თამთა ბენაშვილი - შიკოლი

"კმაყოფილი და შოკოლადით გაბედნიერებული მომხმარებელი არის ჩემი მთავარი მოტივაცია."

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur წარმოგიდგენთ თანამედროვე ქალ ანტრეპრენერებს, რომლებიც საკუთარი გაბედულებით, შემართებითა და შეუპოვრობით სხვებსაც აღაფრთოვანებენ და საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობას უმაღლებენ. საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ქალ ანტრეპრენერთა რიცხვი, რაც ძალიან გვახარებს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრ ქალს შესაძლოა უჭირს საკუთარი საქმის დასაწყებად გადაწყვეტილების მიღება. იმედი გვაქვს, წარმატებული ქალების ბიზნესისტორიების, მათი გამოცდილებისა და მომავლის გეგმების გაცნობა ბევრ ქალს გაუჩენს მოტივაციას, თავადაც სცადოს ბედი ბიზნესში და მომავალში უკვე თავად გახდეს მაგალითი სხვა ქალებისთვის.

ლელი ბლაგონრავოვა

თამთა ბენაშვილი

შიკოლი, დამფუძნებელი

რა მიზეზების გამო მიიღეთ გადაწყვეტილება საკუთარი საქმის დაწყების შესახებ? რატომ გადაწყვიტეთ ანტრეპრენერობა და არა კარიერა კორპორაციულ იერარქიაში?

ჩემი პროფესიული საქმიანობა მოიცავს ოცწლიან გამოცდილებას სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციაში ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე მუდამ ვფიქრობდი, უბრალოდ ყოველთვის მინდოდა ყოფილიყო ისეთი რამ, რისი კეთებაც ჩემთვის სასიამოვნო და საინტერესო იქნებოდა.

ჩემი გატაცება კი სრულიად შემთხვევით ვაქციე ბიზნესად როდესაც დავინახე, რომ ჩემ მიერ შექმნილ პროდუქტზე მოთხოვნა გაჩნდა.

თქვენი აზრით, ვინ არის ანტრეპრენერი? რა განასხვავებს მას მეწარმე/ბიზნესმენისგან?

ანტერპრენერი არის ადამიანი რომელიც საწყისი ეტაპიდან იდეას აქცევს რეალობად, ქმნის პროდუქტს, ბრენდს, განსაზღვრავს განვითარების სტრატეგიას, ავითარებს მას და ამავდროულად, სიამოვნებას იღებს ამ საქმიანობით. მეწარმეობა/ბიზნესი ჩემთვის უფრო ასოცირდება ფინანსური მოგების გამო შექმნილ საქმიანობასთან.

რა კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ემსახურება თქვენი ბიზნესი?

ჩემი ბიზნესის შექმნის ძირითადი იდეა და მიზანი იყო ხელნაკეთი შოკოლადის ჩუქების კულტურის დამკვიდრება საქართველოში, რომელსაც ვფიქრობ, „შიკოლი" უკვე წარმატებით ახორციელებს ბოლო 3 წელიწადია.

ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენ მიერ ბიზნესის დაწყება, კონკრეტულ დროსა და ვითარებაში, მოითხოვდა გაბედულებას, სიმამაცეს, რაც იმ დროს მხოლოდ თქვენ აღმოგაჩნდათ?
როდესაც ეს საქმიანობა დავიწყე, ხელნაკეთი შოკოლადი საქართველოს ბაზარზე არ არსებობდა. ვფიქრობ, ჩემი მხრიდან ეს სწორი, დროული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.

რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?

კმაყოფილი და შოკოლადით გაბედნიერებული მომხმარებელი არის ჩემი მთავარი მოტივაცია. არაფერი არ გაძლევს იმაზე მეტ მოტივაციას და სურვილს, აკეთო მეტი და განავითარო, ვიდრე მომხმარებლის პოზიტიური დამოკიდებულება შენ მიერ შექმნილი პროდუქტისა და ბრენდის მიმართ.

მიუძღვის თუ არა თქვენს წარმატებაში წვლილი ბედს, იღბალს, და ზოგადად, როგორ უყურებთ იღბლიანობის ფენომენს?

რაც უფრო მეტს აკეთებ, მეტი შესაძლებლობები ჩნდება. შესაბამისად, გარკვეულ ეტაპზე შეიძლება ისეთი რამ გამოჩნდეს, რაც შეიძლება იღბალს დააბრალო, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ჩემს წარმატებაში წვლილი მაინც საკუთარ შრომისმოყვარეობას, გაბედულობასა და მიზანდასახულობას მიუძღვის.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, წინააღმდეგობა, რომელიც თავიდან გადაუჭრელი გეჩვენებოდათ, მაგრამ მაინც შეძელით გამკლავება?

ყოველთვის გაუმკლავდები სიძნელეს და წინააღმდეგობას, ან მონახავ გამოსავალს, თუ გჯერა და გიყვარს საქმე, რომელიც შენია. ზუსტად კრიზისული სიტუაციების დაძლევის პროცესი გაძლევს ისეთ გამოცდილებას, რომელიც მხოლოდ დადებითად შეგიძლია გამოიყენო სამომავლო განვითარებისთვის.

რა გასწავლათ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით დამწყებ ანტრეპრენერებს?

მთავარია თანმიმდევრულობა, შეცდომებზე სწავლა, გააზრებულად გარისკვა, გაბედულება, თავდაუზოგავი შრომა და აუცილებლად იმ საქმის სიყვარულია, რომელსაც აკეთებთ.