MatrixDesire - ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ფიქრით კონკრეტული ვირტუალური მოქმედებების შესრულებაში დაგეხმარებათ

ზვიად ბიბილაშვილმა და დემეტრე ჩალიგავამ, ხუთივე „შარქისგან" ბიზნესის 50%-იანი წილის სანაცვლოდ 100 000 ლარი მოიზიდეს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართულ სატელევიზიო სივრცეში, საქართველოს პირველ არხზე, სტარტაპერებისათვის ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუ − „შარქ თენქ საქართველო“ გამოჩნდა. ამ შოუს არსებობის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, უკვე 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ შოუ პირველად 2001 წელს იაპონიაში „ფულის ვეფხვების“ სახელით დაარსდა. „შარქ თენქში“ მონაწილე ანტრეპრენერები „შარქების“, ანუ ერთგვარი ჟიურის წევრების წინაშე წარადგენენ თავიანთ სტარტაპებს, აჯერებენ ინვესტორებს ამ ბიზნესის პერსპექტიულობას, პასუხობენ შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხასა და ინტელექტუალურ მხარდაჭერას იღებენ. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია, ხოლო 2021 წლიდან, ამის შესაძლებლობა უკვე ქართველ ანტრეპრენერებსაც მიეცემათ.

ალექსეი სეროვი

აღსანიშნავია, რომ „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური სპონსორია ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი Visa − ქსელი, რომელიც აერთიანებს ყველას და ყველაფერს, რომელიც პროექტში გამარჯვებულებს თავიანთი ბიზნესის ეფექტურად მართვისა და გამარტივების მიზნით, სთავაზობს Visa-ს ინოვაციური პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობას. Visa-ს სტრატეგიის პრიორიტეტებს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს − როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ დონეზე. მცირე და საშუალო ბიზნესი, ეკონომიკის მამოძრავებელ ძალასა და მსოფლიო მასშტაბით დამსაქმებელთა უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. Visa-ს როლი ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გამოიხატება ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული არაერთი ინოვაციური პროდუქტის შეთავაზებასა და მათთვის პარტნიორობის ფორმატში განხორციელებული ინიციატივებით. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება „შარქ თენქ საქართველო“ − პირველი არხის გადაცემა, რომელიც ბიზნესმენებსა და ინვესტორებს შორის ღია კომუნიკაციას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია, ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობის გაზრდა და მათი პროდუქტის პოპულარიზაცია.

„შარქ თენქ საქართველოს“ მესამე გადაცემის ერთადერთი გამარჯვებული, სტარტაპი MatrixDesire გახდა, რომელმაც ხუთივე „შარქის“ მხარდაჭერა და ბიზნესის 50%-იანი წილის სანაცვლოდ, 100 000-ლარიანი ინვესტიციის (ორ „ტრანშად“) მოზიდვა შეძლო.

სტარტაპის დამფუძნებლები − ზვიად ბიბილაშვილი და დემეტრე ჩალიგავა მუშაობენ პროდუქტზე, რომელიც მათივე თქმით, ვირტუალური რეალობისა და თამაშების ინდუსტრიაში გარდამტეხ როლს ითამაშებს. მეგობრებმა შექმნეს კონტროლერი, რომელიც ჩაანაცვლებს მოძველებულ ჯოისტიკს და ადამიანს აღარ დასჭირდება ფიზიკურ ღილაკებთან შეხება კონკრეტული ვირტუალური მოქმედების შესასრულებლად. ეს ახალი მოწყობილობა აკვირდება თავის ტვინის აქტიურობას, ფიქრებს, სხვადასხვა უბნიდან წამოსულ იმპულსებს, გარდაქმნის მათ ერთგვარ ვირტუალურ ღილაკებად და ყოველგვარი ფიზიკური კონტაქტის გარეშე, სხვადასხვა პლატფორმაზე მუშაობის ან თამაშის შესაძლებლობას გვაძლევს.

ამ ეტაპზე, მოწყობილობის პროტოტიპი მარტივი, ერთი ფუნქციის მქონე მოქმედებების შესრულებას გვთავაზობს, როგორიცაა სოციალური ქსელის სქროლვა, ვიდეოების ჩართვა/გათიშვა და ა.შ. თუმცა ახლო მომავალში, ზვიადი და დემეტრე აპირებენ ბაზარს წარუდგინონ 16-არხიანი BCI-პლატფორმა, რომელიც დააკვირდება თავის ტვინის 16 სხვადასხვა უბანს, მოახდენს მათ კომბინირებას და საბოლოოდ, გამოიტანს ზუსტ შედეგს, თამაშის პროცესში ყოველგვარი ხარვეზისა და დაყოვნების თავიდან აცილების მიზნით.

„ჩვენი პროდუქტის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებლები მატერიალური სამყაროდან ვირტუალურში გადავიდნენ და ჯოისტიკთან აღარ ჰქონდეთ შეხება, ვინაიდან ფიზიკური მოწყობილობები, VR-ს თავის ეფექტს უკარგავენ“, − აცხადებს ზვიად ბიბილაშვილი, − „შარქ თენქში“ მონაწილეობის მიღება გადავწყვიტეთ მაშინ, როდესაც ინვესტორების ვინაობის შესახებ შევიტყვეთ, ვინაიდან გვჭირდებოდა არა მხოლოდ მატერიალური დახმარება, არამედ ბიზნესის სწორი მართვის კუთხით ინტელექტუალური მხარდაჭერაც. თითოეული ინვესტორი განსხვავებულად აღიქვამს ჩვენს ბიზნესს, სხვადასხვა ჭრილში გვაფასებს, რაც საქმეს წინ სწევს. ჩვენი მთავარი მიზანი იყო ახალი ადამიანებისა და ხედვების დამატება, რაშიც ხუთივე „შარქი“ ძალიან დაგვეხმარება, ერთად დავძლევთ სირთულეებს და სწრაფად განვვითარდებით“.

სტარტაპის დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ „შარქ თენქ საქართველო“ ძალიან საინტერესო, კომპეტენტური ჟიურის წევრებით დაკომპლექტებული პროექტია, სადაც წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი, უამრავ მნიშვნელოვან შეკითხვას ან კრიტიკას მოისმენ, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოგადგება. „ვფიქრობ, ეს პროექტი დაეხმარება საზოგადოებას იმაში, რომ ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინონ და რაც შეიძლება მეტი სტარტაპი დააფუძნონ“, − ამბობს ზვიადი.

„შარქ თენქში“ მოზიდული ინვესტიციით, ანტრეპრენერები გეგმავენ კარგი MVP-ის შექმნას, რომელიც მათ საგრანტო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. ასევე, იწყებენ მუშაობას წინასწარი შეკვეთების მიღებაზე სხვადასხვა მომხმარებლისგან, შემოსული თანხა კი სრულად პროდუქტის გაუმჯობესებას და მის საბოლოო სახემდე მიყვანას მოხმარდება. „ის, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, ხელოვნური ინტელექტის დახვეწა და მეტი კვლევის ჩატარებაა, რაც სამომავლო განვითარებაში შეგვიწყობს ხელს. პროდუქტი საწყის ეტაპზე საქართველოშიც გაიყიდება, თუმცა ვაპირებთ გლობალურ მასშტაბზე გასვლას და Amazon-ის მსგავსი სავაჭრო პლატფორმების ათვისებას“, − აცხადებენ სტარტაპის თანადამფუძნებლები.