You can be on Entrepreneur’s cover!

მარხვა პროდუქტიულობის გასაზრდელად TWITTER-ის დამფუძნებელ ჯეკ დორსის რუტინა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Twitter

Twitter-ისა და Square-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეკ დორსიმ Product Hunt AMA-ზე გააზიარა თავისი ყოველდღიური ჩვევები. მან დაწვრილებით აღწერა თავისი დღის რუტინა, რომ დაახლოებით დილის 5 საათზე იღვიძებს და დღეში 30 წუთს მედიტირებს. მართალია, მედიტაცია უფრო მეტად თქვენი ფსიქიკური და ემოციური ჯანმრთელობისთვისაა კარგი, ვიდრე თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, მაგრამ იგი ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლო შენაძენი იქნება თქვენი დღის რუტინისთვის. მედიტაცია გონების გაწმენდაში გეხმარებათ და შესაბამისად, ბუნებრივია, რომ უფრო ეფექტურად შეძლებთ ფოკუსირებას მთელი დღის განმავლობაში. ის სტრესსა და შფოთვასაც ამცირებს.

„ადამიანები ფიქრობენ, რომ წარმატება იმას ნიშნავს, ილონ მასკივით დღეში 20 საათი იმუშაო. ეს სისულელეა", − ამბობს დორსი.

მისი აზრით, უკვე მოძველებულია იდეა, რომ ანტრეპრენერებმა წარმატების მისაღწევად მთელი ღამის განმავლობაში უნდა იმუშაონ და დასვენების დღე არასოდეს ჰქონდეთ. „სინამდვილეში, ამგვარი დამოკიდებულება ხშირად პროფესიულ გადაწვას იწვევს", − განაცხადა დორსიმ პოდკასტ Boardroom: Out of Office Podcast-ის ბოლო ეპიზოდში.

„რაიმე საკითხზე მუშაობისას, მირჩევნია ყოველი საათი ან ყოველი წუთი გავხადო რაც შეიძლება მნიშვნელოვანი, და არა საათები და წუთები გავზარდო მაქსიმალურად", − განაცხადა დორსიმ, − „ეს იმიტომ, რომ ახლახან მივხვდი, დროის გაზრდა ხარისხს მაკარგვინებდა".

ბევრი ფიქრობს, რომ „წარმატება დღეში 20-საათიან მუშაობას და ოთხსაათიან ძილს ნიშნავს, მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც წამიკითხავს, ილონ მასკი ასე აკეთებს", − განაცხადა დორსიმ. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს „სისულელეა" (ილონ მასკმა განაცხადა, რომ ის კვირაში ზოგჯერ 80-დან 90 საათამდე მუშაობს, ხოლო კვირაში დაახლოებით 120 საათამდე მუშაობას მან „სიგიჟე" უწოდა).

დორსიმ მოახერხა და თვითანალიზიც შეიტანა თავის დღის რუტინაში, რათა მაქსიმალურად გამოეყენებინა დრო, რომელსაც მუშაობაში ატარებდა.

ვიდრე Twitter-ისა და Square-ის თანამშრომლები Covid-19-ის გამო შინიდან დაიწყებდნენ მუშაობას, დორსისთვის ჩვეულებრივი დღე დილის 5 საათზე, მედიტაციით იწყებოდა.

შემდეგ დორსი ყავას სვამდა და ფეხით მიდიოდა სამსახურში. რვა კილომეტრს გადიოდა, რასაც საათსა და 20 წუთს ანდომებდა. მისი თქმით, გზად ის ჩვეულებრივ პოდკასტებს ან აუდიოწიგნებს უსმენდა, „რომ რაღაც ესწავლა".

დორსი ამბობს, რომ სამუშაო დღის დაწყებისთანავე ცდილობდა ყურადღება სხვა არაფერზე გადაეტანა. „ამ შემთხვევაში, მე უბრალოდ ბევრად მეტის გაკეთებას ვასწრებ. დრო ნამდვილად ნელა გადის და ერთი საათი სამად მეჩვენება", − თქვა მან, − „თქვენ თვითონ შეგიძლიათ საკუთარი დრო უფრო მოქნილი გახადოთ, თუ ნამდვილად გესმით, როგორ უნდა გაამახვილოთ სამუშაოზე ყურადღება".

დორსი მთელ თავის დღეს ორად ყოფს, რომ ორივე კომპანიას დაუთმოს საკმარისი დრო: დილით Twitter, შუადღისას და საღამოს − Square. როგორც მან თქვა, ჩვეულებრივი დღის ბოლოს, შინ მიდიოდა, სადილს ამზადებდა და ისვენებდა.

მიუხედავად იმისა, რომ დორსის ზოგიერთი ჩვევა ჩვეულებრივ ადამიანს შესაძლოა ძალიან არაბუნებრივი მოეჩვენოს, დღის ბოლოს ის ერთ მნიშვნელოვან შეკითხვას უსვამს საკუთარ თავს, რომლის შესახებაც ხშირად დღიურში წერს. „რა ვისწავლე დღეს?"

ჯეკ დორსის შემდეგი სიტყვების სჯერა:

თქვენ ახლა უნდა დაიწყოთ, აქ დაიწყეთ, მარტივად დაიწყეთ".

რეზიუმე

დილის რუტინა

დილის 05:30: გაღვიძება

05:31-06:00: ცივი შხაპი

06:00-06:30: მედიტაცია

კვება:

ორშაბათი-ხუთშაბათი: პირველი კვება საღამოს 06:30-დან 21:00 საათამდე (საუზმისა და მეორე საუზმის გამოტოვება). კვების ასეთი რეჟიმი მას ფოკუსირებაში ეხმარება. მისი საკვები ძირითადად მხოლოდ ცილოვანია (გრილზე შემწვარი ქათამი და ბოსტნეული). შაქარს, მხოლოდ კენკროვანებისა და წითელი ღვინის სახით იღებს.

პარასკევი-კვირა: შიმშილობა (მხოლოდ წყალს სვამს)

საოფისე რუტინა:

ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი: Twitter-ის სათავო ოფისში მიდის, დასადგომ სამუშაო მაგიდასთან მუშაობს, ინფრაწითელი ნათურა აქვს, რომელიც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება (უჯრედების რეგენერაცია და დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი).

ოფისამდე 8 კილომეტრს გადის ფეხით, რასაც დაახლოებით საათი და 21 წუთი სჭირდება.

სამშაბათი, პარასკევი: მუშაობა შინიდან

დღის ბოლო:

07:00-07:07: მედიტაცია

07:10-07:30: საუნა (ცხელ ოთახში შედის, რომელშიც ტემპერატურა +125°C-ია. შემდეგ ყინულის აბაზანას (-35°C) იღებს. ამ პროცედურებს 3-ჯერ იმეორებს. სვამს დაახლოებით 800 მლ ჩვეულებრივ ან ლიმონითა და ჰიმალაის მარილით გაზავებულ წყალს).

07:30-08:30: მედიტაცია

08:30-09:00: სადილი

09:00-09:45: დღიურის წერა

09:45-10:00: მომდევნო დღეს გასაკეთებელი საქმეების სიის შედგენა

10:01: დაძინება

დასვენების დღეები:

დილის 04:00-09:00: მედიტაცია

დორსიმ განაცხადა, რომ დამატებითმა სტრესმა მის ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესი გახადა და ის მადლიერია, რომ ეს შეძლო.

თუ ამ ცხოვრებაში რაღაცის თქმა ნამდვილად შეიძლება, ის არის, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი მეორდება. ის, რაც დღეს ჩვენთვის ახალია და საოცრებად გვეჩვენება, დიდი ხნის წინაა გამოგონებული და არც საკვების მიღებისგან მთლიანად ან ნაწილობრივ თავის შეკავების ფაქტია გამონაკლისი. კაცობრიობის ისტორიაში მარხვის პრაქტიკა მრავალ ცივილიზაციაში არსებობს, ზოგიერთი მას სულიერი გასხივოსნებისთვის იყენებს, ზოგიერთი − თვითდისციპლინისთვის, ზოგიერთი − რელიგიური მიზეზების ან სამედიცინო მოსაზრებებით და პოლიტიკური მიზნებისთვისაც კი.

თუმცა, როგორც ჩანს, სილიკონის ველზე ახალი ტიპის მარხვა ხდება პოპულარული, რომლის მიზანი პროდუქტიულობის გაუმჯობესებაა და არა წონის დაკლება, ღვთის თაყვანისცემა ან რაიმე უფლებების მოთხოვნა. მას „ხანმოკლე მარხვას" უწოდებენ, რომელიც დღის კონკრეტულ მონაკვეთში კვებას და დანარჩენ დროს მხოლოდ წყლის ან ისეთი სითხის დალევას გულისხმობს, რომელიც კალორიული არ არის.

ყველაზე გავრცელებული მოდელი ხანმოკლე შიმშილობაა − 8/16, რაც დღეში 16-საათიან შიმშილობას და დარჩენილი 8 საათის განმავლობაში ჭამას ნიშნავს (ამ რვა საათის განმავლობაში ორჯერ ჭამა და შუალედში წახემსება). ეს ჩვეულებრივ, საუზმის გამოტოვებაა და სადილსა და ვახშამზე ყველა საკვები ნივთიერების მიღება. ამასთან, ხანმოკლე შიმშილობის სხვა, მეტნაკლებად მკაცრი ფორმებიც არსებობს.

ჯეკ დორსი ამბობს, რომ ამ ტიპის შიმშილობაზე ექსპერიმენტებს ატარებს. ამასთან, როგორც ჩანს, მან უფრო ექსტრემალური მოდელი აირჩია: 22 საათის განმავლობაში არ ჭამს და მთელ საკვებ ნივთიერებებს დღეში მხოლოდ ერთ ჯერზე იღებს (სადილის დროს), დანარჩენ დროს − წყალს სვამს. თავის ტვიტში მან ისიც კი თქვა, რომ ზოგჯერ მთელი სამი დღეც კი არ უჭამია, მხოლოდ წყალს სვამდა და შეამჩნია, რამდენად უფრო გრძელი გახდა მისი დღე, როდესაც კვებისთვის შესვენებებს არ აკეთებდა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის ანტრეპრენერული გზა

გაეცანით Alibaba-ს დამფუძნებლის ბიზნეს ისტორიას!

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია