ჩვენ მოვახერხეთ და დავრჩით ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სტაბილურ დამსაქმებლად ქვეყანაში

ნათია ზუბიაშვილი, AVON
ჩვენ მოვახერხეთ და დავრჩით ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სტაბილურ დამსაქმებლად ქვეყანაში
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
4 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში ახალი ხილი არ არის. წლებია, ქართული ბიზნესის უფრო მეტი და მეტი წარმომადგენელი ერთვება სხვადასხვა კამპანიაში, რომელიც ამა თუ იმ სოციალური პრობლემის გადაწყვეტას ისახავს მიზნად. ზოგისთვის ეს უკვე იქცა საკუთარი ბრენდის განუყოფელ შემადგენელ ნაწილად, ზოგი კი მხოლოდ ახლა იწყებს ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმას. ENTREPRENEUR Avon-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ნათია ზუბიაშვილს დაუკავშირდა და სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით საკუთარი გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების მკითხველისთვის გაზიარება სთხოვა.

თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნეს და სოციალური გარემოს გაუმჯობესებისთვის?

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა დღეს ბიზნესისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კია, როგორც ნებისმიერი სხვა ბიზნესპროცესი მდგრადი და სტაბილური განვითარებისათვის. ეს ნიშნავს, პასუხისმგებლობით აკეთო საქმე და საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, გაუფრთხილდე უპირველესად ადამიანებს, გარემოს, რომელშიც ოპერირებ და ხელი შეუწყო საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ვფიქრობ, ეს აღარ არის მხოლოდ მარკეტინგული მექანიზმი, რომელიც შენს ბრენდსა და აუდიტორიასთან კომუნიკაციას უფრო ღირებულს ქმნის, ან გამოგარჩევს კონკურენტებისგან.

პანდემიის პირობებში კიდევ უფრო ნათელი გახდა, თუ რამდენად დიდია ბიზნესის როლი არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის, არამედ სოციალური გარემოს გაუმჯობესებისთვისაც. ბოლო ერთმა წელმა ყველას დაგვანახა, თუ რა რეალური ნაბიჯების გადადგმა შეუძლია პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესს იმისთვის, რომ დაეხმაროს საზოგადოებას და მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკა მხოლოდ რეპუტაციის გაუმჯობესებაზე კი არა, რეალურ შედეგებზე იყოს ორიენტირებული. მახარებს ფაქტი, რომ საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია იაზრებს, თუ რამხელა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ერთობლივად, გუნდურად, საზოგადოებასა და ბიზნესს ჩვენ გარშემო არსებული გამოწვევების გადაჭრაში.

რა სახის ღონისძიებებს მიმართავს თქვენი კომპანია CSR-ის მიმართულებით? ერთ-ერთ განხორციელებულ პროექტს ხომ არ გამოარჩევთ?

კომპანია Avon-ისთვის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ ის წარმოადგენს, რომ იყოს პასუხისმგებლიანი ბიზნესი. უპირველესად, კომპანიაში დასაქმებული ადამიანებისთვის შექმნას ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი, თანასწორი გარემო. ასევე, ხელი შეუწყოს ქალების გაძლიერებას და მათი ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას 70-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს გარშემო.

გამოვარჩევ ჩვენს მისიას ძუძუს კიბოს წინააღმდეგ. უკვე ათეული წლებია ვიბრძვით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისთვის ამ ვერაგი დაავადების შესახებ. მოვუწოდებთ ქალებს, რომ ნაადრევი დიაგნოსტირება არის უმნიშვნელოვანესი და ხშირად გადამწყვეტიც კი ამ ბრძოლაში. ჩვენი „ვარდისფერი ლენტის“ პროდუქტების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად ირიცხება ძუძუს კიბოსთან ბრძოლის ფონდში.

რაც ყველაზე მთავარია, 2019 წელს ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოსთან“ და მის პრეზიდენტ ანა მაზანიშვილთან ერთად, გავხსენით „ვარდისფერი სივრცე“ − პირველი ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ცენტრი ონკოპაციენტებისათვის. აქ შეხვდებით საოცრად პოზიტიურ, ღიმილიან, ძლიერ ქალებს, რომლებმაც უკვე დაამარცხეს კიბო და ახლა დიდი გამოცდილებითა და ცოდნით შეიარაღებულნი, მზად არიან დახმარება გაუწიონ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. სივრცეში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია დაავადების შესახებ, და რაც მთავარია, აქ ნახავთ არაერთ საინტერესო აქტივობას, არტთერაპიას, ხატვის, ცეკვისა თუ ინგლისურის კურსებს. რა თქმა უნდა, პაციენტებისთვის ყველაფერი უფასოა და სივრცის კარი ყველასთვის ღიაა.

გამოვარჩევ ასევე ჩვენს მისიას გენდერული ნიშნითა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. Avon-ი გლობალურად წლებია იბრძვის ქალთა უფლებების გაუმჯობესებისთვის, რათა ქალების ხმა მსოფლიოში კიდევ უფრო ხმამაღლა ჟღერდეს. სამწუხაროდ, საქართველოშიც საკმაოდ ცუდი სტატისტიკა გვაქვს ამ მიმართულებით, განსაკუთრებით დამძიმდა სიტუაცია ბოლო წლების განმავლობაში, ამიტომაც ქართული გუნდიც შევუერთდით ამ ინიციატივას და სულ ახლახან გავხსენით ფონდი გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად. კონკრეტული პროდუქტების გაყიდვიდან შემოსულ თანხებს მივმართავთ ისეთი პროექტებისა და კამპანიების დასაფინანსებლად, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპების მსხვრევას, გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.

სიმბოლურია ალბათ ისიც, რომ პირველი პროდუქტი, რომელიც ამ ფონდში თანხების აკუმულირებისთვის გაყიდვაში ჩავუშვით, არის წითელი ტუჩსაცხი, შემდეგი სახელით: „არ გაჩუმდე“ (Speak Out Lipstick). სწორედ ამით დავიწყეთ ჩვენი სოციალური აქტივობა და მომავალში კიდევ უფრო მეტად ავიმაღლებთ ხმას იმ პრობლემებზე სასაუბროდ, რომლებიც საქართველოში ქალებს აწუხებთ.

რა სახის ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი 2021 წელს და მომდევნო წლებში CSR-ის მიმართულებით?

ჩვენს ძირითად CSR-მიმართულებად როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად, კვლავ რჩება ძუძუს კიბოსთან ბრძოლის მისია, გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა.

ჩვენს კალენდარში ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას წარმოადგენს ვარდისფერი ოქტომბერი − ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვე. ამ პერიოდში ყოველთვის მასშტაბური კამპანიით გამოვირჩევით ხოლმე და აუცილებლად 2021-შიც გავაგრძელებთ ამ ტრადიციას, რათა საზოგადოების კიდევ უფრო დიდ ნაწილს მივაწვდინოთ ხმა ნაადრევი დიაგნოსტირების მნიშვნელობის შესახებ.

ასევე გეტყვით იმასაც, რომ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია UNFPA საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ დიდ კამპანიაზე, რომელიც ვფიქრობ, გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ხმაურიანი პროექტი იქნება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში თავის კვალს აუცილებლად დატოვებს.

ასევე, გამოვარჩევდი გარემოსა და ბუნების დაცვის მისიასაც. 2019 წლიდან მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩინეთშიც, სადაც ამას კანონი ავალდებულებს, სრულად შევწყვიტეთ პროდუქტების ცხოველებზე ტესტირება. ვართ საერთაშორისო ორგანიზაცია PETA-ს წევრები, რომელიც ცხოველთა უფლებებისთვის უკვე ათეული წლებია იბრძვის. ჩვენს პროდუქციაში სულ უფრო და უფრო მეტი სრულად გადამუშავებადი შეფუთვა ჩნდება და გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგია, თუ როგორ უნდა გადავიდეთ სრულად ეკომეგობრულ შეფუთვაზე.

ბოლოს კი ვიტყვი იმას, რომ Avon-ისთვის მთავარი არის ადამიანი. ყველა ჩვენი ღირებულება და ფასეულობა იქმნება და იწყება შიგნიდან, იმ გუნდიდან, რომელიც დასაქმებულია კომპანიაში. თითოეული ჩვენი თანამშრომლის კეთილდღეობა ნომერ პირველი პრიორიტეტია, და ვფიქრობ, პანდემიური კრიზისის დროს ეს კიდევ ერთხელ დავადასტურეთ − არცერთ ადამიანს არ დაუკარგავს სამუშაო ადგილი, პირიქით, ჩვენ მოვახერხეთ და დავრჩით ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სტაბილურ დამსაქმებლად ქვეყანაში. ეს იქნება 2021-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომ ჩვენი თანამშრომლებისა და 20 000-ზე მეტი დასაქმებული ქალისთვის ვიყოთ ფინანსური დამოუკიდებლობისა და წინსვლის გარანტი.

Latest on Entrepreneur