"სიმფოლიუმი" - მარიამ ჯაფარიძე

"ანტრეპრენერობა ადვილი არაა. მთავარია, საქმე არ უნდა გადადოთ, დაისახეთ ყოველდღიური გეგმები."
"სიმფოლიუმი" - მარიამ ჯაფარიძე
ფოტო: სიმფოლიუმი

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
4 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„საქართველოს ბანკი“ უკვე წლებია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ქალთა ბიზნესსაქმიანობას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას, რათა მათ შეძლონ ბიზნესის წამოწყება, ახალი მიმართულებების დანერგვა ან არსებული საქმიანობის გაფართოება. ამისათვის „საქართველოს ბანკი“ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და ბიზნესში ქალთა აქტიურ ჩართულობას როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ამჯერად Entrepreneur-ი იმ ქალბატონებს გაგაცნობთ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და საკუთარ ბიზნესსაქმიანობას მუდმივად ავითარებენ. ამ პროცესში კი მათ სანდო პარტნიორს სწორედ „საქართველოს ბანკი“ წარმოადგენს. მკითხველს ისინი თავად უყვებიან, თუ რას ემსახურება მათი ბიზნესი, რა გამოწვევების წინაშე დგანან ამჟამად და როგორ უმკლავდებიან მიზნებისკენ მიმავალ გზაზე შემხვედრ სირთულეებს.

მარიამ ჯაფარიძე
„სიმფოლიუმი“ / თანადამფუძნებელი

ჩვენ შევქმენით ინოვაციური პროგრამა, რომელსაც არქიტექტურული ვიზუალიზაციის დარგში სამუშაოს 40%-ის ავტომატიზაცია შეუძლია. პროგრამას მხოლოდ ნახაზისა და სასურველი პარამეტრების მიწოდება სჭირდება, ამ ნახაზისგან კი შეუძლია შექმნას რეალისტური 3D-მოდელი ლანდშაფტით, გზებით, ტროტუარებითა და გზის სხვა მრავალი ელემენტით. ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, მხოლოდ ამ ნახაზის ჩასწორებაა საჭირო, ახალი მოდელი კი ავტომატურად გამოითვლება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. პროგრამა უკვე გამოიყენება მსოფლიოს მრავალ არქიტექტურული ვიზუალიზაციის სტუდიაში და მისი დახმარებით პროფესიონალებს წარმოუდგენლად უადვილდებათ სამუშაო პროცესი. ჩვენი ძირითადი სამიზნე აუდიტორია არქიტექტურული ვიზუალიზაციის სტუდიებია აშშ-ში, კანადასა და ევროპის ქვეყნებში. ასევე, ამ პროგრამას ეფექტურად იყენებენ ფრილანსერები და არქიტექტურული კომპანიები.

არქიტექტურული ვიზუალიზაციის ინდუსტრია, რომელიც საკმაოდ სწრაფად ვითარდება, არქიტექტურული პროექტის რეალისტურად წარმოჩენას ემსახურება. მაგალითად, მარკეტინგული მიზნებისთვის. კომპლექსური ურბანული სივრცის 3D-მოდელირება კი საკმაოდ შრომატევადი პროცესია და პროფესიონალიზმის მაღალ დონეს მოითხოვს. ამასთანავე, ძალიან ხშირად დამკვეთები ითხოვენ ძირეულ ცვლილებებს, რაზეც უზარმაზარი დრო, ფული და ენერგია იხარჯება. აქამდე არ არსებობდა ხელსაწყო, რომელიც ურბანული მოდელირების რუტინული სამუშაოს ავტომატიზაციას შეძლებდა და თანაც, უფრო მაღალხარისხიანი შედეგით.

„სიმფოლიუმის“ დამფუძნებლები და-ძმა ვართ. ჩემი ძმა − სანდრო ჯაფარიძე 10 წელზე მეტი მუშაობდა კანადაში არქიტექტურული ვიზუალიზაციის სფეროში 3D-სპეციალისტად. პირადად გამოცადა რუტინა და კარგად გაიაზრა ბაზრის საჭიროებები. მეც რამდენიმე წელი მქონდა კომპიუტერულ გრაფიკასთან შეხება, შემდეგ კი სპეციალობა შევიცვალე და ტექნიკური განხრით წავედი, რადგან ტექნოლოგიური იდეები მუდამ მქონდა და მინდოდა თავად შემძლებოდა მათი განხორციელება. ვმუშაობდი როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მე და სანდრო წლების განმავლობაში რამდენჯერმე პროფესიულადაც გადავიკვეთეთ და პროდუქტიული მუშაობის შემდეგ მივხვდით, რომ ჩვენი ცოდნის გაერთიანება და კომპიუტერული გრაფიკის სფეროში ახალი სიტყვის თქმა, სრულიად შესაძლებელი იყო.

პროგრამაზე დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდით, თავისუფალ დროს სრულგანაკვეთიანი სამსახურების პარალელურად, საკუთარი რესურსებით. იმის გამო, რომ ინდუსტრიაში მსგავსი ხელსაწყო არ არსებობდა, წავაწყდით უამრავ სირთულეს, მაგრამ მაინც დაუღალავად ვათენებდით ღამეებს, რადგან გვჯეროდა, რომ ეს პროგრამა არსებულ რეალობას მნიშვნელოვნად შეცვლიდა. ბეტა-ტესტირებაში მონაწილეობას იღებდა კანადური კომპანია, რომელმაც რეალურ მასშტაბურ პროექტებში გამოიყენა ჩვენი პროგრამა. ეს ძალიან დაგვეხმარა, რომ საბოლოო პროდუქტი მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული ყოფილიყო. დღეს კი ეს პროგრამა უკვე მათი სამუშაოს განუყოფელი ნაწილია.

ანტრეპრენერობა ადვილი არაა. დიდ ნებისყოფას, დროის მენეჯმენტსა და ადაპტაციის უნარს მოითხოვს. მთავარია, საქმე არ უნდა გადადოთ, დაისახეთ ყოველდღიური გეგმები. ბევრი ფაქტორი გამოჩნდება, რომელიც ხელს შეგიშლით მიზნის მიღწევაში − გარშემომყოფების აზრი, დროის ნაკლებობა, ოჯახის პრიორიტეტები. სირთულეების ფონზე ადამიანების უმეტესობა ძალიან ადრე ნებდება, მაგრამ თუკი ობიექტური მიზეზები არსებობს, რომ სტარტაპმა გაამართლოს და ამისთვის ძალისხმევას არ დაიშურებთ, შედეგი აუცილებლად სასიამოვნო იქნება.

მართალია, პანდემია მძიმედ აისახა მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე და რა თქმა უნდა ჩვენც შეგვეხო, თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეს 2200-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს და მაინც ვცდილობთ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ.

მართალია, პანდემიის დაწყების შემდეგ პატარა ბავშვებისა და სამსახურების ფონზე იზოლაციაში წარმოუდგენლად რთული გამოწვევების წინაშე დავდექით და მოტივაციის დაკარგვის ზღვარზეც ბევრჯერ ვიყავით, მაგრამ ერთმანეთს ხელი შევუწყვეთ, არ დავნებდით და 2020 წლის ზაფხულში უკვე საერთაშორისო ბაზარზე დავიწყეთ კომერციული გაყიდვები.

ამჟამად კი, ჩვენი პროგრამა წარმოდგენილია როგორც ინდუსტრიაში წამყვანი 3D-პლატფორმის − 3ds Max-ის გაფართოება. მომავალში, ვგეგმავთ უფრო ფართო მასშტაბებზე გასვლას, Sketchup-ისა და სხვა მსგავსი პლატფორმების მხარდაჭერას.

ასევე, საგანმანათლებლო მიმართულებაზეც ვმუშაობთ და მიზნად გვაქვს, მომავალში ჩვენი პროდუქტები საერთაშორისო დონეზე არქიტექტურული ვიზუალიზაციის სტანდარტად იქცეს.

„სიმფოლიუმისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი და დროული იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქსელერატორის 500 Startups-ის პროგრამაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოში ჯიტასა და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შემოვიდა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა ტოპ-აქსელერატორის პროგრამაში ქართული სტარტაპების მონაწილეობა. ვფიქრობთ, ტექნოლოგიური კომპანიების განვითარება და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა უმიშვნელოვანესია საქართველოსთვის, რადგან ამ კუთხით პოტენციალი ნამდვილად გვაქვს. 500 Georgia ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. პირველ რიგში, ეს არის უზარმაზარი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისა და მენტორების გუნდი, რომლებმაც სწორი მიმართულებები მოგვცეს მარკეტინგის, გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების კუთხით და მათი რეკომენდაციები გლობალური ხედვის ჩამოყალიბებაში, დახვეწაში და მასშტაბების გაზრდაში ძალიან დაგვეხმარა.

Latest on Entrepreneur