დაჯე – 30 წლიანი პაუზის შემდეგ გაცოცხლებული ეკომეგობრული ავეჯის იდეა

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სატელევიზიო პროექტმა „შარქ თენქ საქართველო“, რომელიც საქართველოს პირველი არხის მეშვეობით გაიცნო მაყურებელმა, უკვე საკმაოდ დიდი სიმპათია დაიმსახურა და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შოუდ იქცა. ამ შოუს არსებობის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, უკვე 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. 2001 წელს, იაპონიაში „ფულის ვეფხვების“ სახელით დაარსებული პროექტის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ დამწყებ თუ უკვე აქტიურ სტარტაპერებს ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობა მიეცეთ ე.წ. „შარქებისგან“, ანუ ერთგვარი ჟიურის წევრებისგან, რომლებიც ანტრეპრენერთა პრეზენტაციას ისმენენ, სვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხას სთავაზობენ კონკურსანტებს. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია, ხოლო 2021 წლიდან, ამის შესაძლებლობა უკვე ქართველ ანტრეპრენერებსაც მიეცემათ.

ფოტო: ალექსეი სეროვი

აღსანიშნავია, რომ „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური სპონსორია ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი Visa − ქსელი, რომელიც აერთიანებს ყველას და ყველაფერს, რომელიც პროექტში გამარჯვებულებს თავიანთი ბიზნესის ეფექტურად მართვისა და გამარტივების მიზნით, სთავაზობს Visa-ს ინოვაციური პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობას. Visa-ს სტრატეგიის პრიორიტეტებს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს − როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ დონეზე. მცირე და საშუალო ბიზნესი, ეკონომიკის მამოძრავებელ ძალასა და მსოფლიო მასშტაბით დამსაქმებელთა უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. Visa-ს როლი ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გამოიხატება ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული არაერთი ინოვაციური პროდუქტის შეთავაზებასა და მათთვის პარტნიორობის ფორმატში განხორციელებული ინიციატივებით. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება „შარქ თენქ საქართველო“ − პირველი არხის გადაცემა, რომელიც ბიზნესმენებსა და ინვესტორებს შორის ღია კომუნიკაციას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია, ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობის გაზრდა და მათი პროდუქტის პოპულარიზაცია.

გვსურს გაგაცნოთ პროექტ „შარ თენქ საქართველოს“ ერთ-ერთი გამარჯვებული, დავით ბოჭორიშვილი და მისი სტარტაპი „დაჯე“, რომელმაც „შარქ“ პავლე მგელაძისგან 30 000-ლარიანი ინვესტიცია ბიზნესის 20%-იანი წილის სანაცვლოდ მოიზიდა.

მოგეხსენებათ, ნებისმიერი სტარტაპის მიზანს, როგორც წესი, კონკრეტული პრობლემის მოგვარება წარმოადგენს. ბოჭორიშვილების ოჯახი თელავში ცხოვრობს და შინ სამხატვრო სტუდია აქვთ მოწყობილი, სადაც მომავალ მხატვრებს ამზადებენ. შემოქმედებით პროცესში, ისინი ძირითადად საოჯახო ავეჯს იყენებდნენ, რაც დიდ ადგილს იკავებდა და სივრცის ორგანიზებაში დისკომფორტს ქმნიდა. გარდა ამისა, მხატვრებს პლენერზე ხატვაც უწევთ და სამხატვრო ინვენტართან ერთად, სკამის ტარება საკმაოდ მოუხერხებელია. ამ პრობლემაზე დაკვირვებით, დავითს მამამისის, ოთარ ბოჭორიშვილის მიერ 30 წლის წინ დაპროექტებული უნიკალური ასაწყობი სკამები გაახსენდა და ოჯახმა ამ იდეის გაცოცხლება გადაწყვიტა.

„სტარტაპი „შარქ თენქ საქართველოს“ დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2021 წლის აპრილში წამოვიწყეთ. გვქონდა პირველი მცდელობები, დავამზადეთ რამდენიმე პროტოტიპი, ერთი-ორი სკამი გავყიდეთ კიდეც, მაგრამ თავიდანვე ვამჩნევდით, მეც და მამაჩემიც, რომ დიზაინის მოფიქრება და წარმოება შევძელით, თუმცა სტარტაპის გასაზრდელად არც ფული გვქონდა და არც ბიზნესის წარმოების ცოდნა. მალევე მივიღეთ მონაწილეობა ერთ-ერთ ესტონურ სტარტაპ პროგრამაში და ფულადი გრანტიც მოვიპოვეთ, მაგრამ სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად, ეს საკმარისი არ იყო. სწორედ ამ დროს გამოჩნდა „შარქ თენქი“, რომელიც ინვესტიციას და კომპეტენტური ჟიურის ინტელექტუალურ რესურსს გვთავაზობდა და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. ცხადია, არ ვიცოდი რამდენად სერიოზულად და მნიშვნელოვნად შეაფასებდნენ ამ პროექტს, თუმცა მქონდა სურვილი, შარქებისთვის „დაჯე“ საინტერესო კუთხით დამენახვებინა, რაც მოვახერხე კიდეც“, − აცხადებს დავით ბოჭორიშვილი, − „ჩემ გარშემო ბევრს აქვს საინტერესო იდეა, თუმცა არსებობს რიგი ბარიერებისა, რომელთა გამოც ამ იდეებს ივიწყებენ და თავიანთი წამოწყების პერსპექტივებს სწორად ვერ აფასებენ. საქართველოში ბიზნესის წარმოების ცოდნის მხრივ მოვიკოჭლებთ. არსებობს სასწავლებლები, სადაც შემოქმედებითად განვითარდები, თუმცა ვერ მიიღებ ბიზნესგანათლებას. მეორე მხრივ, თუკი ბიზნეს-ადმინისტრირებას ასწავლიან, შემოქმედებით კუთხეს უგულებელყოფენ. „შარქ თენქი“ სწორედ ის ადგილია, რომელიც ამ ორ მიმართულებას ერთმანეთს დაუკავშირებს და იდეის რეალიზების შესაძლებლობას მოგვცემს“.

ოთარ ბოჭორიშვილმა − დავითის მამამ, რომელიც პროფესიით სამრეწველო დიზაინერია, დაახლოებით 30 წლის წინ, რამდენიმე ცდის შემდეგ, მიაკვლია უნიკალურ პრინციპს, თუ როგორ მიეღო დასაშლელ-ასაწყობი, მარტივად გადასატანი და მოსახმარი ავეჯი, მხოლოდ ხის სპეციალურად გამოჭრილი ნაწილებისგან, ყოველგვარი ლითონის შემაერთებელი ელემენტების გარეშე. მან საკუთარი პროდუქციის მცირე პარტიის წარმოება და რეალიზებაც მოახერხა, თუმცა გასული საუკუნის 90-იანი წლების არეულობის პერიოდში, ბატონმა ოთარმა ეს იდეა თაროზე შემოდო და დამოუკიდებელი საქმის წამოწყებაზე ხელი აიღო. როგორც დავითი გვიამბობს, ამ საქმის გაცოცხლება სწორედ მისი იდეა იყო და დღეს უკვე ეკომეგობრული, პორტატიული ავეჯის წარმოებაში მამაც დიდი მოტივაციითაა ჩაბმული.

„ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო, ბიზნესის წარმოების მცოდნე ადამიანის საქმეში ჩართვა. პავლე მგელაძესთან ურთიერთობაში დავინახე მისი დიდი მონდომება და მოტივაცია. იგი თავადაც ჩართულია საქმეში, ჩვენი სტარტაპისადმი სტრატეგიული მიდგომა აქვს და ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, მისი სახით მნიშვნელოვანი პარტნიორი შევიძინეთ“, − აღნიშნავს დავით ბოჭორიშვილი, − „თანხა ძირითადად ჩვენი დამოუკიდებელი საწარმოს მოსაწყობად გვჭირდებოდა, ვინაიდან აქამდე „დაჯეს“ პროდუქციის ლაზერულ ჭრას კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებდნენ, რაც თვითღირებულების 50-60%-ს შეადგენდა. ამჟამად, რეორგანიზების ეტაპზე ვართ, ვამზადებთ საწარმოო ფართს, ველოდებით შეკვეთილ დაზგებს და ამავდროულად, ვმუშაობთ ახალ პროტოტიპებზე, ჩვენი ასორტიმენტის გასაზრდელად. ჩვენი საწარმო, ერთი მხრივ, შეამცირებს პროდუქციის თვითღირებულებას, ხოლო მეორე მხრივ, სხვადასხვა იდეის რეალიზებას გაამარტივებს“.

საწარმოო სიმძლავრეების ზრდასთან ერთად, „დაჯე“ საკუთარი პროდუქციის ადგილობრივ სავაჭრო ცენტრებში შეტანას გეგმავს. ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში, დავითი ევროპულ ბაზარზე გასვლასაც აპირებს.