📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

მიკრო და მცირე მეწარმეთა ხელშეწყობის პროგრამა, ანუ როგორ ვაქციოთ ანტრეპრენერული ოცნებები რეალობად გაიცანით ახალგაზრდა მეწარმეები, ვინც წარმატებული ბიზნესსაქმიანობის დაწყება პანდემიის პერიოდში სახელმწიფო პროგრამის დახმარებით შეძლეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ანტრეპრენერობა, საკუთარი იდეის განხორციელება და მუდმივი მუშაობა თვითგანვითარების, ბიზნესის მასშტაბირების, საზოგადოებისათვის რაიმე ღირებულის შექმნის მიმართულებით, საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება გაბედული ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არ უშინდებიან თავიანთი ჩანაფიქრის რეალიზებას, ემსახურებიან დამოუკიდებელ ბიზნესს, ასაქმებენ ხალხს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ. ცხადია, საწყის ეტაპზე ფინანსური და ინტელექტუალური რესურსის მოძიება, დამწყები მეწარმეებისათვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

საქართველოში სამეწარმეო გარემოსა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების, კერძო სექტორის განვითარებისა და ადგილობრივი პროდუქტისა თუ სერვისის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით, არაერთი უწყება მუშაობს − როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ინიციატივით. მათგან, ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს სსიპ „აწარმოე საქართველოში" ასრულებს, რომლის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამის ბენეფიციარებს Entrepreneur გაესაუბრა და გვსურს უკეთ გაგაცნოთ ამ ადამიანების მიღწევები, მათი ბიზნესიდეების ფორმირების, პროექტირებისა და შემდგომი განვითარების პროცესები.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი ბენეფიციარი, ირაკლი ვაშაყმაძეა, რომელსაც ჯერ კიდევ 2014 წელს საკუთარი მაღაზიის გახსნის იდეა გაუჩნდა, თუმცა პირველადი ფინანსური სახსრების მოძიებას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა. გამოწვევების მიუხედავად, ირაკლი არ დანებდა და 7 წლის შემდეგ სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამის დახმარებით, მაინც მოახერხა საკუთარი იდეის განხორციელება. მისი მაღაზია − „ახალგაზრდა ფერმერი" დღეს უკვე წარმატებით ფუნქციონირებს და მომხმარებლებს ნატურალური პროდუქტებით ამარაგებს. ირაკლის საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, Entrepreneur უშუალოდ მას გაესაუბრა:

„სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვე. მქონდა „ახალგაზრდა ფერმერის" შექმნის იდეა, შესაბამისად, დავწერე გეგმა, გავგზავნე შესაბამის მისამართზე, გავიარე რამდენიმე ეტაპი და შედეგად, მივიღე დაფინანსება. ჩემი აზრით, მომავლის იდეაფიქსი არის ის, რომ გადავიდეთ ჯანსაღ კვებასა და ნატურალურ პროდუქტებზე. 2015 წლიდან მაქვს მეურნეობა კახეთსა და კრწანისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოგვყავს ბოსტნეულის კულტურები, ნიორი, ბადრიჯანი და ა.შ. მომავალში ვგეგმავთ უფრო მეტი კულტურის დამატებას. ეს პროგრამა დამეხმარა იმაში, რომ ჩემი 7 წლის განსახორციელებელი იდეა განვახორციელე და მომეცა შესაძლებლობა, გამეხსნა მაღაზია, რომელიც დღესდღეობით მდებარეობს თბილისში, ბახტრიონის ქუჩის 23 ნომერში და მომხმარებელს, ხორცპროდუქტების, ყველისა და ხილ-ბოსტნეულის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ბიზნესის დასაწყებად აუცილებელი ფინანსური რესურსის მოძიება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა და ამ პროგრამიდან მიღებული დაფინანსების გარეშე, „ახალგაზრდა ფერმერის" მაღაზია, დიდი ალბათობით არც იარსებებდა".

Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ კიდევ ერთი წარმატებული ქართველი მეწარმე − ანა აბაშიძე, რომელიც ბრენდ „სარტოს" დამფუძნებელია. „სარტო" საკუთარ მომხმარებელს საბავშვო და საოჯახო ტექსტილის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. როგორც ანა აცხადებს, ბრენდის მთავარი ღირებულება მომხმარებელთა სურვილსა და საჭიროებაზე მორგებული, ხარისხიანი ნაწარმის შექმნაა, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასებითა და ლოიალური მიდგომით. საინტერესოა, რომ ანა აბაშიძეს ჭერზე დასაკიდი კარვისა და ხელნაკეთი საბავშვო პროდუქციის შექმნის იდეა საკუთარი შვილისათვის სათამაშოების სახელდახელოდ დამზადების შემდეგ გაუჩნდა. ამის შემდეგ კი, „სარტო" ყველა პატარისათვის საინტერესო და ფერადი ბავშვობის უზრუნველყოფაზე ზრუნავს.

„25 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც 2020 წელს ქვეყანას ჩემი გოგონა − ევა მოევლინა, თავი დავანებე კერძო სექტორში მუშაობას და გადავწყვიტე, ბავშვის აღზრდის პარალელურად, რაიმე ისეთი საქმიანობა წამომეწყო, რომელიც სასიამოვნოც იქნებოდა და შემოსავალსაც მომიტანდა. გადავწყვიტე, ბავშვისთვის თავად შემეკერა თეთრეული, საბნები და პლედები, თუმცა, მოგვიანებით, როდესაც სიახლეების ძებნა დავიწყე, ქართული ბაზრისათვის ინოვაციური პროდუქტი − ჭერზე დასაკიდი მსუბუქი ტექსტილის კარავი დავამზადე, რომელსაც არ სჭირდება საყრდენი კონსტრუქცია და გარდა ესთეტიკური სილამაზისა, პრაქტიკულობითა და სიმარტივით გამოირჩევა. მას შემდეგ, რაც ჩემი შვილისთვის დამზადებული პროდუქცია Facebook-ის ერთ-ერთ ჯგუფში განვათავსე, მომივიდა შეკვეთის უამრავი მსურველის შეტყობინება. იმის გამო, რომ საკუთარი საკერავი მანქანა არ გამაჩნდა და ვმუშაობდი ნათესავის საოჯახო ტიპის, არასამრეწველო მანქანაზე, ვერ მივიღე ამ რაოდენობით შეკვეთა და მხოლოდ კარვების დამზადებაზე ვკონცენტრირდი. ვინაიდან ამ კარვებს საქართველოში ანალოგი არ გააჩნიათ და ინოვაციური ნაწარმია, პროდუქტი საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. მოთხოვნა იმდენად მზარდი იყო და იმდენად დიდი, დადებითი მუხტი მოდიოდა ყველა მხრიდან, რომ მივხვდი, ამ ყველაფრისთვის მასშტაბური სახე უნდა მიმეცა", − აცხადებს ანა აბაშიძე, − „2020 წელს პროექტ „აწარმოე საქართველოში" შევიტანე საკონკურსო განაცხადი. ამ პროექტის შესახებ, როგორც გარშემომყოფებისგან, ისე სოციალური ქსელებიდან სხვადასხვა ინფორმაციას ვფლობდი. საკონკურსო ეტაპისა და ტრენინგების წარმატებით გავლის შემდეგ, მივიღე დაფინანსება საწარმოსთვის მანქანა-დანადგარების შესაძენად, თავად კი, საბრუნავი საშუალებების შეძენა უზრუნველვყავი. ასე დაარსდა ჩემი მცირე საწარმო − ტექსტილის გალერეა „სარტო", რომელიც რუსთავში, ჩემი საცხოვრებელი სახლის ერთ მყუდრო ოთახში ფუნქციონირებს".

როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, საწარმოს აქვს სოციალური მისიაც და მოწყვლადი ჯგუფების, ქალების, რომელთაც საზოგადოებაში ინტეგრაცია და სამსახურის პოვნა უჭირთ, დასაქმებას გეგმავს. ამასთან, საწარმო მუშაობს ნულოვანი ნარჩენის პრინციპით − მორჩენილი ქსოვილებით იკერება სათამაშოები და აქსესუარები. აღსანიშნავია ისიც, რომ „სარტო" შესაფუთად მხოლოდ ქაღალდის ბაზისზე, გარემოსათვის უვნებელ, დამზადებულ მასალას იყენებს.

მოგეხსენებათ, იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, რომელშიც საქართველო იმყოფება, მიკრო და მცირე მეწარმეობის წახალისება მოტივაციისა და იმედისმიმცემია საზოგადოებისათვის. ეკონომიკური აქტივობის ზრდა კი, თავის მხრივ, დასაქმების მაჩვენებელსაც აუმჯობესებს და მეტ ადამიანს სთავაზობს საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მიზანს, სწორედ იდეით შეპყრობილი, პერსპექტიული და გაბედული ადამიანების მხარდაჭერა წარმოადგენს. მიკრო და მცირე მეწარმეთა ხელშეწყობის საგრანტო კონკურსი ღიაა მონაწილეობის მიღების მსურველი, საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეებისათვის. გარდა ამისა, ეს კონკურსი განკუთვნილია არა მარტო მათთვის, ვინც პირველად ცდის ბედს, არამედ მეწარმე სუბიექტებისთვისაც, რომელთაც ერთხელ უკვე მიიღეს პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში, განიხილება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა.

საინტერესოა, თუ რა ოდენობის ინვესტიციაზეა საუბარი სააგენტოს მხრიდან, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ პროგრამა უკვე 6 წელია აქტიურად ფუნქციონირებს. ამის შესახებ Entrepreneur სააგენტოს წარმომადგენელს ესაუბრა.

„მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის წახალისებას ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით. ეს პროგრამა ხელს უწყობს ადამიანებს, წამოიწყონ ან გააფართოონ საკუთარი ბიზნესი. ფინანსური დახმარების გაწევის გზით, მეწარმეებს ეძლევათ შესაძლებლობა, წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის წარმოების კუთხით, რომელიც უზრუნველყოფილია ტრენინგების ჩატარებით პროგრამის განმავლობაში. ბოლო ეტაპზე ბიზნესიდეების მიღება 2020 წელს დაიწყო და მინდა აღვნიშნო, რომ ინტერესი ძალიან დიდი იყო. რამდენიმეეტაპიანი კონკურსის შემდეგ, დაფინანსდა 700-მდე მეწარმე, საიდანაც 48.5% ქალი მეწარმე გახლდათ. 2015-2021 წლის მონაცემებით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, სულ მხარდაჭერილია 6 901 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 78 მლნ ლარზე მეტს. ამასთანავე, თანადაფინანსების სახით გაიცა 61.2 მლნ ლარი. რაც შეეხება მიკროგრანტების პროგრამის ახალ კონკურსს, მისი გამოცხადება დაგეგმილია მომავალი წლის პირველ ნახევარში", − აცხადებს ავთანდილ ღოღობერიძე, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მიკრომეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკუთარი ბიზნესის წამოწყება, წლების განმავლობაში მომწიფებული იდეის განხორციელება და შინაგანი პოტენციალის რეალიზება, რთული და წინააღმდეგობებით სავსე პროცესია, თუმცა თუკი ადამიანს აქვს მიზანი, ხედავს მის სამომავლო განვითარებას და აქვს საკუთარი თავის რწმენა, შეუძლებელი არაფერია. „აწარმოე საქართველოში" და მსგავსი მნიშვნელობის პროგრამები კი, ნებისმიერ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას მოსინჯოს ძალები ანტრეპრენერულ სამყაროში

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი