📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ყველაზე დიდი გამოწვევა ანუ როგორ შევინარჩუნოთ ბიზნესი დიეტა და ბიზნესი ძალიან ჰგავს ერთმანეთს – რთულია დაწყება, მაგრამ უფრო რთულია შედეგების შენარჩუნება!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო ცქვიტაია

თქვენ ან თქვენი ახლობელი ოდესმე ყოფილხართ დიეტაზე? მე ვყოფილვარ და ძალიან კარგად ვიცი, როგორი ძნელია არასასურველი კილოგრამების მოშორება და სასურველი ფორმის შეძენა. თითქოს ყველაზე რთული დიეტის საწყისი ეტაპია – მიზნად უნდა დაისახო სასურველი წონა, მოემზადო ფიზიკურად და მენტალურად, უარი უნდა თქვა საყვარელ სასუსნავებზე, დაემშვიდობო ცხოვრების მჯდომიარე წესს და ფიზიკურად აქტიური გახდე, ითვალო კალორიები და ა.შ. გადის დრო და კილოგრამებიც ნელ-ნელა გაკლდება, მაგრამ ზუსტად მაშინ იწყება ყველაზე რთული ეტაპი: სასურველი წონის შენარჩუნება! ამ მხრივ, დიეტა და ბიზნესი ძალიან ჰგავს ერთმანეთს – რთულია დაწყება, მაგრამ უფრო რთულია შედეგების შენარჩუნება!

საკუთარი გამოცდილებიდან რომ ვისაუბრო, ბიზნესს უწევს რამდენიმე რთული ეტაპის გადალახვა:

დაწყების პერიოდი

ბიზნესიდეის დაბადებიდან მის განხორციელებამდე განვლილი გზა: მომწოდებლების პოვნა, კადრების შერჩევა, გაყიდვების არხების დაგეგმარება, ფასების კალკულაცია, შეფუთვა, ბრენდინგი, ბიზნესის მცირე და გრძელვადიანი სტრატეგიის გაწერა და საბოლოოდ – ბაზარზე გასვლა.

საინკუბაციო პერიოდი

არსებობს საკმაოდ სამწუხარო სტატისტიკა, რომ ნახევარზე მეტი სტარტაპები პირველსავე წელს წყვეტენ არსებობას. უამრავი მიზეზია, თუ რატომ არ შეიძლება გაამართლოს ბიზნესმა, თუმცა ამ სტატიაში ამაზე არ ვისაუბრებ (ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჟურნალ „ანტრეპრენერის" წინა ნომერში, ნინა მენთეშაშვილის სტატია).

შენარჩუნების პერიოდი

დაბოლოს: ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე რთული, ანუ ბიზნესის შენარჩუნების პერიოდი. შესაძლოა თქვენ ძალიან წარმატებით შეხვიდეთ ბაზარზე, მომხმარებელმაც აიტაცოს თქვენი პროდუქტი ან მომსახურება, საინკუბაციო პერიოდსაც გადაურჩეთ, კომპანია სწრაფად გაიზარდოს, გაყიდვებიც იმდენი ან იმაზე მეტი იყოს, ვიდრე თქვენ გქონდათ დაგეგმილი. მოკლედ, ერთი სიტყვით, ყველაფერი მიდიოდეს იდეალურად, მაგრამ აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც ბიზნესი დაიწყებს ქვევით დაშვებას, იკლებს გაყიდვები, მოგება, ბრუნვა და ა.შ. ეს არის ბიზნესის სასიცოცხლო ციკლის (დაწყება, ზრდა, მოწიფულობა, კლება) ბოლო ეტაპი. ყველა ბიზნესს სხვადასხვა ვადიანი სასიცოცხლო ციკლი აქვს. შესაძლოა კლების ეტაპი 2 წელიწადში დადგეს, შესაძლოა 5-ში, მაგრამ თუ მუდმივად ფხიზლად არ იქენით და არაფერი მოიმოქმედეთ, ეს გარდაუვალია. ეს ყველაფერი ბიზნესის დაუწერელი კანონია, რასაც განაპირობებს კონკურენცია, მომხმარებლის გემოვნების ცვლილება, ტექნოლოგიური და ტრენდების ცვლილებები და ა.შ. თუმცა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ბიზნესი განწირულია. რა თქმა უნდა, არსებობს ხერხები, თუ როგორ შევინარჩუნოთ ბიზნესი. ამ სტატიაში სწორედ ამაზე ვისაუბრებ და ვეცდები გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და რჩევები.

1. მუდმივად იფიქრეთ ბიზნესის გაფართოებაზე

მას მერე, რაც საკუთარი ბიზნესი მაქვს, მუდმივად ვეცნობი სხვადასხვა ბიზნესგამოცემას, ვკითხულობ რჩევებს და ახალ ინფორმაციას, მაგრამ ერთი ფრაზა განსაკუთრებულად დამამახსოვრდა — „თუ არ იზრდებით, ესე იგი პატარავდებით". ჩემი აზრით, ყველა ანტრეპრენერმა კარგად უნდა დაიმახსოვროს ეს ფრაზა და ამ პრინციპით იმოქმედოს. ბიზნესში არ არსებობს წერტილი, როდესაც შეიძლება თქვათ, რომ მიღწეული შედეგით კმაყოფილი ხართ და აღარ იზრუნოთ ზრდაზე. აქ მკაცრი კანონები მოქმედებს და მხოლოდ ისინი გადარჩებიან, რომლებიც საკმარისად აქტიურები, დიდები და ძლიერები არიან.

2. არ ჩამორჩეთ ტექნოლოგიურ სიახლეებს

21-ე საუკუნე ტექნოლოგიური ერაა. ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, ხანდახან გვიჭირს კიდეც თვალის დევნება. დღევანდელი ახალგაზრდები მხოლოდ სმარტფონის დახმარებით ახერხებენ ყველაფერს: კვებას, გართობას, კომუნიკაციას, ფინანსურ ოპერაციებს, შოპინგს და ა.შ. არც თუ დიდი ხნის წინ, ძალიან კარგად მახსოვს, ბანკებში როგორ ჩხუბობდნენ რიგში მდგარი მომხმარებლები, დღეს კი ეს ყველაფერი რიგების აპარატმა მოაწესრიგა. ტექნოლოგიები ნელ-ნელა ცვლის მომხმარებლის ქცევას: მაღაზიებმა, ჟურნალებმა, ტელევიზიებმა ინტერნეტში გადაინაცვლეს. მსოფლიო მასშტაბით, ამ ყველაფერს ბევრი ბიზნესი ვერ გადაურჩა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ ბიზნესებმა მუდმივად უნდა ადევნონ თვალი და არ ჩამორჩნენ ტექნოლოგიურ სიახლეებს.

3. გააძლიერეთ მარკეტინგული კომუნიკაციები და ბრენდინგი

დღევანდელ კონკურენტულ გარემოში, სადაც თითქმის ყველა სფეროში უამრავი კომპანია ეპაექრება ერთმანეთს მომხმარებლის გულის მოსაგებად, უფრო და უფრო იზრდება მარკეტინგისა და ბრენდინგის მნიშვნელობა. მე, როგორც პროფესიით მარკეტერი, ხშირად ვყოფილვარ სიტუაციაში, როდესაც კომპანიები, გარკვეული შედეგის მიღწევის შემდეგ წყვეტენ ან ამცირებენ მარკეტინგულ აქტივობებს და ბიუჯეტს, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ბიზნესებს, იქნება ეს დიდი კომპანიები თუ სტარტაპები, მუდმივად უნდა ჰქონდეთ აქტიური კომუნიკაცია თავიანთ მომხმარებლებთან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ბრენდინგი, რადგან მომხმარებელს კომპანიასთან და პროდუქციასთან ემოციური ბმა უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ადვილად ჩაგანაცვლებთ უფრო იაფი ან უფრო აქტიური ბრენდი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები არ ჩამორჩნენ დიზაინის ტრენდებს და პერიოდულად განაახლონ ბრენდის ვიზუალური მასალა, შეფუთვა და ა.შ.

4. არ ჩამორჩეთ ტრენდებს

ინდუსტრია და ბაზარი მუდმივად ცვალებადია. იცვლება მთლიანი გარემო, ამიტომ დროთა განმავლობაში ბიზნესმაც უნდა მოახდინოს ადაპტაცია. თქვენ, როგორც ანტრეპრენერმა, მუდმივად უნდა მისდიოთ საკუთარ ბიზნესთან დაკავშირებულ ცვლილებებს. ტრენდები შესაძლოა მოდიოდეს მომხმარებლისგან, კვლევებიდან, ან ზოგადად, ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებიდან. ახალმა ტრენდებმა შეიძლება ახალი ბიზნესიდეები დაბადოს, ამიტომ მათი იგნორირება დაუშვებელია.

5. თვალი ადევნეთ ბაზარსა და კონკურენტებს

თქვენ შეიძლება გარკვეულ ეტაპზე გქონდეთ კონკურენტული უპირატესობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მოადუნოთ, რადგან კონკურენტებს არ სძინავთ. აუცილებლად უნდა გქონდეთ ინფორმაცია კონკურენტების ბიზნესსაქმიანობის შესახებ: რა სახის პროდუქცია აქვთ, რა მოცულობის წილს ფლობენ ბაზარზე, როგორ ვითარდებიან, როგორი ტიპის მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებენ, რა დამოკიდებულება აქვთ მომხმარებლებს მათ მიმართ და სხვ. შემდეგ ეს ინფორმაცია უნდა დაამუშაოთ და გამოიყენოთ თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.

6. აამაღლეთ თანამშრომლების მოტივაცია

თუ სადმე გიმუშავიათ, ალბათ თქვენც გამოგიცდიათ, რომ ერთ კომპანიაში მუშაობის რამდენიმე წლის შემდეგ, საქმე ნელ-ნელა რუტინული ხდება და მოტივაციაც იკლებს. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი თანამშრომლებიც თქვენთან მუშაობის გარკვეულ ეტაპზე ნელ-ნელა დაკარგავენ მოტივაციას, რაც საბოლოო ჯამში კომპანიის მუშაობაზეც აისახება, ამიტომ იმისათვის, რომ ბიზნესი განვითარებაზე იყოს ორიენტირებული, აუცილებელია თანამშრომლების მოტივაციაზე ზრუნვა.

7. არ დაკარგოთ ანტრეპრენერული სული

ხშირად, ბევრი წარმატებული და შემოქმედებითი ბიზნესი, განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი, სტანდარტული კომპანია ხდება. თითქოს ახალს აღარაფერს იგონებენ, ხდებიან კონფორმისტები და დაშტამპულები. რა თქმა უნდა, ინოვაციები რისკებთან არის დაკავშირებული და როდესაც მთელი შენი შრომა სასწორზე დევს, ძნელია გარისკო და ახალ, გიჟურ და ინოვაციურ იდეებს მისცე გასაქანი, მაგრამ წარმატებული ბიზნესი ხანდახან მოითხოვს გარკვეულწილად გარისკვას. ვფიქრობ, სტარტაპებმა არ უნდა დაკარგონ ანტრეპრენერული სული და მუდმივად რაიმე ახალი გამოიგონონ, შექმნან და გააოცონ მომხმარებლები.

რეზი ბესელაშვილი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი, გრაფიკული დიზაინერი. კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი, გრაფიკული დიზაინერი.

კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან