რა არის 5G?

5G 10-ჯერ უფრო სწრაფია 4G-ზე და უკაბელო ინტერნეტზე უკეთეს წვდომასაც გვპირდება. გთავაზობთ პროფესიონალი ელექტროინჟინრის განმარტებას, თუ რა არის 5G-კავშირი.

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

5G მეხუთე თაობის ფიჭური ქსელის ტექნოლოგიაა, რომელიც უკაბელო კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, თქვენი მობილური ტელეფონიდან ფიჭური კავშირის ანძამდე, ხოლო ანძიდან − გლობალურ ინტერნეტამდე. სატელეკომუნიკაციო ოპერატორების მოწოდებული 5G ქსელური სერვისია და სულაც არ არის იგივე, რაც 5 გიგაჰერცის დიაპაზონი თქვენს უსადენო კავშირის როუტერზე.

entrepreneur.ge

5G დაახლოებით 10-ჯერ უფრო მაღალ გამტარუნარიანობას გთავაზობთ მის წინამორბედ 4G-ისთან შედარებით, რასაც დაბალი და საშუალო სიხშირის რადიოტალღები განაპირობებს. გარდა ამისა, 5G უფრო მაღალი სიხშირის ტალღებსაც იყენებს ინფორმაციის კოდირებისათვის და მის გადასატანად.

გამტარუნარიანობა განიერ მაგისტრალს ჰგავს. რაც უფრო ფართოა გზატკეცილი, მით მეტი მოძრაობის ზოლი აქვს და მეტ ავტომობილს გაატარებს ერთსა და იმავე დროს. ეს ბევრად უფრო სწრაფს ხდის 5G-ის და გარდა ამისა, მას სხვა მრავალი მოწყობილობის მართვის შესაძლებლობას აძლევს.

სასიგნალო ზოლები, 5G-ის და ბატარეის ინდიკატორები, როგორც წესი, სმარტფონის ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ჩანს.

უახლესი სმარტფონების უმრავლესობა 5G-ქსელებთან მუშაობს

5G-ის სიჩქარე წამში დაახლოებით 50 მეგაბიტიდან 1 გიგაბიტამდე მერყეობს. ეს სიჩქარე (1 გიგაბიტი წამში) საშუალებას გაძლევთ მაღალი გარჩევადობის ფილმი წუთზე ნაკლებ დროში ჩამოტვირთოთ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხალხმრავალ ადგილებში ცუდი კავშირი აღარ იქნება? გაზრდილი გამტარუნარიანობა ნამდვილად დაგეხმარებათ, მაგრამ მაგისტრალების ანალოგია ამ შემთხვევაშიც გამოგვადგება. საქმე ის არის, რომ ზოლების რაოდენობის გაზრდა ყოველთვის არ ამცირებს საცობებს, რადგან ფართო მაგისტრალებს სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს. მართალია 5G 4G-ქსელებზე ბევრად მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს, თუმცა მიუხედავად ამისა, ხარვეზები ყოველთვის იარსებებს და ამისგან დაზღვეული ვერავინ იქნება.

5G ინტერნეტთან დააკავშირებს როგორც თქვენს ტელეფონს, ისე ლეპტოპს და ბევრ სხვა მოწყობილობასაც. ფოტოჩარჩოებით დაწყებული, ტოსტერებით დამთავრებული, ეს ტექნოლოგიური რევოლუციის ნაწილია ფიზიკური საგნების ინტერნეტიზაციაში. მართალია, 5G-ის შეუძლია კვადრატულ კილომეტრ ფართობზე მილიონამდე მოწყობილობას გაუმკლავდეს, მაგრამ მთელი ეს გამტარუნარიანობა შეიძლება სწრაფად იქნას გამოყენებული და მოთხოვნა გაიზარდოს, რასაც კიდევ უფრო მეტი გამტარუნარიანობის მქონე, მომავალი − 5.5G უზრუნველყოფს.

5G-ის სახესხვაობები

5G-ს დაბალი, საშუალო და მაღალი სიხშირის ტალღების გამოყენება შეუძლია, თითოეულს კი, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. დაბალი სიხშირის ტალღები უფრო შორს ვრცელდება, მაგრამ უფრო ნელია. მაღალი სიხშირის ტალღები ბევრად სწრაფად მოძრაობს, მაგრამ მხოლოდ შეზღუდული დისტანციების გავლა შეუძლია. უფრო მაღალი სიხშირის ტალღების სიჩქარე 5 გიგაბიტს აღწევს წამში, რაც მომავალში Ethernet-ისა და სადენიანი კავშირების მოძველებას განაპირობებს. თუმცა, ამჟამად, მაღალი სიხშირის ტალღები უფრო ძვირი ჯდება და შესაბამისად, მხოლოდ იქ გამოიყენება, სადაც ყველაზე მეტად არის საჭირო: ხალხმრავალ ურბანულ გარემოში, სტადიონებზე, საკონფერენციო ცენტრებში, აეროპორტებსა და საკონცერტო დარბაზებში.

5G სერვისი ყველაზე სანდო კავშირია და მცირე შეყოვნება ახასიათებს. მისი გამოყენება შეიძლება იქ, სადაც მონაცემთა უზადო გადაცემაა საჭირო დანაკარგების ან მომსახურების შეფერხების გარეშე. მაგალითად, უსადენო საფრენი აპარატების გასაკონტროლებლად სტიქიური უბედურებების ადგილებში. ერთ დღესაც, როდესაც ეს ტექნოლოგია გაცილებით საიმედო გახდება, მისი გამოყენება დისტანციურ ქირურგიაშიც კი იქნება შესაძლებელი.