📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

შაბლონური შეხედულებები ღვინოზე ღვინოშიც არსებობს სტერეოტიპები!

By რევაზ ცეცხლაძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ნაყინი ზამთარში იჭმევა, ცივი ყავა ზაფხულში ისმევა, რუსი ქალები გიჟდებიან ქართველ კაცებზე... ახლა ალბათ ჩაგეცინათ, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც ამ უკანასკნელი სტერეოტიპით ბევრი თავს იწონებდა, ზოგი შეცდომას უშვებდა და ამის გამო, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ბედის საცდელად მიდიოდა. როგორც ყველაფერში, ასევე ღვინოშიც არსებობს სტერეოტიპები და გვინდა თუ არა, ჩვენ მათ ყოველდღიურად ვეჩეხებით. ეს კლიშეები ზოგჯერ გვაღიზიანებს, ზოგჯერ გვაცინებს, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ისე რჩება, როგორც არის.

1. ქარვისფერი და ტანინიანი ღვინო ქვევრისაა

ხშირად შემხვედრია ადამიანი, რომელიც ქარვისფერი ღვინის დანახვისას, ან ამავე სითხის ტანინის შეგრძნებისას, გამოიტანს აზრს და იტყვის, თუ როგორ უყვარს ქვევრის ღვინო. ეს ასე არ არის და ყველა ღვინო, რომელიც ქარვისფერი ან ტანინიანია, არ შეიძლება მივაწეროთ ქვევრს, რადგან როგორც მიწაში მოთავსებულ თიხის ჭურჭელში აყენებენ ღვინოს, ზუსტად იმავე ტექნოლოგიური ჩარევებით შეიძლება დაყენდეს ღვინო უჟანგავი ფოლადის ავზში, პლასტმასის ლურჯ კასრში ან ოცლიტრიან მინის ბოცაში.

2. თეთრი ღვინო თევზთან უნდა მივირთვათ, წითელი − ხორცთან

2x2=4, ხომ მარტივია? ზუსტად ასეთი სიმარტივეა იმაში, რომ წითელი ღვინო თევზს უხდება და თეთრი ხორცს. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ერთ- ერთ რესტორანში ვმუშაობდი, სადაც სტუმარმა მთავარ კერძად თევზი (სიბასი) აირჩია, შემდეგ მკითხა, თუ რომელ ღვინოს ვურჩევდი, მეც თამამად ვურჩიე წითელი ნაზი ღვინო (თავკვერი). უცბად ისე გაუკვირდა და ისეთი თვალებით შემომხედა, მივხვდი, რომ ჩემს პროფესიონალიზმში დაეჭვებას აპირებდა, მე ჩავუღიმე და ყველაფერი ავუხსენი. დაფიქრდა, მაგრამ თავიდან ხომ მაინც სნობურად მოიქცა?.. ამის შემდეგ, შეხამების ამბავი მენეჯერმა გაიგო, ისიც შეცბა და მანაც სარკასტულად შემომხედა, დამცინასავით. აქაც მივხვდი, რომ სნობთან მქონდა საქმე. ასე რომ, მეგობრებო, თეთრი ღვინოც შეიძლება მოუხდეს ხორცს, მაგრამ ყველაფერი წინასწარ უნდა გქონდეთ გასინჯული, უნდა სცადოთ, არ უნდა შეგეშინდეთ ექსპერიმენტების.

3. რესტორანში თუ ყველაზე ძვირფას ღვინოს შეუკვეთავ, ეგ ღვინო იქნება საუკეთესო

ეს მოსაზრება შაბლონურია და შეიძლება, ღვინის კარტის ბოლოს, ყველაზე იაფი პროდუქტი რომელიც წერია, პირველ ადგილას მდგარ ძვირფასზე უკეთესი იყოს. არსებობს მოსაზრება, რომ არაიაფიან ღვინის დასახელებებში პირველი იაფი ღვინო არ უნდა აირჩიო და მეორე ადგილას განთავსებული პროდუქტი უნდა აირჩიო. ეს შეხედულება სასაცილოა და არ ვიცი, საიდან მოდის.

4. წითელი ღვინის ცივად დალევა არ შეიძლება

ეს დამოკიდებულია წითელი ღვინის სახეობაზე − სითხე სხვადასხვა ტემპერატურაზე განსხვავებულ არომატებს გვაწვდის, გვაგრძნობინებს. როგორც ვიცით, ის 17°-18° გრადუს ტემპერატურაზე უნდა მივირთვათ, თუმცა ვინაიდან ყველა ღვინო ინდივიდუალურია, შესაძლებელია გარკვეული წითელი ღვინის სახეობების ოდნავ დაბალ ტემპერატურაზე გასინჯვა. მაგალითად: თავკვერი, ალექსანდროული...

5. ისმევა და ქალები სვამენ

როზე, როცა მოგინდებათ მაშინ ისმევა − ისევე, როგორც ნაყინის ჭამა ზამთარშიც შეგიძლიათ. ხომ გახსოვთ ლუდის რეკლამა „მერე რა, რომ ზამთარია, ჩვენ ერთად ვართ, მთავარია" − აი, დაახლოებით იგივე პრინციპია. მე მინახავს მამაკაცები, რომლებსაც არ უყვართ ძლიერი ღვინო და მოსწონთ როზე, და ასევე შემხვედრია ქალი, რომელიც არ გიჟდება როზეზე და მოსწონს მშრალი, სხეულიანი, დაძველებული წითელი ღვინო, რომელსაც 2-საათიანი დეკანტაცია სჭირდება. ასე რომ, დაივიწყეთ მითი, თითქოს ვარდისფერი ქალის ფერია, როზე ამიტომ ქალური ღვინოა, და საერთოდაც, აღარ განვიხილოთ ქალ- კაცური პროდუქტები.

6. ნახევრად ტკბილ ან ნახევრად მშრალ ღვინოს თუ სვამ, ღვინოში ვერ ერკვევი

ვერც ამაში დავეთანხმებოდი შაბლონების მოყვარულებს. ხომ იცით, ყველაზე მეტს გემოვნებაზე დავობენ და მით უფრო მეტს კამათობენ ღვინის არომატებზე, კერძის გემოებზე, სიტკბოსა და სიმლაშეზე, ამიტომ ასეთი წინადადების წამოჭრისგან თავს შევიკავებდი. მერე რა, რომ ვიღაცას ტკბილი ღვინო მოსწონს? ან იმით რა იცვლება, რომ შენ მშრალი წითელი ან თეთრი მოგწონს? ჩემი აზრით, არაფერი.

7. ქარხნის ღვინო დასპირტულია

გეთანხმებით, სპირტავდნენ, აბევრებდნენ, ღებავდნენ, აწითლებდნენ და ბევრს სცოდავდნენ საბჭოთა კავშირელები, მაგრამ დღეს ძალიან იშვიათი და წარმოუდგენელი შემთხვევაა ღვინის დასპირტვა. აღარ არის ის დრო, როცა გეგმას ვერ ასრულებ და როგორმე ციფრები უნდა შეასრულო. დღეს პირიქით ხდება − კლიმატური ცვლილებების ფონზე, მაშინ, როდესაც ყურძნის შაქრიანობა ზემოთ და ზემოთ მირბის, ამერიკელები, ევროპელები, არგენტინელები და სხვა ცნობილი ღვინის მწარმოებელი ქვეყნები ცდილობენ, როგორმე ღვინის ალკოჰოლი დასწიონ, რათა იგი გასაყიდად უკეთესი გემოვნური თვისებებით ხასიათდებოდეს, ამისთვის კი კლარკ სმიტმა − ჩემმა მეგობარმა და ძალიან ცნობილმა კალიფორნიელმა მეცნიერმა, უკუ-ოსმოსი აპარატიც კი გამოიგონა, იმისთვის, რომ ღვინიდან სპირტი გამოყოს და ცალკე მოიხმაროს.

რევაზ ცეცხლაძე

ენოლოგი, ღვინის მცოდნე

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ბაკალავრი, საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის "ვინტური" სტუდენტი (ბორდოს, პორტოსა და ტარაგონას უნივერსიტეტები) - ღვინოს ვხედავ, როგორც მტკიცე ჯაჭვს და ვცდილობ დეტალურად შევისწავლო მასთან დაკავშირებული, თითოეული რგოლის მნიშვნელობა. 

ღვინოს აღვიქვავ, როგორც ხელოვნებას

ჰობი: ფოტოგრაფია, ვიზუალური ხელოვნება, კულინარია, მოგზაურობა. 

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე