VidooFood - ონლაინრესტორანი მინიმალური რისკითა და დანახარჯით

უკვე უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში გავხსნით დიდ ობიექტს, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვემსახუროთ საშუალოდ 30-ზე მეტ ონლაინრესტორანს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს პირველ არხზე უკვე საკმაოდ პოპულარულ შოუდ ქცეული „შარქ თენქ საქართველოს“ პირველი სეზონი დასასრულს მიუახლოვდა. ამ შოუს არსებობის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, უკვე 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. 2001 წელს, იაპონიაში „ფულის ვეფხვების“ სახელით დაარსებული პროექტის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ დამწყებ თუ უკვე აქტიურ სტარტაპერებს ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობა მიეცეთ ე.წ. „შარქებისგან“, ანუ ერთგვარი ჟიურის წევრებისგან, რომლებიც ანტრეპრენერთა პრეზენტაციას ისმენენ, სვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხას სთავაზობენ კონკურსანტებს. ამ პროექტმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია, ხოლო 2021 წლიდან ამის შესაძლებლობა ქართველ ანტრეპრენერებსაც მიეცათ და ბევრმა მათგანმა უკვე დიდ წარმატებასაც მიაღწია.

ფოტო: ალექსეი სეროვი

აღსანიშნავია, რომ „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური სპონსორია ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი Visa − ქსელი, რომელიც აერთიანებს ყველას და ყველაფერს, რომელიც პროექტში გამარჯვებულებს თავიანთი ბიზნესის ეფექტურად მართვისა და გამარტივების მიზნით, სთავაზობს Visa-ს ინოვაციური პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობას. Visa-ს სტრატეგიის პრიორიტეტებს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს − როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ დონეზე. მცირე და საშუალო ბიზნესი, ეკონომიკის მამოძრავებელ ძალასა და მსოფლიო მასშტაბით დამსაქმებელთა უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. Visa-ს როლი ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გამოიხატება ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული არაერთი ინოვაციური პროდუქტის შეთავაზებასა და მათთვის პარტნიორობის ფორმატში განხორციელებული ინიციატივებით. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება „შარქ თენქ საქართველო“ − პირველი არხის გადაცემა, რომელიც ბიზნესმენებსა და ინვესტორებს შორის ღია კომუნიკაციას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია, ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობის გაზრდა და მათი პროდუქტის პოპულარიზაცია.

პროექტის დასკვნითი გადაცემის ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპი VidooFood და მისი დამფუძნებლები − ლაშა ბარბაქაძე და ნიკა ჟღერია გახდნენ. ამ ონლაინრესტორნის კონცეფციაზე დაყრდნობით შექმნილმა პლატფორმამ, მენი ბენიშისგან და ქეთი ქვარცხავასგან, ბიზნესის 50%-იანი წილის სანაცვლოდ, 250 000 ლარის ინვესტიცია მოიზიდა.რესტორნის გახსნა, სამზარეულოსა და დარბაზის ჯეროვნად მოწყობა, პერსონალის ხელფასები, ყოველდღიური ხარჯები საკმაოდ დიდ ფულად რესურსს მოითხოვს და სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანი საინტერესო კონცეფციისა და იდეის განხორციელებას ვერ ახერხებს. VidooFood არის პლატფორმა, რომელზეც ნებისმიერი მსურველი შეძლებს საკუთარი ჩანაფიქრის რეალიზებას ონლაინსივრცეში. სტარტაპის გუნდი თქვენს იდეას ამუშავებს, თქვენთან ერთად ადგენს მენიუს, ზრუნავს პროდუქტების ხარისხზე, პროფესიონალი მზარეული რეცეპტურის შესაბამისად ამზადებს კერძებს და აწვდის მზა საკვებს საკურიერო სერვისს. ონლაინრესტორნის მფლობელს ისღა რჩება, იზრუნოს მარკეტინგსა და გაყიდვებზე, ხოლო „შავ საქმეს“ მთლიანად VidooFood, წინასწარ შეთანხმებული თანხის, საკომისიო გადასახადის სანაცვლოდ მოაგვარებს.

„ამჟამად გვაქვს ერთი ობიექტი საბურთალოზე, საიდანაც 8 განსხვავებული ონლაინრესტორანი ფუნქციონირებს, თუმცა აღნიშნული ობიექტი მხოლოდ ვალიდაციის პირველი ეტაპის შემადგენელი ნაწილია. „შარქებთან“ ერთად კი, უკვე უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში გავხსნით დიდ ობიექტს, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვემსახუროთ საშუალოდ 30-ზე მეტ ონლაინრესტორანს და სწორედ აღნიშნული ობიექტის მოდელი უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაფართოების საწინდარი“, − აცხადებს VidooFood-ის თანადამფუძნებელი, ლაშა ბარბაქაძე, − „მიგვაჩნია, რომ „შარქებში“ ძალიან გაგვიმართლა − არა მხოლოდ მათი ფინანსური მხარდაჭერის, არამედ მათი ძალიან დიდი გამოცდილების გამო, რომელიც სხვადასხვა სექტორს მოიცავს. ბევრი საინტერესო იდეა უკვე მოვისმინეთ მათგან და დარწმუნებულები ვართ სტრატეგიული რჩევები არც მომავალში მოგვაკლდება. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენს „შარქებს“ საკმაოდ დიდი „ნეთვორქი“ აქვთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ, რაც ჩვენი გლობალური მიზნების მიღწევაში ძალიან დაგვეხმარება“.

როგორც VidooFood-ის დამფუძნებლები აღნიშნავენ, მათ პროექტის უცხოური ვერსია ძალიან მოსწონდათ და აქტიურად ადევნებდნენ თვალყურს. გარდა ამისა, ისინი ინვესტორების მოძიებით იყვნენ დაკავებული და შესაბამისად, „შარქ თენქ საქართველოს“ გამოჩენისთანავე, გადაწყვიტეს მონაწილეობა მიეღოთ შოუში და შეევსოთ აპლიკაცია. „ინვესტიციის მოზიდვის მიღმა, გვქონდა მოლოდინი, რომ ბევრ საინტერესო მოსაზრებას და მათ შორის მძიმე კრიტიკასაც მოვისმენდით, რაც ასეც აღმოჩნდა, რადგან ჯამში დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა ჩვენი და „შარქების“ საუბარი“, − ამბობს ლაშა ბარბაქაძე, − „ამ პროექტის არსებობა ცალსახად ძალიან წაადგება ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემას, ვინაიდან სტარტაპერებს კიდევ უფრო გაუმარტივდათ თავიანთი იდეების რეალურ ცხოვრებაში გატესტვა და ინვესტორების წინაშე ამ იდეის დაცვა. სწორედ ამიტომ, მჯერა, რომ პროექტი გახდება კატალიზატორი ბევრი ახალი, ინოვაციური ბიზნესიდეის, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი უნდა იყოს“.

საწყის ეტაპზე, VidooFood სახეცვლილი მოდელის მიხედვით დიდი ობიექტის გახსნას და 30-ზე მეტი ონლაინრესტორნის მომსახურებას გეგმავს, ხოლო მოგვიანებით, სტარტაპი თბილისში კიდევ ერთი ლოკაციის დამატებას აპირებს ქალაქის სრულად ასათვისებლად. როგორც დამფუძნებლებმა აღნიშნეს, სტარტაპი 2023 წლიდან ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ბაზრებზე გასვლას ისახავს მიზნად.