You can be on Entrepreneur’s cover!

Optio.AI - სტარტაპი მომავლიდან "რეგიონში არ არსებობს მსგავსი პროდუქტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, დეტალურად მიმოიხილოთ ტრანზაქციები"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ქართული ფინტექ-სტარტაპი Optio.AI გიორგი მირზიკაშვილმა და შოთა გიორგობიანმა 2016 წელს დააარსეს. მეგობრებმა განსხვავებულ სფეროში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ დაგროვილი ცოდნის საფუძველზე აღმოაჩინეს, რომ ერთობლივი ძალებით შეეძლოთ შეექმნათ პროდუქტი, რომელიც ინოვაციური იქნებოდა როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის.

Optio.AI-ს დაფუძნებამდე, კერძოდ, სტუდენტობისას, შოთამ და გიორგიმ საერთო ბიზნესი წამოიწყეს − ამზადებდნენ ვებგვერდებს და ჰქონდათ მონაცემების შენახვისთვის სერვერი. მიუხედავად იმისა, რომ საქმიანობა რთული იყო, მან დიდ გამოცდილებასთან ერთად მეგობრებს სულ სხვა ტიპის ნდობა მოუტანა − მიხვდნენ, რომ კარგი ბიზნესპარტნიორები იყვნენ. „ბანკში მუშაობისას ვფიქრობდი, რომ ბევრი საინტერესო პროდუქტის შექმნა შეიძლებოდა, თუკი საბანკო სერვისებსა და ტექნოლოგიებს გავაერთიანებდით. მე და შოთა მივედით დასკვნამდე, რომ ფინანსური სერვისების გაუმჯობესება შესაძლებელია ინოვაციური ტექნოლოგიებით და დავიწყეთ ბანკებისთვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძებული პროდუქტების შექმნა", − აღნიშნავს გიორგი.

როგორც Entrepreneur-თან ინტერვიუს დროს შოთა გვიყვება, ისინი ბანკებისთვის ქმნიან პროდუქტებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული: „წარსულში მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ერთი მხრივ კარგად ვიცით საბანკო ბიზნესი, მეორე მხრივ კი გვაქვს ცოდნა ტექნოლოგიების მიმართულებით. ეს გვეხმარება ვიპოვოთ პრობლემები ბანკებში და შემდგომ მივაგნოთ მათი არასტანდარტული გზით გადაჭრის საშუალებებს".

დაგროვილი ცოდნის გაზიარების საფუძველზე, გიორგიმ და შოთამ რამდენიმე პროდუქტი შექმნეს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა მიზანი ერთი აქვს − გაამარტივოს ადამიანთა ცხოვრება. დღესდღეობით მსოფლიოში მზარდი ტენდენციაა, რომ ბანკები, გარდა სესხისა, საკრედიტო ბარათისა თუ დეპოზიტისა, თავიანთ კლიენტებს სთავაზობენ პირადი ფინანსების მართვის ინსტრუმენტს, რომელიც არაეფექტური იქნება, თუ არ დაფუძნდება მოწესრიგებულ მონაცემებზე. Optio.AI სწორედ ამ კუთხით ეხმარება ბანკებს − აწესრიგებს არსებულ მონაცემებს.

ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც შოთამ და გიორგიმ შექმნეს, Optio discovery-ია. იგი ბანკის კლიენტების ხარჯების ანალიზს აკეთებს, აანალიზებს ნებისმიერ ტრანზაქციას, რომელსაც ადამიანი ახორციელებს და მას იმდენად ზედმიწევნით ახარისხებს, რომ მომხმარებელმა იცის არა მხოლოდ ის, თუ რაში დახარჯა ფული, არამედ რომელ მაღაზიათა ქსელში, სად და როდის. Optio discovery ახალი, ინოვაციური მეთოდოლოგიითაა შექმნილი. ბანკის კლიენტებს იგი პირადი ფინანსების უკეთ მართვაში ეხმარება, ბანკს კი აძლევს საშუალებას საკუთარ მომხმარებელს მისი ხარჯვითი ქცევიდან გამომდინარე, უკეთესი შეთავაზებები გაუკეთოს.

მეორე პროდუქტი, რომელიც „ოპტიოს" გუნდმა შექმნა, არის Optio Insight − ეს ანალიტიკური ინსტრუმენტია, რომლის საშუალებით ბანკს შეუძლია მარტივად იპოვოს მისთვის საინტერესო მიკროსეგმენტი, განსაზღვროს მათი ინტერესის სფერო, გაიგოს, რაში ხარჯავენ ფულს, როდის და რა დოზით. ეს ისევ და ისევ იმისათვის კეთდება, რათა ბანკმა უკეთესი შეთავაზება გაუკეთოს მომხმარებელს და ნაცვლად იმისა, რომ ყოველდღე სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია გააცნოს, იგი ინდივიდისთვის სასურველ მომსახურებასა თუ პროდუქტზე კონცენტრირდება.

რაც შეეხება Optio Conversation-ს, ეს საბანკო ჩეთბოთია, რომელიც კონკრეტული ბანკის ქვეშ იბრენდება. იგი ახალი ციფრული არხია, რომლის მეშვეობით ბანკი მომხმარებელთან კომუნიკაციას მარტივად ამყარებს − დაწყებული პროდუქტებზე ინფორმაციის მიწოდებით, დამთავრებული გადარიცხვებით, ვალუტის კურსის განსაზღვრით თუ კომუნალურების გადახდით. პროგრამაში ასევე ჩაშენებულია პირადი ფინანსების მართვის ინსტრუმენტი, რომელიც თქვენს კითხვებზე პასუხს მინიმალურ დროში გაწვდით.

შეკითხვაზე, თუ რა ხდის Optio.AI-ის პროდუქტებს განსაკუთრებულს, გიორგი გვპასუხობს: „Discovery-ის ერთ-ერთი უნიკალური მახასიათებელია ტრანზაქციების მაქსიმალურად სწორი კატეგორიზაცია, რაც ბანკს საშუალებას აძლევს სწორად შეისწავლოს საკუთარი მომხმარებელი. რეგიონში არ არსებობს მსგავსი პროდუქტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ასე დეტალურად მიმოიხილოთ ტრანზაქციები. როგორც შოთა აღნიშნავს, Optio.AI-ის უპირატესობა მისი მეთოდიცაა: „ის, თუ როგორ ზიარდება ცოდნა ბანკებს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენმა პროდუქტებმა შეძლეს ქსელის ეფექტის შექმნა − ბანკებმა დაიწყეს მათ ხელთ არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. საბოლოო ჯამში, რაც მეტი ბანკი ერთვება პროგრამაში, მით მეტად ჭკვიანდება სისტემა. შესაბამისად, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ბანკმა ამ შესაძლებლობაზე უარი უნდა თქვას. ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აღმოსავლეთ ევროპის ბანკებთან და ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წელს ჩვენს პორტფელში არაქართული პარტნიორი ბანკებიც გამოჩნდებიან.

Optio.AI-ს წარმატების უკან დამფუძნებლების საერთო თვისების, ცნობისმოყვარეობის გარდა, ნიჭიერი და კომპეტენტური ადამიანებით შეკრული გუნდი დგას. ისინი ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა კომპონენტს ქმნიან და იზიარებენ საერთო ღირებულებებს: თავისუფლებას, დამოუკიდებლობის სურვილსა და განვითარებისკენ სწრაფვას, ეს კი ქმნის ისეთ ორგანიზაციულ კულტურას, რომელიც მხარს უჭერს თითოეული ადამიანის წინსვლას. „Optio.AI-ის შექმნის პროცესში ჩვენ გვერდით იმყოფებოდნენ ნიჭიერი ადამიანები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი საქმის წამოწყებისას. დღესდღეობით, ერთი Facebook-ის ლონდონის ოფისში მუშაობს, მეორე პრაღაში, Microsoft-ში. მათი წინგადადგმული ნაბიჯები ჩვენთვის ყველაზე დიდი საჩუქარია, რადგან ვხედავთ, როგორ იზრდებიან ადამიანები ჩვენ გვერდით", − აღნიშნავს შოთა.

Optio.AI კომპეტენტური პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია, ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება და დიდ შესაძლებლობებს ფლობს. დაფუძნების შემდეგ იდეის დატესტვაში და ინვესტიციის მოზიდვაზე დახარჯეს რამდენიმე წელი, 2019 წელს კი მათი პარტნიორი 3 ბანკი გახდა, რაც ახალდაფუძნებული სტარტაპისთვის მიუღწეველ მისიას ჰგავს. შოთა და გიორგი ვარაუდობენ, რომ წელს კიდევ 3 ბანკს დაუმეგობრდებიან. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში აქტიურად სულ რაღაც 13 ბანკი ოპერირებს და აქედან 6 Optio.AI-ის კლიენტია, გამოდის, რომ ფინტექ-სტარტაპი ბაზრის თითქმის ნახევრის გაკონტროლებას შეძლებს.

Optio.AI-ის პროდუქტები თავისი ბუნებით ერთ-ერთ პირველ პრეცედენტად შეიძლება ჩაითვალოს. ტრანზაქციების დახარისხება და უნიკალური მეთოდოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა ბანკებს შორის ინფორმაცია გაზიარდეს, მომავალს აუცილებლად შეცვლის. ბიზნესის კუთხით სარგებელს რომ თავი გავანებოთ, საზოგადოება დაიჯერებს, რომ საქართველოს შეუძლია ფინანსური ტექნოლოგიების კუთხით ახალი სიტყვა თქვას და რომ აქ ადამიანებს აქვთ უნარი, გადაწყვიტონ გლობალური პრობლემები, იშრომონ თავდაუზოგავად, იოცნებონ ანტრეპრენერულად და იფიქრონ მომავლიდან.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული