You can be on Entrepreneur’s cover!

მალტის მთავრობა საერთაშორისო ვიზიტორებს 200 ევრომდე თანხას გადაუხდის როგორ პასუხობს პანდემიას მალტა?!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Tourist Agency Malta

მაშინ, როცა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 36% ტურიზმისა და მასთან მომიჯნავე სექტორებიდან მიღებულ შემოსავლებზე იდგა, პანდემიურმა რეალობამ ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შეამცირა. იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდ-19-მა მთელ მსოფლიოში უმკაცრესი შეზღუდვების მიღების აუცილებლობა დღის წესრიგად დააყენა, ბუნებრივია, პოტენციურ ვიზიტორთა საჭიროებებიც და პრიორიტეტებიც შეიცვალა და შვებულების საზღვარგარეთ გატარების სურვილმაც საგრძნობლად იკლო. ამის ფონზე, საქართველო, როგორ უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანა, დროებით თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რამაც არა მარტო სტუმარ-მასპინძლობის დარგს, არამედ მთლიან ეკონომიკას უდიდესი დარტყმა მიაყენა.

პანდემიამ დაგვაყენა გამოწვევების წინაშე, სადაც ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნების ერთადერთ უალტერნატივო გზად ეფექტური ვაქცინაცია მოგვევლინა. ტურიზმის სექტორიც, ისევე, როგორ ეკონომიკის უმეტესი დარგი, იმედის თვალით შესცქერის აცრის ტემპსა და დინამიკას, რათა მიმდინარე ტურისტულ სეზონზე მაინც მოვახერხოთ იმ აქტუალობის დაბრუნება მსოფლიო ბაზარზე, რაც თუნდაც 2019 წელს გვქონდა. პანდემიამ, გარდა საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე დამოკიდებულებისა, მსოფლიოში მომხმარებელთა საზოგადოების პრიორიტეტები და ქცევები რადიკალურად შეცვალა, რასაც ბაზარმა ადეკვატურად უნდა უპასუხოს. მომსახურების სფეროს წინაშე დგას რეალური გამოწვევა, მომხმარებელთა მოზიდვისა და რესურსების ეფექტური განაწილების სახით.

საინტერესოა, როგორ პასუხობს ამ გამოწვევას ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა, ე.წ. „ჯუჯა" სახელმწიფო − მალტა, რომლის ეკონომიკის ლოკომოტივი ტურიზმია და რომელიც, ისევე, როგორც საქართველო, გამოირჩევა ღირსშესანიშნაობებითა და ტურისტულად მიმზიდველი ალაგებით.

მალტის ტურიზმის მინისტრმა, კლეიტონ ბარტოლომ განაცხადა, რომ სახელმწიფო 200 ევრომდე გადაუხდის ყველა საერთაშორისო ტურისტს, ვინც მალტაში, სულ მცირე 2 ღამეს მაინც დაყოფს.

SchengenVisaInfo.com-ის ცნობით, მალტის მთავრობა ამ ღონისძიებით დაეხმარება კორონავირუსით გამოწვეული პანდემიით დაზარალებულ ტურიზმის სექტორს, რომელიც გასული წლის მარტიდან მოყოლებული, სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამ განცხადებას წინ უძღოდა მთავრობის მიერ დაანონსებული შეზღუდვების შემსუბუქების პაკეტი, რომელიც კუნძულებზე 1 ივნისიდან ამოქმედდება და დამატებითი ამოსუნთქვის შესაძლებლობას მისცემს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას.

მალტის მონახულების მსურველ ვიზიტორს, სულ მცირე ორი ღამით, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს დაჯავშნისას 150 ევროს, 3-ვარსკვლავიანის შემთხვევაში − 100 ევროს, ხოლო კუნძულ გოზოზე შვებულების გატარების სანაცვლოდ, დამატებით 10%-ანი სუბსიდიით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

საკუთარი თამამი ნაბიჯით, მალტის მთავრობა ცდილობს კონკურენტული უპირატესობა შეუქმნას ადგილობრივ სასტუმროებს, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ამ გზით, მიმდინარე წელს მალტა დამატებით 350 000 ვიზიტორის მოზიდვას გეგმას, რაც გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ეკონომიკის 27%-ს ტურიზმი შეადგენს.

2019 წელს მალტამ 2,7 მილიონი ტურისტი მიიღო ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა პანდემიის დასაწყისიდან მოყოლებული, ეს რიცხვი 80%-ით შემცირდა.

ამ დროისთვის მალტის ზრდასრული მოსახლეობის 42% უკვე აცრილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, რაც ევროკავშირში საუკეთესო მაჩვენებელია.

გარდა ამისა, მალტის საერთაშორისო აეროპორტმა განაცხადა, რომ ბრიტანული ავიაკომპანია Jet2 ზაფხულისთვის რეგულარული ფრენების აღდგენას გეგმავს.

ავიაკომპანია ფრენებს მალტის მიმართულებით ნიუკასლიდან, ბირმინგემიდან, მანჩესტერიდან, გლაზგოდან და ლიდსიდან განაახლებს, თუმცა ყველაფერი მაინც კორონავირუსსა და იმ დროისთვის არსებულ დინამიკაზეა დამოკიდებული.

მალტის საერთაშორისო აეროპორტის ხელმძღვანელობა იმედს იტოვებს, რომ მალტა, ბრიტანეთის, როგორც ტურისტულ ბაზარზე უმნიშვნელოვანესი პარტნიორის, ე.წ. „მწვანე ზონის" ქვეყნების რიცხვში მოხვდება და ტურისტებს მოგზაურობის საშუალება გაუჩნდებათ.

მალტა მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიისგან დაზარალებულ ქვეყნებს შორის 115-ე ადგილს იკავებს. Worldometer-ის ცნობით, ამ დროისთვის, იქ კორონავირუსის 29 720 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 28 756 სრულად გამოჯანმრთელდა, ხოლო 403 ადამიანი გარდაიცვალა.

მალტა ნათელი მაგალითია იმისა, რომ პრიორიტეტების სწორი განაწილება, ბიზნესთან ეფექტური კომუნიკაცია და თანმიმდევრულობა, პანდემიის პირობებშიც კი, მომავალი წარმატებისა და შესაძლებლობებად გარდაქმნის საწინდარი იქნება.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"