📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ნანო ციხისელი - ქალი, რომელმაც "მამაკაცური პროფესიის" სტერეოტიპი დაანგრია Zeten – რობოტიკა და ელექტრონიკა ქართულად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტმა გოგონამ უნივერსიტეტის ბოლო კურსზე ნამდვილ გატაცებას მიაგნო, რომელსაც, გაგიკვირდებათ და ტექნიკურად არაფერი ჰქონდა საერთო ხელოვნებასთან. თუმცა, ნანო ციხისელისთვის პროგრამირება და ელექტრონული მოწყობილობების შექმნა ხელოვნების დონეზეა აყვანილი. გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში კომპიუტერული ტექნოლოგიები ახალი შემოსული იყო. იმდროინდელ უზარმაზარ მოწყობილობებს ცეცხლის ფასი ედო. მიუხედავად ამისა, ნანომ ყველაფერი გააკეთა ჯერ კიდევ შეუსწავლელი, „ამოუცნობი ობიექტის" შესაძენად. თვეები კომპიუტერთან ჯდომაში გაატარა და მისი ოპერაციული Microsoft Windows სისტემა შეისწავლა. რამდენიმე თვეში კი თავად გახდა Microsoft-ის საოფისე პროგრამების მასწავლებელი. თუმცა ნამდვილი „სიყვარულის" ძიებას რამდენიმე თვე კიდევ შეალია და ბოლოს, როგორც იქნა, მიაგნო პროგრამირების ჯერ კიდევ განვითარებად და ამოუწურავ სფეროს. პროგრამირების შესწავლის შემდეგ, ნანომ საკუთარი კომპანიაც დააარსა.

Entrepreneur ნანო ციხისელზე, ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის" წევრზე, მოგითხრობთ – ქალზე, რომელმაც საკუთარი თავი ელექტრონული მოწყობილობების პროგრამირებაში იპოვა. არ დაუჯერა ახლობელთა „კეთილ" რჩევებს და „ქალების ჰუმანიტარული ტვინის" სტერეოტიპი დაანგრია, რომლებიც 1990-იან წლებში, ხვდებით, რაოდენ ფრთაგაშლილი იქნებოდა.

წლების წინ, ნანო ჰოლანდიაში სამუშაოდ მიიწვიეს. შეთავაზება მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც მიიღო. ნანოსა და ზურას თვალწინ ტექნოლოგიურად ბევრად განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრებისა და მუშაობის პერსპექტივა გადაეშალათ − ბევრად ხელმისაწვდომი რესურსებით, განვითარების სწრაფი ტემპით. თუმცა, ნანო ციხისელი მუშაობას საქართველოში, მცირე საწარმოში აგრძელებს. „შეგიძლიათ, ახირება დაარქვათ, მაგრამ მე მინდა ყველაფერი აქ გავაკეთო. რატომ არ შეიძლება საქართველოში ვიმუშაო იმაზე, რაც მაინტერესებს?!"

ყველაფერი კი, როგორც თავშივე აღინიშნა, იქიდან დაიწყო, რომ ახალი სფეროს აღმოჩენითა და შესწავლით გატაცებული გოგონა ერთ დღესაც ახალშეძენილ კომპიუტერს მიუჯდა. „რაღაც საოცრება იყო. მაშინვე მივხვდი, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც მჭირდებოდა. უპირველესად, ახალი სფერო კარგად უნდა შემესწავლა. თუმცა შრომა გამიასმაგა იმ სამწუხარო მოცემულობამ, რომ იმ პერიოდში არც სპეციალური შემსწავლელი კურსები არსებობდა და ელექტრონიკის მიმართულებით ხომ საერთოდ არავინ მუშაობდა. მიწევდა Dial-Up-ინტერნეტით მთელი ღამე მეცადინეობა. ნაბიჯ-ნაბიჯ, საკუთარი რესურსებით შევისწავლე ოპერაციული სისტემა Microsoft Windows და საოფისე პროგრამები. დაახლოებით 2 თვის თავზე უკვე საკმაოდ დიდი ცოდნა დავაგროვე", − იხსენებს ნანო. მალევე თავად გახდა Microsoft Office-ის პროგრამების მასწავლებელი.

დაახლოებით ერთ წელიწადში უკვე პროგრამირების ენებით დაინტერესდა. ინფორმაციის მოპოვება იმ დროს „შეუსრულებელი მისია" გახლდათ. ბაზარზე კანტიკუნტად შემოსულ ლიტერატურას სათითაოდ დასდევდა, შემდეგ კი დღესა და ღამეს მათ კითხვაში ასწორებდა. „ახლობელი „მარიგებდა": წადი, შვილო, დანა-ჩანგალი იყიდე, რად გინდა ამდენი წიგნიო". „კეთილისმსურველთა" მოწოდება, საბედნიეროდ, არ გაუთვალისწინებია.

დროთა განმავლობაში, პროგრამირების ენები – Pascal, C, Basic, შეისწავლა და ბოლოს, ყველაზე რთულს − მიკროკონტროლერის MicroChip Assembler-ს მიადგა.

MicroChip Assembler-ი წარმოადგენს სპეციალურ პროგრამას, რომელიც მიკროკონტროლერისთვის განკუთვნილ ინსტრუქციებს გასაგებ მანქანურ ენად (ბინარულ კოდად) გარდაქმნის.

MicroChip Assembler-ის დახმარებით, მიკროკონტროლერების პროგრამირება ხდება, იწერება ბრძანებები და ინსტრუქციები, რომელთაც კომპიუტერი აღასრულებს. „როგორც იქნა, მივაგენი იმას, რაც მჭირდებოდა. სწორედ იმ პერიოდში აღმოვაჩინე, რომ მსურდა ელექტრონული მოწყობილობები შემექმნა და Zeten დამეარსებინა".

Zeten-ის დაბადება და განვითარება

ნანომ ბიზნესიდეის განხორციელება მეუღლესთან ერთად დაიწყო. ზურაბი ელექტრონიკის ინჟინერია . „ვიფიქრე, რომ მასთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწევდი".

მეუღლეებსა და პარტნიორებს გააზრებული ჰქონდათ, რომ ბიზნესის წარმატებას დიდი დრო და ენერგია დასჭირდებოდა. თავდაპირველად, მცირე ლაბორატორიის პარალელურად, მობილური ტელეფონების შემკეთებელი მცირე სერვისცენტრი გახსნეს, სადაც შვიდი წლის განმავლობაში დამხმარეებთან ერთად მუშაობდნენ. წყვილმა წარმოების ხაზის აწყობა და რობოტიზებული დანადგარების შექმნა დაისახა მიზნად, რისი განხორციელებისკენ წინ ნელი ნაბიჯებით მიიწევდნენ და ამ გზისთვის ერთხელაც არ გადაუხვევიათ. 1990-იან წლებში რობოტების შექმნის სურვილით შეპყრობილმა ახალგაზრდებმა საკუთარი საწარმო გახსნეს – ახლა კი თავად წარმოიდგინეთ, გზად კრიტიკის რამხელა ქარცეცხლი და როგორი უნდობლობა შეხვდებოდათ.

„ვინაიდან ვიცოდი, რისი კეთება მსურდა, არავის აზრს არ ვაქცევდი ყურადღებას".

ნდობა და წარმატება მალევე არ მოსულა. „პირველი მიკროკონტროლერზე ელექტრონული მოწყობილობა − ციფრული საათი იყო. შემდეგ საათიფიცირების სისტემა შევქმენით, რომელიც დისტანციურად იმართებოდა − წამზომიანი სარბენი საათები, ასევე ლიფტის დაშვების სისტემები დისტანციური მართვით და ა.შ."

2006 წელს თბილისის მერიას Zeten-მა ავტობუსის საინფორმაციო ტაბლოების დამზადება შესთავაზა, თუმცა მაშინ არაქართული კომპანია აირჩიეს. წყვილს სწორედ ამ დროს განუმტკიცდა იმის ეჭვი, რომ საქართველოში შექმნილი ელექტრომოწყობილობების მიმართ უნდობლობა, ყველაფრის მიუხედავად, მტკიცედ იყო ფესვგადგმული.

„ქართულ ბაზარზე დამკვიდრება რთულია. ნდობა უნდა მოიპოვო, დააჯერო, რომ შეგიძლია. ამას კი დრო სჭირდება. დღევანდელი გადმოსახედიდან მათ გადაწყვეტილებას ვამართლებ. ჩვენი განცხადება, რომ ამხელა პროექტის განხორციელებას შევძლებდით, მაშინ ნამდვილად არადამაჯერებლად ჟღერდა".

ყველა ის მექანიკური დეტალი, რომელიც მოწყობილობის შექმნას სჭირდება, საქართველოში მზადდება. მუშაობას სქემის შედგენით იწყებენ, სქემის მიხედვით იგება ალგორითმი და იწერება პროგრამა, შემდეგ კი პროგრამისა და ტექნიკის თანხვედრა ხდება. საბოლოოდ, ბეჭდური დაფაც იქმნება და ჩვენთან მზადდება.

ამ ეტაპზე Zeten-ის ტექნიკურ ბაზას საჩარხი აპარატურა, ლაზერული მჭრელი, CNC Router-ი და სხვა დანადგარები შეადგენს. კომპანია მუდმივად ვითარდება, „ეს მომავლის ტექნოლოგიებია. ჩვენც ფეხდაფეხ მივყვებით ყველა სიახლეს, ბევრი პერსპექტიული პროექტი გვაქვს".

ერთ-ერთი მათგანი ჰაერის გამწმენდი მოწყობილობაა. წყვილი იმედოვნებს, რომ ამ ამბიციური გეგმის განხორციელებით ქალაქის დაბინძურებულ ჰაერს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შეებრძოლება. პროტოტიპის დასრულებამდე, ნანო ბევრს არ საუბრობს.

თუ საჭირო პროფესიონალს ვერ პოულობ, თავად გამოზარდე იგი!

ელექტრომოწყობილობების შექმნის პარალელურად, ნანო ციხისელმა და ზურაბმა მოსწავლეების მომზადებაც დაიწყეს. ელექტრონიკის საფუძვლებს შეგირდებს ასწავლიდნენ, შემდეგ სტაჟირებას ატარებდნენ და ასაქმებდნენ კიდეც. დროთა განმავლობაში, შეკვეთების რაოდენობამ იმატა. უფრო მრავალფეროვანი გახდა დამკვეთთა მოთხოვნებიც. შესაბამისად, ნანომ კადრების მოძიება დაიწყო, თუმცა მალევე აღმოაჩინა, რომ ამ სფეროს პროფესიონალის პოვნა გაუჭირდებოდა. „ვერავინ ვიპოვეთ, ვინც მიკროკონტროლერების პროგრამირებას შეძლებდა. ეს საქმე საქართველოში ჯერაც არ ისწავლება. ჩვენ კი სწორედ ეს კადრი გვჭირდებოდა. მე პროგრამებს ვწერდი, თუმცა შეკვეთებსაც ვეღარ ავუდიოდით და ამავდროულად, ბიზნესის განვითარებაც გვსურდა. ამ ყველაფრის მენეჯმენტს საკმაოდ დიდი დრო და რესურსი მიჰქონდა. საქმეს 2-3 ადამიანი ვერაფრით გასწვდებოდა".

აქედან გაჩნდა იდეა, საკუთარი კადრები თავად გამოეზარდათ.

2016 წლიდან ნანო ციხისელმა მეუღლესთან ერთად საპილოტე კურსი საპატრიარქოს უნივერსიტეტში ჩაატარა. მოგვიანებით, „კავკასიის უნივერსიტეტში" გადაინაცვლეს და კურსი თანდათან პოპულარული გახდა. შედეგად, გადაწყვიტეს ფართი ექირავებინათ და თავად გაეხსნათ სასწავლო კურსები.

ამჟამად Zeten-ში ელექტრონიკის საფუძვლების, ინოვაციების, მიკროელექტრონიკისა და ციფრული ტექნოლოგიების სწავლება 3-4 თვე გრძელდება. ელექტრონიკის საფუძვლების 3-თვიანი კურსის შემდეგ, სტუდენტებმა პროექტიც გააკეთეს – Zeten-ის ოფისში, აკვარიუმში მცხოვრებ თევზებს საკვები და ჟანგბადი ავტომატურად მიეწოდებათ. იზომება ტემპერატურა, მჟავიანობის შემცველობა წყალში. თუკი კონტეინერში საკვები მთავრდება, ნანო და ზურა შეტყობინებას იღებენ, რომ თევზებს შიათ.

სასწავლო ჯგუფი 5-6 ადამიანისგან კომპლექტდება. ნანო და ზურა მკაცრი ლექტორები არიან. მოდულიდან მოდულზე ვერ გადახვალთ, თუკი კურსის ბოლოს გამოცდას ვერ ჩააბარებთ. 3 გამოცდის შემდეგ, სწავლის პროცესი პროექტის შექმნით გვირგვინდება.

„სექტემბრიდან ჩვენს სტუდენტებს სასწავლო სტენდებიც ექნებათ. გამზომი მოწყობილობები, ელექტროკომპონენტები – ყველაფერი ერთ სტენდზე იქნება თავმოყრილი, რათა მოსწავლეებმა ყველაფერი კომპლექსურად და პრაქტიკულად შეისწავლონ. მინდა მათი პროფესიული განვითარება პროექტებზე იყოს დაფუძნებული. ასეთი მიდგომა ბევრად უკეთეს შედეგს იძლევა".

Zeten-ში თავაუღებელი მუშაობისა და საგანმანათლებლო საქმიანობის პარალელურად, ნანო ციხისელი ორგანიზაციის „ქალები მომავლისთვის" წევრია.

შეკითხვაზე, სჭირდებათ თუ არა ქართველ ქალებს სპეციალური ხელშეწყობა განვითარებისა და თვითდამკვიდრებისთვის, გვპასუხობს: „ხელშეწყობა ნამდვილად არ აწყენთ. ეს საჭიროება კი იქიდან მოდის, რომ საქართველოში ქალების დიდ ნაწილს დაფინანსების პრობლემა აქვს – ოჯახიდან გამომდინარე, მათ კაპიტალი არ გააჩნიათ. ამიტომ, ხელი მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ".

ნანო ციხისელისა და ზურაბის სასწავლო კურსებს არაერთი გოგონა ესწრება.

თანამედროვე ტექნოლოგიები, რობოტიკა და ელექტრონიკა ნელა, თუმცა იმედისმომცემად „იფერთხავს" მასკულინურ იმიჯს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან