You can be on Entrepreneur’s cover!

ბექა გოლეთიანი - როგორ მიაღწია გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა საერთაშორისო მასშტაბის წარმატებას Red Bull-ში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ბექა გოლეთიანი

სოციალურ ქსელებში პოსტები იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხეს ახალგაზრდა, ნიჭიერმა და შრომისმოყვარე ქართველებმა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიაში დიდი წარმატების მიღწევა, პრაქტიკულად ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად გვექცა. Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ მსოფლიოში უმსხვილესი ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი კომპანია Red Bull-ის ქართველი წარმომადგენელი ბექა გოლეთიანი, რომელიც უკვე 14 წელია რაც ამ ბრენდის სპორტულ და ივენთ-მიმართულებაშია ჩართული, ხოლო ამჟამად შუა აღმოსავლეთის ათლეტთა რეგიონული მენეჯერის პოზიციას იკავებს.

ბექას Red Bull-თან თანამშრომლობა 2007 წელს დაიწყო, როდესაც კომპანია ახალი შემოსული იყო კავკასიის რეგიონში და საქართველოში სტუდენტური ბრენდმენეჯერის ვაკანსია გამოაცხადა. „Red Bull-ში ეძებდნენ გამორჩეულ სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში. ერთ-ერთი ასეთი ვიყავი მეც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, როდესაც ჩემმა მეგობარმა ამ ვაკანსიის არსებობის შესახებ შემატყობინა. დიდად არ ვიცოდი ეს Red Bull რა იყო, გოგონები მოდიოდნენ მანქანებით, ენერგეტიკულ სასმელებს არიგებდნენ, ყველა მათ ეპრანჭებოდა და ვიფიქრე, რომ რაღაც კარგი უნდა ყოფილიყო. მალევე შედგა ჩვენი გასაუბრება და სამსახურშიც ამიყვანეს. 2 კვირაში უკვე მომიწია პირველი ღონისძიების გაკეთება უნივერსიტეტში. კარგად მახსოვს, ეს იყო ტამტამების შოუ. ყველა ჩავრთე, თუკი ვინმეს ვიცნობდი და ჯამში 500 კაცამდე მოგროვდა უნივერსიტეტის ეზოში. ყოველთვე სხვადასხვა ღონისძიებას ვატარებდი და ასე გაგრძელდა ორი წელი, მიუხედავად იმისა, რომ ამ პოზიციაზე მეორე-მესამე კურსელს უნდა ემუშავა, მე კი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც დამტოვეს გამონაკლისის სახით", − გვიყვება ბექა გოლეთიანი, − „გარდამტეხი მომენტი იყო ჩვენ მიერ 2009 წელს თავისუფლების მოედანზე ჩატარებული „მფრინავი მოტოციკლების შოუ", რომელსაც 85 000 მაყურებელი დაესწრო, ყველა საკომუნიკაციო არხმა გააშუქა და ერთ-ერთ დასამახსოვრებელ ღონისძიებად რჩება დედაქალაქის მცხოვრებლებისათვის. სწორედ ამ შოუს შემდეგ შემომთავაზეს ივენთ-სპეციალისტის პოზიცია მთელი კავკასიის რეგიონში, რომელიც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებს მოიცავდა. 2011 წლიდან საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებები გავმართეთ. ჩამოვიყვანეთ კრის ფაიფერი − მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი და მოვაწყვეთ მისი ტური ამ სამ ქვეყანაში. 2012 წელს კიევში დანიელ რიკარდოს „შოურანი" შედგა RedBull-ის ორგანიზებით, სადაც მეც ვიყავი ჩართული. აქედან ზუსტად ერთ თვეში უკვე ბაქოს ქუჩებსაც ვეწვიეთ და გავმართეთ აზერბაიჯანში პირველი „ფორმულა 1"-ის „შოურანი" ცნობილ მრბოლელ დევიდ კულჰარდის მონაწილეობით. ამ ღონისძიებების შემდეგ, უკვე სპორტის მიმართულების მენეჯერად დავინიშნე და ამ კუთხით დავიწყე განვითარება".

აღსანიშნავია ბექას და RedBull-ის გუნდის მიერ 2013 წელს პროექტ WorldRun-ის საქართველოში შემოტანა და გადაჭარბების გარეშე, მთელ ქვეყანაში სირბილის კულტურის დამკვიდრება. საწყის ეტაპზე, პროექტს უამრავი ადამიანი სკეპტიკურად უყურებდა და არც კი სჯეროდათ, რომ ვინმეს შეეძლო სირბილში ფულიც კი გადაეხადა.

WorldRun კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტია, რომელიც სხვადასხვა საქველმოქმედო მიზანს ემსახურება და მისი პირდაპირი ტრანსლირება მსოფლიოს არაერთ კუთხეში ხორციელდება. „პროექტი უკვე მეშვიდე წელია, რაც წარმატებით იმართება, თუმცა თავდაპირველად, საკმაოდ დიდი ძალისხმევის გაწევა მოგვიწია, რათა სხვადასხვა ორგანიზაცია და ზოგადად, საზოგადოება დაგვერწმუნებინა ამ კამპანიის მნიშვნელობაში. პირველ რბენაში ხალხი ჯინსებით და ყოველდღიური ფეხსაცმლით იღებდა მონაწილეობას, მაგრამ დღეს უკვე ყველა განსაკუთრებულად ელოდება ამ ღონისძიებას, როგორც ფიზიკური მომზადების კუთხით, ისე შესაფერისი სამოსის მომარაგებით. ბოლო დროს, კორპორაციულ სამყაროში სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა ყველამ კარგად გააცნობიერა. ეს ნაწილობრივ ამ პროექტის დამსახურებაცაა, რომელიც შვილივით მიყვარს. არ შემიძლია არ აღვნიშნო და მადლობა არ გადავუხადო სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს ჩვენი მხარდაჭერისთვის, WorldRun-ის გვერდით დგომისთვის", − აცხადებს ბექა გოლეთიანი.

2015 წლისთვის, მას შემდეგ, რაც RedBull-ის კავკასიის გუნდი ნელ-ნელა დაიშალა და მისმა წევრებმა მუშაობა სხვადასხვა კომპანიაში განაგრძეს, ბექა აზერბაიჯანში გადავიდა საცხოვრებლად და ახალ ბაზარზე გადაწყვიტა მოესინჯა საკუთარი თავი. „საქართველოში უკვე ფაქტობრივად ყველაფერი გვქონდა გაკეთებული და გადავწყვიტე გამეგო, რამდენად შემეძლო ჩემი ძლიერი მხარეების რეალიზება სხვა ქვეყანაში მომეხდინა. თითქმის ორი წელი აზერბაიჯანში გავატარე. 2010 წლიდან ხშირად ვსტუმრობდი ამ ქვეყანას და ბაქო ჩემთვის მეორე მშობლიურ ქალაქად იქცა", − აღნიშნავს ბექა, − 2017 წლის დასაწყისში, როდესაც აბუდაბიში Red Bull-ის თვითმფრინავების შოუს ვესწრებოდი, ჩემმა მეგობარმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების სპორტ-მენეჯერმა მთხოვა ჩემი აზრის გაზიარება ათლეტ-მენეჯერის პოზიციაზე სამუშაოდ, ვინაიდან ვაკანსია ჰქონდათ გამოცხადებული და თითქმის მთელი მსოფლიოდან მისდიოდათ CV-ები. მანამდეც ვფიქრობდი დუბაიში საცხოვრებლად გადასვლაზე და მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო შანსი, რომელიც უნდა გამომეყენებინა. მეორე დღესვე ჩემი კანდიდატურა შევთავაზე ამ პოზიციაზე, რაც გაუკვირდათ, რადგან სამი ქვეყნის სპორტ-მენეჯერი ვიყავი, ხოლო ეს ვაკანსია მხოლოდ ერთი ქვეყნის ბაზარს მოიცავდა. ამ დროს მეორე ალტერნატივასაც განვიხილავდი, საქართველოში დაბრუნების სახით მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. რჩევისათვის სხვადასხვა მაღალ პოზიციაზე მყოფ უცხოელ მეგობრებს და კოლეგებს მივმართე და მათი მხრიდან პასუხი ცალსახა იყო − საქართველოში დაბრუნება ჯერ ადრეა, ხოლო დუბაიში ჩამოსვლით ისეთ უნარებს შეიძენ, ისეთ ადამიანებთან მოგიწევს ურთიერთობა და იმდენად აიმაღლებ კვალიფიკაციას, რომ შენი ფასი საქართველოში დროთა განმავლობაში უფრო გაიზრდებაო. 6-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 2017 წლის აგვისტოში გადმოვედი საამიროებში, თუმცა სულ რამდენიმე თვეში ერთი ქვეყნის მაგივრად, მთელი ახლო და შუა აღმოსავლეთის რეგიონის ბაზარი ჩამაბარეს და უკვე 2018 წლიდან ამ მიმართულებას ვხელმძღვანელობ".

დღესდღეობით, ბექა შუა აღმოსავლეთის სპორტისა და ათლეტების რეგიონული მენეჯერია, რაც აერთიანებს სპორტულ პარტნიორობას, ივენთების ორგანიზებას და პერსპექტიული სპორტსმენების შერჩევას. მოგეხსენებათ, Red Bull-ისთვის, მისი დაარსების დღიდან, სპორტსმენები მარკეტინგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ. „ჩემი მუშაობა მოიცავს გამორჩეული ტალანტის სპორტსმენთა მოძიებას, უკვე არსებულ პარტნიორ სპორტსმენებთან სისტემატურ ურთიერთობას, მათ მენეჯმენტს და მენტორობას ბრენდის მოლოდინისა და მათი მიზნების თანხვედრისათვის. დუბაიში ჩამოსვლისთანავე, ჩემი პირადი ინიციატივა იყო, შეგვექმნა ოჯახური განწყობა − world of RedBull family. დღეს უკვე RedBull-ის გუნდში მოხვედრა ყველა სპორტსმენის ოცნებაა, ვინაიდან თუ შენი პროფესიით ბევრს არ მიაღწევ, Red Bull Cap-ს ვერ დაიხურავ. ჩვენი კომპანიის მისიაა giving wings to the people and ideas, რაც ნიშნავს ჩვენს სპორტსმენებთან ყოველდღიურ საუბარს იმაზე, თუ რა ოცნებები აქვთ, რისი გაკეთება სურთ, როგორი ვიდეოს გადაღება ან რომელი რეკორდის მოხსნა უნდათ და რაც მთავარია, როგორ შეუძლია Red Bull-ს, მათ ამ ყველაფერში დაეხმაროს. დღეის მდგომარეობით, პირადად მე 22 სპორტსმენი და სპორტის ერთი გუნდი მაბარია", ბექა გოლეთიანი, „ყველა მეუბნება, რა მაგარი სამსახური გაქვსო. შესაძლოა ორშაბათს სერფინგით ან უდაბნოში dunebashing-ით ვიყო დაკავებული „ფორმულა 1"-ის პილოტთან ერთად, თუმცა ეს სამსახური არის სუპერდინამიკური, მუდმივად ადამიანებთან მიწევს კომუნიკაცია და ამ 22 სპორტსმენიდან 22-ვესთან სპეციფიკური მიდგომის პოვნა და ღრმა პერსონალური ურთიერთობის დამყარება მიწევს. შესაძლოა, რომელიღაც დღეს ცუდ გუნებაზე იყოს, რაიმე სჭირდეს, ტრავმა ჰქონდეს, დეპრესია აწუხებდეს, მანქანა ჰქონდეს გაფუჭებული და ა.შ. ყველასთან გიწევს ყოველდღიურად მენტორული და დამრიგებლური ურთიერთობა, ხანდახან მოსმენა და შენი აზრის გაზიარება, ზოგჯერ ბრენდის პოზიციის დასაცავად ცოტა მკაცრად ყოფნა, ზოგჯერ პირიქით − ათლეტის მხარის დაჭერა და ასეთ დინამიკურ გარემოში ბალანსის შენარჩუნება".

ბექა ბავშვობიდან სპორტით იყო გატაცებული, განსაკუთრებით კი კალათბურთით. რიგი მიზეზების გამო, მისი სპორტული კარიერა ვერ შედგა, თუმცა სპორტში დასარჩენად RedBull-თან თანამშრომლობის შანსი გამოიყენა.

„კალათბურთი რომ მეთამაშა, შესაძლოა ვყოფილიყავი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, მაგრამ ახლა რა დონეზეც ვარ და რა ურთიერთობაც მაქვს Red Bull-ის სპორტსმენებთან, ალბათ იმის მეასედის შესაძლებლობაც არ მომეცემოდა", − ამბობს ბექა.

Entrepreneur დაინტერესდა, თუ რა არის წარმატება ბექა გოლეთიანისათვის და როგორ მივაღწიოთ მას, რაზეც ჩვენმა რესპონდენტმა გვიპასუხა, რომ წარმატებაა აკეთებდე იმას, რაც გულით გიყვარს და გაბედნიერებს. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია თვითრწმენა და შინაგანი ბალანსის პოვნა, რაშიც პატარ-პატარა ნაბიჯები და მიღწევები გვეხმარება. „თუკი მკითხავთ, ვარ თუ არა წარმატებული, გიპასუხებთ, რომ ალბათ ვარ. წარმატებაა იცხოვრო და იმუშაო მაქსიმალურად ახლოს იმასთან, რაც გიყვარს. მიყვარს მოგზაურობა და უკვე 50-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მიყვარს ახალი გამოცდილებები და აქტიური ცხოვრების წესი, რისი შესაძლებლობაც Red Bull-თან ერთად მეძლევა. ვცხოვრობ გარემოში, სადაც ყოველდღიურად უამრავ საინტერესო ადამიანს ვხვდები და ბევრს ვსწავლობ მათგან. ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის დაცვა. ისეთი სამსახური მაქვს, სადაც შემიძლია ნებისმიერ დროს მივიდე და როცა მომინდება, მაშინ წამოვიდე. ყველამ იცის, რომ ბექა გოლეთიანი თავისი საქმის სპეციალისტია და არავინ მაკონტროლებს. მაქვს პასუხისმგებლობა და თავისუფლება იმისა, რომ ვიმუშაო ისე, როგორც საჭიროდ მივიჩნევ. ხანდახან დანაშაულის შეგრძნება მაწუხებს ხოლმე ოჯახის მიმართ, რომელსაც დაკავებული გრაფიკის გამო საკმარის დროს ვერ ვუთმობ, თუმცა როგორც კი მივლინებიდან შინ ვბრუნდები, შვილებთან ერთად ვსეირნობ, კინოთეატრში და სხვა გასართობ დაწესებულებებში დავდივართ და ბევრ დროს ვატარებთ ერთად, რაც ნებისმიერი ადამიანისათვის უმნიშვნელოვანესია. ალბათ დადგება ჩემს ცხოვრებაში მომენტი, როდესაც ჩემი, დამოუკიდებელი საქმით დავკავდები და პარალელურად სხვა საინტერესო აქტივობებსაც შევითავსებ. ახლა კი, მიხარია ის, რომ შემიძლია ბევრ ადამიანს დავეხმარო − იქნება ეს ოჯახის წევრი, მეგობარი, ნათესავი თუ უბრალოდ ახლობელი ადამიანი, თუნდაც გამოცდილების გაზიარებით, საქმით, რესურსით და ა.შ. ახლა ტალანტების მოძიების პატარა სააგენტო მაქვს, რომლითაც ნიჭიერ ახალგაზრდებს საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში გამოცდილების დაგროვებაში და კარგი პირობებით სამსახურის პოვნაში ვეხმარები. საქართველოში ბევრ რამეს ვგეგმავ და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ, ჩემ მიერ დაგროვილი ცოდნით, გამოცდილებითა და საჭირო კონტაქტებით, აუცილებლად დავბრუნდები სამშობლოში და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებ ჩემს გუნდთან ერთად", − ბექა გოლეთიანი.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს