You can be on Entrepreneur’s cover!

შრომა, ხედვა, მიზანი Rixos-ის დამფუძნებლის წარმატების ფორმულა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გიორგი შარაშიძე

Rixos-ის დამფუძნებელ ფეტა ტამინჯეს 2018 წელს აბუ დაბიში შევხვდი, სადაც 27-ე „რიქსოსი" – Rixos Saadiyat Island, აბუ დაბის პირველი All-inclusive, All-exclusive კონცეფციის სასტუმრო გაიხსნა.

ეს ის დროა, როცა ჯერ კიდევ შეუფერხებლად ვმოგზაურობთ, ტურიზმის გლობალური 7%-იანი ზრდით დაიმედებული თურქი ანტრეპრენერი კი 2025 წლისთვის საკუთარი ბრენდის სასტუმროების 100­-მდე გაზრდას პროგნოზირებს და ვერც კი წარმოიდგენს, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში მის და არა მხოლოდ მის გეგმებს კაცობრიობის უხილავი მტერი თავდაყირა დააყენებს...

თუმცა ეს სტატია არც კორონავირუსზეა და არც მისგან გამოწვეულ დამანგრეველ შედეგებზე, განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრიისთვის, არამედ იმაზე, თუ როგორ, რა თვისებების წყალობით შეიძლება ხალიჩების გამყიდველი ბიჭი მსოფლიო კლასის ბრენდის დამფუძნებლად იქცეს.

მაშ ასე, გაიცანით ახლოს იმ ბრენდის დამფუძნებელი, რომელიც შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა არც კი იცოდეს, რომ ჩვენს მეზობელ თურქეთში დაიბადა და მისი დამფუძნებლის ანტრეპრენერული სულისკვეთებისა და ხედვის წყალობით, დღეს მსოფლიო კლასის ბრენდებს უწევს კონკურენციას.

გაიცანით ადამიანი, ვისთვისაც წარმატება მხოლოდ ფულით არ იზომება, რომელიც თურქეთის მასშტაბებს უკვე დიდი ხანია გასცდა და საკუთარი ბრენდის მომავალს მხოლოდ გლობალურ ჭრილში უყურებს.

ადამიანი, ვინც კლიენტებს ოჯახის წევრებად მოიხსენიებს. დიახ, ოჯახის წევრებად, რადგან მართლაც უხერხულია, „კლიენტი" უწოდო ადამიანებს, რომლებიც 20 წელია მხოლოდ შენ სასტუმროებში ისვენებენ.

ადამიანი, ვინც შეძლო, საკუთარი ბრენდისადმი იმდენად დიდი ნდობით განემსჭვალა ათასობით ლოიალური კლიენტი, რომ მათ პანდემიის პირობებშიც კი, როცა მთელ მსოფლიოში მილიონობით სასტუმრო ოთახი დაცარიელდა, მხოლოდ „რიქსოსზე", როგორც ყველაზე სანდო და უსაფრთხო სასტუმროზე, შეეჩერებინათ არჩევანი.

სასტუმროზე, სადაც დამფუძნებლის ინსტრუქციით, ყველა თანამშრომელი ვალდებულია, სტუმარს იმდენად სასიამოვნო ატმოსფერო, უნაკლო სერვისი და „რიქსოსის" სტანდარტის გამოცდილება შესთავაზოს, რომ ისინი სრულად გათავისუფლდნენ იმ სტრესისგან, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიტანეს.

დანარჩენს მასზე და მის მიერ შექმნილ გენიალურ ბრენდზე ჩემი ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ, რომლის ჩაწერიდან 3 წელი გავიდა, მაგრამ აქტუალობა არათუ არ დაუკარგავს, არამედ პირიქით – დღეს კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ყველა მიხვდა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ბრენდისადმი ნდობას და ლოიალობას.

ფოტო: გიორგი შარაშიძე, Entrepreneur Georgia-ს მთავარი რედაქტორი და Fettah Tamince, ყველასათვის ცნობილი ბრენდის Rixos-ის დამფუძნებელი! 2018 წლის ოქტომბერი. Rixos Saadiyat Island, აბუ დაბი

მუდმივი განვითარება, დისციპლინა და გლობალური ხედვა

მე ყოველთვის აღტაცებული და გატაცებული ვიყავი ბიზნესით. ადრეული ასაკიდან გახლდით ჩართული ყიდვა-გაყიდვის ბიზნესში. შემდეგ კი ჩემ მიერ მიღებული განათლება, დაგროვილი გამოცდილება და შეძენილი ურთიერთობები დამეხმარა, გამეზარდა საკუთარი ბიზნესი მსოფლიო მასშტაბით.

შესაძლოა, ანტრეპრენერად დაიბადო − ისევე, როგორც მუსიკის ან სპორტის თანდაყოლილი ნიჭი გქონდეს, მაგრამ როცა ვსაუბრობთ მსოფლიო კლასზე, ამ დონეს მხოლოდ ნიჭით ვერ მიაღწევ. საჭიროა მუდმივი განვითარება და დისციპლინა – ასეა ხელოვნებაში, სპორტში, და ასეა ბიზნესშიც.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის პატარა ქალაქში დავიბადე, მქონდა ხედვა, თუ როგორ უნდა გავსულიყავი მსოფლიო მასშტაბზე. ამისათვის დამჭირდა ენების შესწავლა, ურთიერთობების აწყობა, მოგზაურობა. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ბევრს ვმუშაობდი და დღესაც ვმუშაობ. ეს დამეხმარა წარმატებაში და სხვებსაც ამას ვურჩევ, განსაკუთრებით ახალგაზრდა, დამწყებ ანტრეპრენერებს. თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, მთავარია გქონდეს ხედვა, მიზანი. იცოდე, რისი მიღწევა გსურს.

წარმატება

რა არის წარმატება? წარმატება არის ბალანსი. თუ წარმატებით დაგეგმავ საკუთარ ცხოვრებას და შენი ოჯახი, ურთიერთობები, ჯანმრთელობა და ბიზნესი დაბალანსებული იქნება, ეს ნიშნავს, რომ წარმატებული ხარ. ხოლო თუ გაქვს ფული, მაგრამ არ გაქვს ჯანმრთელობა, მაშინ არ ხარ წარმატებული. თუ გაქვს ფული, მაგრამ ბავშვები ცუდად გრძნობენ თავს, თუ გაქვს მომგებიანი ბიზნესი, მაგრამ არ გაქვს კარგი ურთიერთობები ადამიანებთან, არავის უყვარხარ, არავის მოსწონხარ, მაშინ არ ხარ წარმატებული, არანაირად! მუშაობასთან ერთად, ყოველთვის ვპოულობ დროს კითხვის, სპორტის, ოჯახისა და მეგობრებისთვის.

მარცხი

ყველა მარცხი, რომელიც არ გკლავს, გაძლიერებს. ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად მარცხდებოდე. პირიქით − უნდა ეცადო, არ დამარცხდე. მაგრამ მარცხი ყველას შეუძლია მოუვიდეს და თუ ეს მაინც მოხდა, გახსოვდეს, რომ მარცხი არ არის სამყაროს დასასრული. მე არ ვეკუთვნი ქონებას. ქონება მეკუთვნის მე. ამიტომაც, მე თუ დავკარგავ ქონებას, არა უშავს, თავიდან მოვიპოვებ მას. ხოლო თუ ქონება მაკონტროლებს მე, თუ მხოლოდ ქონების გამო ვარ ის, ვინც ვარ, მაშინ რა თქმა უნდა, მისი დაკარგვის შემთხვევაშიც ყველაფერს დავკარგავ.

რჩევა დამწყებ ანტრეპრენერებს

დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევ მუდმივ განვითარებას, უნარ-ჩვევების უწყვეტ გაუმჯობესებას, კომუნიკაციისა და ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობას. ნათქვამია, მთავარი ის კი არაა, ვინ ხარ, მთავარია, ვის იცნობ. საჭიროა მსოფლიოს ვიზუალიზაცია − რა ხდება, საით მიდის მსოფლიო? როგორ ვიყოთ მომზადებული იმ ახალი შესაძლებლობებისთვის, რომელსაც მსოფლიო გვთავაზობს?

ყველაფერი საუკეთესო Rixos-ის სტუმრებს

წელიწადში Rixos-ის ქსელში მილიონი ადამიანი ისვენებს. ისინი ჩვენს ყველა ახლად გახსნილ სასტუმროში ჩამოდიან. მადლობა მათ! ჩვენ კარგად გვესმის საკუთარი პასუხისმგებლობა მათ წინაშე. ვიცით, რომ მათ არ უნდათ გარისკონ, მათ არ სურთ არასასიამოვნო სიურპრიზები. ადამიანი ხომ მთელი წელი ზოგავს ფულს, რათა ორი კვირით დაისვენოს. რადგან გვენდვნენ და ჩვენ აგვირჩიეს, ყველაფერი საუკეთესო უნდა დავახვედროთ. ამის მიღწევაში კი მთავარი გუნდია. მათ თვალდახუჭულებმა იციან, რა არის გასაკეთებელი, რადგან უკვე წლებია Rixos-ში მუშაობენ და მუდმივად ვითარდებიან. მადლობა მათ!

ადამიანი, რომელიც მინიმუმ რვა დღეს ატარებს ჩვენს სასტუმროში, რთულია ისე დაბრუნდეს შინ, რომ რაიმეთი მაინც არ დარჩეს უკმაყოფილო. მთელი ჩვენი გუნდი, ჯამში 8000 ადამიანი, მუშაობს იმაზე, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ნებისმიერი უკმაყოფილება.

ყველა სტუმარმა უნდა იგრძნოს თავი, როგორც დედოფალმა, როგორც მეფემ. ეს ბიზნესი არის ემოცია, ურთიერთობა, ესაა მთავარი. ამ ბიზნესში ადამიანების რობოტებით ჩანაცვლება გამორიცხულია, ყოველ შემთხვევაში – Rixos-ში.

მუდმივი განახლება

მუდმივად ვაკვირდებით და ვსწავლობთ მსოფლიოში არსებულ ტრენდებს, რაც დღეისათვის უკავშირდება მეტ სპორტს, მეტ ეკოლოგიას. ჩვენც შესაბამისად ვცვლით და ვავითარებთ საკუთარ პროდუქტებს. ხალხი დღეს მეტს მოგზაურობს და მეტი მოთხოვნაც უჩნდება. ყველა ახალი სასტუმრო, რომელსაც ვხსნით, უკვე ძველია – იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი. სტუმარს სიახლე სურს. ყველაფერი უნდა ცვალო, ამას კი დიდი ინვესტიციები სჭირდება.

არქიტექტორთა შერჩევის კრიტერიუმები

თავიდან ვირჩევ ორ-სამ არქიტექტორს და ვადარებ ერთმანეთს მათ პროექტებს. თუმცა ერთია ვიზუალური მხარე, მეორეა ბიუჯეტი, მესამე კი − დრო. საბოლოო გადაწყვეტილებას ამ 3 კრიტერიუმის გათვალისწინებით ვიღებ. თუ პროექტი ერთდროულად სამივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მაშინ მას ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა ასეთი პროექტების წარმოდგენა ბევრ არქიტექტორს არ შეუძლია. უნდა გვესმოდეს, რომ რაც უნდა დახვეწილი იყოს პროექტი, პროცესში მაინც ხდება ცვლილებები, რაც დასაშვებია, რადგან დრო სწრაფად იცვლება. რაც ორი წლის წინ მოგვწონდა, დღეს აღარ მოგვწონს. მაგალითად, დღეს დიზაინში უპირატესობა უფრო ნათელ ფერებს ენიჭება, მუქი ფერები წარსულია. იცვლება მასალები, ტექნოლოგიები. ამიტომაც უპირატესობას ვანიჭებ კომპლექსებისგან თავისუფალ არქიტექტორებს, რომელთაც შეუძლიათ ადაპტირება.

რას ნიშნავს ბრენდის სახელი – Rixos?

მე ანტალიიდან ვარ. ანტალია კი რომის იმპერიაში ცნობილი ქალაქი გახლდათ. აქვე იყო ძლიერი ქალაქი პერგე, რიქსოსი კი ერქვა ადამიანს, რომელიც შვიდთაგან ერთ-ერთი გახლდათ, ვინც ეს ქალაქი დააარსა. თავიდან ისეთ ბანალურ სახელებს განვიხილავდით, როგორებიცაა „სანსეტ", „სანბიჩ", „სანრაიზ" და ა.შ. თუმცა ერთმა გამოცდილმა პროფესორმა მირჩია, ბრენდის სახელი ისტორიულ თემასთან დამეკავშირებინა. მეც დავთანხმდი და ავირჩიე – Rixos!

ბიზნესის კონტროლი

სოციალური მედიის მეშვეობით, სტუმრები პირდაპირ მწერენ ყველაფერს. მადლობის წერილებთან ერთად, ვიღებ შენიშვნებს, იდეებს, რეკომენდაციებს. მართალია, გუნდიდანაც მუდმივად ვიღებ ინფორმაციას, ვკითხულობ ანგარიშებს, ჩავდივარ და ადგილზე ვამოწმებ მომსახურების ხარისხს, პირადად ვურთიერთობ სტუმრებთან, თუმცა თუ მაგალითად, მინდა გავიგო, როგორ მუშაობს საუნა, ვიცვამ შორტებს, შევდივარ და ყველაზე სწორ გამოხმაურებას პირდაპირ სტუმრებისგან ვიგებ. მათ არ იციან ვინ ვარ და მოურიდებლად საუბრობენ ყველაფერზე...

P.S.: ფეტა ტამინჯეს ეს ერთგვარი მასტერკლასი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაშია ჩართული, თუმცა არა მხოლოდ – ნებისმიერი პროფესიონალისთვის, ვისაც საკუთარ სფეროში სურს მსოფლიო კლასის სტანდარტს მიაღწიოს.

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე