ყველაფერი ამბის თხრობაა

უპირველესად, პროდუქტის ამბავი უნდა მოყვე

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჰოლივუდის რეჟისორი სტივენ სოდერბერგი ცდილობს უცნობი ბოლივიური ალკოჰოლური სასმელი წარმატებულ ბიზნესად აქციოს. მისი თქმით, უპირველესად, პროდუქტის ამბავი უნდა მოყვე.

entrepreneur

სტივენ სოდერბერგი უმეტესად ცნობილია, როგორც ფილმების „ოუშენის თეთრმეტი მეგობარი“, „ერინ ბროკოვიჩი“, „სუპერ მაიკი“ და ახლა უკვე „საავადმყოფო ნიკერბოკერის“ რეჟისორი. ცოტამ თუ იცის, რომ ის პირველი ამერიკელია, რომელმაც ქვეყანაში სინგანი – უცნაური შემადგენლობის, ყურძენზე დამზადებული ბოლივიური ლიქიორი შემოიტანა, რომელიც არსებობის 500 წელზე მეტს ითვლის. სოდერბერგმა სასმელი ფილმის გადაღებისას დააგემოვნა, მოიხიბლა და მას მერე ექვსი წელიწადი მოანდომა სადისტრიბუციო ლიცენზიის მიღებას. საქმეს ის ართულებდა, რომ აშშ-ის მთავრობას არ გააჩნდა შესაბამისი სასაქონლო კატეგორია, რომელსაც ამ პროდუქტს მიანიჭებდა. სოდერბერგის პროდუქტი, სახელწოდებით „სინგანი 63“, ახლა 22 წამყვანი ბაზრის თითქმის 1000 დაწესებულებაში იყიდება. ბიზნესის წარმატებისთვის სოდერბერგი აპირებს იმავე მეთოდებს მიმართოს, რომელსაც ფილმის შექმნისას იყენებს: თხრობა, თანამშრომლობა და მზადყოფნა შეცდომებისთვის.

უკვე დიდი ხანია, რეჟისორი ხართ. რამდენად იქონია ამან გავლენა იმაზე, თუ როგორ მართავთ კომპანიას?

არ მგონია, რომ ერთ საქმეში წარმატება სხვა ბიზნესზეც ანალოგიურად ვრცელდებოდეს. სამაგიეროდ, მჯერა, რომ ახალ საქმეში შეგიძლია პრობლემების გადაჭრის მიდგომები გადმოიტანო. საქმის არსის უკეთ დასანახად, ჯერ განტოლებას საკუთარი ეგო უნდა მოაცილო – გარშემო კარგი ადამიანები შემოიკრიბო და დაუსვა მათ ყველა საჭირო შეკითხვა: როგორ გამოიყურება საქმის წარმატებული სცენარი? რა მოიმოქმედეს სხვებმა? ჩვენ რა ავიღოთ იქიდან, რაც სხვებმა გააკეთეს? რა არ უნდა გავიმეოროთ სხვების ნამოქმედარიდან?

ამასთან, ვცდილობ ისეთივე გარემო შევქმნა, როგორსაც გადასაღებ მოედანზე ვაყალიბებ – ფოკუსირებული და მოძრავი. ამავდროულად, მშვიდი. გარშემომყოფ ადამიანებს ეს აძლევს საშუალებას, წინადადებები დაიწყონ შემდეგი ფორმულირებით: „რა მოხდება, თუ?..“ ზოგჯერ ჩვენ „ოქროს ვარსკვლავების“ დღე გვაქვს – მეთოდი, რომელსაც საბავშვო ბაღში იყენებენ. ყუთში „ოქროს ვარსკვლავების“ პატარა სტიკერები გვიყრია. ერთხელ, ათი წუთი ვსაუბრობდი პრობლემაზე, რომელიც ვერ გადამეჭრა და ერთ-ერთი, ვინც მისმენდა, მოვიდა და მითხრა: „და რა იქნება, თუ...“ და ესეც პრობლემებიდან გამოსავალი და „ოქროს ვარსკვლავი“.

ვფიქრობ, ეს ისეთი რამაა, თავიდან ადამიანები თვალებს რომ გადაატრიალებენ, მაგრამ შემდეგ იტყვიან: „მეც ძალიან მინდა ამ ვარსკვლავების მიღება“.

რატომ არ უნდა გინდოდეს? მე მენდომებოდა. ყველას უნდა „ოქროს ვარსკვლავის“ ღირსი იდეა მოუვიდეს. ასეთი იდეები სადღაც აქვეა. მთავარია, ეგო გვერდით გადადო და აღიარო, რომ ერთ ადამიანს ყველაფერზე პასუხი არ აქვს. მე გამიმართლა – კარიერის დასაწყისში მყავდა მენტორები, რომელთაც ლიდერობის ეგალიტარიული მიდგომა ჰქონდათ, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ არსებობდა იერარქია გადაწყვეტილებების მიღებაში და არა პატივისცემაში. მე ვხედავდი, რომ მათ კარგად შეეძლოთ მართვა და ჩემი რესურსის მაქსიმალურად გამოყენება, თუმცა დამცირება ერთხელაც არ მიგრძვნია. თავს ყოველთვის ღირებულად მაგრძნობინებდნენ. სწორედ ესაა მიზანი – როცა შენს საქმეს საუკეთესოდ აკეთებ, იგრძნო, რომ ამას ვინმე ხედავს და გიფასებს.

არის რაიმე მსგავსება ფილმის რეკლამირებასა და ბარის მფლობელებისთვის „სინგანი 63“-ის შეთავაზებას შორის?

დიახ. მსგავსება ამბავშია. ორივე შემთხვევაში ამბავს ყვები. ამ მხრივ, ორივე ერთმანეთს წააგავს. უნდა გამოგიტყდეთ, ამ სასმელის ისტორიის მოყოლა უფრო სასიამოვნოა ჩემთვის, ვიდრე ჩემი საუბარი რომელიღაც საკუთარი ფილმის გასაყიდად.

რატომ?

როდესაც პროექტის წარმოჩენას ცდილობ, ყოველდღე, მთელი დღის განმავლობაში, საკუთარ თავზე ლაპარაკობ. წინადადებების დიდ ნაწილს იწყებ სიტყვით: „მე“. ვფიქრობ, თუ საღ გონებაზე ხარ, გარკვეული დროის მერე ეს უკვე სულს გიხუთავს. მე სინგანი არ შემიქმნია. უბრალოდ, მისი იმპორტიორი ვარ. მე ხალხს სასმელისა და ყურძნის ისტორიას ვუამბობ – როგორ მოხვდა ის ეგვიპტიდან ესპანეთში, შემდეგ ბოლივიის სამხრეთში, რომლის საშინელ ლანდშაფტში თავისი თავი ასე იდეალურად გამოხატა.

ამბავს, როგორ გადავაწყდი მას სრულიად შემთხვევით, ფილმზე „ჩე“ მუშაობისას, რომლის შექმნას შვიდი წელი მოვანდომე. ეს იყო ფილმი, რომელზეც ჩემი ყველა მეგობარი მეუბნებოდა, რომ მზის სინათლეს ვერ იხილავდა და ვერ ხვდებოდნენ, საერთოდ რატომ ვწვალობდი...

პირველად როდის დააგემოვნეთ სინგანი?

ეს მოხდა 2007 წლის ივნისის პირველ კვირას, როდესაც მადრიდში ფილმის დაწყებისადმი მიძღვნილი წვეულება გვქონდა. მეორე დღეს ესპანეთის ერთ მიკარგულ მხარეში უნდა გავმგზავრებულიყავით, სადაც ორნაწილიანი ფილმის გადაღება უნდა დაგვეწყო. ორივე ფილმის გადაღება ბოლოდან გვიწევდა – ფილმის ვარსკვლავის, ბენისიო დელ ტოროს წვერისა და წონის გამო. ასეთი რამ მანამდე არ გამიკეთებია. იმ დღეს მსახიობებთან და გადამღებ ჯგუფთან ესპანურად მომიწია სიტყვით გამოსვლა, რომლის დედააზრი იყო: „ეს ადვილი არ იქნება. პანიკაში არ ჩავარდეთ და ხელი არ ჩაიქნიოთ“. თუკი ოდესმე დამჭირვებია მეგობარი ალკოჰოლის სახით, ეს ზუსტად მაშინ იყო. ამ ამბებში ვიყავით, როდესაც ჩვენი ბოლივიელი კასტინგის დირექტორი მოვიდა და საჩუქარი მომიტანა. ეს იყო „კასა რეალ სინგანის“ ბოთლი.

სასმელზე როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?

მასზე მყისიერი რეაქცია მქონდა. იმ მომენტისთვის სასმელის ბოლივიის საზღვრებს გარეთ ექსპორტი არ ხდებოდა, ამიტომ იმაზე მეფიქრებოდა, რამდენად შევძლებდით მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში სასმელის სახედრების საშუალებით მოწოდებას. ეს შევძელით. ყოველ ღამე შევიკრიბებოდით ხოლმე სასტუმროს ნომერში, იმ დღის გადაღებულ მასალას დავამუშავებდით, ვსაუბრობდით და სინგანის ვსვამდით. სალონური ატმოსფერო სუფევდა. სასმელი მთელი იქაური გამოცდილების განუყოფელ ნაწილად იქცა. ხუთნახევარი-ექვსი თვის შემდეგ იმის გაფიქრება, რომ ამ სასმელის მცირე დოზასაც ვერ გავსინჯავდი... ცუდი გრძნობა იყო.

როგორ წამოიწყეთ ბიზნესი?

2007 წლის დეკემბერში გადაღებები დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც მომივიდა აზრი: „რა მოხდება, თუ სასმელს შტატებში ჩამოვიტან? მიამიტურად ვფიქრობდი: „ბარებში უამრავი ბრენდის სასმელი იყიდება. ეს რთული არ უნდა იყოს“. და მეც საქმეს შევუდექი. ბიზნესმენეჯერს დავურეკე და ვუთხარი, რისი გაკეთებაც მინდოდა. მოვნახეთ ბროკერი, რომელიც საქმიან ქაღალდებთან მუშაობაში დამეხმარებოდა. ყოველ ჯერზე, როცა რაიმე ეტაპს წარმატებით დავასრულებდით, ვკითხულობდი, შემდეგ ნაბიჯი რა იქნებოდა. ასე მივიწევდით ნელ-ნელა წინ. 2008 წელს განაცხადი შევიტანე იმპორტიორის ლიცენზიაზე, რომელზე თანხმობაც 2012 წლის ბოლო-2013 წლის დასაწყისამდე ვერ მივიღე.

როგორი გრძნობა იყო, როდესაც ჩამოტანილი პროდუქტი პირველად ნახეთ?

ყველაფრის რეალურად შეფასების მომენტი მაშინ დადგა, როდესაც ნიუ-ჯერსიში 250 ყუთი სასმელი ჩამოვიდა. ამ დროს ბრენდმენეჯერი ამყავდა და მას პროდუქტის გასაყიდად გადაცემის თემაზე ვესაუბრებოდი. ამ ადამიანმა ორსაათიანი მონოლოგი წამიკითხა იმაზე, თუ როგორ მუშაობს ბიზნესი, როგორი კონკურენტულია ბაზარი და ყველაფერი რამდენად რთულია. როგორც გაყიდვების კარგმა პროფესიონალებმა იციან, ისე ჩამომითვალა მიზეზები, რატომ შეიძლებოდა ჩაყრილიყო ყველაფერი წყალში.

ყოფილა მომენტი, როდესაც ყველაფრისთვის თავის განებება გიფიქრიათ?

დიახ, ასეთი მომენტი იყო, მაგრამ შემდეგ ვიფიქრე: „იმავე გათვლებს გამოვიყენებ, როგორც მაშინ, ბატონ-რუჟის გარეუბანში როცა ვიზრდებოდი და ფილმების გადაღებაზე ვოცნებობდი“. გასართობ ინდუსტრიაში კავშირები არ მქონია. წარმატების ალბათობა მათემატიკურად ძალიან მცირე იყო, თუმცა შანსი არ მანაღვლებდა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რისი გაკეთებაც მსურდა. ჩემი დამოკიდებულება ასეთი იყო: „ვიღაცას გამოუვა. რატომ არ უნდა ვიყო ეს ვიღაც მე?“ „სინგანი 63“-ის შემთხვევასაც ანალოგიურად მივუდექი: „გარშემო ჭკვიან ადამიანებს შემოვიკრებ, დავსვამ ბევრ შეკითხვას და საქმეს დიდ დროს დავუთმობ“.

გაქვთ შორს გამიზნული გეგმა?

ჩემი მიზანი ახლა ისაა, რომ საქმე მდგრად და მომგებიან ბიზნესად ვაქციო. არ ველოდები, რომ რომელიღაც დიდი კომპანია მოვა და მეტყვის: „ჩვენ გადაგიხდით X თანხას, შენ წახვალ და აქედან საქმეს უკვე ჩვენ მივხედავთ“. მე ეს არ მინდა.

ჯორჯ ქლუნი ყოველდღე გირეკავთ და გსაყვედურობთ, რატომ არ იღებთ ბიზნესის გაყიდვიდან მილიარდობით დოლარს, როგორც ის მოიქცა საკუთარი ტეკილას კომპანიის შემთხვევაში.

არა. ეს მე ვსაყვედურობ მას. იმიტომ, რომ რასაც ხელს კიდებს, ყველაფერს წარმატებულად აქცევს. ეს, ცოტა არ იყოს, ნერვების მომშლელია.

რომ არა თქვენი დიდი ხნის სურვილი, ლათინურამერიკული რევოლუციის შესახებ ფილმი გადაგეღოთ, ახლა ლიქიორის საკუთარი კომპანიის მფლობელი არ იქნებოდით. გიფიქრიათ ამაზე?

დიახ. კაცმა, რომელმაც ბოთლი მაჩუქა, მოგვიანებით მითხრა, რომ ორი კვირა ფიქრობდა, რა საჩუქარი გაეკეთებინა და სულ ბოლო წუთს გადაწყვიტა – მოდი, ბოთლ სინგანის ვაჩუქებო. მერე გამიმხილა, მანამდე მაისურის ჩუქებას ვაპირებდიო. ასე რომ, ძალიან თავისუფლად შეიძლებოდა ეს არ მომხდარიყო.

მისტიკური დამთხვევების არ მჯერა, თუმცა ყურადღებას ვაქცევ ასეთ კოლიზიებს, როცა ისინი ხდება. იმას ვგულისხმობ, რომ ასეთი მომენტები უნდა გამოიყენო. ჩემგან ვერ გაიგონებთ სიტყვებს: „ეს ასეც უნდა მომხდარიყო“. მე ვამბობ: „კარგი, ეს მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა მოქმედების დროა“.