IRDA – ტყავის გამორჩეული აქსესუარები ირინა ყორშიასგან

სამეწარმეო სკოლის დახმარებით ზუგდიდელმა მეწარმემ საკუთარი ბიზნესი განავითარა
IRDA – ტყავის გამორჩეული აქსესუარები ირინა ყორშიასგან
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

IRDA − ამ სახელწოდების ბრენდი ირინა ყორშიას ეკუთვნის, რომელიც ბაზარზე 4 წლის წინ გამოჩნდა და ტყავის მასალისგან დამზადებული სხვადასხვა აქსესუარი შემოგვთავაზა. სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდში წარმოებული პროდუქციის შერჩევა და შეძენა მსურველებს ონლაინ შეუძლიათ.

ბრენდს უკვე იცნობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ. IRDA-ს სხვადასხვა სახის ჩანთას, ქალისა და მამაკაცის საფულეს, ქამრებს, პასპორტისა და ბარათის ჩასადებებს იტალიაში, საბერძნეთსა და გერმანიაში შეხვდებით. მისი პოპულარობის საზღვრები კი მუდმივად ფართოვდება. ბრენდის მიმართ ინტერესსა და მხარდაჭერას განსაკუთრებით ემიგრანტები გამოხატავენ, რომლებიც ერთგული მომხმარებლები ხდებიან და მის პოპულარიზაციას უწყობენ ხელს.

გაზრდილი ინტერესი და მხარდაჭერა კი ირინა ყორშიასთვის კიდევ ერთი მიზეზი და სტიმულია, რომ საქმიანობის მასშტაბების გაფართოებაზე იზრუნოს:

„უკვე 4 წელია, რაც ჩემი ბრენდი საქართველოს ბაზარზე არსებობს და მომხმარებლებს მრავალფეროვანი აქსესუარებით ანებივრებს. ბრენდის სახელწოდება ჩემი და ჩემი შვილის სახელებისგანაა შექმნილი. პროფესიით დიზაინერი ვარ. გადავწყვიტე სწორედ ჩემი პროფესიით მემუშავა და თანაც საკუთარი ბიზნესი მქონოდა. ორი წლის განმავლობაში სხვა ტექნიკაზე ვმუშაობდი, შემდეგ კი ტყავზე გადავინაცვლე. დღესდღეობით მაქვს ჩემი სახელოსნო და დიდი სამომავლო გეგმები. თავდაპირველად პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე ვახდენდი, თუმცა მინდოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავსულიყავი და ნამუშევრები უცხოელებისთვისაც გამეცნო. ამ ყველაფერში სამეწარმეო სკოლა მნიშვნელოვნად დამეხმარა. სამეწარმეო სკოლის დამთავრების შემდეგ, მენტორობის პროგრამით ვისარგებლე. გლობალურ პლატფორმა Etsy-ზე კი გავხსენი მაღაზია, სადაც ჩემი ხელნაკეთი აქსესუარები განვათავსე. იმედი მაქვს, გაყიდვების კარგი მაჩვენებლებიც მალე მექნება“.

სამეწარმეო სკოლის გავლის შემდეგ, დაიბადა გაფართოების იდეაც და ახალი ბაზრების ათვისების პარალელურად, ირინამ გადაწყვიტა აქსესუარების ხასიათის გამრავალფეროვნებაზეც იზრუნოს. იმისათვის, რომ ტყავის ნამუშევრების ზედაპირზე პერსონალური წარწერების დატანა და მომხმარებლებისთვის ემოციურად კიდევ უფრო ძვირფასი აქსესუარების შექმნა შეძლოს, სპეციალური ლაზერული ჭრის დანადგარი სჭირდება. მომატებული მოთხოვნისთვის სათანადო მიწოდების უზრუნველსაყოფად კი, მალე IRDA-ს გუნდის გაზრდაც დასჭირდება, რომლის ახალ წევრებს ირინა ტყავზე მუშაობის ტექნიკას შეასწავლის. ახალი გუნდური ძალისხმევით კი ბაზარს IRDA ხარისხიან, ტრენდულ და მრავალფეროვან აქსესუარებს ჰპირდება.

სტატია შექმნილია პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის − ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის − ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Latest on Entrepreneur