ნინო კირვალიძე – ქალი, რომელმაც მიტოვებული სოფელი დიდი პოტენციალის მქონე ტურისტულ მიმართულებად აქცია

„მთავარი კი ის არის, რომ ტურისტი აქ მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოვა, თუკი დაინახავს, რომ თავად მცხოვრებლები თავს კარგად გრძნობენ, არსად მიდიან."

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„რაჭული სახლი“ ბიზნესპროექტად მას მერე იქცა, რაც საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში ნინო კირვალიძე ფუტკრების მოშენების იდეით კონსულტაციისთვის მივიდა. სწორედ აქ შესთავაზეს გაეროს ქალთა გაძლიერების პროგრამაში ჩართვა. პროექტის ფარგლებში, ნინო სრულიად უფასოდ ესწრება ტრენინგებს. შეისწავლის ბუღალტერიას, სოციალური მედიის მართვას, ყველა იმ უნარ-ჩვევას იღებს, რომელსაც მომავალში საკუთარი საქმის წარმოებაში გამოიყენებს.

ირაკლი დოლიძე

რაჭაში, ონიდან 2 კილომეტრში, სოფელი წმენდაური მდებარეობს. წლების წინ აქ ე.წ. „ტურბაზა“ ფუნქციონირებდა − კოტეჯებით, აუზით, გამართული ინფრასტრუქტურით. წლებთან ერთად, „ტურბაზა“ დაინგრა, ტერიტორია დაცარიელდა, ტურისტული ნაკადიც გაქრა. წმენდაური მოსახლეობისგან არ დაცლილა, თუმცა პატარა სოფელში ოციოდე კომლიღა შემორჩა. ნაძვნარით, მჟავე წყლებით, სუფთა ჰაერით მდიდარი და ინტერნეტკავშირით, ელექტროენერგიითა და გამართული გზებით უზრუნველყოფილი სოფელი, საბოლოო ჯამში, მაინც დაცარიელების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ნინო კირვალიძემ კი ერთ დღესაც გადაწყვიტა მივიწყებული ადგილისგან ტურისტული ღირსშესანიშნაობა შეექმნა, მცხოვრებლებისთვის კი წმენდაურის დატოვების იდეა გაექარწყლებინა.

პროფესიით სტომატოლოგია. წლების განმავლობაში შეკვეთებს ინტერიერის დიზაინში იღებდა. 2 წლის წინ წმენდაურში მარტოდ დარჩენილი ხანშიშესული მამამთილის თბილისში ჩამოსაყვანად წავიდა, თუმცა მისგან დედაქალაქში გაჩერებაზე კატეგორიული უარი მიიღო. თბილისური ცხოვრებით თავადაც დაღლილი იყო.

სოფელ წმენდაურში საქმეებზე ჩასულმა ნინომ საინტერესო რამ აღმოაჩინა: „რაჭაში ჩასვლამდე, თავის საშინელი ტკივილი მქონდა. ექიმთან მისვლას და ტომოგრაფიის გადაღებას ვგეგმავდი. რაჭაში ჩასვლისთანავე ტკივილმა იკლო, მოგვიანებით კი მთლიანად გაქრა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, ტკივილმა თავი კვლავ იჩინა. გამგზავრების შემდეგ ისევ გამიარა. საბოლოოდ კი მივხვდი, რომ თუკი მინდა დიდხანს და ჯანმრთელად ვიცხოვრო, ქალაქს უნდა გავეცალო“.

მეუღლესთან ერთად რაჭაში გადასახლდა. თბილისს იშვიათად სტუმრობს. აქტიურ ცხოვრებას მიჩვეულმა, რაჭაში გადასახლებისთანავე გადაწყვიტა, პატარა, ულამაზესი სოფლისგან ტურისტული ლოკაცია შეექმნა და მიზნისკენ მიმავალ გზას საკუთარი კოტეჯის აშენებით დაადგა.

„მე და ჩემს ოჯახს რაჭაში კოტეჯი უკვე გვქონდა. თუმცა, შენობა ძალიან ძველი იყო. გავაახლეთ. 4 საძინებელი ოთახი, 2 სველი წერტილი და სამზარეულო მოვაწყვეთ. ისეთ შენობად ვაქციეთ, რომელშიც ერთი დიდი ოჯახი ან 2 ტურისტული ჯგუფი ისე იცხოვრებს, შესაძლოა ერთმანეთს დღის განმავლობაში ვერც კი შეხვდნენ. გავაკეთეთ გაყვანილობა, კანალიზაცია. კოტეჯს მარანიც დავუმატეთ“, − იხსენებს ნინო.

კოტეჯი საკუთარი ფინანსებით ააშენა. შეხვდა ონის მერს, ემზარ საბანაძეს და დაპირებაც მიიღო, რომ პროექტის განხორციელებაში სრული ხელშეწყობა ექნებოდა. დასაწყისისთვის სოფელში ნაგვის ურნები დაიდგა და გზებიც გასუფთავდა.

რაც შეეხება სამეზობლოს, ნინოს წამოწყება მეზობლებისთვისაც მოტივაცია გამოდგა. ყველაფერს კი ხელი ერთმა შემთხვევამ შეუწყო: ერთ დღესაც ნინოს მეზობელს პოლონელი ტურისტები ეწვივნენ და რამდენიმე დღე-ღამე მათ სახლში გაატარეს.

„10 დღეში საკმაოდ ნორმალური თანხა გადაუხადეს. ჩემი მეზობელიც მიხვდა, რომ ეს საქმე პერსპექტიული იყო და სველი წერტილების მოწესრიგებას შეუდგა. სხვა მეზობლებმა ქათმების ფერმა გააკეთეს და ფრინველის გაყიდვას მიჰყვეს ხელი. არ ვამბობ, რომ ყველაფერი მე წამოვიწყე, თუმცა ბიძგი ნამდვილად მივეცი“.

ბიზნესის განვითარებაში ხელს წმენდაურის ადგილმდებარეობა უწყობს. სოფელი ონიდან 5 წუთის სავალზეა. ონის ცენტრში იუსტიციის სახლი მდებარეობს, სადაც ყველანაირი ოფიციალური დოკუმენტაციის მომზადებაა შესაძლებელი. ელექტროენერგიის პრობლემა მოგვარებულია. ინტერნეტი მშვენივრად მუშაობს და როგორც დამწყებ ანტრეპრენერს, ჰპირდებიან, რომ სულ მალე სოფლის გაზით მომარაგების პრობლემაც გადაიჭრება. სოფლამდე მიმავალი გზა დაგებულია. უახლოეს მომავალში, ნინო კირვალიძე „რაჭული სახლის“ Facebook-ის გვერდსაც შექმნის და კოტეჯს www.booking.com-ზე დაარეგისტრირებს.

„მთავარი კი ის არის, რომ ტურისტი აქ მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოვა, თუკი დაინახავს, რომ თავად მცხოვრებლები თავს კარგად გრძნობენ, არსად მიდიან. რაჭაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა მას მერე საგრძნობლად გაიზრდება, რაც გომი-საჩხერის გზა გაკეთდება და რაჭაში ამოსვლაც ბევრად ნაკლებ დროს წაიღებს“.

„რაჭული სახლის“ ამუშავებისთანავე, ნინო ტურისტულ ბიზნესში მეზობლების მცირე წარმოებებს ჩართავს. თაფლს, რძის პროდუქტსა და ხორცს წმენდაურელებისგან შეიძენს.

მიაჩნია, რომ პატარა რაჭული სოფელი სულ მალე კონკურენციას გუდაურსა და ყაზბეგსაც გაუწევს. „აქ ყველაფერია: სუფთა ჰაერი, ნაძვნარი, უგემრიელესი ნიყვი, მდინარე, მჟავე წყლები, რაჭული ლორი... მცხოვრებლებს ძროხები ჰყავთ. შესაბამისად, რძე და ყველი გვაქვს. ვფიქრობ სამონადირეო ტურების ორგანიზებას. თუმცა, ამ შემთხვევაში რეგულაციების მიღება იქნება საჭირო, რომ ნადირობა ხოცვა-ჟლეტას არ დაემსგავსოს და ყველაფერი ნორმის ფარგლებში მოხდეს“.

საბოლოო ჯამში, ნინოს მთავარი მიზანი ოჯახის კუთვნილ ტერიტორიაზე 8-9 კომფორტული, მცირე ზომის კოტეჯის აშენებაა, რომელიც ტურისტებს წელიწადში 12 თვის განმავლობაში მიიღებს, შესთავაზებს ტურებს რაჭის სხვადასხვა სოფელში და წმენდაურის ნებისმიერ ვიზიტორს დასვენების ცივილიზებულ პირობებს შეუქმნის.

წმენდაურის ერთ-ერთი უმთავრესი პლუსი სოფლამდე მიმავალი გამართული გზაა, რომლის დამსახურებითაც, შუა ზამთარშიც კი, სოფელში ასვლა ან იქიდან ჩამოსვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

გასულ ზაფხულს ნინომ ოჯახის წევრებთან ერთად სოფლის მიმდებარედ ტომარა კარტოფილიც ჩათესა. ძალები სოფლის მეურნეობაში მოსინჯა. „2200 მეტრზე სვანეთიდან გამოგზავნილი თეთრი და წითელი კარტოფილი ჩავრგე. მიწა, უბრალოდ, მოვხანით, გავთოხნეთ, კარტოფილი ჩავყარეთ, მიწა მივაყარეთ, არც კი მოგვირწყავს. მთელი მოსავალი ზაფხულის მზისა და დილის ნამის იმედად იყო. ცოტა ხნის წინ კი 17 ტომარა კარტოფილი მოვიწიეთ“.

არ გამორიცხავს, რომ „რაჭული სახლის“ პროექტის ამუშავების შემდეგ, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანის საქმესაც მოკიდოს ხელი. „რაჭაში მოწეული კარტოფილი სახამებლითაა გაჯერებული, რაც ასევე მომგებიან ბიზნესად შეიძლება იქცეს. სწორედ ამიტომ ვესწრები ტრენინგებს. ამ საქმეებს კარგი მენეჯმენტი და ცოდნა სჭირდება. ვცდილობ, მოგების პოტენციალი კარგად გავზომო“.

ყველაზე დადებითი პროგნოზით, „რაჭული სახლის“ პროექტის სრული დატვირთვით ამუშავებას წელიწადი დასჭირდება. ანტრეპრენერი კოტეჯების როგორც საქართველოში აწყობის, ისე საზღვარგარეთიდან ჩამოტანის იდეას განიხილავს. ძალაშია სკების დადგმის იდეაც. პატარა რაჭული სოფელი წმენდაური, კერძო ინიციატივის დამსახურებით, შესაძლოა საქართველოს ტურისტულ რუკაზე აღმოჩნდეს.