შესრულებული შეუსრულებელი მისია

ნინო ენუქიძე ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების შესახებ
შესრულებული შეუსრულებელი მისია
ფოტო: Entrepreneur Georgia
Entrepreneur Staff
ჟურნალისტი
6 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო ენუქიძემ პირველი ნაბიჯები აკადემიურ საქმიანობაში 11 წლის წინ გადადგა. მაშინ ერთ-ერთ ქართულ კომპანიაში მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას ფლობდა და ციფრული მარკეტინგის ჩანასახების კვლევითი საქმიანობით იყო დაკავებული. 4 წლის წინ სრულიად ახლებური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ყველა პროექტი დატოვა და პარტნიორებთან ერთად საერთო, დიდი მიზნისკენ სწრაფვას შეუდგა. ნინო ენუქიძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორია. ინტრაპრენერის საქმიანობა მკაცრი გაიდლაინებით არ შემოიფარგლება. რექტორიცაა, ორგანიზატორიც, იდეების გენერატორიც, ინსპირატორიც.

პესიმისტური პროგნოზები

4 წლის წინ ერთი შეხედვით შეუსრულებელი მისიის წინაშე აღმოჩნდა ინიციატივითა და იმედებით აღსავსე ადამიანებთან ერთად. ბაგებში, ჭავჭავაძის ნომერ 82-ში იმ დროს მხოლოდ ცარიელი შენობა იდგა, 4 კედელი. 4 წლის თავზე კი ეს 4 კედელი 3000-მდე სტუდენტის მეორე სახლად იქცა.

„როდესაც აქ მოვედით, გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე უნდა გაგვეკეთებინა SiliconValleyTbilisi, რომელიც მხოლოდ უნივერსიტეტსა და აკადემიურ დაწესებულებას კი არ დაეთმობოდა, არამედ ერთგვარი ცენტრალური თავშეყრის ადგილი გახდებოდა მაღალტექნოლოგიური ბრენდებისთვის, ადგილობრივი მეწარმეებისა და ინოვატორებისთვის“.

რთული გზა გაიარეს მას შემდეგ, რაც BTU-ს შექმნაში მონაწილე გუნდი უნივერსიტეტის დაფუძნების ურთულეს საქმეს შეეჭიდა, რომელსაც შემხვედრი სკეპტიკური განწყობა უფრო ართულებდა. ნინო ხვდებოდა განათლების სფეროს ექსპერტებს, გეგმავდა პროგრამებს, კონცეფციას, საერთაშორისო პარტნიორების მოძიებაში იყო ჩართული. პირველადი მიზანი უნივერსიტეტის ავტორიზება და პროგრამების აკრედიტება იყო. როდესაც მათ სტრატეგიულ დოკუმენტს კითხულობდნენ, ერთსა და იმავე კომენტარს აკეთებდნენ – „უნივერსიტეტმა 10 წელიწადსაც რომ იარსებოს, 2000 სტუდენტის მოგროვება ძალიან გაუჭირდებაო“.

პესიმისტურ პროგნოზებს არ შეეგუა. შედეგად, უნივერსიტეტის დაარსებიდან 4, ხოლო BTU-ში ჩარიცხვების დაწყებიდან 3 წელიწადში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 3000-მდე სტუდენტი იღებს ცოდნას − როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამების ჩათვლით.

სკეპტიკური განწყობის მიუხედავად, პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაციას აგრძელებდა. დღეისათვის BTU-ს პარტნიორთა სიაში ისეთი ორგანიზაციები არიან, როგორებიცაა MIT, Henley Business School, Microsoft, HP, HPE, IBM, DELL, Bitfurry, Mercedes Benz, McCANN, BDO, British Council, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს რკინიგზა და სხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურები.

BTU აერთიანებს უნივერსიტეტს, რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბს, ბიზნესინკუბატორსა და აქსელერატორს, IT აკადემიას, ბიზნესკლინიკას, კვლევით ცენტრს, ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიას, ბლოკჩეინ ლაბორატორიას, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიას, ტრენინგების ცენტრს, აუზსა და სპორტულ დარბაზებს.

„საკუთარ თავს დღემდე ვეკითხები, რატომ გამოგვიცხადეს ორგანიზაციებმა ნდობა მაშინ, როდესაც უნივერსიტეტი ჯერაც არ იყო შექმნილი. როდესაც პარტნიორებს ეს კითხვა დავუსვი, მითხრეს, ჩვენი მოტივაცია და იდეები დიდი სტიმული იყო მათთვის, რომ ჩვენთან თანამშრომლობა ეცადათ. მაქსიმუმ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ის იყო, რომ პროექტი არ გამოვიდოდა“, − იხსენებს ნინო.

3 წელიწადში შესრულებული 6-წლიანი გეგმა

მუხლჩაუხრელმა შრომამ შედეგი მალევე გამოიღო. ავტორიზაციის მოლოდინში არსებულ უნივერსიტეტს 1 და 6-წლიანი სამოქმედო გეგმები და სტრატეგია ჰქონდა შემუშავებული. არსებობის 3 წლისთავზე კი 6-წლიანი გეგმის განახლების დრო დადგა − „უბრალოდ, ყველაფერს ბევრად მალე მივაღწიეთ და სამოქმედო გეგმაც შევცვალეთ, ახალი მიზნები დავისახეთ“.

BTU-ს რექტორს უნივერსიტეტის კედლებში ფეხის შემოდგმისთანავე ერთი მიზანი ამოძრავებდა – შეექმნა პლატფორმა, რომელიც საქართველოში არსებულ სასწავლებლებს არათუ კონკურენციას გაუწევდა, არამედ სტუდენტებისთვის ახალ, უპრეცედენტო შესაძლებლობებს გააჩენდა, თვალთახედვის არეალს გააფართოებდა, კარიერულ პერსპექტივებს ერთიორად გაზრდიდა და უნივერსიტეტის დიპლომს რეალური, პრაქტიკული ცოდნის აღმნიშვნელ დოკუმენტად აქცევდა ფარატინა ფურცლის ნაცვლად.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სტუდენტები განათლებას ორი მიმართულებით იღებენ – ბიზნესის ადმინისტრირება და ინფორმაციული ტექნოლოგიები. პროგრამების უნიკალურობას რამდენიმე განსაკუთრებული ფაქტორი განსაზღვრავს.

„უპირველესად, მიგვაჩნდა, რომ ბიზნესის ადმინისტრირება და IT ერთიმეორისგან არ უნდა გაგვემიჯნა. თუკი არ იცი ტექნოლოგიური ენა, არ იცი ახალი ტენდენციები, არაფერი გსმენია ხელოვნურ ინტელექტზე, ნივთების ინტელექტზე, ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობაზე, ეს ნიშნავს, რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის დროს ბიზნესის მართვა გაგიჭირდება. იგივე ეხება IT-ს, თუკი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტს მენეჯერული უნარები არ გააჩნია, მას საკუთარი უნარ-ჩვევების რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა არ შეუძლია, „დაკარგული“ კადრია. სწორედ ამიტომ ვასწავლით IT-ს ბიზნესფაკულტეტის სტუდენტებსაც, ხოლო მენეჯმენტს − IT ფაკულტეტის სტუდენტებსაც“, − ამბობს ნინო.

მორიგ ინოვაციურ მიდგომად ნინო ენუქიძე აკადემიურ პერსონალს მიიჩნევს. „ჩვენი აკადემიური სტაფის დიდი ნაწილი პრაქტიკოსი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. ეს ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მიმაჩნია, რომ სტუდენტს ცოდნა პრაქტიკოსმა სპეციალისტმა უნდა გადასცეს − ადამიანმა, რომელიც საკუთარ სფეროში გამოცდილი და წარმატებული პროფესიონალია“.

მესამე და უმნიშვნელოვანესი დეტალი უნივერსიტეტისა და სტუდენტების ურთიერთდამოკიდებულებაა. „ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა სტუდენტმა გააცნობიეროს, რომ მათი კარიერა უნივერსიტეტის კედლებიდანვე იწყება. იმის ლოდინი, რომ 4 წლის შემდეგ ცარიელი რეზიუმეთი მუშაობას ნათესავის კომპანიაში დაიწყებ, არასწორია.კარიერის განვითარების ორ გზას, პირველივე კურსიდან ვთავაზობთ – საკუთარი სტარტაპის შექმნას, ან პარტნიორ კომპანიაში დასაქმებას, რადგან ყველას სულაც არ აქვს სურვილი, სტარტაპის ავტორი გახდეს“, − ამბობს უნივერსიტეტის რექტორი.

უნივერსიტეტის მთავარი მიზანი

„ტექნოლოგიურ სამყაროში ტენდენციები ძალიან სწრაფად იცვლება. არასწორად მიგვაჩნია, სტუდენტებს იმ პროგრამებით ვასწავლოთ, რომლებიც ბაზარზე უკვე მოძველდა. მაგალითად, პროგრამული ენა Python, რომელიც არჩევითი საგანი იყო, ახლა პირველივე კურსის პირველ სემესტრში ისწავლება. ასევე, ფინტექი – ჩვენი ახალი საგანი პროგრამაში, ფინანსური ტექნოლოგიები, რომელიც უდიდესი ინდუსტრიაა, და თუკი მსოფლიო რეიტინგის ყველაზე წარმატებულ სტარტაპპროექტებს გადახედავთ, ისინი სწორედ ფინტექის სფეროში საქმიანობენ“.

ნინო ენუქიძის აზრით, უნივერსიტეტის მთავარ ფუნქციას სტუდენტებისთვის რაც შეიძლება მეტი პერსპექტივის ჩვენება და მიცემა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზეზით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გახსნის დღიდან ბიზნესინკუბატორი და ბიზნესაქსელერატორი ფუნქციონირებს, ახლა კი მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი ფუძნდება − იდეებისათვის ფრთების შესასხმელად თუ უკვე არსებული სტარტაპის გასავითარებლად. ასევე, ბიზნესკლინიკა მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით.

ნინოს სიამაყის კიდევ ერთ მიზეზს საქართველოს მეწარმეობის კალენდარი წარმოადგენს, რომელზეც ყოველდღიურად აღინიშნება ყველა ის ღონისძიება, ვორქშოფი და მასტერკლასი, ინვესტორებთან შეხვედრის სესიები, რომლებიც როგორც სტუდენტებისთვის, ისე ნებისმიერი დაინტერესებულისთვის ტარდება და იდეების გენერირებას თუ პროექტის განვითარებას ემსახურება.

„4 ნოემბერს ჩვენს ვებსაიტზე მსოფლიოს ნომერი პირველი, ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტის MIT-საქსელერაციის პროგრამის სარეგისტრაციო ფორმა გაიხსნება, რომელიც საქართველოში ნებისმიერი მაღალტექნოლოგიური სტარტაპის დამფუძნებელს საშუალებას მისცემს ვორქშოფს დაესწროს, კონკურსში მონაწილეობა მიიღოს და გამარჯვების შემთხვევაში, გადამზადების პროგრამა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გაიაროს.

„სილიკონ ველი თბილისის“ პირველი მილიონერი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის შეუსრულებელი მისია 3 წლის შემდეგ 100%-ით შესრულდა და გეგმასაც გადააჭარბა. თუკი კონკრეტული ფაქტებით გსურთ მსჯელობა და მიღების გამოცხადებიდან 3 წელიწადში 3000-სტუდენტიანი ბაზა საკმარისი არ არის, კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით.

BTU-ში დაფუძნებული, გლობალური სტარტაპფონდის კონკურსში ჩართულმა ერთ-ერთმა მონაწილემ საერთაშორისო პარტნიორებისგან უკვე მიიღო საქართველოსთვის უპრეცედენტო, 1 300 000-იანი დაფინანსება.

„სწორედ ახლა ვგეგმავთ ივენთს. უნივერსიტეტის გახსნის დღეს იმ პერიოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უნივერსიტეტში ლითონის ფირფიტა დატოვა, რომელიც პირველი მილიონერისთვის უნდა გადაგვეცა. გვეგონა, ამ დღემდე დიდი დრო იყო დარჩენილი, თუმცა ფაქტია, რომ პირველი მილიონერი უკვე გვყავს“, − ამბობს ნინო ენუქიძე.

ნინო ენუქიძე – ინტრაპრენერი

ნინო ენუქიძის დღე დილის 7 საათზე იწყება. დროის დიდ ნაწილს უნივერსიტეტს უთმობს და სურს ზრუნვა არ დააკლოს შვილს, რომელთანაც დილის საუბრებს ჯუნიორ სტარტაპებზე და ინოვაციურ იდეებზე ხშირად მართავს. ადმინისტრაციის მოკლე შეხვედრა ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ნაწილია. შეხვედრაზე ერთმანეთს სიახლეებს, ახალ იდეებს უზიარებენ.

„ვცდილობ, ჩვენი სამუშაო დღე 8-საათიან რეჟიმს არ გასცდეს. მგონია, რომ ადამიანი, რომელიც დღესა და ღამეს სამსახურში ათენებს, უბრალოდ, თაიმ-მენეჯმენტის კუთხითაა სუსტი. იმისათვის, რომ სამსახურში წარმატებას მიაღწიო, დროის გამოყოფა ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ინტერესებისთვისაც უნდა შეძლო“, − ამბობს ინტრაპრენერი.

მისი ამოსავალი წერტილი უკვე მეოთხე წელია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია – იდეებით, ნიჭითა და მოტივაციით სავსე სტუდენტების სასწავლებელი, რომელიც ნინოსთვის მეორე შვილიცაა, სამსახურიც, ზრუნვის ობიექტიც და მომავლის იმედიც.

სტუდენტებს ხშირად ხვდება, ცდილობს, საკუთარი გამოცდილება და ოპტიმისტური ხედვები ახალგაზრდებს გაუზიაროს, შთააგონოს, ახალი იდეები მიაწოდოს. „სტუდენტებს სიამოვნებით ვუზიარებ ჩემს აზრებს. მიმაჩნია, რომ მთავარი განხორციელებაა და არა თავად იდეა. ასე რომ, ყოველთვის მიხარია, როდესაც ჩემს იდეას ვინმე ფრთებს ასხამს“.

თავად საკუთარი სტარტაპის შესაქმნელად ჯერჯერობით არც დრო აქვს და ამ ეტაპზე არც სურვილი. დიდი მიზნები დაუსახავს, სურს სამეწარმეო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემა საქართველოში შეიქმნას და ფეხზე დადგეს, მის ცენტრად კი „სილიკონ ველი თბილისი“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იქცეს. 

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Starting, buying, or growing your small business shouldn’t be hard. Guidant Financial works to make financing easy for current and aspiring small business owners by providing custom funding solutions, financing education, and more.

Latest on Entrepreneur