You can be on Entrepreneur’s cover!

ყველაფერი Pulsar AI-ს შესახებ გაიცანით პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც ინვესტიცია "სილიკონის ველზე" მოიზიდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

სტარტაპის მშენებლობა რთული პროცესია, თუმცა ის ამად ნამდვილად ღირს ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ იცხოვრონ მუდმივი გამოწვევებისა და მათზე მოპოვებული გამარჯვებებით გამოწვეული ადრენალინის გარეშე. Pulsar AI-ს გზა დღეს სილიკონის ველის 1.2 მლნ დოლარის ინვესტიციას და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000-ლარიან გრანტს მოიცავს, რაც ყველა ქართული სტარტაპისთვის საოცნებო მდგომარეობაა. ამასთანავე, Pulsar AI პირველი ქართული სტარტაპია, რომელმაც ინვესტიცია აშშ-ში, „სილიკონის ველზე" მოიზიდა. ზოგმა შესაძლოა ეს იღბალს მიაწეროს, თუმცა გამიჭირდება დათანხმება. ამ სტარტაპზე ორი სტატიის დაწერის შემდეგ, რამაც მისი დამფუძნებლების განვლილი გზის შესახებ სიღრმისეული წარმოდგენა შემიქმნა, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღეს მიღწეული მდგომარეობა დაუღალავი შრომის, სწორი განვითარების, ხედვისა და აქტიური მცდელობების ლოგიკური შედეგია. და რაც მთავარია, ეს მხოლოდ დასაწყისია ამ ახალგაზრდა და ენერგიით სავსე გუნდისთვის.

Pulsar AI SaaS (Software-as-a-Service) ბიზნესმოდელის სტარტაპია, რომელიც საქართველოში, და ახლა უკვე აშშ-ში, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შექმნაზე მუშაობს. Pulsar AI მუდმივად ავითარებს თავის ტექნოლოგიას და მათი პროდუქტები დღითი დღე უფრო ავტომატიზებულს ხდის მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის კომუნიკაციას. ქართული სტარტაპი ამერიკის ბაზარზე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებას ქმნის, რომელიც ავტომობილების დილერებს სწრაფად და ეფექტურად მომსახურების შესაძლებლობას მისცემს პოტენციური მომხმარებლებისთვის, რაც ელ.ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა თუ ვებჩეთის საშუალებითაც მოხდება.

უფრო ახლოს გაგაცნობთ Pulsar AI-ს ბიზნესფილოსოფიას, დამფუძნებლებსა და გუნდს, რომლებიც ქმნიან ამ წარმატების ისტორიას. ასევე, მინდა გაგიზიაროთ 10 რამ, რაც მათთან ინტერვიუების შედეგად ვისწავლე. მჯერა, ეს გამოცდილებები სხვა სტარტაპებისთვის აქტუალურ თემებზე გასცემს პასუხს, რაც სწორი სტარტის აღებაში დაეხმარებათ. დავიწყოთ.

10 რამ, რაც Pulsar AI-ს
გამოცდილებიდან შეგვიძლია ვისწავლოთ:

1. სტარტაპის ძლიერი მხარე დამფუძნებლების ძლიერ მხარეზე უნდა იყოს დამყარებული.

Pulsar AI-ს შექმნა დამფუძნებლების საერთო ინტერესებმა, კომპეტენციებმა, მიზნებმა და ხედვამ განაპირობა, რაც გულისხმობდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შემუშავებას და დანერგვას. სწორედ ამიტომ, დაწყებიდან ერთ წელიწადში, სტარტაპი ხელოვნური ინტელექტის წამყვან კომპანიად იქცა საქართველოში, რადგან ისინი ქმნიდნენ ბაზარზე არარსებულ ტექნოლოგიებს; განსაკუთრებით, ქართული ბუნებრივი ენის კომპიუტერული დამუშავებისა და ხმოვანი ტექნოლოგიების მიმართულებით. მათ შექმნეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროდუქტი, მათ შორის: ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტი, მომხმარებლის დისტანციური ვერიფიკაციის სერვისი, მედიამონიტორინგის თანამედროვე გადაწყვეტილება და ყველასთვის ნაცნობი ბოტები: თი ბოტი, ბი ბოტი, სუპერ ბი, სილქ. ბოტი და სხვა.

2. იქონიეთ ხელი მომხმარებლის პულსზე.

Pulsar AI-ს მიერ შექმნილმა ტექნოლოგიურმა გადაწყვეტილებებმა არაერთ უმსხვილეს ქართულ კომპანიას მისცა ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა. ეს მისი დამფუძნებლების სწორმა ხედვამ განაპირობა, რომლებმაც თავიდანვე მიზნად დაისახეს თავიანთი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებით მომხმარებლების გაძლიერება. კომპანიის სახელწოდებაც ორმაგ დატვირთვას ატარებს: 1) პულსარი – ნეიტრონული ვარსკვლავის ტიპია, რომელსაც სხვა ვარსკვლავებისგან განასხვავებს ძლიერი მაგნეტიზებულობა და უჩვეულოდ სწრაფად მოძრაობა; 2) ამასთან, ამ სახელწოდებით დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ მათი მამოძრავებელი ძალა თანამედროვე მსოფლიოს მაჯისცემა იქნებოდა.

3. მკაფიო განმასხვავებელი ნიშა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დაარსების დღიდან დიდ გამოწვევებთან მოუწიათ გამკლავება, რადგან თავიდანვე უარი თქვეს იმაზე, რასაც სხვა ტრადიციული მეთოდებით აკეთებდა და სიახლეებისა და ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტების შექმნაზე ორიენტირდნენ. ისინი ისეთი ამოცანების გადაჭრას ცდილობდნენ, რომელიც მანამდე არც მათ და არც სხვას გადაეჭრა. ეს კი, რა თქმა უნდა, ნიშნავს ძალიან ბევრ შრომას, სწავლას, გამოცდილების გაზიარებას, დისკუსიას და ექსპერიმენტებს, მათ შორის ბევრ წარუმატებელ ექსპერიმენტს, რომელიც ერთხელაც აუცილებლად მიგიყვანს სწორ გზამდე.

4. ყოველი ახალი წარმატება, უკვე გაკეთებული საქმეების ლოგიკური შედეგია.

რთულია, თავი დაიმკვიდრო ისეთ ბაზარზე, სადაც მომხმარებელმა ჯერ კიდევ არ იცის, რა ღირებულება შეგიძლია შეუქმნა თანამედროვე ტექნოლოგიებით. თუმცა, Pulsar AI-მ ეს წარმატებით მოახერხა ისეთ კომპანიებთან მუშაობით, რომლებსაც კარგად ესმოდათ მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის დანერგვის მნიშვნელობა. ასეთი თანამშრომლობის შედეგი აღმოჩნდა 2018 წელს TBC ბანკთან ერთად განხორციელებული პროექტები, რითაც Pulsar AI-მ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და Payments Awards-ის ნომინაციის გამარჯვებულთა შორის დასახელდა, HSBC-ისა და NuData-ს („მასტერქარდის" კომპანია) გვერდით. 2019 წელს კი მსოფლიოს საუკეთესო მობილურ ბანკინგად დასახელდა აპლიკაცია, რომელიც Pulsar AI-ს ხმოვან ტექნოლოგიას იყენებს. ამის შემდეგ, მათთვის ფართოდ გაიღო კარი საქართველოს წამყვან ბიზნესკომპანიებთან როგორც საბანკო, ასევე სადაზღვევო და სხვა მიმართულებებით.

5. არ არის აუცილებელი თავიდანვე მასშტაბირებადი ბიზნესმოდელის ფლობა − ეს საქმის კეთებასთან ერთად გამოჩნდება.

თავდაპირველად, Pulsar AI პროექტების განხორციელებას პოტენციური დამკვეთისა და კარგად გაწერილი ბიზნესგეგმის გარეშე შეუდგა. მოთხოვნის კვალდაკვალ, მათ შთამბეჭდავი პორტფოლიო და თვითრწმენა დაუგროვდათ, რამაც გლობალურ მასშტაბზე გასვლის ამბიციაც გაუჩინა. სულ რაღაც ერთი წელია, Pulsar AI-მ შეცვალა თავისი ბიზნესმიდგომა და პროგრამული უზრუნველყოფის სერვისიდან გადავიდა SaaS-მოდელზე, რაც პროგრამული უზრუნველყოფის სერვისად მიწოდებას გულისხმობს მათ მიერ უკვე შექმნილი ტექნოლოგიებით. ამან სტარტაპს ბიზნესმოდელის სწრაფად მასშტაბირებისა და გლობალურ ბაზარზე ფოკუსირების შესაძლებლობა მისცა.

6. მთავარი სწორი გუნდის ფორმირებაა, არა „ბრწყინვალე იდეა".

„სილიკონის ველზე" მუშაობით მიღებული გამოცდილებიდან ისწავლეს, რომ საწყის ეტაპზე სტარტაპისთვის მთავარი ინოვაციური იდეა არ არის. თუ ნიშურ ინდუსტრიას აირჩევ და ინდუსტრიის მოთამაშეებისთვის შექმნი გადაწყვეტილებას, რომელიც მათ გადაუჭრის მსხვილ და გავრცელებულ პრობლემას, მხოლოდ ერთი კონკრეტული პრობლემის მოგვარებამაც კი შეიძლება სტარტაპი Billion Dollar კომპანიად აქციოს. ამიტომ, მათი რწმენით, იდეაზე უფრო მნიშვნელოვანია გუნდი, რომელიც კონკრეტული მიმართულებით არის კონკურენტუნარიანი. ასეთ გუნდს აქვს უნარი, გამოიკვლიოს დიდ ბაზარზე სხვადასხვა ინდუსტრიაში რა პრობლემები არსებობს, რომელიც ამ ცოდნით და ექსპერტიზით შეიძლება გადაიჭრას და სწორედ ამ გზით მივიდეს იდეამდე.

7. გუნდის ზრდის ეტაპზე, შემავსებელ კომპეტენციებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს.

Pulsar AI-ს გუნდი პირველად „სილიკონის ველს" Startup Grind კონფერენციის ფარგლებში ესტუმრა, სადაც საინტერესო ბიზნესკავშირები დაამყარეს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აშშ-ში წარმატებული ქართველი თანამედროვე ანტრეპრენერის, ჯორჯ არისონის გაცნობა. ჯორჯ არისონი ამერიკის ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანია Shift-ის დამფუძნებელია. ისინი აღფრთოვანებულები დარჩნენ ერთმანეთის მიღწევების გაცნობით და გადაწყვიტეს თანამშრომლობა. აქტიური განხილვების პროცესში აღმოაჩინეს, რომ Pulsar AI-ს NLP და მიმოწერის ავტომატიზაციის ტექნოლოგიას შეუძლია გადაჭრას ერთ-ერთი უმსხვილესი პრობლემა აშშ-ს ავტომობილთა საცალო გაყიდვების ბაზარზე. ავტომობილის ინდუსტრია კი ჯორჯის ექსპერტიზის სფეროა, რითაც ის მნიშვნელოვან დახმარებას უწევს გუნდს ახალი პროდუქტის დამუშავებაში. ეს იყო დამფუძნებელთა გუნდის ორგანული ზრდის პრეცედენტი, რომელმაც ამ ადამიანებს გლობალური შესაძლებლობები გაუხსნა, შემავსებელი კომპეტენციების არსებობის საშუალებით.

8. სტარტაპის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი networking-ია

იხსენებენ „სილიკონის ველზე" მიღებულ პირველ შთაბეჭდილებებს, როდესაც თბილისში დაბრუნების შემდეგ აქტიურად შეუდგნენ მოპოვებულ კონტაქტებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებას. ეს იყო Pulsar AI-ს პირველი ნაბიჯი იმ ჩანაფიქრისკენ, რაც ამერიკის ბაზარზე გაფართოებას გულისხმობდა.

სწორედ ამიტომ, მათი მთავარი რჩევა ქართული სტარტაპებისთვის networking-ით დაკავებაა. ამ გამოცდილებით მათ იციან, რომ წარმატებულ სტარტაპ-ეკოსისტემებში კონტაქტების დამყარება, მით უმეტეს ბიზნესის საწყის ეტაპზე, ერთ-ერთი ყველაზე ფასეულია.

9. გუნდური ღირებულებები მნიშვნელოვანია.

დაუღალავმა შრომამ, სწავლამ, ერთმანეთთან აზრების გაცვლამ, დისკუსიებმა და ერთობლივმა ექსპერიმენტებმა ეტაპობრივად გაფილტრა და შექმნა გუნდი ისეთი სახით, როგორიც დღეს არის. დამფუძნებლების გაბედულმა მიდგომამ კი, რაც შეიძლება რთულ გამოწვევებს შეჭიდებოდნენ და არ ეკეთებინათ ის, რაც არათუ სხვას, არამედ თავადაც უკეთებიათ, გუნდში ჩამოაყალიბა ისეთი კულტურა, სადაც საერთოდ გაქრა შეკითხვა –„შეგვიძლია თუ არა?"

10. სტარტაპის ზრდის ყოველი ახალი საფეხური ახალი გამოწვევაა, რომელიც წარმატებით გადაილახება თუ გჯერა, რომ შეძლებ.

გზა „სილიკონის ველამდე" სხვადასხვა ზომის გამოწვევით და გამარჯვებებით იყო სავსე. თუმცა, Pulsar AI-სთვის არსებული შედეგების და მომავალი წარმატებების რწმენის მთავარი ფაქტორი ყოველთვის იყვნენ და უცვლელად იქნებიან ადამიანები კომპანიაში. დრომ დაადასტურა, რომ შედგა გუნდი, სადაც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, საკუთარი საქმისადმი სიყვარულით განწყობილი თანამოაზრეები შეიკრიბნენ. მათ უკვე თავიანთივე გამოცდილებით იციან, რომ შეუძლებელი არაფერია! ერთად შექმნეს კომპანია და ერთად მოვიდნენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების „მექამდე" უჩვეულო სისწრაფით. იციან, რომ წინ დიდი გამოწვევები ელით კიდევ უფრო მეტი გამარჯვებისთვის, რომელსაც ჩვეული მიდგომებით და ურყევი რწმენით გაუმკლავდებიან.

Pulsar AI-ს დამფუძნებლები ახლო ხედით:

ჟურნალ Entrepreneur-ის მკითხველი კარგად იცნობს Pulsar AI-ს გუნდს. კომპანია 2016 წელს დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ დააფუძნეს. დღეს მათ დამფუძნებლებს შორის ასევე არიან ჯორჯ არისონი და სოფო ჭყოიძე. წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს.

დაჩი ჭოლაძე

დამფუძნებელი, Pulsar AI

Bocconi University-ს დასრულების შემდეგ, სანამ Pulsar AI-ს დააარსებდა, დაჩი ჭოლაძემ ძალები ორ სტარტაპში მოსინჯა. თავდაპირველად სტუდენტებისთვის ონლაინგზამკვლევი შექმნა, მათთვის კარიერული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით. შემდეგ კი ლოიალობის პროგრამა Cherrytea – „ჩერითის" ბარათის მფლობელები კონკრეტული კომპანიების პროდუქციაზე ფასდაკლებას იღებდნენ, პროდუქტის ღირებულების გარკვეული პროცენტი კი მათსავე არჩეულ ქველმოქმედებას ხმარდებოდა. „ამ სტარტაპის ზრდა სხვადასხვა მიზეზის გამო შეჩერდა, მათ შორის, ალბათ, ჩვენი შეცდომებიც იყო – იმ ადამიანების, რომლებიც მასზე ვმუშაობდით", – გვიყვება დაჩი ჭოლაძე.

სწორედ „ჩერითის" შემდეგ გადაიკვეთა დაჩის და ზაალის ინტერესები და დაჩიმ გადაწყვიტა მოესინჯა თავი იქ, სადაც მათ ყველაზე მეტად აინტერესებდათ – ხელოვნურ ინტელექტში.

2019 წელს Pulsar AI-ს ამერიკულ ბაზარზე გაფართოების შედეგად, დაჩი სან-ფრანცისკოს ოფისში გადავიდა სამუშაოდ, სადაც კომპანიის ბიზნესგუნდთან ერთად ავითარებს ბიზნესს, რომელსაც გუნდის დანარჩენი წევრები თბილისის ოფისში ჰყავს.

ზაალ გაჩეჩილაძე

დამფუძნებელი, Pulsar AI

ზაალი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. კარიერის პირველ ეტაპზე, მან დააფუძნა პირველი სამომხმარებლო ონლაინრუკა
Pinpoint.ge, რომლითაც 2011 წელს შეუერთდა JSC Smartex-ის გუნდს, სადაც ზაალი მუშაობდა ისეთი
სტარტაპების განვითარებაზე, როგორებიცაა Swoop.ge,
eMoney, MyPhone, eLoan, და ბოლოს Smartex JSC-ის
ტექნიკური დირექტორის პოზიციას იკავებდა, რის პარალელურადაც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს მარკეტინგის ავტომატიზაციის შესახებ.

ზაალისა და დაჩის სასაუბრო თემა ხშირად სწორედ ტექნოლოგიები იყო, რაც ხელოვნური ინტელექტის თემასაც მოიცავდა ხოლმე. ასე გაჩნდა Pulsar AI-ს იდეაც.

George Arison

თანადამფუძნებელი, Pulsar AI

ჯორჯ არისონი კომპანია Shift-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია, რომელმაც გადატრიალება მოახდინა ხალხზე დაფუძნებულ მეორადი მანქანების 750 მლრდ დოლარიან ინდუსტრიაში. კომპანიამ 300 მილიონი დოლარი მოიზიდა, მათ შორის ინვესტიციები Goldman Sachs-ისგან და წამყვანი ვენჩურული კაპიტალისტებისგან. ჯორჯი ასევე იყო პროდუქტის მენეჯერი Google-ში, სადაც მუშაობდა Helpouts-სა და Fiber-ზე. 2007 წელს, ჯორჯი იყო Taxi Magic-ის თანადამფუძნებელი. დღესდღეობით Taxi Magic-ს აქვს მილიონობით ჯავშანი ყოველწლიურად და ფუნქციონირებს აშშ-ის 50 ქალაქში.

ჯორჯს უყვარს, როდესაც ტექნოლოგია ადამიანის ყოველდღიურ პრობლემებს ჭრის. Shift-ის იდეაც სწორედ მაშინ გაუჩნდა, როდესაც საკუთარ თავზე გამოსცადა მანქანის შეძენის სირთულეები. დაჩის და ზაალის გაცნობის შემდეგ, ისინი ბევრს ფიქრობდნენ, როგორ შეიძლებოდა გამოეყენებინათ Pulsar AI-ს თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა ამერიკაში მანქანის საცალო გაყიდვების ინდუსტრიაში პრობლემების გადასაჭრელად. არაერთი Brainstorming-ი დასჭირდა პრობლემისა და გადაწყვეტილების მიგნებას, რომელსაც დღეს ერთად ავითარებენ.

სოფო ჭყოიძე

თანადამფუძნებელი, Pulsar AI

სოფო Pulsar AI-ს დაარსებიდან მალევე შეუერთდა. სწორედ იმ პერიოდში იწყებდა Pulsar AI ახალი მიმართულებების ათვისებას და გაზრდას. მისი გუნდში მოსვლით კომპანიის მენეჯმენტი გაძლიერდა და ზრდასთან დაკავშირებული გამოწვევების გამკლავებაც რეალური გახდა. სოფო Pulsar AI-ში ოპერაციებს ხელმძღვანელობს, რაც კომპანიის დასახული მიზნისკენ სვლას გულისხმობს.

სოფოს გაყიდვების, მარკეტინგისა და ანალიტიკის დეპარტამენტებში წამყვან პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება აქვს ისეთ კომპანიებში, როგორიცაა eMoney, „ლიბერთი ბანკი" და „საქართველოს ბანკი". სოფო Forbes-ის 2019 წლის პროექტში 30 Under 30 ტექნოლოგიების კატეგორიის გამარჯვებულია.

გაიცანით ადამიანები, რომლებმაც Pulsar AI განვითარების შემდეგ ეტაპზე გადაიყვანეს

როგორც თავად დამფუძნებლები აღნიშნავენ, Pulsar AI-სთვის არსებული შედეგებისა და მომავალი წარმატებების რწმენის მთავარი ფაქტორი ყოველთვის იყო და იქნება გუნდი. გავიცნოთ, ვინ არიან ეს ადამიანები, რას ნიშნავს მათთვის Pulsar AI-ში მუშაობა და რა უქმნით იმ უზღვავ მოტივაციას, რამაც კომპანია აქამდე მოიყვანა.

ანა კოლხიდაშვილი:

„Pulsar AI ჩემთვის გამოწვევაა. ყოველდღიურ რეჟიმში ერთმანეთისაგან განსხვავებულ სირთულეებთან შეჭიდება არცთუ მარტივია, თუმცა გუნდური მუშაობით წარმატება გარანტირებულია".

გრიგორი ბაბაჯანიანი:

„Pulsar AI-ში ყოველთვის გვიწევდა და გვიწევს საინტერესო ამოცანების გადაჭრა. ეს თითოეულ ჩვენგანს აძლევს სწრაფი განვითარების საშუალებას. გარდა ამისა, თბილი და მეგობრული გარემო ხდის ყოველ დღეს ნაყოფიერს და პროდუქტიულს".

დემეტრე ტეტუნაშვილი:

„Pulsar AI არის ადგილი, სადაც ყოველდღე ახალ-ახალ გამოწვევებს ვიღებთ და სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიას ვეცნობით. მეგობრული, მოტივირებული და ამბიციური კოლეგების გარემოცვა კი ამ პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის და თითოეული ჩვენგანის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს".

დავით გოგაძე:

„Pulsar AI-ში გამოცდილი თანაგუნდელების დახმარებით ყოველდღიურ რეჟიმში ახალს ვსწავლობ და ვვითარდები".

მარიამ მათიაშვილი:

„Pulsar AI ჩემთვის უპირველესად ადამიანები და მათ შორის არსებული დამოკიდებულებებია. ეს არის ადგილი, რომელიც დასაქმებულისა და დამსაქმებლის რუტინულ ურთიერთობას კი არ ემყარება, არამედ ადამიანების ურთიერთობებს, გუნდს, რომელიც ერთნაირად შრომობს ერთი მიზნის მისაღწევად".

თამთა დავითაშვილი:

„Pulsar AI-ს ცოტა ხნის წინ შევუერთდი გუნდის კაპიტანის (Product Owner) პოზიციაზე, თუმცა ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს დიდი ხანია ამ გუნდის წევრი ვარ. ამ ოჯახურ გარემოში ყოველი დღე ენერგიული, ხალისიანი და აღმოჩენებით სავსეა. გუნდის შემართება და მიზნებისაკენ სწრაფვა გადამდებია; ერთად ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და ვქმნით გამორჩეულ სერვისებს".

ელენე ქადაგიშვილი:

„ყოველდღიურად უმკლავდებოდე გამოწვევებს და ჭრიდე პრობლემებს საუკეთესო გუნდთან ერთად, უყურებდე საკუთარი და სხვა ადამიანების ტრანსფორმაციას და ზრდას პროფესიული თვალსაზრისით – ჩემთვის ეს არის Pulsar AI".

ბელა ბერაძე:

„საუკეთესო გუნდი, კომფორტული გარემო, მრავალფეროვანი საქმე – ეს არის პირველი აზრები, რაც მიჩნდება Pulsar AI-ს შესახებ. იმდენად საინტერესოა ყოველი დღე, რომ შეუძლებელია აქ მუშაობა უბრალოდ მოსაბეზრებელი რუტინა გახდეს. ჩემთვის, Pulsar AI არის ადგილი, სადაც შენი მიზანდასახულობა და ძალისხმევა ყოველთვის ფასდება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გრძნობ, რომ აკეთებ საქმეს, რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, არამედ ქვეყნის განვითარებისთვისაც, რაც თავისთავად მილიონჯერ ზრდის მოტივაციას".

დავით ლილუაშვილი:

„Pulsar AI-ში ძალიან მეგობრული გარემოა, მუდმივად ახალი გამოწვევებია ჩვენ წინ, რაც მუშაობას უფრო საინტერესოს ხდის. ყოველთვის არის საშუალება, გავეცნოთ თანამედროვე ტექნოლოგიებს და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენოთ".