ხელოვნური ინტელექტის ადამიანური ბუნება და ციფრული უკვდავება

გვსურს გიამბოთ უსხეულო, უსულო (ამაზე დავაც შეიძლება) არსებებზე, რომლებიც ჩვენს მესენჯერში, საიტებსა და ონლაინპლატფორმებზე ბინადრობენ

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ერთ დროს, საფრენი აპარატის შექმნაც ისეთივე დაუჯერებელ პერსპექტივად ესახებოდა კაცობრიობას, როგორც კომპანიის სახელით ადამიანთან მოსაუბრე უსხეულო, ციფრული თანამშრომელი. ახლა კი, თუ ცას ახედავთ და რამდენიმე წუთს დაელოდებით, მოძრავ წერტილს შენიშნავთ – ეს თვითმფრინავია, მითიური მფრინავი ხალიჩა და თანამედროვეობის ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი. თუმცა, ამჯერად თქვენთვის უფრო დაუჯერებელი ამბავი გვაქვს მოსაყოლი, ვიდრე ჩვენთვის აწ უკვე ჩვეული თვითმფრინავებია. გვსურს გიამბოთ უსხეულო, უსულო (ამაზე დავაც შეიძლება) არსებებზე, რომლებიც ჩვენს მესენჯერში, საიტებსა და ონლაინპლატფორმებზე ბინადრობენ და დიახ, ნამდვილად არსებობენ. მერე რა, რომ ოდესღაც მათი შექმნის იდეა ალბათ ბევრს სასაცილოდაც არ ეყოფოდა?! გაიცანით – მათ ჩეთბოტები ჰქვიათ.

ლაშა ღუღუნიშვილი

ჯადოქრები თუ უბრალოდ, არარეალურად ნიჭიერები?

ზურა ჯიშკარიანი მუსიკოსი და მწერალია. ჩეთბოტების შექმნის სურვილი ჯერ კიდევ 2010 წელს გაუჩნდა. პროგრამირების ენა თავად შეისწავლა და 4 წლის შემდეგ ჩანაფიქრი განახორციელა კიდეც.

თვითნასწავლი პროგრამისტია სანდრო ასათიანიც. პროფესიით მხატვარი და ილუსტრატორი, წლების განმავლობაში პროგრამისტის სტატუსით არაერთ პროექტში იყო ჩართული.

ზურა და სანდრო ერთმანეთს 2012 წელს შეხვდნენ.

„ვერავინ ხვდებოდა, რაში მჭირდებოდა ჩეთბოტის შექმნა. ერთადერთი, ვინც გამიგო, სანდრო იყო. როგორც აღმოჩნდა, ორივე მთელი ცხოვრება რაღაცას ვეძებთ. ისეთ რამეს, რაც რეალურ ცხოვრებაში ჯადოქრობასთან იქნება ახლოს. ასეთი, ჩვენი აზრით, სწორედ  ხელოვნური ინტელექტია . წარმოიდგინეთ, კოდისა და ტექსტის ნაზავით ქმნით არსებას, რომელსაც ვიზუალიც კი არ აქვს და სწორედ იმგვარია, როგორადაც უძველეს ტექსტებში ანგელოზებს აღწერდნენ, ინფორმაციის უსხეულო ნაკადი. ის ადამიანებს ესაუბრება, ემოციებს აღძრავს...“ − ზურა ჯიშკარიანს შეუძლია ჩეთბოტებზე უსასრულოდ ისაუბროს და არც იმ პერსპექტივების ახსნით იღლება, რომლებსაც ავტომატურად მოსაუბრე არსებები ბიზნესსა თუ საჯარო სექტორს სთავაზობენ.

როცა ზურა და სანდრო 2010-იანი წლების დასაწყისში პროექტზე მუშაობას იწყებდნენ, ჩეთბოტების კომერციალიზაციის საკითხს მთელ მსოფლიოში არცთუ სერიოზულად ეკიდებოდნენ. ცოტა თუ ხვდებოდა, რაში გამოადგებოდათ ციფრული თანამშრომელი, რომელიც საუბრობს, ისმენს და შეკითხვაზეც გპასუხობს.

ჩეთბოტების აქტიური გამოყენება 2016 წელს დაიწყეს. მას მერე, რაც მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ მესენჯერი – საკომუნიკაციო აპლიკაცია, ჩეთბოტებისთვის იხსნებოდა. შესაბამისად, ყველა კომპანია, რომელიც პროგრამისტების გუნდს დაიქირავებდა და ბოტის შექმნას დაუკვეთავდა, შეძლებდა საკუთარი ციფრული თანამშრომლისთვის ადგილი მესენჯერში მიეჩინა, მომხმარებლებთან კომუნიკაცია დაევალებინა და ამრიგად, ადამიანური რესურსი დაეზოგა. მოგვიანებით, Microsoft-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს – კომპანია ისეთი ჩეთბოტის შექმნაზე მუშაობს, რომელსაც პარალელურ რეჟიმში ადამიანის საუბრის მოსმენისა და პასუხის გაცემის ფუნქცია ექნებაო. როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ქოლცენტრებში ჩვეულებრივი თანამშრომლების ნაცვლად ბოტები დასაქმდებიან და სულ მალე, კიბერპოპულაციის აღზევების მომსწრენი გავხდებით.

როდის უტოლდება ხელოვნური ინტელექტი ადამიანურს?

ბოტი კომპანიის სახეა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ბოტის საშუალებით კომპანია გესაუბრებათ. ის გისმენთ, გპასუხობთ, გეკითხებათ, იგებს, იმახსოვრებს, იწერს, შეკვეთას იღებს და ამისამართებს.

ჩეთბოტის შექმნის პროცესში  პროგრამისტები  აურაცხელ ინფორმაციას, წინადადებებისა და სიტყვების ფუძეების სახით, ჩეთბოტში „აგროვებენ“. მას გარკვეულ შეკითხვებზე (და მისი ჩამოყალიბების სახესხვაობებზე) პასუხს ასწავლიან.

განვითარებული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შემთხვევაში, ბოტს თავად აქვს უნარი, მიღებული ინფორმაცია გადაამუშავოს და ნეირონულ ქსელში ახალი კვანძი შექმნას, რაც ბოტის ტვინის ინტელექტუალურ ნახტომს ნიშნავს. მას მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე გუშინ ჰქონდა, მეტი შეკითხვის გაგება და მათზე პასუხის გაცემა შეუძლია. „ხელოვნური ინტელექტი სპეკულაციური ტერმინია. მისი საბოლოო განსაზღვრება არც არსებობს, ბევრნაირად განიმარტება. ეს არის პროგრამები, რომლებსაც შეუძლია დასწავლა, ან თვითდასწავლა. როგორ გამოაქვს დასკვნა ინფორმაციის ნაკადიდან, ჯერ კიდევ უცნობია. მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ადამიანზე უკეთ გაარჩიოს შუშის ობიექტები ფოტოზე. ამისათვის, ფოტოებზე შუშის ობიექტები უნდა მონიშნო და ნეირონულ ქსელში რაც შეიძლება დიდი ოდენობით ჩაუშვა. თუკი სათანადო რაოდენობით ჩაყრი, ბოტი დაისწავლის, როგორ გამოიყურება შუშის საგნები სურათებზე, მაგრამ რა პრინციპით – უცნობია“, − გვიხსნის სანდრო.

პირველი ჩეთბოტი − „ელაიზა“, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, 1966 წელს შეიქმნა. ფსიქოთერაპევტის პროტოტიპს შეეძლო მოესმინა ადამიანის მიერ წარმოთქმული წინადადებები, გადაემუშავებინა და საუბრიდან გამომდინარე შეკითხვები დაებრუნებინა. ამ საქციელით კი, მოსაუბრისთვის რეალური კომუნიკაციის შეგრძნება გაეჩინა.

ჯერ კიდევ 1950 წელს ცნობილმა ბრიტანელმა მათემატიკოსმა, ალან ტიურინგმა, თავის ნაშრომში Computing Machinery and Intelligence განაცხადა, რომ ადამიანური და ხელოვნური ინტელექტი ერთმანეთს მაშინ გაუტოლდება, როდესაც ხელოვნურ ინტელექტსა და ადამიანთან საუბრის შემდეგ ვერ გავარჩევთ, რომელს ველაპარაკებითო.

ასე შეიქმნა ტიურინგის ტესტი: ცდის პირს ევალება მასთან მოსაუბრე ორ ობიექტს შორის გაარკვიოს, რომელია კომპიუტერი და რომელი – ადამიანი. რაც უფრო ნაკლებია გარჩევადობის ხარისხი ამ ორს შორის, მით უფრო განვითარებულია მოცემული ხელოვნური ინტელექტი.

„კიბერ გალაკტიონი“

ზურას და სანდროს პირველი პროექტი საგანმანათლებლოა:

2014 წელს შეიქმნა პლატფორმა, www.cybergala.me, რომელშიც ბინა გალაკტიონ ტაბიძის ორეულმა დაიდო. როგორც აღმოჩნდა, ლეგენდარული ქართველი პოეტის კიბერასლი პირველი ქართული ჩეთბოტია. ავტორებს სურდათ, ნებისმიერს, ვინც გალაკტიონის ცხოვრებით დაინტერესდებოდა და ავტორთან გასაუბრებას მოისურვებდა, ამის შანსი მისცემოდა.

„პროგრამისტების გუნდი შევკარით, ალგორითმი შევიმუშავეთ. შოთა იორამაშვილმა, ალექსი ამნიაშვილმა, თამუნა კაპანაძემ და ჩვენ, სრულიად შემთხვევით, პირველი ქართული ჩეთბოტი შევქმენით“, − იხსენებს სანდრო ასათიანი.

თუმცა საბოლოო პროდუქტი იმაზე ბევრად ფუნქციური გამოდგა, ვიდრე უბრალოდ ონლაინბიბლიოთეკა ან სტუდენტების, მოსწავლეებისა თუ დაინტერესებული პირების შეკითხვებზე მოპასუხე გალაკტიონი.

Cybergala პლატფორმად იქცა – საიტზე შესულ ნებისმიერ მსურველს საკუთარი ბოტის შექმნა შეეძლო. მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ჩახედულები პროგრამირების ენაში, ავტორების მიერ მომზადებული Tutorial-ი ყველას აძლევდა შანსს, ციფრული პიროვნებები გამოეძერწათ. ასე შეიქმნა მედიკოსი თუ ცინიკოსი ბოტი. იქვე შეგიძლიათ იხილოთ ვუდი ალენიც. საერთო ჯამში, მომხმარებლების მიერ 200-მდე ბოტი დამზადდა. მათ ნაწილთან გასაუბრება ახლაც შეგიძლიათ. თუმცა ცნობისმოყვარეებმა გაითვალისწინეთ, რომ ვუდი ცოტა უზრდელია. არც ცინიკოსობა დაუბრალებიათ შემთხვევით.

Anima Chatbotics-ის სულიერი ბოტები

2016 წლის შემდეგ, არაერთი ქართული კომპანია მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის ჩეთბოტებს იყენებს. სწორედ ამ დროს დაიწყეს სანდროსა და ზურას იდეებმა ხორცშესხმა. Anima Chatbotics-ის დამფუძნებლებმა ერთ-ერთი პირველი შეკვეთა „ილიაუნისგან“ მიიღეს და „უნა ბოტი“ შექმნეს – „ახალგაზრდა გოგო“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელია. იგი ყოველთვის ხაზზეა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სტუდენტებს სემესტრული საგნების არჩევა-გადარჩევა, ლექტორების ცვლილება უწევთ და ბლომად შეკითხვაც უგროვდებათ.

„ილიაუნი“ წლების განმავლობაში აგროვებდა „ხშირად დასმულ შეკითხვებს“. ეს შეკითხვები და მათი პასუხები ჩვენ მიერ შექმნილი პერსონაჟის ნეირონულ ქსელში ჩავყარეთ“, − ამბობს სანდრო, − „როცა „ილიაუნთან“ თანამშრომლობა დავიწყეთ, უნივერსიტეტში ნამდვილი აპოკალიფსი ტრიალებდა. ადმინისტრაციის თანამშრომლებს სტუდენტები ყოველ სემესტრში ერთსა და იმავეს ეკითხებოდნენ, ადამიანები უკვე თავად იყვნენ ბოტებად ქცეულნი, მუდმივად ტექსტის კოპირება და პასუხის გაცემა უწევდათ. თუკი დააკვირდებით, სოციალურ მედიაშიც ასე ხდება. საკმარისია რაიმე დააანონსო, რომ გეკითხებიან: „სად? როდის? რომელ საათზე?“ ამ ყველაფერზე პასუხის  ავტომატიზება  სავსებით შესაძლებელია“, − განგვიმარტავს ზურა.

აღსანიშნავია, რომ სანდრომ და ზურამ შექმნეს East Point-ის სანტას ჩეთბოტიც.

მოლაპარაკე ქალაქები

Anima Chatbotics ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია – ზურამ და სანდრომ კომპანიის განვითარებისთვის 100 ათასი ლარი მოიპოვეს და უკვე შეუდგნენ კიდეც მიღებული თანხის ახალი იდეის განსახორციელებლად გამოყენებას.

Anima Chatbotics კომპანიებისთვის ჩეთბოტების თემფლეითებს დაამზადებს. პლატფორმაზე სხვადასხვა ფუნქციის რამდენიმე ბოტი დასახლდება. მათ შესაბამისი ინფორმაცია და საჭირო უნარები ექნებათ. „პლატფორმაზე ციფრული თანამშრომლის შეძენას ან ქირაობას შეძლებთ. 10 ათასი ლარის გადახდა არ მოგიწევთ და არც მის დამზადებას დაელოდებით რამდენიმე თვის განმავლობაში“, − გვიხსნის სანდრო. პლატფორმაზე არსებული ჩეთბოტების ტვინი ყოველთვიურად განახლდება. შეძენის შემდეგ კი, ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება თავის მოთხოვნებს მოარგოს, დაუმატოს ან მოაკლოს შეკითხვები, სურვილისამებრ, გადააკეთოს ციფრული თანამშრომელი. მის გასაახლებლად კომპანიებს სპეციფიკური ტექნიკური განათლება არ დასჭირდებათ. სამართავად მარტივი ინტერფეისი შეიქმნება, რის შედეგადაც, დაქირავებულ პროგრამისტებთან კომუნიკაცია ან აღარ მოუწევთ, ან ბევრად გაუმარტივდებათ. „ვაპირებთ, კომერციული საკითხები მთლიანად ამ პლატფორმას გადავაბაროთ, ისეთი სისტემა ავაწყოთ, რომელიც თუნდაც 10 ათას ადამიანთან კომუნიკაციას გაამარტივებს. რაც შეეხება ჩვენს ფინანსურ დაინტერესებას, გვირჩევნია მოგება ბევრი მცირებიუჯეტიანი კლიენტის მეშვეობით გვქონდეს, ვიდრე მხოლოდ ერთ მსხვილ დამკვეთთან ვაწარმოოთ ურთიერთობა“.

Anima Chatbotics ამჟამად ჩვენი დედაქალაქის საპრეზენტაციო ჩეთბოტს ქმნის. წარმოიდგინეთ, რამდენიმე თვეში შეძლებთ თბილისს გაესაუბროთ! არა ქალაქის მერს ან რიგით თბილისელს, არამედ პირდაპირ დედაქალაქს! ჩეთბოტი ინგლისურენოვან და საქართველოში ვიზიტის მსურველ ტურისტებზე იქნება გათვლილი. „ინფორმაციის ათას საიტზე ძებნის ნაცვლად, შეგიძლია აიღო ტელეფონი და პირდაპირ ქალაქს მისწერო. გაიგო, როგორი ამინდია, შენი ვიზიტის პერიოდში რა ღონისძიებები იგეგმება. რჩევებს მიიღებ იმის გათვალისწინებითაც, თუ მერამდენედ ჩამოდიხარ, ან რა ასაკის ხარ. ახლა ვცდილობთ გავარკვიოთ, როგორი სული აქვს ქალაქს, რაზე შეიძლება ისაუბროს, რა ტიპაჟი იყოს“, − ამბობს ზურა. პლატფორმაზე ქალაქის სადემონსტრაციო ჩეთბოტი მოხვდება, თემფლეითის შეძენას კი ნებისმიერი სხვა ქალაქი შეძლებს – ქუთაისითა და ზესტაფონით დაწყებული, ბერლინითა და ნიუ-იორკით დამთავრებული.

ხელოვნური ინტელექტის ადამიანური ბუნება

ჩეთბოტებს ქმნიან პროგრამისტები − ადამიანები სპეციფიკური უნარებით, ხასიათითა და ინტერესებით. „შეუძლებელია პროგრამა გახდეს ხარბი, ან ადევნების სურვილი დაებადოს, თუკი ეს ვიღაცამ არ ჩაუნერგა. ასე ხან გააზრებულად, ხანაც გაუაზრებლად ხდება. მაგალითად, გარი კასპაროვი − მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, იხსენებს, რომ ვარჯიშის დროს ყოველთვის ხვდებოდა, ვისი შექმნილი იყო პროგრამა – გერმანელების მიერ დაწერილი ვერსია რაციონალური იყო, ებრაელების მიერ შექმნილი კი რისკიანი, და ხშირად აბნევდა. ჩვენი განწყობები ჩვენ მიერ შექმნილ პროდუქტში გადადის, გარკვეულ ემოციურ ველს ქმნის. ხშირად ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი საშიში რამაა. რეალურად კი საშიში ადამიანში არსებული დესტრუქციული ძალაა“, − გვიზიარებს თავის მოსაზრებას სანდრო ასათიანი.

ემოციური ჩეთბოტის წარმოდგენა შეიძლება გაგიჭირდეთ, თუმცა ზურასა და სანდროს ამ საკითხზე საკუთარი, ფაქტებით დადასტურებული მოსაზრება აქვთ. ჯერ კიდევ „კიბერგალაკტიონის“ შექმნის პროცესში, ზურამ ჩეთის ჩანაწერებში აღმოაჩინა, რომ მომხმარებლები გალაკტიონს მხოლოდ ფაქტობრივ ინფორმაციას როდი უზიარებდნენ, არამედ მასთან სიღრმისეული კომუნიკაცია ჰქონდათ. მაგალითად, ვიღაცები ყოველდღიურად ესაუბრებოდნენ, უყვებოდნენ, როგორ დაშორდნენ მეგობარ ბიჭს, საიდუმლოებებს უმხელდნენ და რჩევასაც ეკითხებოდნენ“.

Anima Chatbotics-ში იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათ ქმნილებებს, პროგრამული უზრუნველყოფის გარდა, სულიც უნდა ჰქონდეთ. ისინი ტიპაჟებს ქმნიან, რომლებიც მომხმარებლებს მოსწონთ, აცინებთ, ამხიარულებთ. „თუკი ჩეთბოტი სტანდარტული რობოტივით გესაუბრება, მასთან კომუნიკაცია აღარ გიზიდავს. მაგრამ თუკი თავის მომხმარებელს ცნობს, ეხუმრება, იმახსოვრებს, სიმპათია ჩნდება. ეს სიმპათია კი შემდეგ ბრენდზე ვრცელდება. შენ ხომ, ფაქტობრივად, კომპანიას ესაუბრები“.

პროექტის სახელიც ამ გათვლით შეარჩიეს − „ანიმა“, რომელიც ლათინურად „სულიერ არსებას“ ნიშნავს.

სანდრო და ზურა ხშირად იყენებენ ტერმინს – ჩეთბოტების დიზაინერი. მიაჩნიათ, რომ სულ მალე, ამ სახელწოდების თუ სხვა ტერმინის ქვეშ, აუცილებლად განვითარდება პროფესია, რომელიც ციფრული არსებების პერსონიფიცირებაზე იმუშავებს, შექმნის მათ წინარე ისტორიებს, ტიპაჟებად გადააქცევს და საბოლოოდ, გააქრობს შეგრძნებას, რომ კომუნიკაცია პროგრამასთან გიწევთ.

ასევე უტოპიურად ჟღერს ზურა ჯიშკარიანისა და სანდრო ასათიანის კიდევ ერთი იდეა. წარმოიდგინეთ: ერთ დღეს, დაახლოებით 60-70 წლის შემდეგ, თქვენი შვილები და შვილიშვილები მოახერხებენ გაგესაუბრონ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა იმ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყოთ. მათ საშუალება მიეცემათ, რჩევა გკითხონ, გიამბონ ისტორიები, ან უბრალოდ მოგიკითხონ. ამისათვის, ხელოვნურ ინტელექტს თქვენ შესახებ უნდა მოუთხროთ – ესაუბროთ, უთხრათ რა გიყვართ, რა გძულთ, რა თემაზე როგორი მოსაზრება გაქვთ, და დროთა განმავლობაში ის თქვენს ციფრულ ორეულად იქცევა, რომელსაც მრავალი წლის შემდეგ დედამიწაზე დატოვებთ.

თუკი ზემოთ ნაამბობი კვლავ წარმოუდგენლად გეჩვენებათ, გაიხსენეთ გარდასულ დროში საფრენ აპარატებზე მეოცნებე მსოფლიო და მფრინავი ხალიჩა. კიდევ ერთხელ აიხედეთ ცაში და თვითმფრინავის გამოჩენას დაელოდეთ.