ილონ მასკის Neuralink-ის მიკროჩიპის მეშვეობით, მაიმუნი ვიდეო თამაშს საკუთარი გონების ძალით თამაშობს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ცნობილ ანტრეპრენერ ილონ მასკის მიერ დაარსებულმა კომპანია Neuralink-მა, რომელიც თავის ტვინში „ჩასაშენებელ", ხელოვნური ინტელექტით მართვადი მიკროჩიპების მიმართულებას ავითარებს, გასულ ხუთშაბათს გამოაქვეყნა სენსაციური ვიდეო, სადაც მაკაკა, ამ ტექნოლოგიების დახმარებით, მხოლოდ საკუთარი გონების მეშვეობით თამაშობს კომპიუტერულ თამაშს.

Teslarati.com

მასკი აქამდეც იწონებდა თავს საკუთარი ტექნოლოგიების პრიმატებზე წარმატებული ტესტირებით, თუმცა ასე საჯაროდ, აქამდე არანაირი დამადასტურებელი ფაქტი არ გაუვრცელებია. ჯერ კიდევ 2019 წლის პრეზენტაციაში, მან ახსენა, რომ კომპანია საშუალებას აძლევს მაიმუნებს კომპიუტერი საკუთარი ტვინით აკონტროლონ.

Neuralink-ის ცნობით, მაიმუნს, სახელად „პეიჯერი", სულ რაღაც 6 კვირის წინ დაუმონტაჟეს თავის ტვინის მიკროჩიპი. გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ „პეიჯერი" დასვეს მონიტორთან და მისცეს ჯოისტიკი, რომლის საშუალებითაც იგი კურსორს გაფერადებულ კვადრატებს ამთხვევს, ხოლო მოგების შემთხვევაში, იგი სპეციალური საწრუპის მეშვეობით, ბანანის სმუზით იტკბარუნებს პირს. მიკროჩიპმა დაიმახსოვრა ის ალგორითმი, რომლითაც „პეიჯერი" თამაშობდა და შეუსაბამა ეს ინფორმაცია მისი თავის ტვინის აქტივობას. შემდეგ ჯოისტიკი გათიშეს და მაიმუნი უკვე დისტანციურად, ყოველგვარი ფიზიკური კონტროლერის გარეშე, მხოლოდ საკუთარი გონებით მართავს კურსორს მონიტორზე.

თეორიულად, ამავე ტექნოლოგიით (Neuralink-ის იმპლანტებით) ადამიანებიც შეძლებენ საკუთარი ტვინის იმპულსებით ხელოვნური კიდურები (პროთეზები) მართონ. ილონ მასკი თავის ტვიტერში წერს, რომ Neuralink-ის პირველი პროდუქტი პარალიზებულ ადამიანებს სმარტფონის მართვაში დაეხმარება.

როგორც ნეირომეცნიერების დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, მსგავსი ექსპერიმენტები პრიმატებზე აქამდეც ჩატარებულა. მაგალითად, 2002 წელს, თუმცა ეს შესანიშნავი დასაბუთებაა იმისა, რომ თავის ტვინის იმპულსების მართვა სავსებით რეალური და არც ისე შორეული პერსპექტივის საგანია. მეცნიერთათვის ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ახალი უსადენო მიკროჩიპები არა მარტო უკვე არსებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელების, არამედ ახალი, რევოლუციური აღმოჩენების საშუალებას გვაძლევენ ნეირომეცნიერებების სფეროში, რაც პარალიზებულ ადამიანებს საგრძნობლად გაუმარტივებს ცხოვრებას.

მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ უსადენო ჩიპებმა და Neuralink-ის ტექნოლოგიებმა, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, დაგვანახვეს, რომ მაკაკა საკმაოდ კარგად გრძნობს თავს. ჩიპს არ გამოუწვევია არანაირი ფიზიკური გართულება და ეს იმედის ნაპერწკალია, რომ მომავალში სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებშიც უპრობლემოდ მოხდება მიკროჩიპების იმპლანტირება.