📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

მარიამ თუშიშვილის არტიზანული სამკაული - TM Enamel Art Entrepreneur ტიხრული მინანქრის სამკაულის ქალ ოსტატს გაგაცნობთ!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TM Enamel Art

მარიამ თუშიშვილი ტიხრული მინანქრის სამკაულის იმ ქალ ოსტატებს მიეკუთვნება, რომელთათვისაც ეს საქმიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ პროფესია. გარდა ვიზუალურად და ტექნიკურად დახვეწილი ნამუშევრებისა, მისი შემოქმედება სხვა უამრავ ნამუშევართან ერთად, ქართული კულტურისა და ყოფიერების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს − ვაზის კულტურას ეხმიანება. ქართულ სიმბოლიკას საინტერესო ფორმითა და კონცეფციით მარიამი საკუთარ სამკაულში გამოხატავს.

საავტორო დიზაინით მარიამ თუშიშვილი ბრენდულ სამკაულ TM Enamel Art-ს უკვე 18 წელია ქმნის. მისი ნამუშევრები არასდროს მეორდება და ექსკლუზიურია, რაც მისი შემოქმედების უმთავრესი მახასიათებელია. ხელოვნების პროფესიულ და ცხოვრებისეულ თავგადასავლში მოგზაურობა კი ბავშვობიდან დაიწყო: 3 წლიდან ხატავს. ელენე ახვლედიანის ბავშვთა სამხატვრო სასწავლო დაწესებულების, იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო ფერწერის კურსისა და თბილისის სამხატვრო აკადემიის მონუმენტური დეკორატიული მხატვრობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ხელოვნება მისი ცხოვრების ორგანული ნაწილი, მეტი, ვიდრე პროფესია, გახდა. მუდმივად ახლის ძიებაში მყოფი მხატვრისთვის, მინანქრის ტექნიკა უზომოდ მიმზიდველი და საინტერესო სფერო აღმოჩნდა. გალერეა „ორნამენტში" დახელოვნება და შთამაგონებელი მასწავლებლის ყოლა კი მისი ცხოვრებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

„მინანქრის ტექნიკა გალერეა „ორნამენტში" თეა გურგენიძემ მასწავლა, რისთვისაც მთელი ცხოვრება მისი მადლობელი ვიქნები. მან ჩემში პოტენციალი დაინახა და მომცა შანსი, სრულფასოვნად დავუფლებოდი ჩემი ცხოვრების უმთავრეს პროფესიას. დღეს ამ საქმის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. სწავლის დასრულების შემდეგ გალერეაში დამტოვა, როგორც ავტორი და ჩემი სამკაულის რეალიზაციის შესაძლებლობაც მომცა. მას შემდეგ მოჯადოებული და ამ საქმეზე შეყვარებული ვარ", − გვიყვება მარიამი.

ფიქრობს, რომ სამკაულის შექმნა მუდმივი ძიებისა და ახლის აღმოჩენის უწყვეტი პროცესია. მეტალის უბრალო ფირფიტისგან ისეთი სამკაულის შექმნა კი, რომელმაც ადამიანების მოწონება უნდა დაიმსახუროს, ერთგვარ აზარტსაც უკავშირდება. მინანქრის სინთეზი ხის, ძვირფას და ნახევრადძვირფას ქვებთან, სასიამოვნო შემოქმედებით პროცესთან ერთად, მარიამისთვის ერთგვარი გამოწვევაცაა.

მარიამ თუშიშვილის ნამუშევრებიდან, როგორც ვიზუალურად, ასევე კონცეფციურად განსაკუთრებით ორი ხაზი გამოირჩევა. აღმოჩნდა, რომ ისინი ავტორის ფავორიტი ნამუშევრებიცაა.

„გამოვარჩევდი ჩემს ორ ხაზს, რომელიც ყველაზე ცნობილი და ე.წ. ნიშურია. მათ ჩემი მკაფიო ხელწერა ახასიათებთ, რომლებიც ჩემეული ბროწეულის სამკაული და ასევე ყველაზე ცნობილი ვაზის ყურძნის მტევნის თემებია. ისინი სპეციალურად გალერეა „ორნამენტის" მიერ ორგანიზებული გამოფენისთვის, „ვისმინოსთან" პარტნიორობით 2018 წელს შეიქმნა. ესაა ძვირფასი ქვებისა და მინანქრის სინთეზი. ხელით აკინძული ყურძნის მტევანი სამკაულს მოცულობითს ხდის, რაც საკმაოდ გამორჩეულია. არცერთი ნამუშევარი იდენტური არ არის. რაც შეეხება ბროწეულებს, ეს გახლავთ მინანქრისა და მინის მოზაიკის დეტალების კომბინაცია, რომელიც ასევე მოცულობითი ხასიათისაა. ნამუშევრები ფერითა და გამჭვირვალობით ნამდვილი ბროწეულის მარცვლების შეგრძნებას ტოვებს. ჩემი ნამუშევრები ძირითადად მასიური და გამორჩეულია, რადგან მონუმენტალიზმს ვერ გავურბივარ. ეს ჩემს შემოქმედებას ძალიან სახასიათოს ქმნის", − ამბობს მარიამი.

აქტიური მუშაობის პარალელურად, სწავლასა და განვითარებას არ წყვეტს. უკვე ერთი წელია მეტალის მხატვრულ დამუშავებას ეუფლება. სურს, სრულფასოვნად და დამოუკიდებლად შეძლოს ისეთი ნამუშევრების შექმნა, რომლებიც მის წარმოსახვაში იბადება და ამაში ტექნიკური ოსტატობაც სათანადოდ უწყობდეს ხელს.

„მიმაჩნია, რომ სწავლა არასოდესაა დაგვიანებული და ყოველთვის უნდა ვეცადოთ, განვვითარდეთ და პროგრესი განვიცადოთ. არ უნდა გვაშინებდეს ექსპერიმენტები და მუდამ ახლის ცდაში უნდა ვიყოთ. ჩვენს ქვეყანაში არაერთი ხელოვანი ამავდროულად ანტრეპრენერიცაა. მიმაჩნია, რომ ანტრერპენერებს და ჩვენ საერთო მახასიათებლები გვაქვს. ფაქტობრივად, ანტრეპრენერები ვართ. ჩვენ, ხელოვანებს, რომლებმაც საკუთარი ნამუშევრები ბრენდად ვაქციეთ, ამისათვის უამრავი ფუნქციის შეთავსება მოგვიწია. ინოვაციურად და ახლებურად მიდგომა მრავალი საკითხის მიმართ. უნდა ვცდილობდეთ, მუდამ ვვითარდებოდეთ, საკუთარი საქმის სიყვარულს არ ვკარგავდეთ. პროგრესი ყველაზე მნიშვნელოვანია. დროს ფეხი აუცილებლად უნდა აუწყო და არასოდეს შეუშინდე ახალი, თამამი იდეების განხორციელებას. პირადად მე ამას ვცდილობ და დარწმუნებული ვარ, ეს ჩემს ნამუშევრებშიც იგრძნობა. დაბრკოლებები და მარცხი ახალ სტიმულად უნდა ვაქციოთ უკეთესის შესაქმნელად", − მარიამ თუშიშვილი.

განვითარებისა და საკუთარი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად, პროფესიულ პლატფორმებს აქტიურად იყენებს. მარიამი საქართველოს „მხატვართა კავშირისა" და „ტრადიციული რეწვის ასოციაციის" აქტიური წევრია. სექტემბერში მის ნამუშევრებს Madatart-ის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე George Billis Gallery-იმ ამერიკის შეერთებულ შტატებში უმასპინძლა. ასევე, მარიამი „ტრადიციული რეწვის ასოციაციის" სახელით სექტემბერში, ტრადიციული რეწვის საერთაშორისო ფესტივალზე, ერევანში წარდგა. ფესტივალი ტრადიციული რეწვის ოსტატებს სომხეთიდან და სხვადასხვა რეგიონიდან უყრიდა თავს.

აღსანიშნავია, რომ მარიამი ფლობს პირველი არტიზანის ტიტულსა და გრანპრის, რომელიც საქართველოში EtnhoFest 2016-ის საერთაშორისო ჟიურიმ მიანიჭა. არტიზანი კი ადამიანია, რომელიც ტრადიციული მეთოდების გამოყენებით, საკუთარი ხელით ღირებულ სიახლეს, ინოვაციას ქმნის.

მარიამ თუშიშვილის კონცეფციური ნამუშევრების შეძენა მსურველებს ბრენდირებული ნიშნით TM Enamel Art, გალერეა „ორნამენტში", „ეთნოდიზაინსა" და Market Store-ში, ასევე Facebook-ითა და Instagram-ით შეუძლიათ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი