You can be on Entrepreneur’s cover!

წარმატების მისაღწევად საჭირო 5 უნარი 21-ე საუკუნეში საკუთარ აზრს გიორგი პოპიაშვილი გვიზიარებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

რუბრიკა „წარმატების მისაღწევად საჭირო 5 უნარი 21-ე საუკუნეში", მიზნად ისახავს, რომ ჩვენს მკითხველს ქართველი ანტრეპრენერებისა და სხვადასხვა სფეროში საკმაოდ წარმატებული, ნოვატორი ადამიანების შეხედულებები გავუზიაროთ.

ამჯერად, Entrepreneur საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არტდირექტორს, უამრავი ციფრული პროექტისა თუ სარეკლამო კამპანიის ავტორს და საქართველოში Miami Ad School-ის შემოყვანის მოთავეს, გიორგი პოპიაშვილს გაესაუბრა.

გიორგის თქმით, ცხადია, რომ შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის გარეშე, არაფერი გამოვა, თუმცა არსებობს, ერთი შეხედვით „უარყოფითი" უნარები, რომლებიც სინამდვილეში არც ისე „უარყოფითია" და როგორც მან აღნიშნა, „სწორ კომბინაციაში და სწორი დოზებით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანიც კი არის თანამედროვე სამყაროში".

მაშ ასე, გთავაზობთ გიორგი პოპიაშვილის აზრით, „წარმატების მისაღწევად საჭირო 5 უნარს 21 საუკუნეში":

1. გულუბრყვილობა − ემოციური ინტელექტი გაცილებით სწრაფია, ვიდრე პრაგმატული. გაცილებით მალე ვგრძნობთ, ვიდრე ვხვდებით. ხშირად, ყველაზე საინტერესო რაღაცები ზუსტად ამ შუალედში − გრძნობასა და მიხვედრას შორის ხდება. თუ იდეა დიდი ხანი შემოდეთ თაროზე, და პრაგმატული აზროვნება „დაგეწიათ", ბევრი ჭკვიანური არგუმენტი მოგივათ თავში, თუ რატომ არ უნდა მიჰყვეთ გრძნობას.

2. სკეპტიციზმი − როცა სამყარო ასე გიჟივით მიქრის სადღაც, ამდენი რამე კეთდება, იქმნება, იცვლება, ახლდება, ბუნებრივია, ამ ყველაფერს ბევრი ნაგავი და სიბინძურე მოჰყვება − არა მხოლოდ გარემოს დაბინძურებისა და პროდუქტების ჭრილში, არამედ საქმიანი თუ ცხოვრებისეული ტრენდების, ადამიანებისა („ოფინიონ-ლიდერები" და „ინფლუენსერების") და განათლების ჭრილშიც. ერთი სიტყვით, დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ჯანსაღი სკეპტიციზმი, რათა განასხვაო ნამდვილი ტყუილისაგან, ღრმა − ზედაპირულისაგან და ა.შ.

3. სიზარმაცე − ბევრი გამოგონების, ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესების საფუძველი, სწორედ სიზარმაცეა. ვფიქრობ, თანამედროვე ადამიანი კარგი გაგებით ზარმაცი უნდა იყოს. ნებისმიერი სისტემის აუცილებელი თვისებაა, ფუნქციონირების პროცესში რაც შეიძლება ნაკლები რესურსი დახარჯოს. ოღონდ, რა თქმა უნდა, ზარმაცი „უმაქნისში" არ უნდა აგვერიოს.

4. ძველმოდურობა − ეს უნარი შინაარსით ახლოს დგას სკეპტიციზმთან, მაგრამ ვფიქრობ, ამაზე ცალკე აქცენტის გამახვილება ღირს. დემიან კულაში (OK GO) ერთ-ერთ ლექციაში ამბობს: „მოერიდე სიახლეს". სიახლე, ტალღის ბოლოს ქაფივით არის, სწრაფად იცვლება, ჩნდება და ქრება. ძველმოდურობა კი, გვეხმარება ქაფში ჭყუმპალაობას შევეშვათ და ტალღებში შევცუროთ.

5. უგუნურება − ჩემმა ერთ-ერთმა ლექტორმა მითხრა: „Reasonable men, do reasonably good job. Unreasonable men, do unreasonably good job", − თარგმანში აზრის სიმძაფრე იკარგება, მაგრამ შინაარსი ის არის, რომ აზრიანი ადამიანი მოსალოდნელ, ორდინარულად კარგ საქმეს აკეთებს, ხოლო უაზრო ადამიანი − არაორდინარულად კარგ საქმეს. თანამედროვე, განვითარებულ სამყაროში ძნელია ვინმე გააკვირვო სიბეჯითითა და კარგი საქმით. ცოტაოდენი უგუნურებაც საჭიროა, რომ ისეთი რამ გააკეთო − რათა სხვებს ყბები ჩამოცვივდეთ.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia