ვეკო დოდაშვილი - CheeseCaker

"ვფიქრობ, იღბალი წარმატების ის ელემენტია, რომელიც ყველა ანტერპრენერის Cherry on top-ს წარმოადგენს."

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur წარმოგიდგენთ თანამედროვე ქალ ანტრეპრენერებს, რომლებიც საკუთარი გაბედულებით, შემართებითა და შეუპოვრობით სხვებსაც აღაფრთოვანებენ და საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობას უმაღლებენ. საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ქალ ანტრეპრენერთა რიცხვი, რაც ძალიან გვახარებს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრ ქალს შესაძლოა უჭირს საკუთარი საქმის დასაწყებად გადაწყვეტილების მიღება. იმედი გვაქვს, წარმატებული ქალების ბიზნესისტორიების, მათი გამოცდილებისა და მომავლის გეგმების გაცნობა ბევრ ქალს გაუჩენს მოტივაციას, თავადაც სცადოს ბედი ბიზნესში და მომავალში უკვე თავად გახდეს მაგალითი სხვა ქალებისთვის.

Entrepreneur Georgia

ვეკო დოდაშვილი

CheeseCaker, დამფუძნებელი

რა მიზეზების გამო მიიღეთ გადაწყვეტილება საკუთარი საქმის დაწყების შესახებ? რატომ გადაწყვიტეთ ანტრეპრენერობა და არა კარიერა კორპორაციულ იერარქიაში?

წლების განმავლობაში რამდენიმე იდეა მქონდა, რომლებსაც ერთი მახასიათებელი აერთიანებდა – ბაზარზე თავისუფალი სივრცე არსებობდა ამ მიმართულებებით და თვითონ ბაზარი ითხოვდა ასეთ ბიზნესებს. ხან ასაკის, ხან გამოცდილების, ხან ფინანსების გამო, და ხან იმის გამოც, რომ ზედმეტად ვუსმენდი კრიტიკულად განწყობილ აზრებს, რომ შესაბამისი ნაბიჯები არ გადავდგი და დავაგვიანე. თუმცა, გამოცდილებიდან უნდა ისწავლოს ადამიანმა და ჩიზქეიქერი ამის შედეგია. ჩიზქეიქი ჩემი საყვარელი დესერტია და ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ საკმარისი არჩევანი არ არსებობდა საქართველოში ჩიზქეიქების მოყვარულებისთვის. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ჩიზქეიქების წარმოება დამეწყო. თუმცა, ბიზნესის მართვიდან და კორპორაციულ საქმიანობაში მრავალწლიანი გამოცდილებიდან ვიცოდი, რომ განსაკუთრებით საკვებთან დაკავშირებული ბიზნესის დაწყება ძალიან რისკიანი იქნებოდა, თუ თავად შეფი არ იქნებოდა ბმაში ამ ბიზნესთან. სწორედ იმ პერიოდში გავიცანი ნინო გუგეშაშვილი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო კონდიტერია და ვესაუბრე ჩემი იდეის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვა და პარტნიორობაზე შევთანხმდით. ამასთან, დეტალური კვლევის შედეგად, გადავწყვიტეთ, რომ საკონდიტრო სფეროში პირველი ონლაინ ბიზნესმოდელი დაგვენერგა და სრულად ონლაინგაყიდვები შევთავაზეთ მომხმარებელს. ეს იყო 2019 წლის ნოემბერში, როცა ჯერ კიდევ შორს იყო ჩვენგან პანდემია, თუმცა წინასწარ განვსაზღვრეთ და უპირატესობა მოვიპოვეთ უკვე პანდემიურ პერიოდში სხვებთან შედარებით იმის გამოც, რომ ონლაინგაყიდვები და მიტანის მომსახურება კარგად აწყობილი გვქონდა.

თქვენი აზრით, ვინ არის ანტრეპრენერი? რა განასხვავებს მას მეწარმე/ბიზნესმენისგან?

ჩემი აზრით, ანტერპრენერი არის ადამიანი, რომელიც ქმნის ინოვაციურ ბიზნესს, ხედავს ბაზრის გამოწვევებს, იმ ადგილებს, რომელიც საჭიროებს ამოვსებას (ვინაიდან არის მოთხოვნა) და აქვს ინოვაციური იდეები როგორც საქონლის, ისე მომსახურებისა და ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით. ანტერპრენერს აქვს განსაკუთრებული ალღო, რომელი ბიზნესი აწარმოოს და როგორ გახადოს ის წარმატებული.

რა კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ემსახურება თქვენი ბიზნესი?

ჩიზქეიქერი, როგორც აღვნიშნე, ონლაინკონცეფციის საკონდიტროა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, უპირველესად, მრავალფეროვანი ჩიზქეიქების არჩევანს, ისევე, როგორც სხვა პრემიუმხარისხის დესერტებს, და ასევე, ჩიზქეიქერი იყო ერთ-ერთი ინოვატორი ბაზარზე, რომელმაც კეტო-დიეტური და დიაბეტური დესერტების წარმოება დაიწყო.

ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენ მიერ ბიზნესის დაწყება, კონკრეტულ დროსა და ვითარებაში, მოითხოვდა გაბედულებას, სიმამაცეს, რაც იმ დროს მხოლოდ თქვენ აღმოგაჩნდათ?

ჩიზქეიქერის, როგორც ბიზნესის, დაწყება ფულადი კაპიტალის გარეშე, მხოლოდ იდეით, საკონდიტრო საქმის ცოდნით და უმნიშვნელოვანესი ძირითადი საშუალებებით დავიწყეთ. მაშინ, როცა საკონდიტრო ბაზარზე საკმაოდ ბევრი და დიდი მოთამაშეები არსებობენ, ნამდვილად მოითხოვდა გაბედულებასა და სიმამაცეს ამ სფეროში საქმიანობის დაწყება, მომხმარებლისთვის ჩვენი თავი ეფექტიანად რომ გაგვეცნო, თან − მხოლოდ ონლაინსივრციდან. თან, ამ ყველაფერს, ბიზნესის დაწყებიდან მესამე თვეს, პანდემიის პერიოდი დაემთხვა. შემცირდა ჩვენი სამიზნე მომხმარებლების შემოსავალიც, თუმცა გამოწვევებს, ვფიქრობ, ძალიან კარგად ვუპასუხეთ, მოვარგეთ ბიზნესი არსებულ რეალობას და პირიქით − ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ბიზნესი გავზარდეთ. ერთი წლის შემდეგ, ერთის მაგივრად 6 კონდიტერი გვყავს და სტაფი გაორმაგებულია, როცა ანალოგიური სიდიდის მსგავსი და სხვა ეკონომიკური საქმიანობის მქონე კომპანიები ბაზრიდან საერთოდ გაქრნენ.

რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?

ჩემი მთავარი მოტივაცია, უპირველეს ყოვლისა, იყო იდეისა და საკუთარი თავის რწმენა. ახლა უკვე ამ ორივეს დაემატა პასუხისმგებლობა ჩვენი მომხმარებლის მიმართ. მით უფრო მაშინ, როცა აშკარა ხდება, რომ ჩიზქეიქერი საკონდიტრო ბიზნესში ტრენდის დამამკვიდრებელი კომპანია ხდება. მსურს ის იყოს თანამედროვე, სოციალური პასუხისმგებლობის მქონე (CSR) საკონდიტრო, სადაც ხალხს მუშაობა უხარია (როგორც ახლა), რომლის ნაწარმიც მომხმარებელს უყვარს (როგორც ახლა) და რომელიც იქნება მისაბაძი, როგორც ბიზნესი, რომელიც გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობს და არ უფრთხის.

მიუძღვის თუ არა თქვენს წარმატებაში წვლილი ბედს, იღბალს, და ზოგადად, როგორ უყურებთ იღბლიანობის ფენომენს?

ვფიქრობ, იღბალი წარმატების ის ელემენტია, რომელიც ყველა ანტერპრენერის Cherry on top-ს წარმოადგენს. დიახ, ვფიქრობ, იღბლიანი ვარ, იმიტომ, რომ შევხვდი ნინოს, მყავს მეგობრები, რომლებიც გვერდით დამიდგნენ და ბიზნესის „დაქოქვაში" უდიდესი წვლილი მიუძღვით, და მყავს ოჯახი, რომელსაც, მგონი, ჩემზე მეტად სჯერა, რომ რასაც მოვინდომებ, ყველაფერი გამომივა.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, წინააღმდეგობა, რომელიც თავიდან გადაუჭრელი გეჩვენებოდათ, მაგრამ მაინც შეძელით გამკლავება?

ყველაზე დიდ გამოწვევას „კოვიდ"-პანდემიის პირობებში 3-თვიანი არსებობის შემდგომ განვითარება და ბიზნესის შენარჩუნება წარმოადგენდა, რომელსაც ფაქტია, ძალიან წარმატებით გავუმკლავდით.

რა გასწავლათ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით დამწყებ ანტრეპრენერებს?

დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ მასწავლა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესში იდეის ავტორისა და დამფუძნებლების აქტიური ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ბიზნესის დაწყებიდან პირველი სამი თვე, საკუთარი ხელით მიგვქონდა თითოეული დესერტი მომხმარებლამდე, თავად ვეკონტაქტებოდით თითოეულ მათგანს, ვიღებდით უკუკავშირს, ყოველი დღე და ღამე იყო ერთმანეთისა და საქმიანობის შეფასებით და ანალიზით დაწყებული და დასრულებული... რჩევის თვალსაზრისით, დამწყებ ანტერპრენერებს ვეტყოდი, რომ თუ სწამთ თავისი იდეის, დანარჩენი ყველაფერი არჩევანზეა დამოკიდებული − ისე, როგორც ყველაფერი ცხოვრებაში. გამბედაობაც, განვითარებაც, რისკიც − ყველაფერი არჩევანია და როცა იდეის სწამთ, არ დაიხიონ უკან, გააკეთონ შესაბამისი არჩევანი.