You can be on Entrepreneur’s cover!

კომლი - როცა გურულ ეთნოკულტურასთან ზიარება გსურს "კომლი" საოჯახო სასტუმრო-სახლს, ჩაის ბაღსა და აქვე ჩაის კრეფისა და საკუთარი ხელით მომზადების აგროტურისტულ სერვისს მოიცავს.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

საქართველოში ტურისტების განსაკუთრებული ინტერესის საგანს, გარდა ტრადიციული ადგილების მონახულებისა, აგროტურიზმიც წარმოადგენს. ამ ტიპის ტურისტების სეგმენტი მუდმივად მზარდია. მათი ინტერესია უშუალოდ ჩაერთონ აგრონომიულ პროცესებში და გამოცდილებას ადგილზე ეზიარონ.

აგროტურიზმი ადგილობრივი კულტურის გაცნობის საუკეთესო საშუალებაა. სწორედ ამგვარ, ეთნოდეტალებით გამდიდრებულ აგროტურისტულ სერვისს მიაგნებთ გურიაში, სოფელ წითელმთაში, სადაც ჩაის კულტურასა და დამზადების ტრადიციებს ეზიარებით.

ჩაი გურიისთვის ტრადიციული და მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს, განსაკუთრებით კი უცხოელ ვიზიტორებს შორის. პროექტი „ჩაის გზის" ინიციატივა სწორედ გურიას ეკუთვნის, რომელსაც შემდეგ აქტიურად დაუჭირეს მხარი სახელმწიფო სტრუქტურებმა და ასოციაცია „ელკანამ". მისი მიზანი გურიაში აგროტურიზმის განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობის მასში ჩართვის სტიმულირებაა.

ლიკა მეგრელაძემ სწორედ ამ ტრადიციის გაგრძელება დაისახა მიზნად. ის საკუთარ ფესვებს თბილისიდან გურიაში დაუბრუნდა და მისი ანტრეპრენერული წამოწყებით, საოჯახო მეურნეობა გააცოცხლა. ჩაისადმი დიდი სიყვარულისა და ინტერესის გამო, ლიამ ოჯახური ტრადიციის გაცოცხლება გადაწყვიტა და ასე შეიქმნა „კომლი" 150-წლიან კარ-მიდამოში. სახელწოდება ოჯახმა ერთობლივად მოიფიქრა, ნიშნად იმისა, რომ მეგრელაძეების ოჯახში სიტყვა „კომლის" იდეა კვლავ ცოცხლობს და ამ ოჯახის კარი არ დაკეტილა.

„კომლი" საოჯახო სასტუმრო-სახლს, ჩაის ბაღსა და აქვე ჩაის კრეფისა და საკუთარი ხელით მომზადების აგროტურისტულ სერვისს მოიცავს. წელწადის წინ დაწყებული საქმიანობა წარმატებით მიმდინარეობს და ვიზიტორების რიცხვიც მუდმივად იზრდება. აქ ჩამოსულებს, „კომლის" საოჯახო სასტუმრო სახლში ღამისთევასთან ერთად, უშუალოდ ჩაის კრეფის პროცესსა და შემდეგ მის გადამუშავებაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ. ამის შემდეგ კი საკუთარი ხელით დამზადებული ჩაის დაგემოვნებაც შეუძლიათ. აქვე შეხვდებით ორგანულ ბოსტანს, სადაც მოკრეფილი ბოსტნეული პირდაპირ მათ მაგიდაზე ხვდება. ეს განსაკუთრებით იმ ტურისტებისთვისაა საინტერესო, რომლებიც კომლს ოჯახებითა და მცირეწლოვანი ბავშვებით სტუმრობენ.

სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტული პლატფორმით აქ დასარჩენად, ტურისტები მთელი მსოფლიოდან ადგილს უკვე კარგა ხნით ადრე ჯავშნიან. ტაილანდი, ჩინეთი, რუსეთი, ინგლისი, გერმანია, ჰოლანდია, ამერიკის შეერთებული შტატები − ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, საიდანაც „კომლს" სტუმრები ჰყოლია, ჰყავს და არსებული ჯავშნების მიხედვით, კიდევ ელოდება.

ლიკა მეგრელაძეს ჩაისთან და მის წარმოების პროცესთან, დედის წყალობით, ბავშვობიდან მჭიდრო შეხება ჰქონდა. დედა 50 წელზე მეტხანს ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კვლევების ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი იყო. ლიკამ მამაპაპისეულ კარ-მიდამოს ახალი სიცოცხლე შთაბერა და ახლებურად გამოაცოცხლა. აქ გურული ყოფისა და კულტურისთვის დამახასიათებელ არაერთ ელემენტს შეხვდებით. ისეთს, როგორიცაა ტრადიციული გურული კეცი − სპეციალური, კეცის ქვისგან დამზადებული ბრტყელი ქვა, რომელზეც მჭადი და გურული ღვეზელი მზადდებოდა. ასევე, საცეხვი ქვა-ჩამური, რომელიც ტრადიციულად ბურღულეულის საცეხვად გამოიყენებოდა. და ეს ყველაფერი არ არის.

„კომლის" საოჯახო მეურნეობის დიდ ინტერესს ვაზი და ღვინოც წარმოადგენს. როგორც entrepreneur-თან საუბრისას ლიკა აღნიშნავს, ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ საქართველოში გურია კახეთის შემდეგ ვაზის ენდემური ჯიშების რაოდენობით ყველაზე მდიდარი მხარეა. აქ 60-მდე უნიკალური ვაზის ენდემური ჯიშია. ლიკამ საკუთარი ნაკვეთის ფერდობზე სადემონსტრაციოდ ვაზის რამდენიმე იშვიათი ჯიშის გაშენებაც დაიწყო. გურული მტევანდიდი, საკმიელა, კამური, რცხილათუბანი და ბადაგი გასული წლის მარტში ჩარგო. აპირებს, გურიაში ჩაისთან ერთად მევენახეობის უძველესი კულტურის განვითარებაშიც შეიტანოს თავისი წვლილი. ფერდობზე ვაზის გაშენების დროს კი დაზიანებული, თუმცა უძველესი და უიშვიათესი მარანი აღმოაჩინა ქვევრებით, რომლებიც წინასწარი ვარაუდით გვიანი შუა საუკუნეების პერიოდს ეკუთვნის. ამ არქეტიპული მარნის გვერდით აუცილებლად თანამედროვე მარნის მოწყობაც დაგეგმა, სადაც ტრადიციული გურული ვაზის ჯიშებისგან გურულ ღვინოს დააყენებს.

ქალ ანტრეპრენერს „კომლის" მართვასა და განვითარებაში დედა, მეუღლე და ორი ქალიშვილი ეხმარებიან, რომლებიც ხედვების მუდმივი გაზიარებითა და ახალი იდეებით ამდიდრებენ საოჯახო მეურნეობას. ყველაზე დიდ მიღწევად კი ლიკა იმას მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების სახით გურიაში უკვე ბევრი თანამოაზრე ჰყავს, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებენ, იკრიბებიან და რეგიონის სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე ერთად მსჯელობენ. ლიკა მეგრელაძის აზრით, ეს მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია როგორც ერთმანეთისთვის, ისე მთლიანად გურიისა და ქვეყნისთვის.

სამომავლო გეგმების სია გრძელია. ამ ეტაპზე, „კომლის" ტერიტორიაზე ე.წ. „გლამურული კემპების" სტილში ორიგინალური ღამისთევის საშუალებების მოწყობა მიმდინარეობს, სადაც ვიზიტორებს ღამისთევა სპეციალურად მოწყობილ ნალიასა და ქვევრში შეეძლებათ. ქართულ, ნამდვილ გურულ აგრო და ეთნოკულტურასთან ზიარება კი მსურველებს უკვე შეგიძლიათ ოზურგეთში, სოფელ წითელმთაში.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"