდა შეგვენარჩუნებინა სიმშვიდე და ხელი არ შეგვეშალა. ხშირად იტყოდა ხოლმე, ამ ღვინომ და არაყმა ჩვენი სტუმარი კარგ განწყობაზე უნდა დააყენოს, სულ ცეკვა-თამაშის გუნებაზე უნდა იყოსო. მეც გამიჩნდა ინტერესი და ვამზადებდი ლიქიორს. მაქვს 22-წლიანი დავარგების საშობაო ლიქიორი, რომელიც ყველას აოცებს და დიდი მოწონებით სარგებლობს", − ამბობს თეა მიშველია.

როგორც თეა აღნიშნავს, როდესაც ახალბედა ხარ, ყველა წვრილმანი გამოწვევად გეჩვენება, არცთუ მნიშვნელოვანი დეტალები. გასული ორი წლის განმავლობაში არაერთი გამოწვევა გადალახეს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ფინანსებთან დაკავშირებული საკითხია, რომელიც დღემდე გამოწვევად რჩება. სამომავლოდ, "ფენიქსის" მიზანია ადგილი დაიმკვიდროს საქართველოს ბაზარზე და შემდგომ ექსპორტზეც გავიდეს. თუმცა მანამდე, ბრენდის განვითარებაზე ზრუნვაა საჭირო.

"გვინდა ჩვენი სიტყვა ვთქვათ ამ სფეროში. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ასეც იქნება, თუმცა მანამდე ბრენდის განვითარებისთვის გვჭირდება ფინანსების მოზიდვა, რათა უახლესი აპარატები შევიძინოთ, რაც გაგვიადვილებს შრომას და შევძლებთ მოკლე დროში მეტი რაოდენობის პროდუქტი ვაწარმოოთ. ბრენდის განვითარებისთვის აუცილებელია ჯანსაღი რეკლამა, რაც პროდუქტის რეალურ ხარისხს წარმოაჩენს, საჭიროა მაღალი ხარისხის ბრენდირება (შეფუთვა, ეტიკეტი და ასე შემდეგ). რადგან ყველაფრის გაკეთება დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით მიწევს, ვცდილობ ყველაფერში გავერკვე, მინდა გრაფიკული სამუშაოს შესრულება დამოუკიდებლად შევძლო, ვიმუშაო დიზაინზე, სოციალური ქსელები ვმართო და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ, მსურს ამ კუთხით აქტიურად ჩავერთო სხვადასხვა ტრენინგში", − აღნიშნავს იგი.

თეას თქმით, ანტრეპრენერობა ადვილი საქმე არაა, ის თამაშს ჰგავს, რომელიც სახიფათო, სარისკო და ამავე დროს სასიამოვნოა − უდიდესი სიმშვიდე და გამჭრიახობა გჭირდება დასახული მიზნის მისაღწევად.

"ყველა ქალმა, ვისაც აქვს სურვილი საკუთარი საქმე ჰქონდეს და ვერ რისკავს, აუცილებლად უნდა დაიწყოს თუნდაც მინიმუმით, რათა მაქსიმუმს მიაღწიოს. არ უნდა შეგვეშინდეს დაბრკოლების, სიძნელეებთან შეჭიდების, გვჯეროდეს საკუთარი თავის და შესაძლებლობების. ყველა მეწარმეს ვუსურვებ წარმატებებს და დასახული მიზნების განხორციელებას", − ამბობს თეა მიშველია.


USAID-ის პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდ "კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი".

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!