''კარაველა'' - თავგადასავლების ახალი სამყარო

სათავგადასავლო სივრცე ბავშვებისთვის ქართული სტარტაპისგან!
''კარაველა'' - თავგადასავლების ახალი სამყარო
ფოტო: Entrepreneur Georgia

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კარაველა“ ქართული წამოწყებაა, რომელიც ბავშვებისთვის პირადი სათავგადასავლო სივრცის შექმნითაა დაკავებული და მათთვის მრავალფეროვანი, სასურველი დიზაინით გაფორმებულ კარვებს ქმნის. კომპანია ბაზარზე 2017 წლის ზაფხულში გამოჩნდა. ორი წლის წინ დაწყებული საქმიანობა მუდმივად ფართოვდება და ვითარდება. ბრენდს უკვე ხელნაკეთი საქანელები, თემატური წინსაფრები, ჩანთები, დეკორატიული ფარდები, ხალიჩები და სათამაშოები შეემატა. აღსანიშნავია, რომ თითოეული პროდუქცია ნატურალური მასალით იქმნება: ბავშვთა თეთრეულისთვის სპეციალურად განკუთვნილი ქსოვილებით, ხის მასალითა და ანტიალერგიული სინთიპონით. 

„ბევრს ახსოვს, ბავშვობაში როგორ უყვარდა „შტაბების“ და დამალული სივრცეების სხვადასხვა გზებით აშენება სახლსა თუ ეზოში. მეც მათ შორის ვარ. მოგვიანებით, როცა ორი შვილის დედა გავხდი, ერთ მშვენიერ საღამოს გადავწყვიტე მათივე თეთრეულით რაიმე მსგავსი შემექმნა. ბავშვებს ძალიან მოეწონათ შიგნით ყოფნა. მათმა აღტაცებულმა დამოკიდებულებამ მიბიძგა, მათთვის ნამდვილი კარავი გამეკეთებინა. იმ პერიოდში ბავშვების გამო უკვე აღარ ვმუშაობდი და ჩემი საქმე მაკლდა, რომლის იდეაც სწორედ ბავშვებთან თამაშისას გაჩნდა. მოვიძიე ინფორმაცია თბილისში სასწავლო კოლეჯის შესახებ, გამოცდები ჩავაბარე და კერვა პროფესიულ დონეზე შევისწავლე. „კარაველას“ ისტორიაც, ამ საქმეში ჩემი განვითარების კვალდაკვალ დაიწყო. ჯერ სატესტო კარვები შევკერე, ფოტოები გადავუღე, Facebook-ზე გვერდი შევქმენი და განთავსება დავიწყე. როგორც მოგეხსენებათ, თავიდან ყველა საქმის წამოწყება დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. რამდენიმე თვე ჩვენც არ გვქონია გაყიდვები. მოახლოვდა ახალი წელი და ხალხმა ნელ-ნელა აღმოგვაჩინა. პირველ ახალ წელს მართლაც ზედიზედ რამდენიმე შეკვეთა მივიღეთ. თავდაპირველად და ახლაც, ხშირად კარვები სახლებში თავად მიმაქვს და ვუწყობ“, − გვიყვება ბარბარე გალდავა, „კარაველას“ დამფუძნებელი.

„კარაველას“ პროდუქცია, განსაკუთრებით კი კარვები, კომპაქტურობითა და კომფორტული ტარებით ხასიათდება. კარვებს თან რბილი ლეიბი, ბალიშები და ფერადი დროშები მოჰყვება, რომელიც დეკორისთვისაა განკუთვნილი და კარავს კიდევ უფრო ფერადსა და ზღაპრულს ხდის. „კარაველა“ ბავშვებს ახალ სამყაროში მოგზაურობას, თავგადასავლებს, საინტერესო გამოცდილებებსა და მყუდრო თავშესაფარს ჰპირდება. აქ როგორც განმარტოება, ასევე მეგობრებთან და მშობლებთან ერთად ინტერაქცია, კითხვა, თამაში, ხატვაა შესაძლებელი. „კარაველა“ ასევე ქმნის ხელნაკეთ საქანელებსაც, რომელიც პატარებს შინ თუ გარეთ განტვირთვის შესაძლებლობას აძლევს. პატარებს შეუძლიათ საყვარელი დიზაინით შექმნილი წინსაფარი ხატვის, სამზარეულოში ფუსფუსის ან სხვადასხვა საქმიანობის დროს  მოირგონ. ხელით მოხატული წელის ჩანთებით კი შეუძლიათ საყვარელი ნივთები მოხერხებულად ატარონ. ცოტა ხნის წინ ბრენდის ჩამონათვალს ახალი, დიდი ზომის კარავი შეემატა, რომელიც 10 ბავშვზეა გათვლილი. ბავშვთა დაწესებულებებისთვის ეს პროდუქტი განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს. 

„კარაველას“ განვითარების დიდი მიზნები აქვს. „პატარების სახეზე აღბეჭდილი ემოციები მოტივაციას მაძლევს, ჩემი საქმე უკეთ და უფრო საფუძვლიანად ვაკეთო, მეტი პატარა გავახარო და უფრო ფართო არჩევანიც შევქმნა მათთვის. სამომავლოდ იგეგმება ცალკე ბრენდის დაარსება, რომელიც ბავშვის სამოსს შექმნის. თითქმის უკვე მზადაა კაბები და მოსაცმელები გოგონებისთვის, რომლებიც როგორც ყოველდღიურად, ასევე სადღესასწაულო მიზნებისთვისაა განკუთვნილი“, − ამბობს ბარბარე გალდავა. 

„კარაველა“ მომავალში კიდევ ბევრი ბავშვის გაოცებას, გახალისებასა და გაბედნიერებას აპირებს.

ბრენდის პროდუქციის შეძენა მსურველებს Entrepreneur Shop-ის მეშვეობით შეუძლიათ.

Latest on Entrepreneur