''ბაგანა'' - ატარე შენი პატარა ყველგან, მარტივად და მოხერხებულად

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართველი ანტრეპრენერებისათვის და ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისათვის, სატელევიზიო სივრცეში, საქართველოს პირველ არხზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუ − „შარქ თენქ საქართველო“ გამოჩნდა. ამ შოუს არსებობის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, უკვე 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. 2001 წელს, იაპონიაში „ფულის ვეფხვების“ სახელით დაარსებული პროექტის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ დამწყებ თუ უკვე აქტიურ სტარტაპერებს ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობა მიეცეთ ე.წ. „შარქებისგან“, რომლებიც ანტრეპრენერთა პრეზენტაციას ისმენენ, სვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხას სთავაზობენ კონკურსანტებს. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია, ხოლო 2021 წლიდან ამის შესაძლებლობა უკვე ქართველ სტარტაპერებსაც მიეცემათ.

ფოტო: ალექსეი სეროვი

„შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური სპონსორია ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი Visa − ქსელი, რომელიც აერთიანებს ყველას და ყველაფერს, რომელიც პროექტში გამარჯვებულებს თავიანთი ბიზნესის ეფექტურად მართვისა და გამარტივების მიზნით, სთავაზობს Visa-ს ინოვაციური პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობას. Visa-ს სტრატეგიის პრიორიტეტებს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს − როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ დონეზე. მცირე და საშუალო ბიზნესი, ეკონომიკის მამოძრავებელ ძალასა და მსოფლიო მასშტაბით დამსაქმებელთა უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. Visa-ს როლი ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გამოიხატება ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული არაერთი ინოვაციური პროდუქტის შეთავაზებასა და მათთვის პარტნიორობის ფორმატში განხორციელებული ინიციატივებით. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება „შარქ თენქ საქართველო“ − საქართველოს პირველი არხის გადაცემა, რომელიც ბიზნესმენებსა და ინვესტორებს შორის ღია კომუნიკაციას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია, ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობის გაზრდა და მათი პროდუქტის პოპულარიზაცია.

„შარქ თენქ საქართველოს“ მეორე გადაცემაში, წარმატების მიღწევა და „შარქების“ გულის მოგება, ბავშვის სატარებელი, ე.წ. „სლინგების“ მწარმოებელმა ბრენდმა „ბაგანამ“ და მისმა დამფუძნებელმა − თინათინ გახოკიძემ მოახერხა. მისი პროექტი ორმა „შარქმა“− ქეთი ქვარცხავამ და მენი ბენიშმა მოიწონეს და 30%-იანი წილის სანაცვლოდ, 50 000 ლარით დააფინანსეს.

ჩვილი ბავშვების დედებმა კარგად იციან, რამდენად დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული ბავშვის ხელით ტარება და ამავდროულად, საოჯახო და სხვა საქმეებით დაკავება. საინტერესოა, რომ ამ პრობლემის მოგვარება ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში დაიწყეს, სადაც თანამედროვე „სლინგის“ პროტოტიპი შეიქმნა − ქსოვილი, რომლითაც დედები თავიანთ შვილებს სხეულზე იბამდნენ, ითავისუფლებდნენ ხელებს და ბავშვის ტარების პარალელურად, საშინაო სამუშაოს შესრულებასაც ახერხებდნენ.

„ბაგანას“ დამფუძნებელი იხსენებს, რომ 2016 წელს როდესაც დედობრივი სიხარული პირველად განიცადა, მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა მალევე გააცნობიერა, თუ როგორ რადიკალურად შეიცვლებოდა მისი ცხოვრება. ბავშვის ეტლით გასასეირნებლად ქალაქის ინფრასტრუქტურა ჯერჯერობით არაა სათანადოდ მოწყობილი, ხოლო ე.წ. „კენგურუ“ დისკომფორტს უქმნის თავად დედას. როგორც თინათინ გახოკიძე ჰყვება, აშშ-ში მცხოვრებმა მეგობარმა, მას „სლინგი“ ურჩია, რომლის დახმარებითაც შეძლებდა არა მარტო ქალაქში თავისუფლად გადაადგილებას, არამედ შინ ყოველდღიური საქმეების შესრულებას, მუსიკალურ ფესტივალებზე სიარულს, მეგობრებთან ერთად გართობას და ა.შ. სწორედ ამ დროს, მან გადაწყვიტა, რომ ეს პროდუქტი ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ყველა ისეთი დედისთვის, რომლებსაც მსგავსი სტილის ცხოვრება მოსწონდათ და ამავდროულად, ბავშვის კომფორტულად ტარების მეთოდებს ეძებდნენ.

„ჩვენ 2017 წლიდან ვაწარმოებთ პირველ ქართულ „სლინგს“ − ქსოვილისგან შექმნილ ბავშვის ჩასასმელ სატარებელს. ერთ-ერთი საგრანტო პროგრამის მოგების შემდეგ, გადავწყვიტეთ დაგვეწყო ამ პროდუქტის წარმოება, თუმცა დღემდე მხოლოდ „სლინგით“ ვართ წარმოდგენილი ბაზარზე და სამომავლოდ ასორტიმენტის გაფართოებასაც ვფიქრობთ. „ბაგანა“ ბოლო ორი წელია, რაც აქტიურად გადის მოგებაზე, არის სტაბილური, უკვე გვყავს კონტრაქტორები − როგორც ქსოვილის შემომტანი, ისე სამკერვალო. რამდენიმე სააფთიაქო ქსელისგან და მაღაზიისგან მივიღეთ შემოთავაზება, თუმცა მოთხოვნილი რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ჩვენი წარმოების მოცულობით მას ვერ დავაკმაყოფილებდით, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, „შარქ თენქ საქართველოში“ მონაწილეობა“, − აცხადებს თინათინ გახოკიძე, „სტარტაპებით და ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისათვის „შარქ თენკი“ საკმაოდ ცნობილი პროექტია, თუმცა მე არანაირი წარმოდგენა არ მქონდა მის შესახებ, ისე შევავსე აპლიკაცია. ვფიქრობ, ჩვენნაირი სტარტაპებისათვის ეს პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა, რესურსების დაზოგვით მოიზიდო ინვესტიცია და მიიღო საიმედო პარტნიორობა და მენტორინგი კვალიფიციური ადამიანებისგან. „შარქ თენქი“ აუცილებლად გაზრდის ცნობიერებას ბიზნესის წარმოების შესახებ და მეტ ინფორმაციას გახდის ხელმისაწვდომს ფართო მასებისთვის. საქართველოში ადამიანები დროთა განმავლობაში დაინახავენ, რომ თვითდასაქმება საინტერესო და სასარგებლო რამაა და საკუთარი ბიზნესის წამოწყების პოტენციალი ყველას აქვს“.

როგორც თინათინი აღნიშნავს, „შარქების“− ქეთი ქვარცხავასა და მენი ბენიშის შესვლა მათ ბიზნესში, შეიძლება ითქვას, გამართლებაა, ვინაიდან ქეთი უკვე საკმაოდ აქტიურადაა ჩართული სამუშაო პროცესში და ბევრ მნიშვნელოვან რჩევას აძლევს „ბაგანას“, ხოლო მენის მარკეტინგული და ბიზნესის წარმოების გამოცდილება კიდევ უფრო მეტად დაეხმარება მათ ზრდასა და განვითარებას. „ორივე „შარქისაგან“, მენტორობისა და ფინანსების გარდა, მივიღეთ ძალიან კარგი „ნეთვორქინგი“. მათ აქვთ ისეთი კავშირები რომლებიც ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სამომავლო გეგმების განსახორციელებლად. წარმოების გაფართოებისა და გაყიდვების ზრდის პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა პროდუქციის ექსპორტზე გატანის მიმართულებითაც, რასაც ახლო მომავალში აუცილებლად გავაკეთებთ“, − თინათინ გახოკიძე.