📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

BS Academy - პიროვნული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა ერთ სივრცეში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BS Academy აერთიანებს სწავლებისა და განვითარების 3 მიმართულებას: ადამიანური რესურსების მართვა (სრული კურსი და მოკლევადიანი ტრენინგები); პიროვნული განვითარების პროგრამები, სადაც ჩართული არიან პროფესიონალი ქოუჩები, ფსიქოლოგები; ინგლისური ენის კლუბი, სადაც წევრდებიან ადამიანები, რომლებსაც ინგლისური ენის სასაუბრო პრაქტიკის გაუმჯობესება ერთმანეთთან ინგლისურად კომუნიკაციით, ტრენერის ჩართულობით სურთ.

"3 წლის წინ ქოუჩინგის პროგრამა გავიარე. მას შემდეგ ჩემი ცხოვრების სტილი და ყველა მიზანი შეიცვალა. 2023 წელს, როდესაც გადავწყვიტე full time სამსახური დამეტოვებინა და შემექმნა საკუთარი და თან ღირებული საქმე, იდეების მოსაფიქრებლად დიდი დრო არ დამჭირვებია. ყოველთვის წარმოვიდგენდი საკუთარ ტრენინგ ცენტრს, სივრცეს, სადაც საერთო ინტერესებით გაერთიანებული და საკუთარ საქმეზე შეყვარებული ადამიანები იქნებოდნენ, რომლებიც გულით და მთელი შემართებით გადასცემდნენ სხვა ადამიანებს ცოდნასა და გამოცდილებას. BS Academy-ის დაარსების მომენტში სწორედ ასეთი პროფესიონალები აღმოჩნდნენ ჩემ გვერდით. პირველი სასწავლო პროგრამების შემუშავებით პირველი ნაბიჯებიც ერთად გადავდგით", - დიანა ფეიქრიშვილი, BS Academy-ს დამფუძნებელი.

როგორც დიანა გვიყვება, მაღალი კონკურენციის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო მიმართულებების სწორად არჩევა და პროცესების წარმართვა. დაინტერესებულთა რაოდენობა მალევე გაიზარდა, რაშიც დიდი როლი იმ ფაქტმაც ითამაშა, რომ ტრენინგები ონლაინ ტარდებოდა, შესაბამისად, დასწრების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ჰქონდა, მათ შორის რაიონებიდან.

"როცა ახალ საქმეს იწყებ, აწყდები ისეთ პრობლემებს, როგორიიც შეიძლება დასაქმებულად ყოფნის დროს არასდროს შეგხვდეს. კომფორტის ზონიდან გამოსვლა იყო საჭირო, რაც სტრესული, მაგრამ საინტერესო გახლდათ და ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი იმედის მომცემი აღმოჩნდა", - ამბობს დიანა.

როგორც თავად გვიყვება, დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობით უფრო მეტად გახდა საკუთარ გადაწყვეტილებებსა და წარმატებაზე პასუხისმგებელი, რაც უფრო მეტ მოტივაციასა და შთაგონებას აძლევს.

"ჩემი აზრით, ანტრეპრენერია ყველა, ვისაც დღევანდელ პირობებში ჰყოფნის სითამამე და გამბედაობა, საკუთარი ოცნებები თუ იდეები განახორციელოს, გარისკოს და დაიწყოს ის საქმე, რაც ყველაზე მეტად სურს აკეთოს.

ინსპირაციას საქმეში თავად საქმე, ყველა პატარა წინ გადადგმული ნაბიჯი მმატებს. შთამაგონებს ჩემი ორი შვილი, რომლებიც ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან და, რა თქმა უნდა, აკადემიის გუნდი, რომელიც უკვე გაიზარდა და აქტიურად არის ჩართული პროგრამების განვითარებაში".

ამ ეტაპზე თითქმის ყველა ტრენინგი ონლაინ ფორმატში ტარდება. მიმდინარე წელს აკადემია სივრცის შეძენას აპირებს, რაც შესაძლებლობას მისცემს, ტრენინგები როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში ჩაატაროს.

"ვაპირებთ განვავითაროთ არსებული მიმართულებები და დავამატოთ ახალი. კიდევ ერთი ღირებულება, რაც აკადემიას აქვს და გვინდა უფრო მეტად ვიყოთ ღია ამ კუთხით არის ის, რომ ადამიანებს, რომლებსაც სწავლისა და განვითარების სურვილი აქვთ, მაგრამ ფინანსური შესაძლებლობები არ უწყობთ ხელს, თანადაფინანსებით დავეხმაროთ ან ჩვენთან წარმოდგენილი კურსები უფასოდ შევთავაზოთ".

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?