You can be on Entrepreneur’s cover!

ადამიანური ინტელექტის ხელოვნური ალტერნატივა რატომ სწავლობენ ბოტები ქართულ ზმნას?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

კაცობრიობამ ხელოვნურად შექმნილი ფიქრის უნარის მქონე არსებები ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში წარმოიდგინა. შემდეგ ეს წარმოდგენები ჩაიწერა ნოველებსა თუ რომანებში, გაცოცხლდა ფილმებში. დღეს კი, 21-ე საუკუნეში ყველაფერი თანდათანობით რეალისტურ ელფერს იძენს. მანქანებმა ფიქრი მართლაც ისწავლეს. მეცნიერების ერთ-ერთი პირველი აღმოჩენა ასე ჟღერდა: ხელოვნურ ინტელექტს (Artificial Intelligence) შეეძლო ინგლისურად საუბარი, მათემატიკური ამოცანების გამოყვანა, შაშის თამაში – რაოდენ განსაცვიფრებელიც უნდა იყოს, ადამიანზე უკეთ. აღმოჩენა რევოლუციური იყო, თუმცა ინტელექტუალური მანქანების შექმნაზე მეოცნებეებს შემდგომი კვლევების დაწყებამ საუკუნეებით დაუგვიანა – პროცესმა სტარტი 1956 წელს, დარტმაუსის კოლეჯში, ვორქშოფზე აიღო. ხელოვნური ინტელექტის მასობრივი მოხმარების საგნად გადაქცევას, წლები დასჭირდა. დღეს მთელი მსოფლიო იმ ბენეფიტებით სარგებლობს, რომლებიც ინტელექტუალ მანქანებს მოაქვთ: ისინი ითვლიან, გვიჩვენებენ, ეძებენ, კრებენ, კითხულობენ, ადგენენ სტატისტიკას, გვესაუბრებიან, გვხედავენ, ახდენენ ჩვენს იდენტიფიცირებას...

ხელოვნური ინტელექტით დაჩი ჭოლაძე და ზაალ გაჩეჩილაძე წლების წინ დაინტერესდნენ. მეგობრულის გარდა, მათ ნათესაური კავშირიც აქვთ და ხშირად ერთმანეთს ოჯახურ შეკრებებზე ხვდებოდნენ. საუბრობდნენ საერთო გატაცებებზე, მათ შორის, ხელოვნურ ინტელექტზე.

თუმცა, სანამ Pulsar AI-ს დაარსებას შეუდგებოდა, დაჩი ჭოლაძემ ძალები ორ სტარტაპში მოსინჯა. თავდაპირველად სტუდენტებისთვის ონლაინგზამკვლევი შექმნა, მათთვის კარიერული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით. შემდეგ კი ლოიალობის პროგრამა შეიმუშავა პარტნიორ დიმიტრი მიქაძესთან ერთად, რომელშიც სოციალური პასუხისმგებლობის ელემენტიც ჩართო. შეიქმნა ბარათი Cherrytea - მფლობელები კონკრეტული კომპანიების პროდუქციაზე ფასდაკლებას იღებდნენ, ბარათის გატარების შემდეგ კი პროდუქტის ღირებულების გარკვეული პროცენტი მათსავე არჩეულ ქველმოქმედებას ხმარდებოდა. „ამ სტარტაპის ზრდა სხვადასხვა მიზეზის გამო შეჩერდა, მათ შორის, ალბათ, ჩვენი შეცდომებიც იყო - იმ ადამიანების, რომლებიც ამ პროექტზე ვმუშაობდით", – გვიყვება დაჩი ჭოლაძე.

ზაალ გაჩეჩილაძემ საიტი www.pinpoint.ge საქართველოს ციფრული რუკა ჯერ კიდევ მაშინ დააარსა, როდესაც ის არსად არ იყო ხელმისაწვდომი. მოგვიანებით Smartex-ს შეუერთდა, როგორც კომპანიის მთავარი ტექნიკური დირექტორი (CTO). Smartex 2009 წელს შეიქმნა, როგორც საკურიერო მომსახურების სერვისი. 2011-2012 წლებში კი ბრენდი საინვესტიციო კომპანიად გადაიქცა. ის ინვესტიციებს სხვადასხვა ბიზნესში საწყის ან ადრეულ ეტაპებზე ახორციელებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც.

სწორ დროს სწორ ადგილას

აღნიშნული წამოწყებების წარუმატებლობის შემდეგ, დაჩიმ და ზაალმა გადაწყვიტეს გაერისკათ და რაც ყველაზე მეტად აინტერესებდათ, ბედი იმ მიმართულებით ეცადათ, კერძოდ კი – ხელოვნურ ინტელექტში. პროექტის განხორციელებას პოტენციური დამკვეთისა და კარგად გაწერილი ბიზნესგეგმის გარეშე შეუდგნენ.

ასე შეიქმნა Pulsar AI. კომპანიის სახელწოდებას ორმაგი დატვირთვა აქვს: (1) პულსარი – ნეიტრონული ვარსკვლავის ტიპია. სხვა ვარსკვლავებისგან კი ის განასხვავებთ, რომ ძლიერ მაგნეტიზებულნი არიან და შედეგად უჩვეულოდ სწრაფად მოძრაობენ. მართლაც, კომპანია უჩვეულო სისწრაფით მიიწევს წინ. (2) ამასთან ერთად, დამფუძნებლებს განაცხადი აქვთ, რომ თანამედროვე მსოფლიოს მაჯისცემას გრძნობენ.

კომპანიის დაარსებისთანავე, დაჩი და ზაალი ჩეთბოტზე მუშაობას შეუდგნენ. სამ თვეში ბოტზე მუშაობა დასრულდა. ბოტის ფუნქცია სხვადასხვა ლოკაციიდან ამინდის პროგნოზის მოწოდება იყო.

„ჩეთბოტები ადრეც არსებობდა, თუმცა მათი ათვისების ტემპი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სმარტფონების ეპოქაში მესიჯინგ აპლიკაციების გაპოპულარებასთან ერთად, ბევრად გაიზარდა. ჩეთბოტს, მაგალითად მესენჯერში, შეგიძლია იგივენაირად ესაუბრო, როგორც მეგობარს. მასაც აქვს შეზღუდვები თემატიკაში, ისევე როგორც მეგობარს შეიძლება ჰქონდეს", – ამბობს ზაალ გაჩეჩილაძე.

„შეგრძნების დონეზე Pulsar AI-ს წინა გამოცდილებებს ვერ შევადარებ. ერთმანეთს ყველაფერი ლოგიკურად მოერგო. ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომელთაც ჩვენთან ერთად ისეთი რაღაცების შექმნა შეუძლიათ, რასაც მიზნად დავისახავთ", – ამბობს დაჩი ჭოლაძე.

პროდუქტის შექმნისთანავე, სრულიად მოულოდნელად, დაჩი და ზაალი სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდნენ – „თიბისი ბანკი" სტარტაპერების პროდუქტით დაინტერესდა. „ჩვენი წამოწყება და მათი ინტერესის გაჩენა ზოგადად ამ ტექნოლოგიის მიმართ ზუსტად დაემთხვა დროში. ჩვენ ვუთხარით, რომ მათი მოთხოვნების შესაბამისი ჩეთბოტის გაკეთებას შევძლებდით. ასე შედგა ჩვენი პირველი კომერციული გარიგება".

მალე Ti Bot-ზე მუშაობაც დაიწყო. Ti Bot-ის საბანკო პროდუქტების შესახებ კითხვა-პასუხის რეჟიმში ინფორმაციის მოწოდება უნდა შეძლებოდა.

საამისოდ კი, კომპანიის პირველი და უმთავრესი გეგმა ბოტისთვის ქართული ენის უკეთ სწავლება იყო. „არსებული ტექნოლოგიები ინგლისური ან სხვა გავრცელებული ენებისთვისაა შექმნილი. აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს ენაში ბევრი კითხვის აღქმასა და დამუშავებაში ბოტის მიერ უფრო მაღალ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები გვჭირდებოდა. ამიტომ ქართულ ენაზე მორგებული პლატფორმის შექმნა დავიწყეთ". მოკლედ, ბოტს ქართული გრამატიკა სიღრმისეულად უნდა შეესწავლა.

მანქანური დასწავლის პროცესს ქართული უღლება-ბრუნების საკითხი ართულებდა, სიტყვის უამრავი ფორმა ბოტს აბნევდა, დაჩის და ზაალს კი ახალ საფიქრალს უჩენდა. ამ საფიქრალმა პროექტის ფორმა მაშინ მიიღო, როდესაც მიხვდნენ, რომ უნდა შეექმნათ ინსტრუმენტი, რომლის დახმარებით ეგრეთ წოდებული კლასიფიკატორი სიტყვის მნიშვნელობას მხოლოდ ფუძის დონეზე ისწავლიდა. შესაბამისად, სხვადასხვა ფორმით უღლების ან ბრუნების დროს, ბოტს მნიშვნელობის გარკვევა აღარ გაუჭირდებოდა. ის, უბრალოდ, სიტყვის ფუძეს ამოიცნობდა. ნებისმიერი ფორმით დასმულ შეკითხვაზე კი მომხმარებელი ადეკვატურ და ლოგიკურ პასუხს მიიღებდა.

ახალ ბოტს ყოველი შესაძლო შეკითხვისთვის მხოლოდ 20-30 ფუძის დონის ვარიანტის შესწავლა სჭირდება. თითოეული ვარიანტის ყველანაირი ნაუღლებ-ნაბრუნები ფორმა კი მარტივად იშიფრება ფუძეებზე დაყრდნობით. მეთოდს ლემატიზაცია ჰქვია, ინსტრუმენტს – ლემატიზატორი.

მას მერე, რაც ბოტმა ლინგვისტური სირთულეები გადალახა, ე.წ. ტრანსლიტერატორის ჯერი დადგა, რისი საშუალებითაც ბოტს ლათინური სიმბოლოებით აკრეფილი ქართული სიტყვები უნდა შეესწავლა და ისიც გაეგო, რომ მაგალითად, ასო-ბგერა ღ-ს ლათინური შრიფტით ზოგჯერ ასე წერენ – G, ზოგჯერ კი ასე – gh. დღეს უკვე ლათინური ანბანით მიწერილ ქართულ წინადადებას ბოტი მშობლიური ენასავით აღიქვამს, სავარაუდო პასუხთა ბაზა კი ბლომად აქვს დაგროვილი.

„პულსარი" ტრანსლიტერატორსა და ლემატიზატორს სერვისების სახით ყიდის. ნებისმიერი კომპანიის ბოტს აქვს შანსი ქართული ენა სრულყოფილად შეისწავლოს.

Pulsar AI პირველია ქართულ ბაზარზე, რომელმაც ბუნებრივი ენის დამუშავების საკითხი ასე სიღრმისეულად შეისწავლა.

Ti Bot-ის წარმატებული პროექტის დამსახურებით, კლიენტებთან კომუნიკაცია გამარტივდა. მომსახურება გახდა სწრაფი და რაც მთავარია, აღარ არის საჭირო ადამიანური რესურსის ჩართვა. სწორედ ამიტომ, ამჯერად უკვე TBC დაზღვევამ Pulsar-ს B Bot-ი – დაზღვევის საკითხებზე მომუშავე სპეციფიცირებული ბოტი შეუკვეთა.

ჰორიზონტის გაფართოება და გუნდის შექმნა

Pulsar AI-ს დამფუძნებლებმა კომპანიის დაარსების დღიდანვე იცოდნენ, რომ მხოლოდ ჩეთბოტების კეთებას არ დასჯერდებოდნენ.

„გადავწყვიტეთ, ბევრ საკითხში გავთვითცნობიერებულიყავით, რაც ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. ფაქტია, რომ ეს თემები ყოველთვის ერთმანეთთან იკვეთება. რომ არა ამ საკითხებში მიღებული გამოცდილება, ბევრი რამის კეთება დილეტანტურ დონეზე მოგვიწევდა".

მსგავსი ინტერესების ადამიანებთან კომუნიკაციას სხვადასხვა ადგილას, მათ შორის „ტექნოპარკში" ახერხებდნენ. იქ სწორედ ის პერსონები იკრიბებოდნენ, რომელთა გატაცება ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა იყო. „გუნდში შემოვიმატეთ ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით ჰქონდათ გამოცდილება. მაგალითად, მანქანურ ხედვაზე (Machine Vision) – ხელოვნური ინტელექტის ვიზუალურ ნაწილთან მუშაობაზე.

მორიგი პროდუქტი სწორედ რომ მანქანური ხედვის (Machine Vision) სფეროში შექმნეს. რამდენიმე თვეში ბაზარზე ახალი სერვისი გამოჩნდა – სისტემა, რომელსაც შეუძლია როგორც ფოტოს ამოცნობა, ისე ტექსტის ამოკითხვა.

„მას შეუძლია იცნოს ადამიანის სახე და ამოიკითხოს ტექსტი", – გვიყვება დაჩი ჭოლაძე. სერვისს ბევრი კომპანია, მათ შორის ბანკები და ელექტრონული კომერციის პლატფორმები, დისტანციური ვერიფიკაციისთვის იყენებენ. მაგალითად, ბანკში, სადაც თქვენი პირადი მონაცემები ფიქსირდება, შეგიძლიათ გააგზავნოთ საკუთარი პირადობა სმარტფონის საშუალებით და პარალელურად თქვენი სმარტფონის კამერა დააფიქსირებს თქვენსავე სახეს. სისტემა დაადგენს, ხართ თუ არა თქვენ პირადობის მოწმობაზე გამოსახული ადამიანი.

ამის შემდეგ Pulsar-მა Speech-to-Text ტექნოლოგიით მუშაობა დაიწყო. ჩეთბოტმა ხმოვანი შეტყობინებების აღქმა იმით ისწავლა, რომ აუდიომასალის ტექსტში გადაყვანის ფუნქცია დაემატა. ტექსტურ მასალად ქცევისთანავე, თქვენი ხმოვანი მესიჯი ზუსტად იმავე გზას გადის, რასაც იმ შემთხვევაში გაივლიდა, შეტყობინება რომ დაგეწერათ. სწორედ Speech-to-Text ტექნოლოგიას იყენებს Ti Bot-ი.

რაც შეეხება კომპანიის გუნდს, „პულსარის" დირექტორის ფუნქციას დაჩი ასრულებს, ხოლო ზაალი კომპანიის მთავარი ტექნიკური ხელმძღვანელია. ოპერაციების ხელმძღვანელი კი სოფო ჭყოიძე გახლავთ. საბოლოო ჯამში, Pulsar AI-სთვის 20-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, მათ შორის – როგორც კვლევაზე ორიენტირებულნი, ასევე პრაქტიკოსები. გუნდში ოთხი ლინგვისტია დასაქმებული, თუმცა მათი რაოდენობა პროექტების შემთხვევაში იზრდება. იყო შემთხვევა, როდესაც Pulsar-ისთვის 14 ლინგვისტი ერთდროულად მუშაობდა.

Pulsar AI ახალ, განვითარებულ ტვინებთან თანამშრომლობითაა დაინტერესებული. კომპანია მუდმივად პოტენციური თანამშრომლების, გონებაგახსნილი და დაინტერესებული ახალგაზრდების ძიებაშია ჩართული.

„ისეთი ადამიანების პოვნაზე ვართ ორიენტირებულნი, რომლებიც ამ სფეროში შემხვედრ ბარიერებს თავს მარტივად გაართმევენ. მათი პოვნა კი უნივერსიტეტებშია შესაძლებელი. ვცდილობთ, ვემეგობროთ, გადაკვეთის ისეთი წერტილები ვნახოთ, რომლებზეც მომავალ თანამშრომლობას დავაშენებთ", – ამბობს დაჩი ჭოლაძე, – „არ ვეძებთ გამოცდილებას. ვეძებთ ინტერესს და უნარებს".

„პულსარის" ინოვაცია – სენტიმენტები რიცხვებში

არსებობის თითქმის 2 წლის განმავლობაში Pulsar AI-ს ანგარიშზე პროდუქტებთან და სერვისებთან ერთად არაერთი პროექტია, რომელშიც უკვე შექმნილ პროდუქტებსა თუ სერვისებს იყენებენ.

გუნდი განსაკუთრებულად სენტიმენტანალიზით ამაყობს.

როგორ და რატომ დათვალეს ემოციები?

Pulsar AI-მ, ქალაქ თბილისის მერის არჩევნებზე სოციალური ქსელების ანალიზის დახმარებით, პოტენციური გამარჯვებულის წინასწარმეტყველება სცადა „სენტიმენტანალიზის რეალურ გარემოში გატესტვა შევძელით. არცერთ ეგზიტპოლს არ ჰქონია ისეთი სიზუსტე, როგორიც ჩვენს პროგნოზს. 51,1% იყო ჩვენი პროგნოზი, გამარჯვებულმა კი ხმების 51,09% აიღო. სიზუსტე მაღალი იყო მეორე და მესამე ადგილზე გასული კანდიდატების შემთხვევაშიც", – ამბობს დაჩი ჭოლაძე.

გუნდმა ასევე მუშაობა უკვე დაასრულა Mention Analytics-ზე. სოციალურ თუ ტრადიციულ მედიაში ნებისმიერი პერსონისა თუ ბრენდის მიმართ გაჟღერებული საკითხები ანალიზს ექვემდებარება. პროექტის საშუალებით ნათელი გახდება, ვისი იმიჯისთვის რომელი თემა წარმოადგენს ყველაზე უარყოფით, დადებით თუ ნეიტრალურ საკითხს. ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია, თუ რომელი მედიუმი რა კონტექსტში აშუქებს პოლიტიკოსსა თუ კამპანიას. „თუკი გვაქვს ადამიანის ფოტოსურათი, შეგვიძლია გავარკვიოთ, რომელ არხზე, რომელ წამს, რა თემაზე იყო მის შესახებ სიუჟეტი. ეს ყველაფრი ერთ პლატფორმაში ერთიანდება, სადაც თავმოყრილია ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ადამიანის ან ბრენდის შესახებ ნებისმიერი ტიპის მედიაში ვრცელდება. „ასევე შესაძლებელი იქნება ნათლად დაინახო, რა ფაქტორები მოქმედებენ კომპანიის იმიჯზე და რამდენადაა კონკურენტი ამავე ფაქტორებზე დამოკიდებული".

კიდევ ერთი საამაყო პროექტი „საქართველოს ბანკის" Secret Santa-ა. სარეკლამო კომპანია Redberry-ისთან თანამშრომლობის შედეგად, Pulsar-მა სარეკომენდაციო სისტემა შექმნა – მათ გააანალიზეს ისტორიული ჩანაწერები, რომელთა მიხედვით დაადგინეს, რა ტიპის საჩუქრების მიღება სურდათ მომხმარებლებს. ამის შემდეგ დაუკავშირდნენ იმ კომპანიებს, რომელთაც აღნიშნული ტიპის სასაჩუქრე ნივთები ჰქონდათ. „საქართველოს ბანკმა შექმნა პლატფორმა, რომელზეც ბიზნესები რეგისტრირდებოდნენ. როდესაც ადამიანები წერდნენ, თუ რა ნივთი სურდათ საჩუქრად, საიდუმლო სანტას მათ გვერდზე ის ბრენდი ჩნდებოდა, რომლისგანაც აღნიშნული საჩუქრის შეძენა იყო შესაძლებელი".

დაბოლოს: კომპანია სოციალური მიზნით დატვირთულ პროექტშიც ჩაერთო და Redberry-ის მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შექმნილი კამპანიისთვის თვალების გახელისა და დახუჭვის ამოცნობის ტექნოლოგია შექმნა. www.sheachere.ge-ზე შესვლისას, ეკრანზე ოთახსა და ახალგაზრდა წყვილს ხედავთ. იმ შემთხვევაში, თუ თვალებს დახუჭავთ, ოთახიდან მომავალი ყვირილისა და ჩხუბის ხმა ისმის, თვალის გახელისას კი კონფლიქტი წყდება. ოჯახური ძალადობის იგნორირების წინააღმდეგ მიმართული კამპანიისთვის, Redberry-მ და Pulsar-მა სპეციალური ტექნოლოგიური გადაწყვეტა იპოვეს.

როცა საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხარ

Pulsar-მა მუშაობა ენთუზიაზმზე დაიწყო. პირველივე პროექტი კომერციული აღმოჩნდა, ამის შემდეგ კი დამფუძნებლებს წუთითაც არ უფიქრიათ, მიღწეულს დასჯერებოდნენ. კომპანია იმ მცირე გამონაკლისთა სიაშია, რომლებიც წელიწადნახევრის თავზე მოგებაზე გასვლას ახერხებენ. მათი სწორი ადამიანების სწორ დროს შეკრებამ, და რა თქმა უნდა, თავაუღებელმა შრომამ, ინტერესმა, Pulsar-ს არაერთი წარმატება მოუტანა. დიდია სამომავლო პერსპექტივებიც.

სამომავლოდ, გუნდი ორიენტირებულია ძირითადად ისეთი სერვისები შექმნან, რომლებიც გადაყიდვადი იქნება სხვადასხვა კომპანიაზე იმის ნაცვლად, რომ კონკრეტული კომპანიებისთვის კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე იმუშავონ და ამაში დრო დაკარგონ. მათი აზრით, ეს კომპანიის მასშტაბების გასაზრდელად საუკეთესო გზაა.

ამასთან ერთად, პროექტებზე ნაკლები დროის ხარჯვა და ამის სანაცვლოდ მუდმივად ახალ პროდუქტებზე მუშაობა გუნდს საშუალებას აძლევს, ისწავლოს უამრავი ახალი რამ, რაც Pulsar-ში მუშაობას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

როგორც დამფუძნებლები ამბობენ, უახლოესი მომავლის ტრანსფორმირებაში ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ხელოვნური ინტელექტი იქნება.

და თუ მაინცდამაინც წარმატების ფორმულას ეძებთ, შეგიძლიათ Pulsar-ის გუნდივით მიუდგეთ საქმეს – „იმის ნაცვლად, რომ ვიკითხოთ, გავაკეთებთ თუ არა, პირდაპირ ვკითხულობთ – როგორ გავაკეთოთ?"

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"