You can be on Entrepreneur’s cover!

ანტრეპრენერები ნარცისისტები ხომ არ არიან? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

21-ე საუკუნემ შრომის ახალ ეპოქას დაუდო სათავე, რომელშიც სულ უფრო ბევრი ადამიანი ტოვებს ტრადიციულ სამსახურს, ან საერთოდ იკავებს თავს მუშაობის დაწყებისგან და თვითდასაქმებას ამჯობინებს. თვითდასაქმების ამ ტენდენციამ ინკუბატორული და აქსელერატორული პროგრამების განვითარება განაპირობა სტარტაპების დასახმარებლად, ახალი ინდუსტრიები ჩამოაყალიბა, როგორიცაა ბოლოდროინდელი მოძრაობა - თანამშრომლობის სივრცე, და ბიზნეს სკოლებსაც უბიძგა მთელი სასწავლო გეგმა შეემუშავებინათ, რომელიც საკუთარი ბიზნესის წამოწყების მსურველებზე იქნებოდა მორგებული.

რით შეიძლება აიხსნას, თვითდასაქმების მიმართ ინტერესის ასე ძალიან გაზრდა? ალბათ, შესაძლოა არც თუ დიდი ხნის წინ რამდენიმე მეტისმეტად წარმატებული ანტრეპრენერის გამოჩენით. მაგალითად, როგორებიც არიან, ჯეფ ბეზოსი, სიუზან ვოიჩიცკი და მარკ ცუკერბერგი, რომლებიც წარმატების სიმბოლოებად იქცნენ. ან იქნებ ეს იმითაა განპირობებული, რომ ბოლო თაობები სულ სხვა ღირებულებებს ანიჭებენ უპირატესობას, ან კიდევ ტექნოლოგიური ძვრებით სამუშაო ადგილას, რაც ადრინდელთან შედარებით ბევრად ამარტივებს თვითდასაქმებას და საკმაოდ დიდ შესაძლებლობებს ქმნის კარიერაში წარმატებების მისაღწევად. სავარაუდოდ, ცოტ- ცოტა ყველაფერი.

მაგრამ სხვა ახსნაც აქვს იმას, თუ რატომ უჩნდებათ ადამიანებს საკუთარი ბიზნესის წამოწყების სურვილი. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, თვითდასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მთავარი ყურადღება ფსიქოლოგიური აშლილობების როლზეა გამახვილებული. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში რამდენიმე ტიპის ფსიქოლოგიური აშლილობა განიხილებოდა, ხშირად მათგან მხოლოდ ერთი მიიჩნევა პოტენციურ ხელშემწყობად თვითდასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და ეს ნარცისული პიროვნული აშლილობაა. ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მიხედვით, ნარცისული პიროვნული აშლილობა წარმოადგენს „საკუთარი გრანდიოზულობის შეგრძნებას (ფანტაზიასა თუ ქცევაში), მოთხოვნილებას, რომ ყველა აღფრთოვანებას გამოხატავდეს და სხვებისადმი თანაგრძნობის არ ქონას, ეს ყველაფერი ადრეული სრულწლოვანებიდან იწყება და სხვადასხვა ფორმით გამოიხატება".

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის თანახმად, ნარცისული პიროვნული აშლილობა შეიძლება პიროვნებას საკუთარი უნარების მაქსიმალურად გამოვლენაში უშლიდეს ხელს, მაგრამ მასთან დაკავშირებული მრავალი თვისება, ფაქტობრივად, ხელს უწყობს თვითდასაქმებას. ყოველივე ამის შემდეგ, საკუთარი ბიზნესის წამოწყება ხშირად თავდაჯერებას, რისკების გამკლავების უნარსა და დამაჯერებელი კონცეფციის ჩამოყალიბების უნარს მოითხოვს - ეს თვისებები ხშირად დიდი დოზით აქვთ ნარცისულ პიროვნებებს. რა კავშირი არსებობს ნარცისიზმსა და თვითდასაქმების სურვილს შორის ? ამ საკითხის დასადგენად მე და ჩემმა კოლეგებმა კვლევა ჩავატარეთ, რომელიც ცოტა ხნის წინ Journal of Business Research -ში გამოქვეყნდა. სტატიის მიზანი იყო ამ საკითხისთვის ნათელის მოფენა. ქვემოთ რამდენიმე ძირითადი დასკვნას გაეცნობით:

1. ნარცისისტები უფრო ხშირად არიან თვითდასაქმებულები, ვიდრე მათი არანარცისისტი კოლეგები

არ აქვს მნიშვნელობა ტრადიციულ სამუშაო გარემოში მუშაობთ, კონტრაქტორი ხართ თუ საკუთარ ბიზნესს იწყებთ, ნებისმიერ შემთხვევაში თქვენს დასაქმებაზე გარკვეულწილად ახდენს გავლენას, თქვენი აზრით, თუ როგორ „ერგებით"გარკვეულ გარემოს. ანუ თუ თქვენ ადამიანების უმრავლესობას გავხართ, ალბათ გიფიქრიათ, გაქვთ თუ არა უნარ ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კარიერაში წარმატების მისაღწევად, და აკმაყოფილებს თუ არა მოცემული სამსახური თქვენს მოთხოვნებს. ეს არის ის, რაც ლიტერატურაშია ცნობილი, ანუ შეესაბამება თუ არა გარკვეული ადამიანი გარკვეულ გარემოს. შეიძლება ეს დაგვეხმაროს ჩვენი კვლევის ერთ-ერთი შედეგის ახსნაში: ნარცისისტები უფრო ხშირად არიან თვითდასაქმებულები, ვიდრე მათი არანარცისისტი კოლეგები.

ნარცისისტებს დიდი ფანტაზიები აქვთ, საკუთარ თავს გრანდიოზულებად მიიჩნევენ, ხშირად ცდილობენ ისეთ ვითარებაში აღმოჩნდნენ, როდესაც გარშემომყოფთა მთელი ყურადღება მათზე იქნება მიპყრობილი და ყველა აღფრთოვანებას გამოხატავს მათ მიმართ. ნარცისისტებისთვის ამგვარი გარემოს შექმნის შესაძლებლობად შეიძლება თვითდასაქმება ჩაითვალოს, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი კარიერა ყველასთვის მიმზიდველია და მასმედიაში მას „სამყაროს შეცვლის" შესაძლებლობად მიიჩნევენ. ნარცისებისთვის თვითდასაქმება სასურველიცაა, რადგან ისინი ზედმეტად თავდაჯერებულები არიან, უპირატესობის გრძნობაც აქვთ და ადვილად მიდიან რისკზე, და ამასთან ერთად, მათ მიაჩნიათ, წარმატების მისაღწევად, ცოდნაც აქვთ და შესაძლებლობებიც. თვისებებისა და სურვილების ასეთი დამთხვევა იმას ნიშნავს, რომ ნარცისისტები ხშირად უარს ამბობენ დასაქმების ტრადიციულ ფორმებზე და თვითდასაქმებას ამჯობინებენ.

2. ნარცისისტი მამაკაცები ქალებზე უფრო მეტად არიან თვითდასაქმებულები

მართალია, შესაძლოა აშკარა იყოს, რომ ნარცისიზმის მქონე პიროვნებები გაცილებით ხშირად არიან თვითდასაქმებულები, ვიდრე მათი არანარცისისტი კოლეგები, მაგრამ საინტერესოა რა როლს ასრულებს ამაში სქესი. ჩვენი შედეგები უჩვენებს, რომ ნარცისისტი მამაკაცები უფრო მეტად არიან თვითდასაქმებულები, ვიდრე ქალები. რით შეიძლება აიხსნას ასეთი გენდერული განსხვავება?

ქალები, როგორც წესი, ანტრეპრენერობის და თვითდასაქმების სფეროში გაცილებით ნაკლებ არიან წარმოდგენილები, ზოგიერთი შეფასებით, ქალი ანტრეპრენერების რაოდენობა მამაკაცებთან შედარებით ხშირად ორჯერ ნაკლებიც კია. თვითდასაქმებაში ასეთი მნიშვნელოვანი გენდერული განსხვავების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ქალებს ხშირად სოციალურ სანქციებს უწესებენ, როდესაც ისინი წარმატებით ასრულებენ ტრადიციულად მამაკაცურად მიჩნეულ როლებს. ნარცისიზმის გამოვლენაში გენდერული განსხვავებები ნამდვილად არსებობს და ამის ახსნა იმ უარყოფითი სოციალური შედეგებით შეიძლება, რომლებიც პრობლემებს უქმნით ქალ ანტრეპრენერებს. მაგალითად, კვლევის თანახმად, ნარცისიზმის გამოხატულებებს (მაგალითად, ნდობის გამოვლენას და რისკის საკუთარ თავზე აღება) ქალების შემთხვევაში უფრო ხშირად სდევს თან სოციალური სანქციები, ვიდრე მამაკაცების შემთხვევაში.

რას ნიშნავს ეს ჩვენი კვლევის შედეგებისთვის? შესაძლოა, ნარცისისტი ქალები, რომლებიც ასეთი სოციალურ სანქციების მოლოდინში არიან, მამაკაც კოლეგებთან შედარებით ნაკლებად აცნობიერებენ თუ რამდენად მომგებიანია თვითდასაქმება და ამიტომ უფრო მეტად ტრადიციულ კარიერულ გზებს ირჩევენ. ამრიგად, მართალია, ნარცისისტ მამაკაცებს თვითდასაქმება დიდებისა და სიმდიდრისკენ მიმავალ გზად მიაჩნიათ, მაგრამ ნარცისისტი ქალებისთვის ამგვარი კარიერული გზები ხელსაყრელი სულაც არ არის. ისინი არ ფიქრობენ, რომ იმ ნარცისისტულ მოთხოვნებს დაუკმაყოფილებთ, რომელიც გარემოს მიმართ აქვთ.

3. თვითდასაქმებული ნარცისები ტრადიციულ სამსახურებში დასაქმებულებზე უფრო წარმატებულები არ არიან

დღეს, ძნელი არ არის ბიზნეს გურუებისა და თვითმარქვია ინფლუენსერების მოძებნა, რომლებიც დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ ანტრეპრენერულ სფეროში წარმატების მიღწევის აუცილებელი თვისებები თავდაჯერება, ოპტიმიზმი და საკუთარი თავის სიყვარულიც კია. თუმცა, მართალია აუცილებელია რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გაქვთ წარმატების მისაღწევად თვითდასაქმების სფეროში, მაგრამ საკმარისი პირობა არ არის თვითდასაქმების უაღრესად გაურკვეველ და დინამიურ სფეროში წარმატების მისაღწევად. მაგალითად, ჩვენი კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მართალია ნარცისები დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი აქვთ თვითდასაქმების სფეროში წარმატების მისაღწევად, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილად არ არიან უფრო წარმატებულები (შემოსავლის დონის მიხედვით), ვიდრე ნარცისები, რომლებიც ტრადიციულ სამსახურებში მუშაობენ.

სიმართლე რომ ვთქვათ, ნარცისებს სხვა თვისებებიც აქვთ ბრმა ოპტიმიზმისა და ზედმეტი თავდაჯერებულობის გარდა, რაც ხელს უშლით წარმატებაში თვითდასაქმების სფეროში. მაგალითად, მათ ზედმეტად სარისკო ქცევისკენ აქვთ მიდრეკილება, თუნდაც მათმა საქციელმა ან გადაწყვეტილებამ უარყოფითი შედეგი მოიტანოს. ამ თვისებების გამო ისინი იგნორირებას უკეთებენ უარყოფით ინფორმაციას და მაინც ჯიუტად აგრძელებენ იმავე მიმართულებით სვლას და თან იმაზე მეტხანს, ვიდრე ეს ოპტიმალური იქნებოდა. გარდა ამისა, ისინი როგორც ცნობილია, ექსპლოატაციას უწევენ გარშემომყოფთ და მათ მიმართ აგრესიითაც გამოირჩევიან, რაც დროთა განმავლობაში თავისთავად მიდის იქამდე, რომ ისინი მკაცრებად მიაჩნიათ და ნაკლებად ენდობიან.

საქმე ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მარტივად გაიხსენოთ ნარცისისტული მიდრეკილებების მქონე ბევრი ანტრეპრენერი, რომლებმაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს (მაგალითად, სტივ ჯობსი, მართა სტიუარტი, ილონ მასკი), ისინი, სავარაუდოდ გამონაკლისები არიან. ნარცისებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც პათოლოგიურად აქვთ გამოხატული ეს თვისებები, ძალიან ბევრი უარყოფითი თვისება აქვთ, რამაც საბოლოოდ შეიძლება დადებითი გადაწონოს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი