You can be on Entrepreneur’s cover!

5 წარმატებული დისტანციური ბიზნესი, რომელმაც თანამედროვე სტარტაპებს გზა გაუკვალა შეგიძლიათ ამ ბიზნესის მოდელების გამეორება და მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

დისტანციური მუშაობა დღითი დღე გაცილებით პოპულარული ხდება, მოკლევადიან პერიოდში − ჯანმრთელობის გლობალური კრიზისის გამო, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში იმის გამო, რომ უკვე ყველა აღიარებს, რამდენად ხელსაყრელია იგი. დისტანციური მუშაობის რეჟიმით, კომპანიებს ფულის დაზოგვა შეუძლიათ, გაცილებით ნიჭიერი თანამშრომლების დაქირავებაც და ისიც, რომ სამუშაოს მაძიებელთა თვალში უფრო მიმზიდველები გამოჩნდნენ. მაგრამ ამ რეჟიმს ნაკლიც აქვს, მათ შორისაა ნაკლებად შეკრული ბრენდი და გაცილებით რთული კომუნიკაცია.

შეშფოთებულ ანტრეპრენერებს და ტრადიციული გუნდის ლიდერებს, რომლებიც სრულ დისტანციურ რეჟიმზე არიან გადასული, ეს ცოტა არ იყოს, აშინებთ. მაგრამ უამრავი კომპანია არსებობს, რომლებმაც სუფთა დისტანციური მოდელის გამოყენებით მიაღწიეს წარმატებას. რამ მიიყვანა ისინი წარმატებამდე? და შეგიძლიათ თუ არა მათი მიდგომის გამეორება საკუთარი ბიზნესის შემთხვევაში?

მოდით, მაგალითისთვის ყველაზე წარმატებულ კომპანიებს გადავხედოთ, რომლებიც სრული დისტანციური (ან თითქმის დისტანციური) რეჟიმით მუშაობდნენ:

Automattic

მთელ მსოფლიოში ყველაზე ხშირად სრული დისტანციური რეჟიმის მქონე კომპანიას ციტირებენ, სახელად Automattic, რომელიც უფრო მეტად Wordpress-ის (ბლოგებისა და ვებსაიტების შესაქმნელი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტი მსოფლიოში) მშობლიური კომპანიის სახითაა ცნობილი. Wordpress, რომელსაც ამჟამად ყველა ვებსაიტის 30 პროცენტი იყენებს, სრულიად ვირტუალურ სამუშაო სივრცეში შეიქმნა. რამ გახადა იგი ასეთი წარმატებული? პასუხის ნაწილი მისი კომუნიკაციის ფილოსოფიაში იმალება. კომპანიების უმრავლესობა, რომლებიც მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადადიან, უშუალო შეხვედრებს ვიდეოკონფერენციებით ცვლიან და უფრო მეტად, ელექტრონულ წერილებსა და მყისიერ ჩატებზე ამყარებენ მთელ იმედს, მაგრამ გარდა ამისა, Automattic კიდევ ერთი ნაბიჯით წინაა. მან მთლიანად განაახლა თავისი საკომუნიკაციო სისტემები მრავალი სხვადასხვა არხით. მათ შორის, სოციალური ქსელებში საზიარო ტიპის ბლოგი კომუნიკაციისთვის. გარდა ამისა, Automattic-ის დახმარებით თანამშრომლები მთლიანად არიან ჩართულნი ურთიერთობებში და ერთმანეთს საერთო საქმეებზე ესაუბრებიან, როგორიცაა სამღებრო სამუშაოები, იოგა სავარძელზე, წიგნების კლუბები, ძაღლების ვირტუალური პარკები და საღამოები ღია მიკროფონით.

InVision

InVision პროდუქტის დიზაინისა და მისი პროტოტიპის შექმნის აპლიკაციაა, რომელსაც სამ მილიონზე მეტი დიზაინერი იყენებს, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი ისაა, რომ კომპანია სადისტრიბუციო გუნდთან ერთად 25 ქვეყანაში მუშაობს. იგი თავის თანამშრომლებში განხორციელებულმა სერიოზულმა ინვესტიციებმა გახადა წარმატებული. InVision თანამშრომლებს სამედიცინო დაზღვევის ყოვლისმომცველ პაკეტს სთავაზობს სატრენაჟორო დარბაზის წევრობასთან ერთად, რომელიც ჯანმრთელობასაც უნარჩუნებს მათ და პლატფორმასაც სთავაზობს ურთიერთობებისთვის. გარდა ამისა, თანამშრომლებს შეუძლიათ დიდი ხელფასებითაც ისარგებლონ, მნიშვნელოვანი დანამატებითაც და შთამბეჭდავი ბიუჯეტითაც მოგზაურობისა და კონფერენციებისთვის.

Buffer

Buffer ინსტრუმენტებს ქმნის, რომელთა საშუალებითაც სოციალური მედიის მართვა გაცილებით ადვილია. ის თავიდანვე დისტანციური რეჟიმით მუშაობდა. საინტერესოა, რა არის მისი წარმატების საიდუმლო? თუ არსებობს ერთი ფაქტორი, რომელიც სხვაზე მეტად უნდა გავითვალისწინოთ, ეს კომპანიის მოქნილობაა. დასაქმებულებს აქვთ შესაძლებლობა, იქ იმუშაონ, სადაც სურთ − ადგილობრივი კაფე იქნება ეს თუ მათი სახლი. გარდა ამისა, თანამშრომლებს შეუძლიათ ავტონომიურად მართონ თავისი პროექტებიც და საკუთარი სამუშაო დროც, რაც მათ საშუალებას აძლევს ისე იმუშაონ, რომ სრულად გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი.

Zapier

Zapier ავტომატიზაციის პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის, კომპანიებს საშუალებას აძლევს ავტომატიზება გაუკეთონ თავიანთ სამუშაო პროცესებს და რამდენიმე აპლიკაცია გააერთიანონ. იგი დაარსების დღიდან, თითქმის 10 წელია, დისტანციური რეჟიმით მუშაობს. მისი ერთ-ერთი საუკეთესო თვისება ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენებაა. თანამედროვე დისტანციური გუნდების უმრავლესობას უკვე ესმის, თუ რამდენად აუცილებელია გარკვეული ინსტრუმენტები, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გარანტიის შესაქმნელად დიდ დისტანციებზე, და რა ძალა აქვს ავტომატიზაციას, უამრავი მცირე, შავი ამოცანების შესრულების ტვირთის შემცირებაში. თვით ინსტრუმენტების შერჩევა, და თუ როგორ გამოიყენებთ მათ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს და მთლიანად განსაზღვრავს თქვენს წარმატებას. Zapier-მა ეს ადრეულ ეტაპზევე გააცნობიერა, და ან შეიძინა, ან კიდევ თვითონ შექმნა ინსტრუმენტების საუკეთესო კომბინაცია თავისი გუნდისთვის.

Mozilla

Mozilla ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც Firefox ბრაუზერის შემქმნელი. იგი დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც ძალზე შთამბეჭდავი ტალანტების მთელი წყება ჰყავს და დიდი ვალდებულება აქვს საკუთარ თავზე აღებული, რომ შესანიშნავი პროდუქტები შექმნას. ამ სიაში მისი შეყვანით ტყუილი გამომდის, რადგან Mozilla-ს თანამშრომლები სრულ დისტანციურ რეჟიმზე არ არიან, მაგრამ ნახევარზე მეტი მისი ისტორიის დიდი პერიოდის განმავლობაში ნამდვილად დისტანციურად მუშაობს. როგორც ამ სიის ბევრი კომპანიის, ისე მის წარმატებაშიც, ბევრმა ფაქტორმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ბრენდის ძირითად ფასეულობებზე აქცენტის გამახვილებაა, მათ შორის გამჭვირვალობაც არის. Mozilla კოორდინაციას უწევს და აერთიანებს თავის გუნდებს, კომპანიის მკაცრი პოლიტიკა აქვს დანერგილი და ყველა თანამშრომლის წახალისებას ცდილობს, რათა ბრენდის ერთი და იგივე კულტურაში იარსებონ და წარმატებას მიაღწიონ.

საუკეთესოებისგან სწავლა

ცხადია, წარმატების მიღწევის სხვა ფაქტორებიც არსებობს, რომელიც აქ არ განგვიხილავს. ამ კომპანიებს შორის ბევრი ტექნოლოგიური კომპანიაა, რის გამო მათ უკეთესად გამოსდით დისტანციურად მუშაობა, ვიდრე, მაგალითად, ფიტნესცენტრს. გარდა ამისა, მათ ძლიერი ბიზნესმოდელები აქვთ, რაც მათ ისედაც წარმატებულს გახდიდა, დამოუკიდებლად იმისა, მათი სამუშაო ძალა მუშაობდა თუ არა დისტანციური რეჟიმით.

მაგრამ თუ ამ დამატებით ფაქტორებს მიღმა გავიხედავთ, დამწყებ ანტრეპრენერს ბევრი გაკვეთილის სწავლა შეუძლია. როდესაც თანამშრომლებს უფრო მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევთ, ანუ ინსტრუმენტებს, რომლებიც აუცილებელია ეფექტური კომუნიკაციისთვის და მათ ერთი და იგივე ბანერის ქვეშ აერთიანებთ, თქვენ საშუალებას აძლევთ, საუკეთესოდ შეასრულონ თავიანთი სამუშაო მაშინაც კი, როდესაც ისინი ჩვეულებრივი ოფისის გარეთ მუშაობენ. ისწავლეთ გაკვეთილები ამ დისტანციური ლიდერებისგან და მათ გამოყენებაზე იფიქრეთ საკუთარ ბიზნესში.