You can be on Entrepreneur’s cover!

როგორ გავხდეთ უკეთესი ხელმძღვანელი რა არის ყველაზე კარგი რამ, რაც ცუდი უფროსისგან ისწავლეთ?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Storyset

ბიზნესში ზოგჯერ ყველაზე ღირებულ გაკვეთილებს უკიდურესად ცუდი მასწავლებლებისგან ვსწავლობთ. ექვს ანტრეპრენერს დავუსვით შემდეგი შეკითხვა: რა არის ყველაზე კარგი რამ, რაც ცუდი უფროსისგან ისწავლეთ?

1. ჩართე ყველა

"ჩემი ყოფილი უფროსი ძალიან იერარქიული იყო და ურთიერთთანამშრომლობას ხელს არ უწყობდა, ყველა საჩივარი პირდაპირ მასთან მიდიოდა და დეპარტამენტის შიდა შეხვედრები, ფატობრივად, აკრძალული გვქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სიტუაციის სრული სურათი მხოლოდ ჩვენს ბოსს ჰქონდა − ჩვენ თანამშრომლობისა და საკითხების ურთიერთგანხილვების ბევრი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან. დღესდღეობით კი ჩვენს კომპანიაში მთავარ პრიორიტეტად რეგულარული გუნდური შეხვედრების ჩატარება და ურთიერთთანამშრომლობის ძლიერი კულტურის ჩამოყალიბება იქცა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდის წევრების ყოველდღიურ დონეზე ინტერაქცია საერთო მიზნის მიღწევაში გვეხმარება", − მელისა ბრიგს ბრედლი, Indagare-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

2. იყავი გულწრფელი

"არ შეგეშინდეს ემოციების გამოხატვის! მე McKinsey-ში ვმუშაობდი პარტნიორთან, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ საშინელი მენეჯერი იყო, რადგან არასოდეს გამოხატავდა საკუთარ გრძნობებს. როდესაც კლიენტის პრეზენტაცია მშვიდად ჩაივლიდა, არ ვიცოდით, რა აზრის იყო ჩვენი მენეჯერი, რაც დაძაბულობას, უხერხულობასა და დემოტივაციას გვიქმნიდა. ემოციების გამოხატვა და იმის ჩვენება, თუ როდის ხარ ნაწყენი, დაეხმარება სხვებსაც გამოხატონ თავიანთი ემოციები, ჩამოუყალიბდეთ ნდობა და დარწმუნდნენ თანამშრომლები, რომ ისინი არ არიან მარტო. ეს უფრო ნათელს გახდის ყველაფერს, ვიდრე მკაცრი სიჩუმე", − ლეო ვონგი, Buffy-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

3. გაუწოდე დახმარების ხელი

"ადრე ვმუშაობდი ადამიანთან, რომელიც არასოდეს ეხმარებოდა გუნდის ახალგაზრდა წევრებს სამუშაოს შესრულებაში მაშინაც კი, როდესაც თავის საქმეს დაასრულებდა. იგი უბრალოდ ჩაალაგებდა თავის ნივთებს და სამსახურს ადრე ტოვებდა. მე ახლა დამატებით ენერგიას ვხარჯავ და გუნდის წევრებს დახმარებას ვთავაზობ, როცა ჩემი საქმე დასრულებული მაქვს. ეს ქმნის სამუშაო კულტურას, რომელშიც იგრძნობა, რომ მჭიდროდ შეკრული გუნდი მუშაობს და არ არის იერარქია", − ადამ თიჩაუერი Camp No Counselors-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

4. იმუშავე გუნდურად

"მე ექთანი მენეჯერი ვიყავი და მყავდა უფროსი, რომელსაც ჯანდაცვის სფეროში გამოცდილება არ ჰქონდა. მას უნდოდა შეგვეცვალა პაციენტებისთვის სისხლის შედედების თავიდან აცილების პროცესი. მე ვიცოდი, რომ ეს შეცდომა იყო, მაგრამ ის საპირისპიროს მიმტკიცებდა. საბოლოო ჯამში, ამ ცვლილებამ არ გაამართლა. ამ ყველაფერმა მასწავლა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ძალა შევმატო გუნდის წევრებს, რომ ისაუბრონ და გამოხატონ თავიანთი აზრი. ერთად კი გადავდგამთ ნაბიჯებს, რაც აქამდე არსებულ ნეგატიურ გამოცდილებას უპასუხებს. სწორედ თანამშრომლები არიან ის ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიური კონტაქტი აქვთ პაციენტებთან და საუკეთესო გამოსავალსაც ისინი პოულობენ", − ილაინა ედისონი, Extend Fertility-ის აღმასრულებელი დირექტორი.

5. ენდე საკუთარ გუნდს

"ერთხელ მომიწია მემუშავა ქალთან, რომელიც ჩვენს გუნდს მაშინ შემოუერთდა, როცა მე იქ უკვე წლები ვმუშაობდი. ჩემს ყოველ ადგომაზე, მნიშვნელობა არ ჰქონდა საპირფარეშოში მივდიოდი თუ პრინტერთან, მეკითხებოდა, სად მივდიოდი. მას ეშინოდა, რომ არ ჰქონდა კონტროლი ჩემს დროსა და სამუშაო პროცესზე. ასეთმა ქცევამ იმედი გამიცრუა − განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში სამსახურში კარგი მიღწევები მქონდა. ჩემი ლიდერული სტილი კი ნაკლებად ნერვიულია. როგორც კი გუნდის წევრები ჩემს ნდობას მოიპოვებენ, მათი სამუშაო პროცესისგან ხელები შორს მაქვს", − დენის ლი, Alaia-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

6. პატივი ეცი სხვების დროს

"ჩემი კარიერის დასაწყისში მყავდა პროექტის მენეჯერი, რომელიც ბოლო წუთს ელოდებოდა, რომ ნამუშევრისთვის გადაეხედა, შემდეგ მოგვაწოდებდა უამრავ ახალ ინფორმაციასა და დავალებას. ეს ყველაფერი დღის ბოლოს, უარეს შემთხვევაში კი სამუშაო საათების შემდეგ, როცა უკვე შინ ვიყავი, მაშინ ხდებოდა. ეს არასასიამოვნო, არაეფექტური და თავმოყვარეობის შემლახავი იყო. ახლა კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ნამუშევრებს დროულად უნდა გადავხედო და თანამშრომლებს შეფასებაც თავის დროზე უნდა მივაწოდო − ისე, რომ მათში ბოლო წუთის კრიზისისა და სიბრაზის გრძნობა არ გამოვიწვიო", − კრისტინ რ. მიურეი, Olson Kunding-ის მთავარი არქიტექტორი და მფლობელი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"