ახალ სამეწარმეო კანონზე BTU-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს

ახალ სამეწარმეო კანონზე BTU-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალი რეგულაციები, მენეჯმენტის ფუნქციების განსაზღვრა, ელექტრონული პორტალი პარტნიორებს შორის ურთიერთობების დასარეგულირებლად, ორგანიზაციული ფორმები - ეს ნაწილია იმ საკითხებისა, რომელზეც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით ჩატარებულ მეწარმეთა შესახებ საქართველოს ახალი კანონის განხილვაზე იმსჯელეს.

ახალ კანონს უახლოეს პერიოდში მიიღებენ. მისი ამოქმედება კი პირველი ნოემბრიდან არის დაგეგმილი. დისკუსიაში მონაწილე საპარლამენტო კომიტეტის წევრების განმარტებით, კანონის საბოლოო მიღებამდე მათთვის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა და სამეწარმეო სფეროს წარმომადგენლების, ისევე როგორც აკადემიური პერსონალის აზრის მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტის მიერ ინიცირებულ დისკუსიაში სწორედ სამეწარმეო საქმიანობის წარმომადგენლები და კანონმდებლები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ: პარლამანეტის წევრები, ტექნოლოგიური სტარტაპები, მეწარმეები, ბიზნესასოციაცები, უნივერსიტეტის ტექნოლოგიური პარტნიორები.

პანელური დისკუსიის მოდერატორის,  BTU-ს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის ზვიად გაბისონიას განმარტებით, ახალი კანონი ბევრ მნიშვნელოვან ცვლილებას მოიცავს, რაც დღეს ძალიან საჭიროა. არსებულ კანონს სერიოზული დახვეწა სჭირდება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები და დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია.

„იურიდიული კომიტეტი აპრილის ბოლოს საკომიტეტი მოსმენას გეგმავს. მნიშვნელოვანია, რომ მოსმენაზე ვიმსჯელოთ თითოეულ იმ შენიშვნასა და მოსაზრებაზე ახალი კანონის შესახებ, რაც საზოგადოებაში არსებობს. ჩვენთვის საინტერესოა როგორც იურისტების, ისე ბიზნესის წარმომადგენლების აზრი კანონპროექტზე, რომელიც მალე კანონად იქცევა და რომელმაც ყველა ის პრობლემა უნდა მოაგვაროს, რაც ამ მიმართულებით ამ დრომდე ბიზნესს გააჩნდა. ახალი კანონი ურთიერთობებს ისე დაარეგულირებს, რომ სამეწარმეო სუბიექტებმა გარკვეული ჩარჩოების შიგნით თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდეს რეგულირება, თუ ამას თავად ვერ შეძლებენ. ახალი კანონი მაქსიმალურად პროგრესსა და ეკონომიკურ მოგებაზე იქნება ორიენტირებული.“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დისკუსიაში მონაწილეობდა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი მარიამ ლაშხიც, რომელიც BTU-ს აფილირებული პროფესორიცაა. მან აღნიშნა, რომ ახალი კანონი ამჟამად არსებულ არაერთ გაურკვევლობას მოაგვარებს.

„ორმხრივ შესაძლებლობებს გვთავაზობს ეს შეხვედრა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონის მიღებამდე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მიიღებს ინფორმაციას ცვლილებების შესახებ. მეორე მხრივ, საპარლამენტო კომიტეტი შეხვედრაზე მიღებულ შენიშვნებსა და კომენტარებს გაითვალისწინებს. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მეწარმეობა პრიორიტეტულია, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არსებული კანონის გადახალისება მოხდეს. სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის არსებობს გაურკვევლობები, რაც მოიცავს ინტერესთა კონფლიქტს, კორპორაციულ მმართველობას, ლიკვიდაციას, ქონების გადაცემას და სხვა. სწორედ ამ საკითხებს მოაწესრიგებს ახალი კანონი,“ - განმარტავს მარიამ ლაშხი.

ამჟამად არსებული მეწარმეობის კანონი 1994 წელს მიიღეს და მასში გარკვეული ცვლილებები 2008 წელს შევიდა. სწორედ სიძველიდან გამომდინარე არსებობს კანონში ხარვეზები. ახალ კანონპროექტზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო და ის ევროასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ითვალისწინებს. კანონმდებლების განმარტებით, ახალი კანონი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება ევროინტეგრაციის მიმართულებით.

Latest on Entrepreneur