ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ
ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი
ფოტო: Pixabay
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წინასწარ არავინ იცის, ვინ გახდება დიდი ანტრეპრენერი.

საქმის დასაწყებად, რომელიც ერთ დღეს დიდ წარმატებას მოგიტანთ, არც სამეცნიერო ხარისხი გჭირდებათ, არც დიდი ფული ბანკში და თქვენ წარმოიდგინეთ, არც გამოცდილება ბიზნესში. მის ბოლომდე მისაყვანად კარგი გეგმა და დიდი სურვილი კი ნამდვილად აუცილებელია.

თუ ანტრეპრენერობა გადაწყვიტეთ, ჩანს, წარმატებისკენ სწრაფვის დიდი სურვილი უკვე გაქვთ. თუმცა, შესაძლოა ჯერ კიდევ არ იცით, როგორ დაიწყოთ თქვენი იმპერიის შენება.

ამაში ჩვენ დაგეხმარებით.

თქვენს იდეას წარმატებულ ბიზნესად ჩვენი დეტალური ინსტრუქციები აქცევს. გაეცანით მათ:

1. შეაფასეთ საკუთარი თავი

საკუთარი შესაძლებლობების შეფასება ამ მთავარი შეკითხვით დაიწყეთ: „რატომ მინდა ბიზნესის დაწყება?“ ამ კითხვაზე პასუხის გაცემით დაადგენთ, რა სახის ბიზნესის დაწყება გსურთ. თუ მეტი ფული გინდათ, კიდევ ერთი სამსახური მოძებნეთ. თუ მეტი თავისუფლება − უარი თქვით 9-დან 5-საათამდე სამსახურში ყოფნაზე და რაიმე ახლის კეთებას შეუდექით.

ბიზნესის დაწყების მიზეზი უკვე დადგენილი გაქვთ და თუ უკვე მზად ხართ დასაწყებად, საკუთარ თავს კიდევ რამდენიმე შეკითხვა დაუსვით, გაარკვიეთ, რა ტიპის ბიზნესი გსურთ.

  • რა ტიპის უნარები გაქვთ?
  • ყველაზე მეტად რის კეთება მოგწონთ?
  • რომელ სფეროში გაქვთ გამოცდილება?
  • რა რაოდენობის თანხას ჩადებდით საქმეში იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბიზნესების უმეტესობა წარუმატებელია?
  • რა რაოდენობის საწყისი კაპიტალი დაგჭირდებათ?
  • როგორი ცხოვრება მოგწონთ?
  • ხართ თუ არა მზად ანტრეპრენერი გახდეთ?

გულწრფელად უპასუხეთ თითოეულ შეკითხვას და გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა ამ ყველაფრის გააზრება თქვენი წინსვლის მთავარი საფუძველი გახდეს. ბევრად უკეთესია, სიმართლე მოგვიანებით კი არა, ახლავე გაიგოთ.

2. დაფიქრდით ბიზნესიდეაზე

შემოსავლიანი ბიზნესის იდეა უკვე ხომ არ გაქვთ მოფიქრებული? თუ ასეა, გილოცავთ! შემდეგ ეტაპზე გადასვლა შეგიძლიათ. თუ არა, ინფორმაცია მოიძიეთ, ინტერნეტში უამრავ პოტენციურ იდეას წააწყდებით. შემდეგ საკითხებზე დაფიქრება სწორ გზაზე დაგაყენებთ:

  • საკუთარ თავს ჰკითხეთ, მომავალში რა იქნება? რა ტექნოლოგიები ან მიღწევები ხდება თანამედროვე სამყაროში, როგორ შეცვლის ეს ყველაფერი თქვენს ბიზნესგარემოს? შეძლებთ კი, ცვლილებებს ფეხი აუწყოთ?
  • რომელიმე აქტუალური პრობლემა მოაგვარეთ.  თქვენი კლიენტები მადლიერნი დარჩებიან, თუ თქვენი ბიზნესი მათი რომელიღაც პრობლემის მოგვარებას შეძლებს.
  • თქვენი უნარები სრულიად ახალ სფეროში მოსინჯეთ. ბევრი კომპანია ერთსა და იმავეს მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ ოდითგანვე ასეა დამკვიდრებული. ამ შემთხვევაში განსხვავებულ მიდგომას ბევრის შეცვლა შეუძლია.
  • უკეთესი, იაფი და სწრაფი გზა სცადეთ. იმაზე იფიქრეთ, როგორ შექმნათ რაღაც სხვებზე უფრო სწრაფად, უკეთესი ხარისხის, და იაფი დანახარჯით.  

ამასთან ერთად, ქუჩაში გადით და მომხმარებელს შეკითხვები დაუსვით, რჩევისთვის სხვა ანტრეპრენერებს მიმართეთ, იდეები ინტერნეტში ეძიეთ ან მათ აღმოსაჩენად ნებისმიერი სხვა მეთოდი გამოიყენეთ.

3. შეისწავლეთ ბაზარი

ვინმეს უკვე ხომ არ აქვს ის ბიზნესი, რომლის დაწყებასაც თქვენ ახლა გეგმავთ? თუ არავის აქვს, გაარკვიეთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.

პოტენციური კონკურენტების ან პარტნიორების საქმიანობა გამოიკვლიეთ. მიზნები დასახეთ, რომლებსაც უნდა მიაღწიოთ და მეთოდები განსაზღვრეთ, რომლებიც მიზნის მისაღწევად უნდა გამოიყენოთ. მაგალითად, მომხმარებლის აზრის გასაგებად, შეგიძლიათ გამოკითხვა პირადად ან ტელეფონით აწარმოოთ. კითხვარები გამოიყენოთ, რომელშიც შემდეგი ტიპის შეკითხვები იქნება: „თქვენთვის რა არის მთავარი პროდუქტის ან მომსახურების შეძენისას?“ „რის გაუმჯობესებას ისურვებდით?“

ადამიანები ბაზრის კვლევის დაწყებისას ყველაზე ხშირად შემდეგ სამ შეცდომას უშვებენ:

  1.  მხოლოდ სამთავრობო სააგენტოებისა და ბიზნესასოციაციების კვლევის მონაცემების გამოყენება;
  2. მხოლოდ ინტერნეტრესურსების გამოყენება;
  3. მხოლოდ ნაცნობების აზრის გამოკითხვა.

4. გაიგეთ სხვების აზრი

ადამიანებმა თქვენი პროდუქტი ან მომსახურება საკუთარ თავზე უნდა გამოსცადონ და თვითონ დარწმუნდნენ, რაში ეხმარებათ იგი. რომელიღაც მომხმარებელმა შესაძლოა ის პრობლემა დაგანახოთ, რომელიც თქვენ მნიშვნელოვნად არ ჩათვალეთ. გარდა ამისა, თუ თქვენი პროდუქტი მოეწონებათ, ეს ადამიანები თქვენი ბრენდის პირველი დამცველები გახდებიან. ასე რომ, მათ აზრს აუცილებლად დაუგდეთ ყური.

მომხმარებლის აზრის გაგების ყველაზე მარტივი საშუალება „იაფი სტარტაპია“, რომელიც სამ უმთავრეს ეტაპზეა დაფუძნებული: პროდუქტის პროტოტიპის შექნა, მასზე ექსპერიმენტის ჩატარება და ბაზარზე გატანა. ახალი პროდუქტის დახვეწის საშუალებას მხოლოდ მისი ბაზარზე გატანა, მასზე მომხმარებლის აზრის გაგება და შეცვლა მოგცემთ.

იცოდეთ, რომ ყველა რჩევა იდეალური არ იქნება, იმის მიუხედავად, ითხოვეთ იგი თუ არა. ამიტომ, მომხმარებლის აზრის დასადგენად თქვენს პროდუქტზე გეგმის შედგენა აუცილებელია.

მომხმარებლისგან მიღებული მონაცემების დამუშავებას მოცემული 6 გზის გამოყენებით შეძლებთ:

  1. დამშვიდით! ადვილი წარმოსადგენია, როგორ აგაღელვებთ თქვენს პროდუქტზე ან მომსახურებაზე გაკეთებული კომენტარი. შესაძლოა ვინმეს კამათშიც კი შეყვეთ და ეს ცუდად დასრულდეს. მშვიდად და ყურადღებით გააანალიზეთ კომენტარები.
  2. „დიდი მადლობა“ − საუბარი ყოველთვის ამ სიტყვებით დაიწყეთ. მადლობას სულაც არ ელიან ადამიანები, რომლებიც თქვენს პროდუქტს აკრიტიკებენ. თუ გადაუხდით, სავარაუდოდ, აიძულებთ პატივისცემით მოგექცნენ და მომავალშიც გულწრფელად გამოთქვან საკუთარი აზრი.
  3. ჭეშმარიტების მარცვლები ეძიეთ. თუ ვინმეს თქვენი იდეა არ მოსწონს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენი არაფერი მოსწონს. გახსოვდეთ, რომ ეს ადამიანები თქვენს დახმარებას ცდილობენ და იქნებ სწორედ იმ პრობლემაზე მიგითითებენ, რომლის გამოსწორებაც მნიშვნელოვანია.   
  4. კანონზომიერებებს დაუკვირდით. ერთი და იგივე კომენტარის ხშირად მოსმენა მხოლოდ ერთს ნიშნავს − ეს საკითხი ჩარევას მოითხოვს.
  5. ყურადღებით მოუსმინეთ. აუცილებლად დაინტერესდით მომხმარებლის აზრით და მათთან დასალაპარაკებლად ყოველთვის მზად იყავით.
  6. დაუსვით შეკითხვები. დაადგინეთ, რატომ მოსწონს ან არ მოსწონს მომხმარებელს ესა თუ ის პროდუქტი? როგორ გააუმჯობესოთ და მისთვის უკეთესი რა იქნებოდა?

5. დააკანონეთ თქვენი ბიზნესი

თქვენი ბიზნესის ყველა იურიდიული ასპექტი წინასწარ გაარკვიეთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში არ გექნებათ სადარდებელი, რომ ვიღაც თქვენს დიდ იდეას მოიპარავს, პარტნიორობაში მოგატყუებთ ან სასამართლოში სარჩელს სრულიად წამოუდგენელი საბაბით შეიტანს. თქვენი საქმიანობის დასაკანონებლად შემდეგი საკითხების გარკვევა დაგჭირდებათ:

  1. ბიზნესსტრუქტურა (აქ არც ისე დიდი ჩამონათვალია – შპს, კორპორაცია ან პარტნიორობა);
  2. ბიზნესის სახელი;
  3. ბიზნესის რეგისტრაცია;
  4. სახელმწიფო საგადასახადო კოდი;
  5. ნებართვა;
  6. ლიცენზია;
  7. საბანკო ანგარიში;
  8. სავაჭრო ნიშნები, საავტორო უფლებები ან პატენტები.

ამ ჩამონათვალიდან ზოგიერთის გარკვევას თვითონ შეძლებთ. თუმცა, იურისტთან კონსულტაციის წინასწარ გავლა უკეთესია.

6. შეადგინეთ ბიზნესგეგმა

ბიზნესგეგმა თქვენი ბიზნესის განვითარების წერილობითი აღწერილობაა. ქველმოქმედი ინვესტორი და ტექნოლოგიური კომპანიის დამფუძნებელი ტიმ ბერი ბიზნესგეგმის მოცულობის თაობაზე შემდეგს გირჩევთ: „აუცილებელი ინფორმაცია 20-30 გვერდზე უნდა დატიოთ. ბიზნესგეგმას ყოველთვიური პროგნოზებით, მენეჯერთა გუნდის რეზიუმეთი და სხვა დეტალებით კიდევ 10-გვერდიანი დანართიც უნდა მიაყოლოთ, მაგრამ თუ თქვენი გეგმა 40 გვერდს აღემატება, ჩანს, ინფორმაცია ლაკონურად არ გაქვთ შეჯამებული“.

გაეცანით თქვენს ბიზნესგეგმაში შესატან ინფორმაციას:

  1. სატიტულო ფურცელი. ეს ფურცელი თქვენი ბიზნესის სახელწოდებით დაიწყეთ. გახსოვდეთ, სახელის დარქმევა იმაზე გაცილებით რთულია, ვიდრე გგონიათ.
  2. რეზიუმე. დასახული გეგმების შემაჯამებელი მიმოხილვაა. აქ კომპანიის აღწერილობაა და ისიც, თუ რა პრობლემას აგვარებს ბიზნესი და რატომ აგვარებს სწორედ ახლა.  
  3. ბიზნესის აღწერა. რა სახის ბიზნესის დაწყება გსურთ? ინდუსტრიის რა დარგია და როგორი იქნება იგი მომავალში?
  4. მარკეტინგის სტრატეგიები. რომელია თქვენი სამიზნე ბაზარი და მასზე წარმატების მოპოვებას როგორ შეძლებთ?
  5. კონკურენტების საქმიანობის მიმოხილვა. რა სახის ძლიერი და სუსტი მხარეები აქვთ თქვენს კონკურენტებს? როგორ უნდა შეებრძოლოთ მათ?
  6. პროექტირებისა და დამუშავების გეგმა. რას წარმოადგენს თქვენი პროდუქტი, მომსახურება და როგორ განვითარდება იგი? შექმენით პროდუქტის ან მომსახურების ბიუჯეტი.
  7. სამუშაო და მართვის გეგმა. როგორ ფუნქციონირებს თქვენი ბიზნესი ყოველდღიურად?
  8. ფინანსური ფაქტორები. რა არის თქვენი ბიზნესის შემოსავლის წყარო? როდის და რა უნდა გააკეთოთ? პროგნოზების მიხედვით, როგორი შემოსავალი ექნება და რა უნდა გაითვალისწინოთ?

თითოეული საკითხის განხილვას ორი ან სამი გვერდი მიუძღვენით და ისიც გახსოვდეთ: ბიზნესგეგმა ცოცხალი დოკუმენტია და ბიზნესის განვითარებასთან ერთად უნდა განაახლოთ.

7. თავად დააფინანსეთ თქვენი ბიზნესი

ბიზნესის დასაწყებად საჭირო რესურსების მოსაპოვებლად ათასეულობით გზა არსებობს. ინვესტორი მარტინ ცვილინგი, რომლის კომპანიაც სტარტაპებსა და მცირე ბიზნესს ეხმარება, ბიზნესის დასაფინანსებლად შემდეგ 8 რეკომენდაციას გთავაზობთ. ყურადღებით გადახედეთ ამ ჩამონათვალს, თქვენი რესურსები, ყველა გარემოება და ცხოვრების წესი გაითვალისწინეთ, და თავად გადაწყვიტეთ, რომელი გზაა თქვენთვის უკეთესი.

  1. თქვენი სტარტაპი თავად დააფინანსეთ. შესაძლოა თქვენი ბიზნესის ამუშავებამ დიდი დრო მოითხოვოს, მაგრამ ამ შემთხვევაში კარგი ის არის, რომ საკუთარ ბედს და კაპიტალს თავად გააკონტროლებთ.
  2. მეგობრებსა და ოჯახის წევრებს დახმარება სთხოვეთ. ბიზნეს და პირადი ურთიერთობების გამიჯვნა ძნელი იქნება, მაგრამ თუ სესხის აღებას გეგმავთ, ამ რესურსის გამოყენებით ბევრად გაიმარტივებთ საქმეს.
  3.  მცირე ბიზნესგრანტზე შეიტანეთ განაცხადი. უამრავი პროგრამა არსებობს და ამიტომ სამთავრობო ბიზნესგრანტები ყურადღებით მოიძიეთ. შესაძლოა ამ ტიპის გრანტის მიღება დიდ დროსთან არის დაკავშირებული, მაგრამ უზომოდ მნიშვნელოვანია ის, რომ არანაირ კაპიტალს არ მოითხოვს.
  4. თანამოაზრეების შეკრება და ფინანსების მოძიება ინტერნეტით სცადეთ. გახსოვდეთ, ამ გზით მოპოვებულმა პატარ-პატარა ინვესტიციებმა შესაძლოა ჯამში დიდი თანხა შეგიგროვოთ.
  5. ვენჩურული ინვესტორების მიზიდვა. ამ ტიპის ინვესტორები დიდი მასშტაბის პროექტებს და გამოცდილ გუნდებს ეძებენ, რომელთაც ბიზნესისთვის მილიონი დოლარი სჭირდებათ. თუ მათ მიმართავთ, რაიმე სერიოზული უნდა გქონდეთ შესათავაზებელი.
  6. ავანსის მიღების შესახებ სტრატეგიულ პარტნიორთან ან მომხმარებელთან მოლაპარაკებების ჩატარება.  თუ თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას სათანადოდ არ აფასებენ და არც იწონებენ, არც მისი დაფინანსება მოუნდება ვინმეს. ამ შემთხვევაში, ლიცენზირება ან სხვა შეთანხმება უნდა სცადოთ.
  7. სტარტაპის დასახმარებლად აქციებით ან მომსახურებით ვაჭრობა. ოფისის მოიჯარეებს საოფისე ფართის იჯარის გადახდის სანაცვლოდ, კომპიუტერული სისტემის მხარდაჭერა შესთავაზეთ. შესაძლოა, ამაში ფული არ გადაგიხადონ, მაგრამ არც ოფისის იჯარის გადახდა მოგიწევთ. ეს კი, უკვე ეკონომიაა.
  8. ბანკიდან სესხი აიღეთ ან საკრედიტო ხაზი გახსენით. ბანკიდან მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილი სესხის აღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ მის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებთ.

8. თქვენი პროდუქტის ან მომსახურების შექმნა

ბიზნესში ჩადებული კოლოსალური შრომის შემდეგ, სასიამოვნო იქნება იმის დანახვა, თუ როგორ შეისხა ფრთები თქვენმა იდეამ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ პროდუქტის შექმნას მარტო ვერ შეძლებთ. თუ რაიმე აპლიკაციის შექმნა გსურთ და ინჟინერი არ ხართ, დახმარებისთვის ტექნიკურ პერსონალს უნდა მიმართოთ, ხოლო თუ საქმე პროდუქციის მასობრივ წარმოებას ეხება − საწარმოს.

გახსოვდეთ, რომ იაფი პროდუქტის დამზადება, წარმოების ხარჯების შემცირების მიუხედავად, ამოსავალი წერტილი არ უნდა იყოს. გარდა ამისა, საჭიროა დარწმუნებული იყოთ, რომ პროდუქტი ბაზარზე გატანისთანავე მიიპყრობს ყურადღებას.

აუცილებელად გაითვალისწინეთ შემდეგი საკითხები:

  1. თქვენი პროდუქტი მუდმივად აკონტროლეთ და სწავლა გააგრძელეთ. თუ მასზე მუშაობას ვინმე სხვა პიროვნებას ან კომპანიას გადააბარებთ და ზედამხედველობას შეწყვეტთ, შესაძლოა ის არ მიიღოთ, რასაც ელოდით.
  2. რისკის შესამცირებელი სისტემა დანერგეთ. ვითარების უკეთ გასაკონტროლებლად სჯობს რამდენიმე ინჟინერი აიყვანოთ. თუ მხოლოდ ერთი გყავთ, შესაძლოა მისი სამუშაოს შეფასება ვერავინ შეძლოს.
  3. ფართო კი არა, ვიწრო პროფილის სპეციალისტები დაიქირავეთ. საუკეთესო სპეციალისტები მოძებნეთ და არა ისინი, რომლებმაც საფუძვლიანად არცერთი საქმე არ იციან.
  4. ერთ თანამშრომელზე ნუ იქნებით დამოკიდებული. თქვენი საქმე იმ შემთხვევაშიც კი არ უნდა გაჩერდეს, თუ კომპანიიდან ერთი ინჟინერი წავა ან კონტრაქტი ჩავარდება.
  5. ფულის ეკონომიას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, თუ პროდუქტის შექმნის მთელ პროცესს თქვენ მართავთ. თანამშრომლების ხელფასის ტარიფები სპეციალისტების მიხედვით შესაძლოა განსხვავდებოდეს. თუმცა, უმაღლესი კვალიფიკაციის ინჟინერსაც კი არ უნდა გადაუხადოთ ზედმეტი, თუ იგივე შედეგის მიღება გაცილებით დაბალ ფასად შეგიძლიათ.

თავს მშვიდად მაშინ იგრძნობთ, როდესაც შეძლებისდაგვარად წარმოების საკითხებსაც შეისწავლით. დროთა განმავლობაში თქვენი პროდუქტის წარმოების პროცესსაც გააუმჯობესებთ და სპეციალისტების დაქირავებაშიც უკეთ გაერკვევით.

მომსახურების სფეროს ანტრეპრენერებისთვის ეს პროცესი სულ სხვაგვარი იქნება, მაგრამ არც ნაკლებად მნიშვნელოვანი. შესაძლოა, გარკვეული უნარები გაქვთ, რაშიც ადამიანები დაუყოვნებლივ გადაიხდიან ფულს, მაგრამ ამ უნარების შეფასება უდავოდ ძნელი იქნება. საკუთარი უნარების გამოყენებით, თავის დამკვიდრებას როგორ შეძლებთ? ამისათვის თქვენი სამუშაოს შესახებ პორტფოლიოს, ვებგვერდის შექმნა აუცილებელი იქნება. თუ მხატვარი ხართ, თქვენი ნახატები უნდა წარმოადგინოთ, თუ მწერალი − ნაწერები ხოლო თუ დიზაინერი − დიზაინები.

ამასთან ერთად, არც სერტიფიკატები ან საგანმანათლებლო დოკუმენტაცია დაგავიწყდეთ. თუ ვინმეს თქვენი მომსახურება დასჭირდება, შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.

9. თქვენი გუნდი შექმენით

ბიზნესის მასშტაბის გასაზრდელად აუცილებლად მოგიწევთ სხვა ადამიანებისთვის პასუხისმგებლობის გადაცემა, ანუ გუნდის შექმნა.

არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, პარტნიორი გჭირდებათ თუ თანამშრომელი − ეს რჩევები შესაფერისი კანდიდატურის მოძებნაში დაგეხმარებათ:

  1. თქვენი გეგმები ნათლად ჩამოაყალიბეთ. თქვენს მიზანსა და საკუთარ როლზე ამ საქმეში გუნდის ყველა წევრს თავიდანვე ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს.
  2. თანამშრომლები დაიქირავეთ. დასაწყისში თანამშრომლების შერჩევისას ბევრი საკითხის გათვალისწინება მოგიწევთ − სწორი შეკითხვების დასმით დაწყებული და კიდევ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი დეტალით დამთავრებული.
  3. კომპანიაში კარგი ატმოსფეროს შექმნაზე იზრუნეთ. რა ქმნის კომპანიაში კარგ ატმოსფეროს? უმთავრესი რა არის? განსაკუთრებული სამუშაო სივრცე ნამდვილად არა. მთავარია, თანამშრომელთა მიმართ პატივისცემა გამოიჩინოთ. სივრცის დეკორზე ან პინგ-პონგის მაგიდებზე მეტად, მათი უფლებების გაზრდაზე უნდა იფიქროთ. შესაძლოა საოფისე პრივილეგიები უბრალოდ მახე იყოს და დიდი სიკეთე არ მოგიტანოთ.

10. ადგილი მონახეთ

ოფისის ან მაღაზიის ადგილის შერჩევისას თქვენი პრიორიტეტები იმის მიხედვით განსაზღვრეთ, თუ რა გჭირდებათ. ამის დადგენაში კი, შემდეგი 10 მთავარი პუნქტი დაგეხმარებათ:

  1. მუშაობის სტილი. თქვენი სამუშაო ადგილი თქვენს სტილსა და სახეს უნდა შეესაბამებოდეს;
  2. დემოგრაფია. უპირველესად, გაითვალისწინეთ ვინ არიან თქვენი კლიენტები და რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის თქვენი ადგილმდებარეობა. თუ საცალო მაღაზია გაქვთ, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს, ეს საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სხვა ბიზნესმოდელების შემთხვევაში, შესაძლოა ასე არ იყოს.
  3. ფეხმავალთა ნაკადი. თქვენი მაღაზია აუცილებლად ადვილი მოსაძებნი უნდა იყოს, თუ მომხმარებელმა ონლაინ კი არა, ადგილზე უნდა შეიძინოს პროდუქცია. გახსოვდეთ, რომ „მკვდარი“ ადგილები საუკეთესო საცალო ვაჭრობის ზონებშიც კი არსებობს.
  4. პარკირების საშუალება და ადვილად მისვლა. თქვენს შენობასთან მოსვლა ადვილია? თქვენს მომხმარებელს სხვაგან წასვლის საბაბს ნუ მისცემთ მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენს მაღაზიასთან პარკირებას ვერ ახერხებს.  
  5. კონკურენცია. ზოგჯერ ნამდვილად კარგია მეზობლად კონკურენტის ყოლა. ზოგიერთ შემთხვევაში კი, არც ისე კარგი. რადგან ბაზრის კვლევა ჩატარებული გაქვთ, უკვე გეცოდინებათ რა არის უკეთესი თქვენი ბიზნესისთვის.
  6. სხვა კომპანიებთან და მომსახურების ცენტრებთან სიახლოვე. აქ მხოლოდ ფეხმავალთა ნაკადი არ იგულისხმება. ყურადღებით დააკვირდით, რა გავლენას ახდენს თქვენს ბიზნესზე ახლომდებარე საწარმოები.
  7. ადგილის სურათი და ისტორია. რა კავშირშია ეს მისამართი თქვენს კომპანიასთან? რაიმე ბიზნესის კრახთან ხომ არ ასოცირდება? ეს ადგილმდებარეობა ნამდვილად თქვენი კომპანიის შესაფერისია?
  8. დადგენილებები. მთლიანად თქვენ ბიზნესზეა დამოკიდებული, დაგეხმარებათ თუ ხელს შეგიშლით დადგენილებები. მაგალითად, თუ საბავშვო ცენტრის გახსნას გეგმავთ, თქვენი წამოწყებისთვის საუკეთესო იქნება დადგენილება იმის თაობაზე, რომ ამ არეალში სასმელების მაღაზია არ უნდა იყოს; თუ თავად აპირებთ ლიქიორის მაღაზიის გახსნას, პირიქით − ხელს შეგიშლით.
  9. შენობის ინფრასტრუქტურა. შენობა მაღალტექნოლოგიურ მოთხოვნებს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აკმაყოფილებდეს − არ აქვს მნიშვნელობა ძველ შენობას ეძებთ თუ ონლაინბიზნესზე მუშაობთ. თუ სერიოზულად უყურებთ შენობის საკითხს, ადგილმდებარეობას ობიექტურად და კვალიფიციურად ინჟინერი შეაფასებს.
  10. იჯარა, კომუნალური და სხვა ხარჯები. შენობის იჯარა კომპანიის ყველაზე დიდი ხარჯია, მაგრამ კომუნალური გადასახადებიც შეამოწმეთ და ისიც, შედის თუ არა მათი ღირებულება იჯარის გადასახადში. იჯარის გადასახადის ერთი ფასით დაწყება და მოგვიანებით, სხვაზე გადასვლა კარგი არ იქნება.

როდესაც დანამდვილებით გაარკვევთ, რას ეძებთ, ადგილის ძებნა უნდა დაიწყოთ. ეს ოთხი რჩევა ნამდვილად დაგეხმარებათ იმ ადგილის შერჩევაში, რომელიც თქვენს მოთხოვნებს შეესაბამება:

  1. კარგად გათვალეთ დრო. მოიჯარეები კლიენტებს საოფისე ფართს თავიდან მოკლე დროით სთავაზობენ. ხანგრძლივად რომ არ მოგიწიოთ ოფისის იჯარის გადახდა, გათვალეთ, რა დროით დასჭირდება თქვენს ბიზნესს ეს შენობა.
  2. კარგად განსაზღვრეთ ფართის ტიპი. უამრავი სხვადასხვა დანიშნულების საიჯარე ფართს შორის თქვენთვის რომელი უფრო ხელსაყრელია?
  3. ონლაინრესურსები გამოიყენეთ. შესაძლოა, თქვენი საქმიანობისთვის იდეალური ადგილი ონლაინრესურსების გამოყენებით იპოვოთ.
  4. გარიგება თქვენი პირობებით დადეთ. ამ შემთხვევაშიც, ასარჩევად სხვადასხვა ვარიანტი გექნებათ და მახეში ნუ გაებმებით.

თქვენი საქმიანობისთვის ადგილმდებარეობის შერჩევის შემდეგ, ონლაინრესურსების გამოყენებით ყურადღება კომპანიის ესთეტიკაზე გადაიტანეთ.

11. გაყიდვები დაიწყეთ

არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის პროდუქციას აწარმოებთ ან რომელ სფეროში საქმიანობთ − ნებისმიერ შეთხვევაში თქვენი ბიზნესის მომავალი შემოსავლებსა და გაყიდვებზე იქნება დამოკიდებული. სტივ ჯობსმა ეს კარგად იცოდა და როდესაც Apple-ის შექმნას შეუდგა, მთელ დღეებს საკუთარ ავტოფარეხში ატარებდა, იქიდან ურეკავდა ინვესტორებს.

პროდუქციის გასაყიდად ათასობით განსხვავებული სტრატეგიისა და ტექნიკის გამოყენება შეგიძლიათ. აქ ის 5 ძირითადი პრინციპია წარმოდგენილი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოთ:

  1. მოუსმინეთ. მომხმარებლის აზრის მოსმენით იმას დაადგენთ, რა სურთ და რა სჭირდებათ მათ.
  2. მხარდაჭერა ითხოვეთ, მაგრამ არა დაჟინებით. კლიენტებთან ურთიერთობისას მეტისმეტად მორიდებული არ უნდა იყოთ, თუმცა დაუშვებელია მათ პროდუქციის შეძენა აიძულოთ.  
  3. უარის ნურასოდეს შეგეშინდებათ. ზოგიერთი ადამიანი მეტისმეტად თავაზიანია, იმ შემთხვევაშიც მოთმინებით გისმენთ, როდესაც პროდუქციის შეძენას არ აპირებს. ეს დროს მოითხოვს და პრობლემას ქმნის, რადგან დრო ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია.
  4. პრიორიტეტად გაიხადეთ, რომ ბიზნესისთვის კარგი სტრატეგია მხოლოდ მოგება და მომგებიანი საქმის წარმოებაა.

მაგრამ გაყიდვების საკითხის მოგვარებას როგორ შეძლებთ? უპირველესად, სამიზნეები განსაზღვრეთ – ვის შეიძლება დასჭირდეს თქვენი პროდუქტი ან მომსახურება. თქვენი ბიზნესით დაინტერესებული კლიენტების ბაზა გაზარდეთ, რეკლამა გააკეთეთ იმ ადამიანების მოსაძებნად, ვისთვისაც თქვენი ბიზნესი შესაფერისია. შემდეგ, მოგებისმომტანი სწორი გაყიდვების არხები ან სტრატეგია დაადგინეთ.

12. გააფართოვეთ თქვენი ბიზნესი

ბიზნესის გაფართოების მილიონობით განსხვავებული გზა არსებობს: სხვა ბიზნესის შეძენა, ახალ ბაზარზე ორიენტირება, მეტის შეთავაზება და კიდევ ბევრი სხვა რამ. თუმცა, არანაირ გეგმას არ ექნება მნიშვნელობა, თუ ის ორი საკვანძო ატრიბუტი არ გექნებათ, რომელიც ყველა მზარდ კომპანიას საერთო აქვს.

პირველი – ბაზარზე გასვლის გეგმა. ისინი სოციალურ მედიას ინფლუენსერებისა და ფასიანი კამპანიების მეშვეობით ეფექტურად იყენებენ. ელექტრონული მისამართების მთელი სია აქვთ და მისი გამოყენებაც კარგად იციან. ზუსტად საზღვრავენ, ვინ უნდა იყოს მათი მარკეტინგული კამპანიის სამიზნე − თუნდაც ონლაინ და მის გარეთ.

შემდეგ, როგორც კი ახალი მომხმარებელი გაუჩნდებათ, მისი შენაჩუნების გზაც ზუსტად იციან. ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ ყველაზე კარგი მომხმარებელი ის არის, ვინც უკვე გყავთ. თქვენი კლიენტები თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე არიან რეგისტრირებულნი, საიტზე საკრედიტო ბარათის მონაცემები აქვთ დამატებული, თქვენი კომპანიის პროდუქციაც გამოცდილი აქვთ. ამ ტიპის მომხმარებელი თქვენთან და თქვენს ბრენდთან ასე იწყებს ურთიერთობას. დაეხმარეთ და ეს ურთიერთობა მათთვის რაც შეიძლება კომფორტული გახადეთ.

დაიწყეთ წარმოდგენილი სტრატეგიების გამოყენება, რომელშიც, ცხადია, თქვენს მომხმარებელსა და ბრენდის ინდივიდუალობაზე ზრუნვაც შედის. იცოდეთ, რომ ბაზარზე კლიენტების შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლა მოგიწევთ, მიღწეულზე ვერ შეჩერდებით.

ყოველთვის გახსოვდეთ: საოცნებო იმპერიის შექმნის გზას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაადგებით, თუ ბაზრის კვლევას გააგრძელებთ და საკუთარ პროდუქტს გააუმჯობესებთ.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur