დეტოქს-წვენებიდან პირველ ქართულ ვეგანურ სამზარეულომდე

ანა ტიკარაძის „ნამუს" სწრაფად ზრდის საიდუმლო
დეტოქს-წვენებიდან პირველ ქართულ ვეგანურ სამზარეულომდე
ფოტო: ალექსეი სეროვი
Entrepreneur Staff
ჟურნალისტი
7 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნამუ“ – პირველი უმი, სამარხვო, ვეგანური, სრულიად მცენარეულ პროდუქციაზე დაფუძნებული სამზარეულოა. ბრენდი 2016 წელს ანა ტიკარაძემ, ფსიქოლოგმა და ადამიანური რესურსების მენეჯერმა შექმნა. ანა ვეგანია. ჯანსაღი ცხოვრების წესს წლებია მისდევს. წარმატებულ კარიერაში უამრავი საინტერესო საფეხური გაიარა. იმუშავა არაერთ საერთაშორისო კომპანიაში, მაგისტრის დიპლომი კი დიდ ბრიტანეთში მიიღო. საქართველოში დაბრუნებული ვერც კი წარმოიდგენდა, თუ მისი საქმიანობა სამზარეულოში გაგრძელდებოდა.ანას ბიზნესმა თავად მიაგნო. „ნამუ“ მოულოდნელად, მეგობრების თხოვნით შექმნა. 3 წლის შემდეგ კი უკვე კაფეს გახსნასა და წარმოების გაფართოებაზე ფიქრობს.

ანა ტიკარაძე პროფესიით ფსიქოლოგია. უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა „ბრიტანეთის საბჭოში“ პროგრამების ხელმძღვანელად და ბანკ „რესპუბლიკაში“ HR-ის პოზიციაზე. მოგვიანებით, დიდ ბრიტანეთში მაგისტრატურის გასავლელად გაემართა. King’s College-ის დასრულებისთანავე, HR-ის კარიერა ინგლისში გააგრძელა. სწორედ აქ მოხდა დიდი გარდატეხა.

„ერთ დღეს სადილის მზადებისას ხორცი შემზიზღდა. აღმოჩნდა, რომ ხორცი ვერც მეორე დღეს მივირთვი. ასე ამოვიღე რაციონიდან ხორცეული და თევზზე გადავერთე. მეგონა, ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებს ვაკლებდი. თუმცა მალევე აღმოვაჩინე, რომ თევზიც აღარ მინდოდა“. ანა ვეგეტარიანელი გახდა. ვეგეტარიანელობამ რამდენიმე თვეში მისი კუჭის ქრონიკული სიმძიმის პრობლემაც მოაგვარა. ბევრი ძიებისა და კითხვის შემდეგ კი იმაშიც დარწმუნდა, რომ ხორცეული არათუ კვების შეუცვლელი პროდუქტია, არამედ ნუტრიციოლოგები 30 წლის ზემოთ ადამიანებს მისი შემცირების რეკომენდაციას უწევენ.

არ იფიქროთ, რომ შეცვლილი რაციონი და ცხოვრების სტილი ბიზნესიდეის წყარო გახდა. მალევე საქართველოში დაბრუნდა და საკონსულტაციო კომპანია „ადელანტე“ დააარსა. გუნდთან ერთად, თანამშრომლების შერჩევაში საერთაშორისო და ქართულ კომპანიებს დღემდე ეხმარება. თუმცა „ადელანტე“ ამ ეტაპზე მის ყოველდღიურ ჩართულობას აღარ მოითხოვს.

უბრალო ვეგეტარიანელიდან პროფესიონალ შეფამდე

მილანში მოგზაურობისას ვეგანურ კაფეში პირველად მოხვდა. „ეს გახლდათ ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი“, – იხსენებს ანა. საკვები უგემრიელესი აღმოჩნდა. ყველაფერი უმი, ვეგანური პროდუქტებით იყო დამზადებული. კაფეს შეფი იმ მომენტში ადგილზე იმყოფებოდა. ანას ქათინაურების მოსმენის შემდეგ, იტალიელმა მზარეულმა გაამხილა,რომ განათლება ლოს-ანჯელესის ერთ- ერთ კულინარიულ სკოლაში მიიღო. სასტუმროში დაბრუნებლი ანა კურსებით დაინტერესდა. სკოლის ვებსაიტს ეწვია. სულ მალე კი ამავე სასწავლებლის დისტანციური სწავლების კურსზე დარეგისტრირდა და რამდენიმე თვეში ვეგანური სამზარეულოს დიპლომირებული შეფი გახდა.

თუმცა არც ეს ფაქტი გამხდარა „ნამუს“ შექმნის ბიძგი.

ვახშმის კლუბი და დეტოქსთერაპია

ანა სამზარეულოში ტრიალით სიამოვნებას იღებდა. კერძებს მეგობრებსაც ასინჯებდა, ქათინაურებსაც იღებდა. მალევე საკუთარ სახლში სტუმრების ყოველკვირეული მიღების გამართვა დაიწყო. ანას უგემრიელესი ვახშმების შესახებ ხმა გავარდა და მოთხოვნა ისე გაიზარდა, რომ დიდი ხარჯის დასაფარად, ყოველკვირეულ ვახშამზე დასასწრები ფიქსირებული ფასი დააწესა. შეფს შინ მეგობრები და მათი მეგობრები სტუმრობდნენ. „იმ პერიოდში ინგრედიენტები განსაკუთრებულად ძვირი მიჯდებოდა, ყველაფერს ინტერნეტით ვყიდულობდი უცხოეთიდან“,– გვიყვება ანა.

მოგვიანებით, ვახშმის კლუბის წევრებისთვის გამაჯანსაღებელი ტური დაგეგმა. თან იოგას მასწავლებელი წაიყვანა,წვენსაწური და ხილი წაიღო. უქმეებზე დეტოქს-წვენებს ტურის მონაწილეებს თავად უმზადებდა. თბილისში დაბრუნებისთანავე, ანას ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა.დეტოქს-წვენებს ტურის მონაწილეთა უმეტესობა ითხოვდა.

სწორედ ასე გაჩნდა „ნამუს“ შექმნის იდეა: ყველაფერი დეტოქს ნატურალური წვენებით დაიწყო.

ნამუ - ამინ - ნამასტე

„ნამუ“ ანა ტიკარაძის შვილის, ალექსანდრას ლექსიკაში ხშირად გამოყენებული სიტყვა იყო. როდესაც პატარას შიოდა,„ნამუ-ნამუს“ იმეორებდა. ანას სიტყვის ჟღერადობა მოსწონდა და კომპანიასაც „ნამუ“ უწოდა. მოგვიანებით მოიძია და გაარკვია, რომ იაპონურ ენაში „ნამუ“ „ამინ“-ის ანალოგია, სანსკრიტზე კი „ნამასტეს“ ნაცვლად იყენებენ. მოკლედ, სახელს სრულიად დადებითი დატვირთვა აღმოაჩნდა.

„ყველას სურდა, მათთვის დეტოქს-წვენები მომემზადებინა. ვეუბნებოდი, რეცეპტს გასწავლით და თავად გააკეთეთ-მეთქი. გვეზარებაო, –მპასუხობდნენ.გადავწყვიტე, წვენები ყოველ ოთხშაბათს დამემზადებინა, პლასტიკატის ბოთლებში ჩამესხა და ისე გამეტანებინა. თუმცა გაირკვა, რომ ერთს მხოლოდ ხუთშაბათობით უნდოდა, მეორეს – პარასკევობით და ასე შემდეგ. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ წვენების მომზადება ყოველდღიურად მომიწია“.

პლასტიკატის ბოთლებს თავად ყიდულობდა. თუმცა, ბოთლის მასალა ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევართათვის არცთუ მისაღები პროდუქტია: აბინძურებს გარემოს და გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, მასში არსებული საკვები პროდუქტი ჯანსაღ თვისებებს კარგავს. გადაწყვიტა, წვენების ჩამოსხმა მინის ბოთლებში გაეგრძელებინა. თუმცა, დეტოქს-წვენების მოყვარულებმა გააპროტესტეს – ბოთლი მძიმე იყო, მისი ტარება ბევრს უჭირდა. ამიტომ წვენები კვლავ პლასტიკატის ბოთლებში დაბრუნდა.სურვილის შემთხვევაში, ანას შეუძლია ნატურალური, ხელით დაწურული წვენები მინის ბოთლით გაგატანოთ. ყოველ შემდეგ ვიზიტზე, ბოთლითვე დაბრუნდებით და შემდეგი დღეების წვენს იმავე ჭურჭლით წაიღებთ.

დელიკატესი შაქრის, ფქვილისა და მარილის გარეშე

წვენების პარალელურად, ანამ ნამცხვრების ცხობა საკუთარ სამზარეულოში დაიწყო. არ იყენებს რაფინირებულ შაქარს – მხოლოდ ბუნებრივ დამატკბობლებს, მაგალითად, თაფლს, ქოქოსის შაქარს და ფინიკს. სამზარეულოში ვერსად შეხვდებით სუფრის მარილს, ხორბლის ფქვილს (გლუტენს). პირველი კაფე, რომელმაც ბრენდის ნამცხვრები მენიუში შეიტანა, „ლეილა“ იყო. კაფე „ლეილას“ შემდეგ, „ნამუს“ პროდუქციით სხვადასხვა ვეგანური თუ ტრადიციული კვების ობიექტები დაინტერესდნენ. მათ შორისაა „მამატერა“, „ირმალეს კაფე“, „აკასაკა“, „ჩაიმანია“„შიო რამენი“, „მაესტრო ჟელატო“. გაიზარდა არჩევანიც. გრანოლათი, ნუშის რძით, ვეგანური ნამცხვრებითა თუ ენერგიის ფირფიტებით, დღეისათვის თბილისში 10-ზე მეტ ობიექტს ამარაგებს.

ნაჭერ ნამცხვარს მომხმარებელი საშუალოდ ხუთ ლარად იძენს. შედარებით მაღალი ფასი ვეგანური ინგრედიენტების საშუალო და მაღალი ფასებითაა განპირობებული: მათი დიდი ნაწილის გამოწერა დღემდე ონლაინ ხდება, საზღვარგარეთიდან, რადგან საქართველოში შეძენა შეუძლებელია ან მეტ ხარჯთანაა დაკავშირებული.

ჯანსაღი რაციონი ყოველდღე, დღეში სამჯერ

ნამცხვრების დაგემოვნების შემდეგ, ანა ტიკარაძეს მზარდმა ბაზარმა მორიგი ნაბიჯის გადადგმა „აიძულა“. ასე შეიქმნა „ნამუს“ ხუთდღიანი ვეგანური დიეტა ადგილზე მიტანით. „გავაპროტესტე, დღეში სამჯერ საკვები როგორ ვამზადო-მეთქი, მაგრამ არ მომეშვნენ. დავფიქრდი და გადავწყვიტე, ყოველდღიური მიწოდების სერვისი გამეკეთებინა. კურიერს მომდევნო დღის საკვები წინა დღეს, ან დილით ადრე მიაქვს. მენიუში როგორც დეტოქს-წვენები, ისე თხილეული, სალათები და დესერტი შედის. ყველაფერი უმი, ვეგანური, იგივე სამარხვო. კვირაში 10-მდე ადამიანს ვკვებავთ“.

ანა ტიკარაძის ვეგანურ დიეტას არა მხოლოდ ვეგანები, არამედ უბრალოდ, ჯანსაღი კვების მოყვარულები ან წონაში კლების მსურველები უკვეთავენ. პრინციპში, ვეგანთა ხვედრითი წილი გამომწერთა შორის საკმაოდ დაბალია. ხუთდღიანი სრულფასოვანი დიეტის ღირებულება 250 ლარია, ყოველდღიურად, ადგილზე მიტანით. თუმცა, შესაძლებელია ერთი დღის მენიუს შეკვეთა, რომელიც მომხმარებელს 50 ლარი უჯდება. ერთდღიანი მენიუ ერთგვარი მარკეტინგული ხერხია მომხმარებლების მოსაზიდად − მსურველებს საშუალებას აძლევს ჯერ გასინჯონ და მერე, თუ სურვილი ექნებათ, ერთკვირიან მენიუზე გადავიდნენ. ანა საკურიერო მომსახურების აუთსორსინგზე ამ ეტაპზე უარს ამბობს და 4-5 კურიერს თავად ქირაობს. საკურიერო მომსახურების კომპანიის სერვისი ანასთვის და გამომწერთათვის მოუხერხებელი აღმოჩნდა. კომპანია დანიშნულ დროს მიტანის გარანტიას არ იძლევა. არც ისაა გარანტირებული, რომ სხვა ამანათი საკვებ პროდუქტს არ გააფუჭებს.

შეფი, ანტრეპრენერი, მარკეტერი

Facebook-ზე „ნამუ“ დეტოქს-წვენების წარმოების დაწყებისთანავე გამოჩნდა. მალევე დაემატა Instagram-ის ანგარიში. სოციალურ ქსელებს ანა თავად მართავს. მას აბარია „ნამუს“ მარკეტინგი, PR-ი და სოციალური მედია.შეკვეთებსაც იღებს და ორ დაქირავებულ მზარეულსაც ხშირად ეხმარება. უახლოეს მომავალში, „ნამუს“ ვებსაიტი ჩაეშვება და ანაც შეკვეთების აღრიცხვას პლატფორმიდან შეძლებს. ეს კი შრომასა და დახარჯულ დროს ბევრად შეამცირებს. ამ დროისათვის თითოეულ შეკვეთას ინსტაგრამსა და ფეისბუქზე თავად იღებს, შენიშვნებსა და განსაკუთრებულ მოთხოვნებს იწერს, რასაც დიდი დრო და ენერგია მიაქვს.

სოციალური მედიის აუთსორსინგზეც უფიქრია, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. სააგენტომ, რომელიც „ნამუს“ გვერდის მართვას შეუდგა, განცხადებას მზარეულის ვაკანსიაზე შებრაწული ქათმის ფოტო დაურთო, რის შემდეგაც ვეგანშეფმა ეს საქმე კვლავ თავად გადმოიბარა.

10-ჯერ გაზრდილი წარმოება

„ნამუს“ ვეგანური სამზარეულოს ბიზნესის განვითარების შემდეგი ეტაპი კაფეს გახსნაა. ანა ტიკარაძის ოჯახმა უკვე შეიძინა სივრცე, რომელიც რამდენიმე თვეში 20-30 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. მზარეულთა რაოდენობა კი 2-იდან 5-მდე გაიზრდება.

„გეგმაში წარმოების მინიმუმ გაათმაგებაა. თუმცა, სავარაუდოდ, ჩვენი პროდუქცია მასობრივი მოხმარების ჯერ ვერ გახდება“, – ამბობს ანა ტიკარაძე. სამაგიეროდ, მასობრივი მოხმარების პროდუქტი შეიძლება კომბუჩა გახდეს. კომბუჩა ფერმენტირებული სასმელია, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს კარგ ბაქტერიებს, პრობიოტიკებს. იგი ნატურალური ანტიოქსიდანტის ფუნქციას ასრულებს. შაქრის, სასმელის დედისა და ჩაის შერევით მზადდება. კომბუჩა ტრადიციული რუსული სასმელია, თუმცა ჯანსაღი კვების მოყვარულთა წრეებში პოპულარობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიპოვა. „ძალიან ჰგავს ბურახს. ბუნებრივად გაზირებულია. ისევე დგება, როგორც ღვინო. ორი კვირაა საჭირო, რომ მომზადდეს. კომბუჩას წარმოების შესასწავლად კანადელი მწარმოებლის ტრენინგებს დავესწარი ესპანეთში. სულ მალე დანადგარიც ჩამოგვივა და წარმოებასაც დავიწყებთ“.

კომბუჩას ჩამოსხმას ანა ტიკარაძე ლითონის ქილებში, ეგრეთ წოდებულ ქენებში იწყებს.ლითონის ქილა სასმელის სასარგებლო თვისებებს პლასტიკატის ბოთლებთან შედარებით,ხანგრძლივად შეინარჩუნებს და რაც მთავარია, ეკო- მეგობრულია.

„ლითონის ქილებს შევუკვეთავთ და დახუფვა ადგილზე მოხდება. სასმელი საწყის ეტაპზე სხვადასხვა კაფეში გაიყიდება,შემდეგ კი მის შეტანას სუპერმარკეტებში ვგეგმავთ. კომბუჩა გაზიანი სასმელების ჯანსაღი ალტერნატივაა.შეერთებულ შტატებში კომბუჩათი არაერთ კოქტეილს ამზადებენ მათთვის, ვინც ალკოჰოლურ სასმელებს არ ეტანება“.

ამ ეტაპზე კომბუჩა სახლის პირობებში მცირე რაოდენობით იწარმოება. დეტოქს-წვენებთან ერთად, ანა ტიკარაძე ყოველთვიურად 100 ლიტრ სასმელს ყიდის. თუმცა აპარატი საშუალებას მისცემს ასი ლიტრი სასმელი უკვე ერთ დღეში ჩამოასხას.

საერთო ჯამში, „ნამუ“ 10-ზე მეტი ტიპის პროდუქტს აწარმოებს: წვენებს, დესერტებს, ენერგიის ფირფიტებს, სალათებს... თუმცა, თითოეული პროდუქტი, მაგალითად, ნამცხვარი, რამდენიმე სახეობად იყოფა. „რაციონს რეგულარულად ვცვლით, ახალ კერძებს ვამატებთ, ვვითარდებით. მუდმივად გავდივარ ტრენინგებს“, – ამბობს ანა.

„ნამუ“ შექმნიდან მალევე მომგებიან ბიზნესად იქცა. ანტრეპრენერს ბიზნესის წარმატებაში ხელი იმანაც შეუწყო, რომ ინდუსტრიული სამზარეულოს ქირაობა არ მოუწია – „ნამუს“ თითოეული პროდუქტი ანა ტიკარაძის სახლში იწარმოება. რამდენიმე თვეში კი წარმოება უფრო დიდ მასშტაბს შეიძენს,გაიზრდება.

„ნამუს“ ასორტიმენტში ყველა პროდუქტი არ არის მომგებიანი. ზოგ მათგანს მარჟა შედარებით მაღალი აქვს, ზოგს −პირიქით. ამიტომ ასორტიმენტის განსაზღვრა ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც ხდება. ანას იმედი აქვს, რომ კომბუჩა მასობრივი მოხმარების პროდუქტი გახდება, ანუ გაიყიდება დიდი რაოდენობით და მომგებიანი იქნება. ეს კი საშუალებას მისცემს „ნამუს“, ასორტიმენტი კიდევ უფრო მეტი, თუნდაც დაბალმომგებიანი, პროდუქციით გაამრავალფეროვნოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგის პროფესიით, თერაპევტად არასოდეს მიმუშავია, ცოდნა ძალიან მეხმარება. დროთა განმავლობაში, ჩამოვყალიბდი ქოუჩად, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების სტილის და კეთილდღეობის (wellbeing) პოპულარიზაციას ეწევა. ჩემი მიდგომა ასეთია – არა მხოლოდ მოგყიდი, არამედ გასწავლი კიდეც მომზადებას, რომ მაგალითად, ჩიას პუდინგის მოსამზადებლად, მუდმივად ჩემთან არ იარო. მით უმეტეს, რომ ერთჯერადად ჯანსაღი პროდუქტით კვება არაფერს ნიშნავს − ასეთი რაციონით სისტემატურად უნდა იკვებო, რომ სარგებელი ნახო“.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur