You can be on Entrepreneur’s cover!

როგორ შევქმნათ კარგი ლოგო ჩვენი კომპანიისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

თუ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, სავარაუდოდ გეგმავთ პატარა ბიზნესის დაწყებას და ალბათ, რამდენიმე კითხვაც გიტრიალებთ თავში: „ნამდვილად მჭირდება ლოგო?" ან „ლოგო მჭირდება, მაგრამ როგორ ვიმყოფინო ბიუჯეტი?"

ეს სტატია შექმნილია თქვენს დასახმარებლად, ასე რომ, შეგიძლიათ მიიღოთ საუკეთესო რჩევები თქვენი ბიზნესისთვის და ბაზარზე მთელი ძალებით შეაბიჯოთ.

უპირველეს ყოვლისა, დიახ, ლოგო ნამდვილად საჭიროა, იმის მიუხედავად, დიდია ბიზნესი თუ პატარა. მაშინაც კი, თუ თქვენ აწარმოებთ ხელის საპნებს და ნათესავებსა და მეგობრებში ყიდით, აუცილებად დაგჭირდებათ ლოგო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მუშაობა, ძალისხმევა და ხედვა ყველას საკუთრება იქნება, როგორც მაგალითად, ყურძენი სასურსათო მაღაზიაში. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ლოგოს საბოლოო დიზაინი, რომლითაც თქვენ უნდა წარმოადგინოთ და დღის სინათლეზე გამოიტანოთ საკუთარი კომპანია.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ პროცესის გამარტივებაში.

მიმართეთ შთაგონებას

პირველი ნაბიჯი საუკეთესო ლოგოს შესაქმნელად არის იდეა. გამოიყენეთ ყველაფერი, რაც კარგ გავლენას მოახდენს თქვენზე. ეწვიეთ ბუნებას ან ხელოვნების გალერეას. შეგიძლიათ მიმართოთ მედიტაციას, ფოტოგრაფიას ან სპორტის რომელიღაც სახეობას. მოკლედ, ნებისმიერი სახის საქმიანობა, რომელიც ენერგიით და სიხარულს აგავსებთ, შესაძლოა დაგეხმაროთ რევოლუციური იდეის მოფიქრებაში.

თვალი ადევნეთ თქვენს კონკურენტებს

ყოველთვის სასარგებლოა თქვენი პოტენციური კონკურენტების ვებგვერდების (ან სოციალური მედიის პროფილების) დათვალიერება, არა მხოლოდ მათი ლოგოების განსჯისთვის, არამედ გასაანალიზებლად. იფიქრეთ გზებზე, რომლებიც დაეხმარებოდა თქვენს კონკურენტ კომპანიას, ყოფილიყო უფრო ეფექტური. დაფიქრდით, რას შეცვლიდით? რატომ? არის მისი ლოგო შთამბეჭდავი და მიმზიდველი?

ამ კითხვებს შეუძლია დახმარება გაგიწიოთ, რათა გააუმჯობესოთ თქვენი ბრენდის აღქმა. აღმოაჩინეთ თქვენი კონკურენტების ძლიერი და სუსტი მხარეები, და ისარგებლეთ ამ ცოდნით.

შეარჩიეთ სწორი ფორმა

ზოგჯერ ისეთ მარტივ შეკითხვას, როგორიცაა „როგორი ფორმის ლოგოა საჭირო ბიზნესისათვის?" შეუძლია საგონებელში ჩაგაგდოთ. საუკეთესო პასუხი იქნება: „მინდა, იყოს მაგარი". დაფიქრდით და შეარჩიეთ ისეთი ტიპის ლოგო, რომელიც ყველაზე კარგად იმუშავებს თქვენი ბრენდისთვის.

ლოგო შეიძლება იყოს:

  • აბსტრაქტული (როგორც Nike-ის swoosh ან WWF's panda)
  • მონოგრამული (როგორც CNN ან NASA)
  • სიტყვიერი (როგორც Lego ან Samsung)
  • მასკოტები (როგორც Pringles ან Uncle Ben's)
  • ემბლემური (როგორც Converse ან BMW)
  • ზემოთ ჩამოთვლილი ტიპების კომბინაცია (როგორც Amazon ან Dunkin' Donuts)

ყურადღება მიაქციეთ არსებულ ტენდენციებს

როდესაც საქმე ეხება ლოგოს დიზაინს, შეგვიძლია ავირჩიოთ ელეგანტური შავი და თეთრი ლოგო. თუ გსურთ, ლოგო საუკეთესო იყოს, ნუ შეშინდებით გადალახოთ ზღვარი და იყოთ თამამი. აუცილებლად გაეცანით თანამედროვე დიზაინის ტენდენციებს. მაგალითად, თქვენ შეიძლება გარისკოთ და გამოიყენოთ მუქი ფერები. ვთქვათ, მუქი იისფერი, რომელიც წლის აქტუალური ფერია.

არასოდეს დაივიწყოთ თქვენს გონებაში არსებული ესკიზები

როგორც კი რაიმე იდეა მოგაფიქრდებათ, აუცილებლად გააკეთეთ ამ იდეის ესკიზი (თქვენი მობილური ტელეფონის აპლიკაციაში ან უბრალოდ, ქაღალდის ფურცელზე). ამ ესკიზის გამოყენებას მოგვიანებით შეძლებთ ლოგოს დიზაინის შესაქმნელად.

სცადეთ სხვადასხვა გზა

ინტერნეტს აქვს ასობით ონლაინაპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ ლოგოს შექმნაში. თუ გეგმავთ, თავად შექმნათ საუკეთესო ლოგო, დარწმუნდით, რომ სწორად გაქვთ შერჩეული პროგრამა და ვებგვერდი. ისიც გახსოვდეთ, რომ თუ 100%-ით კმაყოფილი არ ხართ, ყოველთვის შეგიძლიათ მოსინჯოთ რაიმე ახალი. თუ არ იცით რომელი აპლიკაცია გამოიყენოთ, შეგიძლიათ მიმართოთ ლოგოს შექმნისთვის კომპანიებს, რომლებიც სწორედ ამ საქმიანობაზე არიან ორიენტირებული.

შეამოწმეთ

როდესაც უკვე დახელოვნდებით და შექმნით თქვენთვის მოსაწონ ლოგოს დიზაინს, არ იჩქაროთ მისი გამომზეურება. შეამოწმეთ იგი სოციალურ მედიაში, შექმენით გამოკითხვა, არის თუ არა ის საკმარისად კარგი? რაიმეს ხომ არ შეცვლიდით? შეესატყვისება თუ არა ის თქვენი ვებგვერდის დიზაინს? გამოიყენეთ ლოგო მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ 100 %-ით კმაყოფილი ხართ იმით, რაც შექმენით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ განახორციელოთ ცვლილებები იმავე ონლაინაპლიკაციით ან პროფესიონალი დიზაინერის დაქირავებით.

არ იჩქაროთ ლოგოს შექმნისას. დაიმახსოვრეთ: ლოგო გარკვეულწილად განსაზღვრავს თქვენი ბიზნესის წარმატებას მომავალში. ასე რომ, დაუთმეთ საკმარისი დრო და გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი.