You can be on Entrepreneur’s cover!

ლუდი ''აია'' დაბრუნდა! ჩვენმა გუნდმა 2 წლის წინ დაიწყო ბრენდის აღდგენაზე მუშაობა, დავიწყეთ ისტორიების მოძიება და საკმაოდ საინტერესო მასალებს მივაგენით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლუდი აია

მაშინ, როდესაც საქართველო "საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად" იწოდებოდა და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის წევრად ითვლებოდა, როდესაც დედამიწა მეორე მსოფლიო ომით მიყენებულ ჭრილობებს ჯერ კიდევ იშუშებდა, ხოლო წითელი არმია პერიოდულად ახდენდა ტერიტორიების ანექსიას, საქართველო გასაბჭოებისკენ მიდიოდა. ქართველები ამ ყველაფრის მიმართ დიდ პროტესტს განიცდიდნენ და ოღონდ დამოუკიდებლობა და იდენტობა შეენარჩუნებინათ, ნებისმიერი ნაბიჯის გადასადგმელად იყვნენ მზად. სწორედ ამ პერიოდში, იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთა ბიოგრაფიული ჩანაწერები დღესდღეობით დიდად არაა შემონახული, თუმცა, თუ კარგად მოვიძიებთ და ჩავუღრმავდებით მათ ისტორიას, ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენთ.

ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, რევაზ დვალიშვილი, ქუთაისში მოღვაწე მეწარმე, „დვალიშვილის წყლების" დამაარსებელი იყო. მაშინ, როდესაც გასაბჭოებულ საქართველოში, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე, პროდუქტების უმეტესობა სტანდარტიზებული იყო, ყოველგვარი ექსკლუზიურობის გარეშე, 1953 წელს, ქალაქ ქუთაისში ქართული ლუდის პირველი ბრენდი „აია" გამოჩნდა. ალბათ, იკითხავთ, რატომ პირველი ქართული ლუდის ბრენდიო: იმიტომ, რომ სხვა, ბევრი პროდუქტის მსგავსად, იმ ეპოქაში ლუდსაც არ ჰქონდა იდენტობის უფლება. არსებობდა "пиво" ან „პივა", როგორც დღეს ჟარგონულ ენაზე მოიხსენიებენ. მაქსიმუმ კი, ლუდისთვის წარმოშობის ადგილი მიემატებინათ თავსართად, მაგალითად „ოზურგეთული პივა", "ბათუმური პივა" და ა.შ. ალბათ, მარტივი წარმოსადგენი არ არის, რა ძალისხმევა იქნებოდა საჭირო იმისთვის, რომ რეზო დვალიშვილს ბრენდის სახელის და ეტიკეტის ცენზურა გაევლო და სტატუსი "დამტკიცებულია" მიეღო. იყო თუ არა ეს ქმედება მეწარმის მხრიდან იმ წყობისადმი პროტესტის გამოხატულების ფორმა და იდენტობის შენარჩუნების მცდელობა? ცალსახად კი, იმიტომ, რომ საქართველოს ლუდის ინდუსტრიაში, შეიძლება ითქვას, ახალი, გამორჩეული ეპოქა დაიწყო.

ლუდის პირველი ქართული ბრენდი „ აია" თავისი გამორჩეული ფერებითა და ფორმით მოკლე დროში ჯერ ქუთაისის და შემდეგ მთელი იმერეთის საყვარელ ბრენდად ჩამოყალიბდა. გაჩნდა სახალხო სლოგანები – იმერული კილოთი ნათქვამი ფრაზები, რომლებიც ბრენდს ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო პოპულარულს ხდიდა: „ზაფხულის სიცხე რაია?! როცა გაქვს ლუდი აია?!", „ნაღდი ლუდი რაია, ნაღდი ლუდია აია!", „ აია – ძააან კაია", როგორც ამბობენ, მის დასალევად დედაქალაქიდანაც ხშირად დადიოდნენ და გერმანელი და ჩეხი სტუმრებისთვის მისი დაგემოვნება აუცილებელიც კი ყოფილა. დღემდე ბრენდი მოგონებებითა და ისტორიებითაა ცნობილი:

პირველი კოოპერატივი რომ ჩამოყალიბდა, კერძოობა რომ მოვიდა, მაშინ გააკეთა ქუთაისში ეს ლუდის სახარშავი რეზო დვალიშვილმა.

ნიკეას ქუჩის დასაწყისში იყო ქარხანა. პირველად, ლუდი ,,აია'', სწორედ იქ დავაგემოვნე. ჩემი ბიძაშვილი იყო აიას დირექტორის მარჯვენა ხელი, გია ლევიძე. იმან დამირეკა, მახსოვს, დირექტორს, ბატონ რეზოს უნდაო შენთან დალაპარაკებაო. მერე რეზოს მიაწოდა ყურმილი და რეზომ მითხრა, სტუმრებს ველოდები ქარხანაში და შენ უნდა იყო ამ დროს ჩემ გვერდითო ახალი ლუდი ჩამოვასხი და არ შეგარცხვენთო.

ავდექი და მივედი.

გამოიტანეს მუქი ფერის, პატარა, ყელიან ბოთლში ჩამოსხმული ლუდი და გავსინჯე პირდაპირ იქ, დირექტორის კაბინეტში. ერთი ბოთლით ვერ მივხვდები, მასე სადაა თქო ვუთხარი.

მართლა კაი ლუდი იყო ,,აია''. ხომ არის, ზოგ ლუდს მოტკბო გემო დაარტყამს, ამას კი, ცოტა სიმწარე ურტყამდა. მსუბუქად, მარა ეს განსაკუთრებულ გემოს აძლევდა ამით გამოირჩეოდა სხვა ლუდებისაგან ,,აია''.

მერე კი, ქუთაისში ბიჭები სხვა ლუდებს ვაჯიბრებდით ხოლმე.

ადრე ლუდის დალევა რომ გინდოდა კაცს, ქუთაისში ებრაელებთან უნდა მისულიყავი. მათთან ურთიერთობა უნდა გქონოდა. საახლობლო უნდა გყოლოდა, გამოსული კაცი უნდა ყოფილიყავი. ფასიც ძვირი ღირდა. სახეობებიც ხშირად სხვადასხვანაირი ჰქონდათ და ამ დროს გამოჩნდა ჩვენი ლუდი აია", გემრიელი და ყველასთვის ხელმისაწვდომი დასალევი.

ჩემზე კარგად ამის მთქმელი არავინ არ არის, მე გეუბნებით იმას, რაც იყო, ძალიან მოსწონდათ ეს ლუდი. ,,აია'' უცებ გახდა ეროვნული ბრენდი ქუთაისში. კი, ასე იყო!

მელუდეების პარტიები იყვნენ ქალაქში, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. ექიმები გამახსენდა უცებ, საოცარი ხალხი, გამოსვლის დღიდან აღარ ეკარებოდნენ სხვა ლუდს, აიას" სვამდნენ მარტო.

თბილისიდან საზოგადო მოღვაწეებიც ხშირად ჩამოდიოდნენ ხოლმე ქუთაისში ლუდის დასალევად. ამხელა მანძილზე რომ მოდიოდნენ, არ იყო ეს პატარა საქმე. აგერ, ლაშა თაბუკაშვილია ცოცხალი მოწმე. გადამკვდარი მელუდეა ლაშა, მთელი ცხოვრება უყვარდა ლუდი. პირველად რომ ჩამოვიდა და გასინჯა: ,,ეს რა კარგი ლუდი ჩამოასხესო''. გვიხაროდა ახლა ჩვენც ასეთი კაი ლუდი, ყველანი აქებდნენ, რომელი ერთი ჩამოვთვალო: მხატვარი ოთარ ქანდარია, ზურაბ კუხიანიძე, პოეტი ოთარ მამფორია ოთარმა განსაკუთრებულად იცოდა ლუდის ფასი მოყვარული იყო.

აიას" ქარხნის დირექტორს, ბატონ რეზოს, ძალიან უხაროდა ხოლმე ცნობილი ხალხი რომ მიდიოდა საწარმოში. ერთხელ, ქართველი მწერლები იყვნენ საფრანგეთიდან ახალჩამოსულები. ქუთაისში გამომიარეს. არ იცოდნენ მათ, ახალი ლუდი რომ იყო გამოსული ჩვენთან. ვუთხარი: – ახლა, ახალ ლუდს დაგალევინებთ, თქვენ რომ არ დაგილევიათ ჯერ-თქო. ავიყვანე იმ ქარხანაში, სადაცაიას" ამზადებდნენ. მაღლა დიდი რეზერვუარი იდგა გაუფილტრავი ლუდით სავსე. ჩამოასხეს ლუდი პირდაპირ ,,შლანგიდან'', გასინჯეს სტუმრებმაეს რა არისო, მერე სულ ,,ჩანებით'' იღებდნენ და ისე სვამდნენ.

აია" კარგა ხანს მხოლოდ ჩვენთან, დასავლეთში იყიდებოდა. მერე თბილისშიც ჩაიტანეს ეს ლუდი. კონკურენციის მიუხედავად, კარგად იყიდებოდა იქაც.

ერთ დღეს უცებ გაქრა ლუდი ,,აია'', მაგრამ მოგონება დარჩა ,,აუ რა კარგი ლუდი იყო, გახსოვს"? ნეტაი, ახლაც იყოს ის ლუდი''. ამ ლუდის აღდგენით რამხელა სიკეთეს აკეთებთ თქვენ, ვერ ხვდებით."

იხსენებს დრამატურგი რეზო ნაჭყებია

აიას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უპირატესობას წარმოადგენს მისი პოზიტიური მემკვიდრეობა. მხოლოდ ამ პოზიტიური „საგანწყობო მემკვიდრეობით" შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები აიას მიმართ ისეთივე დადებითი განწყობებით გამოირჩევიან, როგორც უფროსი თაობა, რომელსაც ამ ლუდის მოხმარების ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.

იმერელმა მომხმარებელმა აიას შესახებ ყველაფერი იცის: ბრენდის წარმოშობის ისტორია, მწარმოებლების სახელები და გვარები სხვადასხვა დროს, ახსოვს ბრენდის ეტიკეტი, შეფუთვა, გემოვნური თვისებები, ისევე, როგორც ბრენდის წარმოების შეწყვეტის სავარაუდო მიზეზები. გარდა ამისა, მომხმარებელს ახსოვს აიას ყიდვისა და მოხმარების ეპოქა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრენდი განიცდის ერთგვარ იდეალიზაციას. მიჩნეულია, როგორც საუკეთესო, მაღალი ხარისხის ლუდად. იდეალიზაციის ფონზე, ლუდის მომხმარებლები ირწმუნებიან, რომ ლუდს გააჩნდა განსაკუთრებული გემოვნური თვისებები, იყო ნამდვილი, „ნაღდი" ლუდი.

აია უმრავლესობას კარგად ახსოვს, თუმცა ბრენდის მთავარი უპირატესობა მხოლოდ მისი მაღალი ცნობადობა არ არის.

აია წარმოადგენს ბრენდს, რომელიც აერთიანებს წარსულისადმი ნოსტალგიას. აგრეთვე გააჩნია კულტურული, შეიძლება ითქვას, ისტორიული კონტექსტიც, რომელიც დაკავშირებულია არა მხოლოდ ლუდის მოხმარებასთან, არამედ წარსულ დროსთან, ახალგაზრდობასთან, მოგონებებთან და სოციალურ კავშირებთან, რომლებიც დღეს ისევე აღარ არსებობს იმ ფორმით, როგორც აღარ არსებობს აია.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, ბრენდს გააჩნია არა მხოლოდ ცნობადობა, არამედ სოციალური და კულტურული ღერძი და საუბრებში ყოველთვის განასახიერებს წარსულში არსებული სოციალური ურთიერთობების ემბლემას, ამ ურთიერთობების ერთგვარ „ლოგოტიპს" და ნოსტალგიას. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, აია წარმოადგენს ბრენდს, რომელიც მონატრების ობიექტია.

ადრე ხომ პლასტმასის ჭურჭელი არ იყო და ასე, ღვინის ოც-ლიტრიანი ბოცებით გამოჰქონდა ხალხს ქარხნიდან ეს ლუდი, მერე დადგამდნენ და

მართალს გეუბნებით. რაიონიდან ჩამოსული გლეხი ქალაქში რომ გაყიდდა რამეს, აუცილებლად ლუდს ყიდულობდა და მიჰქონდა თან. ასე აბარებდნენ ერთმანეთს სოფლებიდან რომ წამოხვალ, უკან ლუდი წამოიყოლეო.

ბიძაჩემს, მსოფლიოში ცნობილ კალათბურთელ ზურაბ საკანდელიძეს, მსოფლიო ჰქონდა მოვლილი და ქუთაისში ჩამოდიოდა ლუდის დასალევად თანაგუნდელებთან და მეგობრებთან ერთად. დასხდებოდნენ ერთად, დაიდგამდნენ ოთხ, ხუთ ყუთს და სვამდნენ

ლუდზე გამახსენდა, ,,აიას'' ლუდზე.. ანეკდოტია, მაგრამ სიმართლე იყო:

პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ,,გეპეის'' რომ უძახდნენ ადრე, ლექტორი იყო ეს პატივცემული, ახლა გვარი და სახელი არ მინდა რომ ვთქვა.. ახალგაზრდა ლექტორი და საკმაოდ ჭკვიანი კაცი იყო. სიდედრთან ცხოვრობდა ოჯახში. შესაბამისად, ცოტა მორიდებულად იყო მათთან, ოჯახში. მოგეხსენებათ, ქუთაისში ყველა საერთო ეზოში საგანგებოდ საქეიფოდ ჰქონდათ ადგილები გაკეთებული. ვისაც რა ჰქონდა სახლში, ჩამოჰქონდა და ასე იკრიბებოდა პურ მარილი.

ეს ბატონი ლექტორი ლუდის მოყვარული იყო. ერთ დღესაც, მას, როგორც დამსახურებულ მუშაკს, გადასცეს მანქანა ,,მოსკვიჩი კომბი'' იყო ასეთი მოდელი (თავის ფასში გადასცეს კომუნისტებმა).

ადგა ეს გახარებული ლექტორი და გაიკრა ჯიბეზე ხელი. ძალიან ცოტა აღმოაჩნდა ფული ლუდი მოუვიდა მარტო. მოიტანა ლუდი, მაგრამ რაღაც დასაყოლებელი ხომ უნდოდა ახლა ამ ლუდს და ეძახის მაღლა, სახლში სიდედრს : -,,დედა, დედა'' იქნება ვასიამოვნო და რამე ჩამომიტანოს მისაყოლებელიო. ცოტა მოგვიანებით მივიდა მეზობელი კაცი და იმან არ იცის, რა ხდება. ეს ლექტორი უძახის შემოსწრებულ მეზობელს: გინდა თუ არ გინდა, დამილოცე, დამილოცე მანქანაო.

გადახედა ამ მეზობელმა სუფრას ღვინო არაა, არაყი არაა, საჭმელი არაა, ლუდია მარტო. კი ბატონოო უთხრა ამ კაცმა, ლუდით ვიტყვი შესაფერის სადღეგრძელოსო. (ადრე ლუდით პირიქით ამბობდნენ სადღეგრძელოებს).

დაისხა ლუდი, აწია ჭიქა და თქვა: ამით იმ კაცს გაუმარჯოს, ვინც სიდედრს დედას ეძახის და ,,მოსკვიჩს'' მანქანასო,"რეზო ნაჭყებია.

აიას მეორე და უმთავრეს უპირატესობას წარმოადგენს მისი წარმოშობა და იმერეთისათვის, განსაკუთრებით ქუთაისისათვის დამახასიათებელი კულტურული გარემო, რომლის ნაწილია ბრენდი აია.

შეიძლება ითქვას, რომ აიას გააჩნია მკვეთრად გამოხატული და კარგად ფორმირებული იდენტობა, ფესვები, წარმომავლობა და ისტორია. ბრენდი უბრალოდ კი არ ახსოვს მომხმარებელს, არამედ არსებობს ხსოვნა ბრენდის შესახებ, მიახლოებით ისევე, როგორც ლაღიძის წყლების შესახებ, თუმცა ლაღიძის წყლები, ცხადია, ბევრად უფრო იდეალიზებული ბრენდია. აქედან გამომდინარე, მომხმარებლისთვის აია განიხილება, როგორც მშობლიური ბრენდი, რომელთანაც ემოციურ სიახლოვეს განიცდის ყველა ასაკობრივი ჯგუფი.

70-იან წლებში ბრენდი იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ მის „გვირაბს იქით" გატანა აკრძალული იყო. 80-იანი წლების დასაწყიში კი, ბრენდი გაუჩინარდა, ისევე, როგორც სხვა ბევრი რამ იმ ეპოქაში. მისი დაბრუნების მცდელობა 90-იანი წლების შუაში იყო, სწორედ მაშინ, როცა ბრენდის ნოსტალგიიდან გამომდინარე, მოგონებების მეორე ტალღა წამოვიდა. ამჯერად ბრენდს რევაზ დვალიშვილის შთამომავლობა გაუძღვა.

მახსოვს, ლუდი აიას" ბანერზე ვიყავით მე და ერთი მსახიობი გოგო, ინგა გაკიაშვილი. ქალაქში იდგა ეს ბანერი, ოპერის უკან კაფე რომაა, აი იქ. ლუდის ,,სტოიკაზე'', ჩამოსასხმელთან ,,შლიაპით'' დგას გოგო და მისხამს ლუდს. მე სიგარეტით ხელში ვარ და ერთმანეთს ვუყურებთ. ფოტო აღარ მაქვს სამწუხაროდ.

ისე, „აიას" ჩვენი სახალხო არტისტები ხშირად უკეთებდნენ ხოლმე იუმორისტულ რეკლამებს. აი, წლების მერე, ერთი სლოგანიც კი მახსოვს: ,,დალიეთ ლუდიაია", პახმელიაზე კაია''.

ისე, რად უნდოდა ლუდ აიას" რეკლამა. თუ ვინმე სტუმარი ჩამოდიოდა თბილისიდან, ყველა მაგას მეუბნებოდა: ,,რა მაგარი ლუდი გაქვთ, ბიჭო, ქუთაისში''.

მახსოვს, ადრე ქალაქში ფესტივალები იმართებოდა ხოლმე თეთრ ხიდთან და იქ ერთ-ერთი შეჯიბრი-გართობა იყო ამგვარი: ვინ უფრო მეტ ლუდის კათხას დალევდა. მეგობარი მყავს, ცნობილი ლუდის მსმელი და ძალიან ხშირად იმარჯვებდა. სახლში სულ სხვადასხვა პრიზით დამშვენებული მიდიოდა ხოლმე.

ადგილზე ისხმებოდა და ადგილზე ისმებოდა. ნაღდი, ქუთაისურად რომ იტყვიან, ფაიზაღი ლუდი იყო. მთელი იმერეთის სიამაყე იყო აია". ძალიან მოკლე დროში დიდი სახელი მოიპოვა. მაგარი ხარისხი ჰქონდა. მაგრად მუშაობდა და უცებ გაჩერდა. ერთ მშვენიერ დღეს გაქრა ლუდი აია". გვეწყინა, ძალიან გვეწყინა. მოკლედ, გაჩერდა ლუდი და გაჩერდა ლიმონათიც. სხვათა შორის, ლიმონათიც გემრიელი ჰქონდათ მათ.

ადრე, ჩვენთან იცოდნენ ხოლმე ლუდის ამოტანა უბანში. იკრიბებოდა მთელი სამეზობლო და მიდიოდა ერთი ამბავი. ათი ლიტრი, ოცი ლიტრიუბნის გამაერთიანებელი იყო ლუდი ,,აია''.

,,ლუდი აია" ყველგან კაია'' დარწმუნებული ვარ, ლუდის მოყვარულები სიამოვნებით შეხვდებიან მონატრებულ გემოს.

ჩემო ქუთაისლებო, ნუ იყიდით ძვირ, უცხოურ ლუდს და შეიძინეთ შედარებით დაბალ ფასში ბევრად უფრო ნაღდი, ქუთაისური ლუდი! კარგია საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი ლუდები, მაგრამ ხარისხით და გემოთი ჩვენი ჯობია!" იხსენებს მსახიობი დათო როინიშვილი

ნაღდი, ქუთაისურად რომ იტყვიან, ფაიზაღი ლუდი იყო, მთელი იმერეთის სიამაყე იყო „აია". თუმცა, 90-იანებში დაბრუნებული „აია" ბაზრიდან მოკლე დროში კვლავ გაუჩინარდა.

ჩვენი ბიზნეს ჯგუფის ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც იქნება საუკეთესო და რომლითაც იამაყებს ქართველი ხალხი. ამ იდეით გაერთიანებულებმა, 1991 წელს, შევქმენით ბიზნესჯგუფი, რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღემდე ღირსეულად აგრძელებს დაწყებულ საქმეს.

"ქართული ლუდის კომპანია" 2011 წელს დაარსდა. ეს არის ჯგუფის რიგით მესამე ლუდისა და ლიმონათის საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ავაშენეთ. ქარხანა, შეიძლება ითქვას, ბოლო სიტყვაა ტექნოლოგიების თვალსაზრისით.

„ლუდსახარში ზედაზენი" – ამ ორ სიტყვაში, ფაქტობრივად, მოქცეულია ის, რითაც შეგვიძლია, ქართველებმა ვიამაყოთ: წარსულის პატივისცემა, ქართული ხასიათი, ლიდერობის სურვილი, სიამაყე, ქართული კაპიტალი, უნიკალური წყალი, პროფესიონალიზმი და მომავლის რწმენა.

„ჩვენმა გუნდმა 2 წლის წინ დაიწყო ბრენდის აღდგენაზე მუშაობა, დავიწყეთ ისტორიების მოძიება და საკმაოდ საინტერესო მასალებს მივაგენით. მომხმარებელი აიაზე საუბრობს, როგორც ცოცხალ ორგანიზმზე, ხშირად როგორც ადამიანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრენდი პერსონიფიცირებულია, ხოლო აიას ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივისადმი განწყობები მხოლოდ დადებითია. ბრენდისადმი არსებული ნოსტალგია აჩენს ძლიერ და პოზიტიურ სამომხმარებლო მოლოდინს. გამოკითხულ რესპონდენტთა აზრით, აიას დაბრუნება შეიძლება ჰგავდეს ძველ ნაცნობთან შეხვედრას. ძლიერი ემოციური მემკვიდრეობა, შენარჩუნებული ემოციური მიჯაჭვულობა, პროდუქტისა და ბრენდის მეხსიერება, რეპუტაციული ერთგვაროვნება, უკონკურენტო ატრიბუტი ქართული ლუდების სივრცეში: „ნამდვილი-ნაღდი" ლუდი, ვის თუ არა ჩვენ გუნდს უნდა გაეცოცხლებინა ეს ბრენდი.

ვიცით, რომ მოგენატრათ, ერთად გავაგრძელოთ, ლუდი აია დაბრუნდა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი