📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

TRIPCARS - თავგადასავლების მოყვარულთათვის სამომავლო გეგმები ჯერ კიდევ დიდია!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

Tripcarsc.com 2018 წელს სამი ქართველი ახალგაზრდის მიერ წამოწყებული სტარტაპია, რომელიც ავტომობილების დღიურად გაქირავების მოქნილ ონლაინპლატფორმას წარმოადგენს. ის ავტომობილების მეპატრონეებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი მანქანა საიტზე განათავსონ და დისტანციურად გააქირავონ, დამქირავებელს კი შესაძლებლობა აქვს აირჩიოს მისთვის საჭირო და სასურველი ავტომობილი, თანაც – შინიდან გაუსვლელად.

სტარტაპის დამფუძნებლების – გიორგი ვახტანგიშვილის, ირაკლი ცაგარეიშვილისა და სანდრო შამანიდის კოლაბორაცია თავისუფალი უნივერსიტეტის სივრცეში დაწყებულ მეგობრობას უკავშირდება. სტარტაპის წამოწყებამდე კი იყო არაერთო საერთო პროექტი და თანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება, რამაც მეგობრები გუნდურობამდე მიიყვანა.

„Tripcars-ის დაფუძნებამდე საქმის კეთების გამოცდილების მოგროვებაც მოვასწარით. გვქონდა კომპანია, სადაც სხვადასხვა ტიპის პროგრამულ უზრუნველყოფას ვქმნიდით კლიენტების საჭიროებათა მიხედვით. მარტივად ვახერხებთ სხვადასხვა სირთულის პრობლემების გადაჭრას, რადგან ერთნაირად ვაზროვნებთ და საერთო ხედვები გვაქვს. სამივე დამფუძნებელს სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს გამოცდილება: ერთი პროგრამირებისა და IT-პროექტების მართვის „გურუა", მეორე – გაყიდვების მასტერი, მესამე კი ფინანსების „მამა". ჩვენი – დამფუძნებლების გარდა, Tripcars-ის უკან კიდევ უძლიერესი გუნდი დგას, რომელსაც არ ეშინია გამოწვევების და მუდმივად ავსებს იმ კომპეტენციებს, რომლებიც საქმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა", – უყვებიან Entrepreneur-ს Tripcars-ის გუნდის წევრები.

გადაწყვიტეს, სტარტაპი საკუთარი ხედვით სწორ ეკონომიკურ მოდელზე დაეშენებინათ, რომელიც SHARED ECONOMY კონცეფციას გულისხმობს. ეს აქტივების ეფექტურად გამოყენებას, მათი გაზიარების გზით მოიაზრებს. ბიზნესის ანალოგი Airbnb-ისგან აიღეს და ბინების ნაცვლად, ავტომობილების გაქირავება-დაქირავების შესაძლებლობა შესთავაზეს მსურველებს.

„მაშინ, როდესაც ავტომობილი უმეტესწილად გაჩერებულია, მაინც იცვითება. ჩვენ ვაძლევთ ავტომობილის მფლობელებს შესაძლებლობას, მანქანის უტილიზაციით დამატებითი შემოსავალი გამოიმუშავონ. გლობალურ ბაზარზე რამდენიმე ანალოგი არსებობს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველები ვართ. ასევე, ბევრი ქვეყანაა ასათვისებელი, სადაც აღნიშნულ სერვისს დავნერგავთ და უამრავი ადამიანისთვის სარფიან შესაძლებლობას შევქმნით", – ამბობს გიორგი ვახტანგიშვილი.

Tirpcars.com-ის დღევანდელ სახემდე მოსაყვანად კი პირველადმა იდეამ გუნდთან ერთად გრძელი და შრომატევადი გზა გაიარა.

„იდეა მარტივად და უცაბედად მოვიდა. ჩვენმა მეგობარმა, რომელსაც ავტომობილების გაქირავების კომპანია აქვს, შემოგვთავაზა დროებით გადაგვეცა მისთვის ჩვენი ავტომობილები გასაქირავებლად, გაგვეჩერებინა მის ავტოსადგომზე და ამის სანაცვლოდ, ყოველთვიურად თანხა მიგვეღო. ამ შემოთავაზების დროს გაჩნდა იდეა, რომ დისტანციურად, ავტომობილის გაჩერების გარეშე, გამჭვირვალედ და საბუთების ონლაინ მოგვარებით, ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა მივცეთ ჩაერთოს ამ ბიზნესში და დამატებითი შემოსავლის გენერირება შეძლოს", – ამბობს სანდრო შამანიდი.

სიძნელეებთან გამკლავება დასაწყისშივე მოუწიათ. როგორც ამბობენ, ამგვარი პლატფორმული ეკოსისტემის მთავარი სირთულე მომხმარებლების მოზიდვა და იმგვარად დაბალანსებაა, რომ სერვისის ხარისხი შენარჩუნდეს. სერვისის სპეციფიკა ორი ტიპის მომხმარებელს გულისხმობს: გამქირავებელსა და დამქირავებელს, რომლებიც ერთმანეთზე იმდენად არიან დამოკიდებული, რომ ერთიმეორის გარეშე ვერც იდეა და ვერც სერვისი ვერ იმუშავებს. ავტოგაქირავების სტანდარტული კომპანიებით გაჯერებულ ბაზარზე კი კონკურენცია იმდენად დიდია, რომ სრულიად ახალი მიდგომებისა და გაყიდვების არხების აღმოჩენა გახდა საჭირო.

პირველი ინვესტიცია დამფუძნებლებმა თავად განახორციელეს. წამოწყების სისწორეში დარწმუნებულებმა საწყის ეტაპზე მატერიალური რესურსები არ დაიშურეს. მალე GITA-ს (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო) 100 000-ლარიანი გრანტი მოიგეს, რამაც ცნობადობასთან ერთად დიდი თავდაჯერებულობა შემატა გუნდს. კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ სწორ საქმეს აკეთებდნენ. სახელმწიფოს მხრიდან გამოცხადებულ ნდობას კი დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა მოჰყვა პარტნიორებისგან.

„თითოეული პარტნიორი ისე შევარჩიეთ, რომ ჩვენი სერვისით გარკვეული ღირებულება მოგვეტანა მათთვის და ამავდროულად, ჩვენც მიგვეღო მათგან ფინანსური თუ სხვა სახის მხარდაჭერა. მაგალითისთვის, დავმეგობრდით „ჰუალინგის" სადაზღვევო კომპანიასთან", – გვეუბნებიან დამფუძნებლები.

Tripcars-ის დღევანდელი საკომუნიკაციო და მარკეტინგული სტრატეგია ორი მიმართულებით იყოფა:

  • კომუნიკაცია დამქირავებლებთან
  • კომუნიკაცია გამქირავებლებთან

პლატფორმის იდეა თავშივე ავტომობილის ონლაინ დაქირავებას ზედმეტი ფურცლებისა და ბიუროკრატიის გარეშე გულისხმობდა. შესაბამისად, გუნდმა კომუნიკაცია ციფრულ არხებში დაიწყო. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ციფრული არხების გარდა, ე.წ. ოფფლაინ აქტივობების დაგეგმვაც საჭირო იყო, რისთვისაც ტურისტულ კომპანიებთან და სასტუმროებთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს.

სტრატეგიის კიდევ უფრო ეფექტურ შედეგებამდე მისაყვანად, გუნდი ძალისხმევას არ ზოგავს, ყველაფერი კი იმისკენაა მიმართული, რომ Tripcars.com-ის სერვისით სარგებლობის შემდეგ თავგადასავლების მაძიებლებმა მოგზაურობისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება შეძლონ. „სხვა მსგავსი სერვისებისგან განსხვავებით, Tripcars-ზე ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მანქანის დაქირავების ერთ-ერთი სიკეთე, საქართველოს აღმოსაჩენად რჩევების გაზიარებაა. ბრენდის მარკეტინგული მესიჯებიც მისი არსის შესაბამისად განვსაზღვრეთ", – გიორგი ვახტანგიშვილი.

„თავდაპირველად, სამიზნე აუდიტორიის ძირითად ნაწილად ტურისტები წარმოგვედგინა, თუმცა დროთა განმავლობაში მივედით დასკვნამდე, რომ არც ქართველებს აწყენთ ქალაქის ხმაურისგან თავის დაღწევა და საქართველოს აღმოჩენა, რისთვისაც წამოვიწყეთ მინიკამპანია მთავარი მესიჯით – „გაეცალე ქალაქს". რაც შეეხება კომუნიკაციას გამქირავებლებთან, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ადამიანი იყოს დაინტერესებული დამატებითი შემოსავლის მიღებით საკუთარი ავტომობილის გაქირავების მეშვეობით, რისთვისაც ქართულ აუდიტორიას პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას პლატფორმის არსებობისა და მისი ეფექტურად გამოყენების შესახებ", – ირაკლი ცაგარეიშვილი.

„ყველაზე მნიშვნელოვანი დამატებითი დაფინანსების მოძიებაა, რომ კიდევ უფრო სწრაფი ზრდა და დაგეგმილი „მაილსთოუნების" შესრულება შევძლოთ. პლატფორმის დახვეწასთან ერთად, გვსურს კიდევ უფრო გავამარტივოთ ჩვენი სერვისი და ნებისმიერ მომხმარებელს შევთავაზოთ მანქანაზე მოწყობილობის დაყენება, რომელიც მანქანის მობილურით გახსნის შესაძლებლობას მისცემს. ეს კიდევ უფრო გაამარტივებს სერვისს და შინიდან გაუსვლელად შესაძლებელი იქნება ავტომობილის დამქირავებლისთვის გადაცემა", – გვიხსნის სანდრო შამანიდი.

მათ კი, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს, სტარტაპგუნდი შემდეგს ურჩევს: „ყველას, ვინც ახლა იწყებს სტარტაპს, ჩვენი გუნდის სახელით გვსურს ვურჩიოთ, არ დანებდნენ. უამრავი დაბრკოლება შეხვდებათ გზაზე და თითქოს ყველა და ყველაფერი მათ საწინააღმდეგოდ იქნება განწყობილი, მაგრამ მთავარია არ გაჩერდე, არასდროს ჩაიქნიო ხელი და ბოლომდე იბრძოლო იმისთვის, რისიც გჯერა".

Tripcars-ისა და მისი დამფუძნებლების სამომავლო გეგმები დიდია. ამ ეტაპზე სტარტაპს შემდგომი განვითარებისა და ზრდისთვის დამატებითი ფინანსების მოძიება სჭირდება. პლატფორმისა და სერვისის მუდმივ დახვეწასთან ერთად, სურთ კიდევ უფრო გაამარტივონ პროცესი და მომხმარებლებს ავტომობილებზე იმგვარი მოწყობილობის დაყენება შესთავაზონ, რომელიც მანქანის მობილური ტელეფონით გაღების შესაძლებლობას დისტანციურად მისცემს, გამქირავებელს კი დამქირავებლისთვის ავტომობილის გადაცემა შინიდან გაუსვლელად შეეძლება.

დასახული გეგმებისა და მიზნების შესაბამისად, მიმდინარე 2020 წელი Tripcars-ისა და მისი მომხმარებლებისთვის ექსპერიმენტებითა და საინტერესო გამოწვევებით სავსე იქნება, მანამდე კი ახალი თავგადასავლებისა და გამოცდილების მოყვარულებს მოქნილი ონლაინპლატფორმით სარგებლობა Tripcars.com-ზე უკვე თამამად შეუძლიათ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან