Cortex - ბუნებრივი, ხარისხიანი, ფერადი

პირველი ნაბიჯები საკუთარ კედებამდე
Cortex - ბუნებრივი, ხარისხიანი, ფერადი
ფოტო: ირაკლი დოლიძე

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
ჟურნალისტი
5 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართული კედების წარმოების იდეა თავდაპირველად გიორგი დიდიძეს გაუჩნდა. ბავშვობიდან Nike-ის კედებზე გიჟდებოდა. ერთ დღეს კი, „გავიფიქრე, რომ ამ ყველაფერის განხორციელება თავადაც შემეძლო“. გიორგი დიანასა და კახას შეეხმიანა. წყვილმა მეგობარს იდეა მოუწონა.

ანტრეპრენერები თურქეთში მასალის შესაძენად 3 წლის წინ ხელში დიდი სიით ჩავიდნენ. ზუსტად იცოდნენ, სატესტო კედების შესაქმნელად რა დასჭირდებოდათ. როგორც აღმოჩნდა, მასალის საბითუმოდ შეძენა იმაზე ბევრად ძვირი ჯდებოდა, ვიდრე წარმოედგინათ. ნედლეულის მწარმოებლები პროდუქციას მხოლოდ დიდი რაოდენობის შემთხვევაში ყიდდნენ.

„თუკი დამწყები ხარ და მცირე ფინანსები გაქვს, ვერაფერს იზამ – ან ინვესტორი გჭირდება, ან ლოდინი გიწევს. თუ ლოდინი არ გსურს, დიდი რაოდენობით უნდა შეიძინო. ჩვენ საჭირო მასალის ნაწილ-ნაწილ შესყიდვა დავიწყეთ. რამდენჯერმე ჩავედით. გარდა ამისა, ურთიერთობა დავამყარეთ იტალიელ და ბელგიელ მომწოდებლებთან. და ასე, ნელ-ნელა დავაგროვეთ გამოცდილება“, – იხსენებს დიანა ველენგურსკაია.

თურქეთიდან დაბრუნებულები მუშაობას შეუდგნენ. უპირველესად, ერთხმად შეთანხმდნენ, რომ სურდათ ყველასგან განსხვავებული პროდუქტი შეექმნათ – თავისუფალი, საქმიანი და მრავალფეროვანი ცხოვრების სტილის ადამიანებისთვის. რაც მთავარია, ფერადი და გამორჩეული. პირველი კედი თბილისში შეკერეს. დაუკავშირდნენ ერთ-ერთ საწარმოს, თარგი და დიზაინი მიიტანეს და  პროტოტიპი  შექმნეს. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო საკუთარ შეცდომებზე სწავლის გრძელი პერიოდი.

„უამრავი ეგზემპლარი შევკერეთ, სანამ სასურველ შედეგს მივიღებდით. ვხვდებოდით, რომელი ნედლეული არ იყო ხარისხიანი, როგორი წებო გვჭირდებოდა. სხვათა შორის, წებოს შერჩევაზე განსაკუთრებით ბევრი ვიწვალეთ, ბევრნაირი გამოვცადეთ, სანამ სასურველს არ მივაგენით. თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია – იქნება ეს ტყავი, თასმა, ძაფი თუ ძირი",– გვიყვება დიანა. საბოლოოდ, ბევრი ექსპერიმენტის შემდეგ, შექმნეს პროდუქტი, რომელსაც ამინდი და დრო ბევრს ვერაფერს აკლებს.

Cortex-ის დამფუძნებელთა პრიორიტეტი ბრენდის შექმნის დღიდან უმაღლესი ხარისხი იყო. შესაბამისად, შექმნილ ეგზემპლარებს არ ზოგავდნენ – გამიზნულად აჭუჭყიანებდნენ, დადიოდნენ უგზოობაში, ყველა იმ მოსალოდნელ სირთულეს უქმნიდნენ, რაც შეიძლება კედს პატრონმა მოუვლინოს. შედეგად, არაერთი წყვილი გადაყარეს, ნაწილი კი ახლაც შინ აქვთ. „კედები ნამდვილად არ გვაკლია“, – ეცინებათ Cortex-ის ავტორებს.

ბიზნესზე მუშაობის პარალელურად, სამივე ანტრეპრენერი მუშაობდა. მათი ფინანსური რესურსის დიდი ნაწილი სწორედ პროექტის ფარგლებში ექსპერიმენტებს ხმარდებოდა. „ერთი კედი 15-მდე დეტალისგან შედგება.  მარაგი  უნდა გქონდეს. ჩვენი მიზანი ფერებზე ორიენტირება იყო, საქართველოში კი ნატურალური, ფერადი ტყავის შოვნა შეუძლებელია – ტყავის საკმაოდ მცირე არჩევანია მარაგის შესავსებად ისევ უცხოელ პარტნიორებს ვუკავშირდებოდით“, – გვიყვება გიორგი.

ფერად-ფერადი „ბედნიერებების“ საწარმო

მას მერე, რაც სასურველი ხარისხის პროდუქტი მიიღეს, თბილისში მცირე საწარმო გახსნეს. „საკუთარი პატარა წარმოება გვაქვს, რომელშიც ათამდე ადამიანი მუშაობს. თავდაპირველად, თარგზე ერთ ადამიანთან მისვლა გვიწევდა, შემდეგ კალაპოტისთვის სხვას ვაწუხებდით, ველოდებოდით, როდის მოიცლიდა ხელოსანი, ან დიზაინერი. დავრბოდით, დროს ვათანხმებდით. ვინაიდან მათ ერთმანეთთან კომუნიკაცია არ ჰქონდათ, საქმე ჭიანურდებოდა და პროდუქტის სასურველი ხარისხის მიღება გვიჭირდა. ახლა ყველაფერი ერთ საწარმოში გვაქვს და სამუშაო პროცესიც გაცილებით ეფექტურია“, – იხსენებს დიანა.

საწარმოში ფუნქციები მკაცრადაა გადანაწილებული – უპირველეს ყოვლისა, დიზაინი იქმნება და მეთარგესთან მიდის. მეთარგე მას კონკრეტულ კალაპოტს არგებს, რომელ დიზაინს რომელი კალაპოტი უხდება; იჭრება ტყავი, შემდეგ კი იკერება. მომდევნო ეტაპი კალაპოტზე აწყობა და წებოთი დასმაა, ამ პროცესს კი შემოკერვა ასრულებს. წარმოების ბოლო ეტაპზე კედი იფუთება და ყუთში აქსესუარებთან ერთად თავსდება.

Cortex-ის კედების გამოწერა ივნისის ბოლოდან გახდა შესაძლებელი. კომპანია ელექტრონული კომერციის  სისტემას იყენებს. მათი პროდუქტის შეკვეთა საიტიდან და სოციალური მედიის საშუალებითაა შესაძლებელი. „სტარტაპისთვის ასე ბევრად მარტივია“, – ამბობს კახა კირთაძე, – „უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ საახალწლოდ, მაღაზიის გახსნაზე ან რომელიღაც სავაჭრო ცენტრში სტენდის განთავსებაზე ვფიქრობთ“.

Cortex.ge-მ ჩაშვების დღესვე 5 წყვილი კედის შეკვეთა მიიღო. მას შემდეგ მათი პროდუქციით ყოველდღიურად როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან ინტერესდებიან.

ამჟამად საიტზე 12 მოდელია განთავსებული. თითოეული მათგანი რამდენიმე ფერშია მოცემული და განსხვავებული სახელი ჰქვია. კედების შიდა და გარე მხარე 100%-ით ნატურალური ტყავისგან იკერება. ნედლეულის უმეტესი ნაწილი კვლავ თურქეთიდან და იტალიიდან ჩამოდის, თუმცა Cortex-ი ქართული წარმოების რამდენიმე გამორჩეული ფერის ტყავსაც აქტიურად იყენებს.

კედები უნისექსია – კარგად მოირგებს როგორც ქალი, ისე მამაკაცი. Cortex-ის დამფუძნებლები საკუთარი პროდუქციისა თუ მომსახურების ხარისხში სრულიად დარწმუნებულნი არიან. იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთის ადრესატი ფეხსაცმელს ვერ მოირგებს, შეძლებს ზომაში გადაცვალოს ან კურიერს უკან გამოატანოს, თანხა კი სამ დღეში სრულად აუნაზღაურდება. ამასთან ერთად, კომპანია უფასოდ მოგაწვდით გამოწერილ კედებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

საიტსა და სოციალურ მედიაში Cortex-ის გვერდებს მრავალი შეკითხვითა და ქათინაურით მიმართავენ. მაგალითად, ხშირად ინტერესდებიან, რამდენად რეალურია კედის ფერი ფოტოზე. „მაქსიმალურად ვეცადეთ ბუნებრივი ფოტოები გამოსულიყო“, – ამბობს დიანა. „ჩვენი დაკვირვებით, კედს ის ადამიანები უკვეთავენ, რომლებიც დასაწყისში ბევრ შეკითხვას სვამენ. ეს ნიშნავს, რომ დეტალურად არიან დაინტერესებულნი პროდუქტით. როცა რწმუნდებიან, რომ ჩვენი ნამუშევრების იმედი გვაქვს და პირობებსაც კითხულობენ, გვიკვეთავენ“.

ივლისის თვეში Cortex-ის საიტზე საზაფხულო, ნაჭრის კედების კოლექცია გამოჩნდება. ამჟამად ტყავის პროდუქციის ფასი 200-დან 300 ლარამდე მერყეობს. ნაჭრის ეგზემპლარების შემთხვევაში კი ღირებულება 100 ლარიდან დაიწყება.

„ნატურალური ტყავის კედი ძვირი სიამოვნებაა. მით უმეტეს, რომ გარედანაც მაღალი ხარისხის, დამუშავებულ ნედლეულს ვიყენებთ. შესაბამისად, ჩვენი კედები უფრო კომფორტული და გამორჩეულია, ვიდრე სხვა. ახლა უკვე მზადაა საზაფხულო ნაჭრის კოლექციაც. ნაჭრის მოდელების ფასი შედარებით დაბალი იქნება. ივლისის თვეში ამ კოლექციას დავამატებთ. უკვე სასექტემბროდ დაემატება საშემოდგომო კოლექცია და საბავშვო ხაზი. მოგვიანებით Family სერიებსაც შევქმნით“.

მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევრების არაქართულ ბაზარზე გაყიდვა ჯერჯერობით არ იგეგმება, დამფუძნებლებს სჯერათ, რომ ქართულ რეალობაში თავის დამკვიდრების შემდეგ, საკუთარ პროდუქციას ევროპასაც გააცნობენ.

„Cortex ისეთი ადამიანებისთვის შეიქმნა, რომლებიც ცხოვრებაში ყველაფერს საკუთარი თავის იმედად აღწევენ, პროგრესულები არიან, ბევრს მუშაობენ, გამოირჩევიან აქტიურობით; საქმიანები, წარმატებულები, გამბედავები, თავისუფლები და შეუპოვრები არიან; არ უშინდებიან ბევრ სიახლეს და ქართული პროდუქციის განვითარებასაც მხარს უჭერენ. სწორედ ამიტომ გვინდა, ჩვენი კედები მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს – ასეთი ადამიანები ხომ სწორედ კომფორტს ანიჭებენ უპირატესობას, მუდმივად „გადარბენაში“ არიან. თან სურთ გემოვნებით ჩაიცვან, დახვეწილად გამოიყურებოდნენ. ოფიციალურ შეხვედრაზეც კი, კედები კლასიკურ სამოსს შეგიძლიათ შეუხამოთ და გამორჩეულად გამოიყურებოდეთ“, – ახასიათებს ბრენდს დიანა ველენგურსკაია.

Cortex-ი დიანას, გიორგისა და კახას პირადი ინვესტიციით შეიქმნა. კომპანია სულ რამდენიმე კვირისაა. შესაბამისად, განსაკუთრებულ ფინანსურ წარმატებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. დამფუძნებლების დადებითი გათვლებით კი, წარმოება ორ წელიწადში მოგებასაც მიიღებს.

შეიძინეთ Cortex-ის პროდუქცია Entrepreneur Shop-ზე!

Latest on Entrepreneur