📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

MiMa - კორპორაციული კულტურის ახალი სტანდარტი ქართულ დასაქმების ბაზარზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

21-ე საუკუნეში ტექნოლოგიებმა და პრობლემების ციფრულმა გადაწყვეტებმა, საზოგადოებისა და ბიზნესის ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეცვალა. წლიდან წლამდე იზრდება მოთხოვნა ციფრულ პროდუქტზე, როგორც მსოფლიოს, ისე საქართველოს ბაზარზე და ამ მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ საკუთარი წვლილის შესატანად, გასული წლის სექტემბერში საქართველოში კომპანია MiMa დაარსდა. MiMa ძირითადად გასართობ და ტექნოლოგიურ სფეროში ოპერირებს, ხოლო მისი დამფუძნებლები ევროპელი ბიზნესმენები არიან, რომელთა მიზანს ინოვაციური მიდგომებით ონლაინ ინდუსტრიაში განსხვავებული, ყველასგან გამორჩეული პროდუქტის შექმნა წარმოადგენს.

MiMa აერთიანებს გასართობ და IT მიმართულებებს, რომლებიც უშუალოდ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე არიან ორიენტირებული. კომპანიის გუნდი შთამბეჭდავი გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე დეველოპერებითაა დაკომპლექტებული. MiMa-ს გაცხადებული მიზანია შექმნას ციფრული გარემო, რომელიც ვირტუალურ სივრცეში რეალური სამყაროს მაქსიმალურად მიმსგავსებული ანალოგი იქნება. თუმცა ასეთი ამბიციური მიზანი მიუღწეველი იქნებოდა, რომ არა კომპანიის ახლებური დასაქმების პოლიტიკა და წარმოუდგენლად უშუალო დამოკიდებულება თანამშრომლებთან, რაზეც MiMa-ს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ქალბატონ თინა ტაბიძეს გავესაუბრეთ.

„MiMa-ს გუნდს ერთი წლის წინ შემოვუერთდი და ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი აღმოვჩნდი. მმართველ გუნდთან კომუნიკაციის შემდეგ დამაინტერესა მათმა ხედვამ და მიდგომამ დასაქმების პოლიტიკის მიმართ. ჩვენთვის მთავარ ღირებულებას ადამიანები წარმოადგენენ და რაც ყველაზე მთავარია, თანამშრომელთა პროფესიული უნარების გარდა, კომპანიასა და გუნდის თითოეულ წევრს შორის არსებულ ემოციურ კავშირს უდიდესი ყურადღება ეთმობა. დაახლოებით 18 წლიანი გამოცდილება მაქვს HR მიმართულებით მუშაობის სხვადასხვა სფეროში და პრაქტიკულად ყველგან თანამშრომლების მიმართ მიდგომა შაბლონური და სტანდარტულია. ზოგ შემთხვევაში ეს ამართლებს, თუმცა როდესაც საქმე IT-სთან, დეველოპერებთან ან დიზაინერებთან გაქვს, მათი პოტენციალის სრულად გახსნა, ნიჭისა და კრეატივის მაქსიმალური რეალიზება ჩარჩოების მოხსნის გარეშე წარმოუდგენელია. MiMa-ს აქვს ამბიცია და რესურსი, რომ საქართველოს რეალობაში არსებული ტიპური დამსაქმებლის სტანდარტი შეცვალოს, სწორედ ამიტომ ვქმნით ახალ დამოკიდებულებას, ახალ კორპორაციულ კულტურას, რაც სიახლეა ქართული ბაზრისთვის, თუმცა გაცილებით ეფექტური და პროდუქტიულია, ვიდრე ტრადიციული მართვის მოდელი", - აღნიშნავს ქალბატონი თინა.

მოგეხსენებათ, უპირველესი შეხების წერტილი დამსაქმებელსა და პოტენციურ დასაქმებულს შორის გასაუბრების ეტაპია, სადაც ზოგი აპლიკანტი მარტივად ახერხებს საკუთარი თავის საუკეთესო კუთხით წარმოჩენას, ზოგს კი - უჭირს. ამიტომ, MiMa-ს გუნდი, ცდილობს შექმნას არაფორმალური, მეგობრული გარემო, ჩამჭრელი შეკითხვების ნაცვლად კი, კანდიდატს არასტანდარტულად მიუდგეს და დაინტერესდეს მისი ცხოვრების სტილით, მაგალითად: როგორ ატარებს თავისუფალ დროს, როგორ ერთობა, დღისით მუშაობა ურჩევნია, თუ ღამით და ა.შ. აქვე, მათ ოფისში შეხვდებით გასართობ, სათამაშო და მოსასვენებელ სივრცეებს, სადაც ფორმალობა და ბარიერები იშლება და უშუალო ურთიერთობები ყალიბდება.

„გასაუბრების ეტაპზე, დაძაბულობისა და სტრესული გარემოს გამო, დამსაქმებელს შესაძლოა უამრავი მნიშვნელოვანი ნიუანსი გამორჩეს აპლიკანტის შესახებ და ისეთი კადრი დაკარგოს, რომელიც იდეალურად ერგება მის კორპორაციულ კულტურას. პროფესიული უნარ-ჩვევების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ე.წ. Personal fit, ის, თუ რამდენად ერწყმის თანამშრომლისა და კომპანიის ღირებულებები და რამდენად აქვს წარმოდგენილი აპლიკანტს თუ სად მოდის, ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ", - თინა ტაბიძე.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ თანამშრომელთა სამუშაო სივრცეების მოწყობა და აღჭურვა, სკამით დაწყებული, ინტერიერის ფერებით დამთავრებული, მათი პრეფერენციების და სურვილების მიხედვით ხდება. ოფისის თითოეული ოთახი განსხვავებული და არასტანდარტულია, რაც გუნდის ეფექტურობასა და პროდუქტიულობაზე დადებითად ისახება. MiMa-ს სამუშაო სივრცე Pet Friendly-ა, რაც თანამშრომლებს თავიანთი შინაური ცხოველების მოყვანის შესაძლებლობას აძლევს, ასევე აქ შეხვდებით ბავშვთა გასართობ სივრცეებს, სადაც გუნდის წევრებს, საჭიროების შემთხვევაში ბავშვების დატოვების საშუალებაც აქვთ. სწორედ მსგავს გარემოში, კომპანიასა და თანამშრომლებს შორის არსებული ემოციური ბმის პირობებში ეძლევათ ადამიანებს შანსი საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ და ბაზარს ინოვაციები შესთავაზონ.

კოვიდსიტუაციამ რადიკალურად შეცვალა ადამიანების პრიორიტეტები. ფინანსური ინტერესის მიღმა, თანამშრომლისთვის აუცილებელია იმის შეგრძნება, რომ მას უსმენენ, მის სიტყვას ითვალისწინებენ და რომ იგი ღირებული და უნიკალურია. არსებული სტრესული გარემოს პირობებში, სამსახურში მსგავსი კომფორტული გარემო ადამიანებს ათავისუფლებს და საერთო მიზნის გარშემო აკავშირებს. MiMa აერთიანებს 200-მდე დასაქმებულს, აქედან დაახლოებით 60% ე.წ. Game Presenter-ები არიან, ხოლო „ბექ ოფისი" დეველოპერებს, მარკეტერებს და სხვადასხვა დეპარტამენტს მოიცავს.

რასაკვირველია, გლობალური პანდემია MiMa-ს მუშაობაზეც აისახა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიამ გასულ წელს დაიწყო აქტიური ოპერირება. „მიუხედავად იმისა, რომ ემოციურად ძალიან რთული პერიოდი იყო, MiMa არ გაჩერებულა. რეგულაციებს ზედმიწევნით ვიცავთ. ჩვენი სამუშაო სივრცეები საკმაოდ დიდია და დისტანცირების საკითხი, შეიძლება ითქვას ბუნებრივად მოგვარდა. „ლოქდაუნების" დროს, ჩვენს თანამშრომლებს მიეცათ არჩევანის თავისუფლება, იმუშავებდნენ სახლიდან, თუ - ოფისში. გუნდის წევრთა უმრავლესობამ მაინც ოფისში მუშაობა ამჯობინა, არსებული კომფორტული გარემოდან და მოქნილი სამუშაო პირობებიდან გამომდინარე. ერთადერთი სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორი კომენდანტის საათი იყო, ვინაიდან ჩვენი გუნდის ზოგიერთ წევრს ღამის საათებში მუშაობა ურჩევნია, რისი შესაძლებლობაც ფიზიკურად არ არსებობდა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კომპანია სექტემბრის ბოლომდე სრულად იქნება ვაქცინირებული, რასაც ისევ და ისევ სწორი კომუნიკაციისა და თავისუფლების მაღალი ხარისხით მივაღწიეთ. მიუხედავად იმისა, რომ გვსურდა ყველა აგვეცრა და რისკები მინიმუმამდე დაგვეყვანა, MiMa-ს სავალდებულო ვაქცინაცია არ დაუწესებია, თუმცა სასურველ შედეგს მაინც მივაღწიეთ", - თინა ტაბიძე.

მოგეხსენებათ, ბოლო დროს დეველოპერების მოძიება და ციფრული მიმართულებით კვალიფიციური კადრის პოვნა საკმაოდ გართულდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკურენტული სფეროა და მოთხოვნა დიდია, შრომით ბაზარზე კომპეტენციის პრობლემები შეინიშნება. MiMa ციფრულ პროდუქტებს თავად ქმნის და მათთვის დეველოპერების დიდი და ძლიერი გუნდი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა პროფესიული კურსი თავად შეექმნა. „ჩვენი გუნდიდან შევარჩიეთ ორი წამყვანი დეველოპერი, რომლებიც პროგრამას ჩაუდგნენ სათავეში. გაიწერა სილაბუსი, ტრენინგ პროგრამა და პრაქტიკული დავალებები, რაც ამ სფეროში განვითარების აუცილებელი პირობაა. სოციალურ ქსელებში გამოვაცხადეთ კონკურსი და მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს, უკვე 100-მდე აპლიკანტი გამოგვეხმაურა. პირველადი შემოწმებისა და გასაუბრების საფუძველზე დავაკომპლექტეთ 14 კაციანი გუნდი და 13 აგვისტოს კურსი ინტენსიურ მომზადებას შეუდგა. Next Generation Training-ის პირველი ნაკადი ოქტომბრის ბოლოს დაასრულებს პროგრამის ათვისებას, ხოლო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, MiMa მათ საინტერესო პირობებით დასაქმებასაც შესთავაზებს. გვინდა, რომ ჩვენი ტრენინგების მეშვეობით ხელი შევუწყოთ ახალი თაობის განვითარებას, მათი ღირებულებების ფორმირებას და კარიერული წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ. ჩვენს კომპანიაში Junior დეველოპერებმა, რამდენიმე თვეში Middle-Senior დონეს მიაღწიეს და მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს. MiMa საკუთარ დასაქმებულებს განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას სთავაზობს", - აცხადებს ქალბატონი თინა.

კომპანია MiMa ამ ეტაპზე ახალ თამაშზე მუშაობს, რომელიც რამდენიმე თვეში „ბეტა" ვერსიით იქნება ხელმისაწვდომი. ასევე, უკვე მზადაა რამდენიმე პროექტი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე 17 ქვეყანაში, უკვე მიმდინარე თვის ბოლოდან გაივლის ტესტირებას. რაც შეეხება, MiMa-ს IT მიმართულებას, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან პროგრამული უზრუნველყოფის შეთავაზების კუთხით. დღესდღეობით, კომპანია უკრაინის ბაზარზეც არის წარმოდგენილი და დეველოპერების აქტიური რეკრუტინგის ფაზაშია.

როგორც თინა ტაბიძემ აღნიშნა, სამომავლოდ კომპანიას სურს მეტად განავითაროს MiMa-ს აკადემია, რომელიც მომავალ დეველოპერებს უსასყიდლოდ, მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული ინფრასტრუქტურით ხარისხიან თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას შესთავაზებს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!