თხოვნა, ართხოვნა - საკითხავი აი, ეს არის...

რას ასწავლის ანტრეპრენერებს მეფე მიდასის „ოქროს შეხება"?

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„როცა ღმერთებს ადამიანის დასჯა სურთ, ნატვრას აუსრულებენ მას“

ბერძნული მითოსი

entrepreneur.ge

ცხოვრებაში ორი ტიპის ტრაგედია არსებობს: ქონა ან არქონა იმისა, რაც ძალიან გვსურს! 

შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, რა ტრაგედიაზეა საუბარი, როცა ადამიანს ბოლოსდაბოლოს მიეცემა ის, რაც ასე ძალიან სურს... 

ამ საკითხს ფილოსოფიურად თუ შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ „თუ ცხოვრება რაიმეს შეგვპირდა, დანაპირებს არ შეგვისრულებს. ხოლო თუ შეგვისრულებს, მხოლოდ იმისთვის, რომ გვიჩვენოს: რაოდენ არასასურველი ყოფილა ის, რაც გვსურდა!“ (არტურ შოპენჰაუერი).

ნამდვილად სასურველია ყოველივე, რაც ძალიან გვსურს? გიფიქრიათ ამაზე? 

შესაძლოა, სასურველის ასრულება მეტად საზიანო აღმოჩნდეს, ვიდრე მისი აუსრულებლობა! 

მეფე მიდასის ამბავი გავიხსენოთ ბერძნული მითოლოგიიდან:

მეფე მიდასს, რომელსაც დიდძალი ოქრო და სიმდიდრე ჰქონდა, სურდა, კიდევ უფრო მეტი ჰქონოდა. ერთხელ მას ღმერთმა სანუკვარი სურვილი აუსრულა. 

„ოქროდ მიქციე ყველაფერი, რასაც ხელს ვახლებ“, – სთხოვა ღმერთს ხარბმა მიდასმა. 

მას შემდეგ, რაც ღმერთმა თხოვნა შეუსრულა, ყველაფერი, რასაც მეფე ხელს შეახებდა, მართლაც ოქრო ხდებოდა. უხაროდა მეფეს, მაგრამ მისი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა… 

როცა მას სასახლეში დიდებული სუფრა გაუწყვეს, მიდასი ლუკმის პირთან მიტანას ვერ ასწრებდა − საჭმელი მის ხელში უკვე ოქროდ იყო ქცეული. 

„არ შემიძლია ოქროს ჭამა“ – აღმოხდა სასოწარკვეთილ მიდასს. 

მეფემ ფანჯრიდან რომ გაიხედა, ეზოში თავისი ქალიშვილი დაინახა, რომელიც გახარებული გამოიქცა მამასთან ჩასახუტებლად, მაგრამ როგორც კი შეეხო, მეფის უსაყვარლესი ქალიშვილიც ოქროს ქანდაკებად იქცა.

მეფემ ტირილი დაიწყო. ის საშინელ მწუხარებას განიცდიდა და სიცოცხლე აღარ სურდა. მიხვდა, რომ ამქვეყნად ყველაზე უბედური ადამიანი იყო…

მან აღიარა თავისი შეცდომა და პატიება სთხოვა ღმერთს. 

„გთხოვ, დამიბრუნე ჩემი ქალიშვილი. მზად ვარ, მთელი ჩემი სიმდიდრე გავიღო მის დასაბრუნებლად“, – შეევედრა ღმერთს მიდასი.

„მდინარეს სათავემდე აუყევი. იქ წყაროს ნახავ, შიგ განიბანე და განიწმინდები,“ – მიუგო ღმერთმა. 

მეფე ასეც მოიქცა. წყაროში განიბანა ტანი და ოქროს სენისგან განიკურნა. იმ დღიდან მიდასმა სიმდიდრე შეიძულა, მდიდრული სასახლე მიატოვა და გამოქვაბულში გააგრძელა ცხოვრება.

და მაინც, რა გაკვეთილის გამოტანა შეუძლიათ ანტრეპრენერებს მეფე მიდასის ისტორიიდან? რა არის ამ ისტორიის მორალი ანტრეპრენერთათვის და არა მხოლოდ? 

ბევრს ჰგონია, რომ ანტრეპრენერებს მხოლოდ ფული და ქონების მოხვეჭა სურთ. ეს ყველაზე ფართოდ გავრცელებული მითია, რომლის გაქარწყლება თავად ანტრეპრენერებს შეუძლიათ საკუთარი ცხოვრების წესითა და ჯანსაღი ღირებულებებით.

ანტრეპრენერი ფულსა და ქონებაზე არ ოცნებობს. ფული და სიმდიდრის მოხვეჭა მისი მთავარი მოტივაცია არ არის. ფული მისთვის მხოლოდ საშუალებაა სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად. 

ანტრეპრენერს მხოლოდ საკუთარი ძალისხმევის იმედი აქვს!  

ნატვრა და თხოვნა – არის ამაში რაღაც არაანტრეპრენერული...

მთავარი სწორი ღირებულებებია, რომელიც დაგაზღვევს არაჯანსაღი სურვილებისგან. არასწორ, დამახინჯებულ ღირებულებებს კი ტრაგედიამდე შეუძლია ადამიანის მიყვანა. 

ასე რომ, სანამ რაიმეს ინატრებ, კარგად დაფიქრდი. სანამ ითხოვ, კარგად აწონ-დაწონე; სანამ მოინდომებ, კარგად განჭვრიტე – გარგებს თუ განანებს? ემანდ, შენმა გაუმაძღრობამ არ დაგღუპოს... 

დააფასე ის, რაც გაქვს. იყავი მადლიერი. იყავი ბედნიერი.

დაბოლოს, ისევ დიდი გერმანელი ფილოსოფოსის, არტურ შოპენჰაუერის სიტყვებით დავასრულოთ: „ჩვენთა ნდომათა საგნები მიწყივ გვატყუებენ, ირყევიან და იღუპებიან. მათ მწუხარება მეტი მოაქვთ, ვიდრე სიხარული“.