ბიძინა ივანიშვილი: ჩვენს ტურისტულ პროექტებში მოგებისა და მაღალი რენტაბელობის ამოცანები საერთოდ არ არის დასახული ან მეორეხარისხოვნადაა მიჩნეული

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენს ტურისტულ პროექტებში მოგებისა და მაღალი რენტაბელობის ამოცანები საერთოდ არ არის დასახული ან მეორეხარისხოვნადაა მიჩნეული
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიძინა ივანიშვილი: ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ სამეწარმეო საქმიანობის საბოლოო მიზანი − მოგებაა. ბიზნესის თვალსაზრისით, ის ინვესტიცია მიიჩნევა ეფექტურად, რომელიც მაღალი რენტაბელობით გამოირჩევა და თუ რენტაბელობა მოკლე დროში იქნა მიღწეული, ინვესტიციის ეფექტურობის მაჩვენებელი საგრძნობლად იზრდება. ასეთია ბიზნესის შეფასების კრიტერიუმები. ჩვენს ტურისტულ პროექტებში კი, ეს ორივე კომპონენტი − მოგებისა და მაღალი რენტაბელობის ამოცანები, საერთოდ არ არის დასახული ან მეორეხარისხოვნადაა მიჩნეული. მოგებაზე გასვლის ვადაც ხომ რენტაბელობის ერთ-ერთი მდგენელია. სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა ცალკე სტრუქტურად ტურიზმის განვითარების ფონდი, რომელსაც თანაინვესტირების ფონდის სხვა პროექტებისგან განსხვავებით, უშუალოდ ჩვენი ოჯახი უწევს კოორდინირებას. მოგეხსენებათ, თანაინვესტირების ფონდს, რომელსაც სრულად ჩვენი ოჯახი აფინანსებს, ეფექტური მენეჯმენტი მართავს და ეს ფონდი, თავისი კუთხით, ძალიან სასარგებლო საქმიანობას ეწევა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, რაზეც აქ დეტალურად არ შევჩერდები, მაგრამ მას, ძირითადად, სხვა სპეციფიკა აქვს და ბიზნესის უნივერსალური კრიტერიუმებით დასაბუთებულ პროექტებს ეხმარება. ტურიზმის ფონდის პროექტები კი, სოციალურად ორიენტირებული და დაბალრენტაბელურია, რაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა თანაინვესტრების ფონდის მენეჯმენტს და ამიტომ გამოვაცალკევეთ. სხვათა შორის, ტურიზმის ცალკე მიმართულებად გამოყოფის იდეა ჩემს მეუღლეს, ეკას ეკუთვნის და დრომ აჩვენა, რომ ეს ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო.

ავიღოთ, თუნდაც, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“. თუ მას განყენებულად, ცალკე ბიზნესპროექტად განვიხილავთ და ზემოხსენებული უნივერსალური კრიტერიუმებით შევაფასებთ, პროექტი აპრიორი წამგებიანია. ამ სფეროს სპეციალისტები დამეთანხმებიან, რომ სასტუმრო ბიზნესში ინვესტიციის ოდენობა ერთ ნომერზე გახარჯული თანხით იანგარიშება. ანუ მთლიანი ინვესტიცია იყოფა ნომრების რაოდენობაზე. უმაღლესი კლასის, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს შემთხვევაში, ეს დანახარჯი, ერთ ნომერზე 200-250 ათას დოლარს არ უნდა აღემატებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ობიექტი ვერასდროს გავიდეს მოგებაზე. „პარაგრაფში“ სულ 240 ნომერია, ხოლო ინვესტიციის ოდენობამ უკვე 120 მილიონ დოლარს გადააჭარბა და კიდევ გრძელდება. ელემენტარული არითმეტიკა ცხადყოფს, რომ ერთ ნომერზე გახარჯული თანხა ორმაგად აჭარბებს დადგენილ კრიტერიუმს და 500 ათას დოლარს გასცდა.

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი ინვესტიციები გათვლილია ტურიზმის სფეროში ხარისხიანი ინფრასტრუქტურის და ზოგადად, რეგიონის განვითარებისთვის და არა სწრაფი და, შეძლებისდაგვარად, დიდი მოგების მისაღწევად

შესაბამისად, „პარაგრაფის“ საბაზრო ფასი, მასში ჩადებული ინვესტიციის ნახევარი, ანუ 60 მილიონი დოლარია და შესაძლოა, ამ ფასადაც ვერ გაიყიდოს. ოჯახში ვიხუმრეთ კიდეც, ჩვენს საკუთარ სახსრებს რომ არ ვხარჯავდეთ და სხვის ფულს ვმართავდეთ, დიდ შარში გავეხვეოდითო. პროექტი გააძვირა იმ არაორდინარულმა ექსკლუზივებმა, რომელსაც „პარაგრაფი“ სთავაზობს და მომავალშიც შესთავაზებს დამსვენებლებს და რომლებშიც ჩვეულებრივი ინვესტორი ფულს არ დააბანდებდა. მაშინ რატომ ვაკეთებთ ჩვენ? ამ კითხვაზე რომ შინაარსიანად ვუპასუხოთ, ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ. იმისათვის, რომ ჩვენი ზღვისპირეთი კონკურენტუნარიანი გახდეს, გადასაჭრელია ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანა − ტურისტული სეზონი არ უნდა შემოიფარგლოს ზაფხულის თვეებით (სასურველია 5-6 თვეს მიაღწიოს) და მიმზიდველი გახდეს მაღალი მხარჯველობითუნარიანი ტურისტებისთვის. ამ ორი მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ ტურისტებს შევთავაზებთ უმაღლესი კლასის, ექსკლუზიურ სერვისებს სასტუმროს შიგნით და მრავალფეროვან, კარგად განვითარებულ გასართობ და საექსკურსიო ინფრასტრუქტურას სასტუმროს გარეთ. ისეთს და ისეთი ხარისხისას, როგორსაც ვერ სთავაზობენ რეგიონული კონკურენტები. ამიტომ გადააჭარბა ორმაგად „პარაგრაფში“ დაბანდებულმა ინვესტიციამ დადგენილ კრიტერიუმს. ზამთრის ბაღი, გრანდიოზული აკვარიუმი, ხელოვნურად გამთბარი ზღვის წყლის დიდი აუზი, მშენებარე სოლარიუმი და სხვა ექსკლუზივები, რომლებიც უკვე აქვს ან დაგეგმილია და აუცილებლად დაემატება „პარაგრაფს“, სწორედ იმ მიზნით კეთდება, რომ სეზონი გახანგრძლივდეს და სხვაგან არ გავუშვათ პოტენციური ტურისტი. ამ ფარგლებში, ვფიქრობთ მაღალი ხარისხის სპორტკომპლექსის მშენებლობაზეც „პარაგრაფსა“ და „ბლექ სი არენას“ შორის ტერიტორიაზე, რათა შევძლოთ უცხო ქვეყნების ეროვნული ნაკრებებისა და კლუბების ზამთრის „შეკრებების“ მასპინძლობა. ზოგადად, მაღალი გადამხდელუნარიანობის ტურისტს, რომელიც ორჯერ და სამჯერ მეტ ფულს დახარჯავს ქვეყანაში (და არა მხოლოდ სასტუმროში), რაც კარგი სტიმულია მთლიანი ეკონომიკისთვის, ძირითადად ხარისხი და სახელი იზიდავს, და „პარაგრაფმა“ ამ მხრივაც მიაღწია წარმატებას. მოგეხსენებათ, წელს, „პარაგრაფი“ მსოფლიოში უდიდეს ბრენდ „მარიოტის“ სასტუმროთა შორის ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი ზღვისპირეთის კონკურენტუნარიანობა და მიმზიდველობა. შესაბამისად, რომ შევაჯამოთ, ჩვენი ინვესტიციები ამ მიმართულებით გათვლილია ტურიზმის სფეროში ხარისხიანი ინფრასტრუქტურის და ზოგადად, რეგიონის განვითარებისთვის და არა ორდინარული ბიზნესამოცანის − სწრაფი და, შეძლებისდაგვარად, დიდი მოგების მისაღწევად, რაც ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა ნებისმიერი სხვა ინვესტორისთვის, მაგრამ ვინაიდან ჩვენს ოჯახს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ფართო ჭრილში დაინახოს გარკვეული პრობლემები და აქვს სურვილი, დაეხმაროს ქვეყანას მათ გადაჭრაში, თავს უფლებას ვაძლევთ, ამოცანები ამ ჭრილში დავინახოთ და დავგეგმოთ. 

Latest on Entrepreneur