ჯიმი ფელონი თქვენს სამსახურში

მან წლები გაატარა იმ ოცნების ძიებაში, რომელიც სინამდვილეში მისი არ იყო

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მან წლები გაატარა იმ ოცნების ძიებაში, რომელიც სინამდვილეში მისი არ იყო. მაგრამ როდესაც ყველაზე დიდი შესაძლებლობა გამოუჩნდა თავის კარიერაში, გააცნობიერა, რომ ცხოვრების მიზანი უნდა ეპოვა, პასუხი უნდა ეპოვა შეკითხვაზე − „რატომ"? სხვაგვარად, მისი მცდელობა წარუმატებელი იქნებოდა.

entrepreneur.ge

ჯეისონ ფაიფერი

ჯიმი ფელონი 2009 წელს გახდა თოქ-შოუს წამყვანი, როდესაც Late Night-ის სახე, კონან ო'ბრაიენი შეცვალა. ფელონის ასეთი რამ არასოდეს გაუკეთებია და ამიტომ, როდესაც სამუშაოსთვის ემზადებოდა, მიმართა ადამიანს, რომელმაც ეს საქმე ნებისმიერზე უკეთ იცოდა.

„რაიმე რჩევას ხომ არ მომცემთ?" – ჰკითხა ფელონიმ ო'ბრაიენს.

„არანაირი რჩევის მოცემა არ შემიძლია", – უპასუხა ო'ბრაიენმა, – „თქვენ უბრალოდ, უნდა გააკეთოთ ეს".

„ეს პასუხი არ მომეწონა. იმას ვგულისხმობ, რომ ეს არც ისე კარგი რჩევა იყო", – ამბობს ახლა ფელონი, – „მაგრამ როდესაც ეს ამბავი სხვებთანაც განვიხილე, მათ მითხრეს, რომ ის მართალი იყო. მან იპოვა, თვითონ ვინ არის და ვინ უნდა ყოფილიყო მისი პერსონაჟი. შენ ვინ ხარ? ვინ არის ჯიმი ფელონი, როგორც შოუს წამყვანი?"

ფელონი მაშინ მიხვდა, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა იდეები იმის შესახებ, თუ რა უნდა ყოფილიყო მის შოუში − სულელური თამაშები და წრეგადასული მხიარულება, ამით უნდა ყოფილიყო მისი ბრენდი გამორჩეული. მაგრამ რატომ უნდა ეზრუნა მასზე ვინმე სხვას? ვინ არის ჯიმი ფელონი? „როდესაც რეალურად გიჩნდება ეს შეკითხვა, არც კი იცი, რა უნდა თქვა. ჰმ, ჰმ, მე ყავისფერი თმა მაქვს", – ამბობს ფელონი, – „მე ასეთი იუმორი მიყვარს. მე როკმუსიკა მიყვარს, მაგრამ ასევე, ჰმ, კლასიკურიც მომწონს. ამას აზრი არ აქვს".

ამას აზრი არ აქვს, რადგან ჩვენ ასე ხომ არ ვაზროვნებთ. ადამიანები გაუთავებლად საუბრობენ იმაზე, რასაც სამსახურში აკეთებენ, მაგრამ ისინი ყოველთვის არ ფიქრობენ იმაზე, თუ რატომ აკეთებენ ამას. რა არის მათი მამოძრავებელი ძალა? როგორ ისახავენ ისინი მიზანს? რა არის მათთვის წარმატების საზომი და რით ხელმძღვანელობენ ისინი, როდესაც რაიმე არასწორად მიდის? ამ ყველაფერს შეიძლება მიზნის ძიება დავარქვათ, პასუხის გაცემის მცდელობა შეკითხვაზე „რატომ"? − ეს არის მიზეზი იმისა, რატომ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ და ეს არის მათი არსი.

ამის ცოდნა უზომოდ მნიშვნელოვანია და ადამიანის გარდაქმნა შეუძლია. ამით ხდებიან ადამიანები უფრო მრავალმხრივები და მიზანმიმართულები. ადამიანები, რომლებმაც იციან პასუხი შეკითხვაზე − „რატომ"? თავს დაკარგულად არასოდეს გრძნობენ.

ფელონის არ ჰქონდა პასუხი შეკითხვაზე „რატომ"? და ო'ბრაიენმა ვერაფერი ურჩია მას. ეს ვერც სხვა ვერავინ შეძლო. ფაქტობრივად, ფელონიმ გააცნობიერა, რომ ეს მუშაობისას უნდა ეპოვა. „რაც მეტს აკეთებთ", – ამბობს ფელონი, – „მით მეტად გაყალიბებთ სამუშაო ისეთად, როგორიც უნდა გახდეთ".

ამ პროცესს კი დრო სჭირდება, დრო აუცილებელია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება საკუთარ თავზე ან ჩვენს საქმიანობაზე ვიცოდეთ. ფელონიმ წლები მოანდომა ყოველივეს გარკვევას, და ამის აღმოჩენამ იგი ღამის შოუს ოხუნჯიდან კულტურულ ძალად გარდაქმნა − The Tonight Show-ს ხელმძღვანელად, ყველაზე გაყიდვადი საბავშვო წიგნების ავტორად, ატრაქციონის შემქმნელად Universal Studios-ისთვის, ბრენდებისთვის არაჩვეულებრივი პროდუქტების შემქმნელად (როგორიცაა პიჟამა, სახელად P'Jimmies ალექს მილისთვის), Electric Hot Dog-ის ახალი შოუების შემქმნელად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად, მათ შორის, That's My Jam (NBC-ისთვის), Clash of the Cover Bands (E!-ისთვის) და The Kids Tonight Show (Pacock-ისთვის).

მაგრამ ფელონის მიღწევები ნებისმიერი ანტრეპრენერისთვის იქნებოდა ფასეული, რადგან მას არაფერი აქვს საერთო კომედიასთან ან გართობასთან, ან ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის წამყვანობასთან. ყველაფერი მარტივადაა: მან შეწყვიტა ყურადღების გამახვილება იმაზე, რის გაკეთებაც სურდა და იმ მიზეზზე დაიწყო ფოკუსირება, თუ რისთვის სჭირდებოდათ ეს ადამიანებს.

„ყოველთვის ვცდილობდი, რაც შეიძლება კარგი სცენარი მქონოდა", – ამბობს ფელონი, – „და თუ ის გაამართლებდა, გამოდის, რომ უბრალოდ გაამართლა. და თუ არა, მაყურებელი იმას მაინც იტყოდა: „ოჰ, რა გაეწყობა, ის ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია".

როდესაც ფელონი სკოლის მოსწავლე იყო, არასოდეს მოსვლია თავში შეკითხვა, რატომ მუშაობდა. ეს ისედაც ცხადი იყო: მისი მამა უკვე ორ ადგილას მუშაობდა, მის ოჯახს ფული სჭირდებოდა.

„როგორც კი მუშაობა შევძელი, ყველაფერს ვაკეთებდი", – ამბობს ფელონი. მისი პირველი როლი სურსათის შემფუთველი ბიჭი იყო ადგილობრივ სუპერმარკეტში. მოგვიანებით, ბოთლებსა და ქილებს ახარისხებდა გადასამუშავებელ ცენტრში. ამ სამუშაოებში იყო რაღაც დამამცირებელი. სუპერმარკეტში გახადეს იძულებული ჰალსტუხი-ბაფთა და წინსაფარი გაეკეთებინა და ჩექმები ჩაეცვა. ამის გამო განსაკუთრებით უხერხულად გრძნობდა თავს, როდესაც გოგონას დაინახავდა, რომელიც უყვარდა. გადასამუშავებელი ცენტრში კი, ნაგვის სუნი იდგა. მიუხედავად ამისა, ცდილობდა ორივე პოზიციაში საუკეთესო დაენახა. დევიდ ლეტერმანს თავის შოუში ეპიზოდი ჰქონდა „საუკეთესო შემფუთავ ბიჭზე" და ახალგაზრდა ფელონი წარმოიდგენდა ხოლმე, რომ მასში მონაწილეობდა.

გადამუშავების ცენტრში მას უფროსებთან უწევდა ურთიერთობა. „ჩემი ასაკის ბავშვებთან ვმეგობრობდი", – ამბობს ის, – „მაგრამ ვფიქრობ, რომ შინაგანად უფრო მეტად ასაკოვანი ვიყავი".

იქიდან დაიწყო მისი ციცაბო გზა ზევით. ფელონიმ კომედია აღმოაჩინა, Stand-up-ი ისწავლა და აკვიატებულად ოცნებობდა შაბათის ღამის შოუზე. შემდეგ კოლეჯიდან გამოვიდა, იმპროვიზაციამ გაიტაცა, მაგრამ არ გაუმართლა SNL-ის მოსმენაზე 1997 წელს, შემდეგ კი, 1998 წელს წარმატებას მიაღწია. მაშინ 23 წლის იყო.

„ასეთ დროს ისეთი შეგრძნება ჩნდება, თითქოს ქალაქს მართავ", – ამბობს ის, – „ეს ძალიან სახალისო იყო". ის Weekend Update-ის თანადამფუძნებელი გახდა თინა ფეისთან ერთად და 2004 წელს ფელონი სამართლიანად ამაყობდა თავისი მიღწევებით, ასევე, მეტისთვის იყო მზად. მან SNL დატოვა, რათა საკუთარი შემდეგი დიდი საქმისთვის მოეკიდა ხელი.

„ჩემი მიზანი მხოლოდ ფილმებში გადაღება გახლდათ. მინდოდა რომანტიკული კომედიების ბიჭი ან რაღაც ამგვარი ვყოფილიყავი", – ამბობს ფელონი.

ეს რეალური იყო. ბევრი მხოლოდ ოცნებობს კინოვარსკვლავობაზე და მათგან განსხვავებით, ფელონის შეეძლო ამის გაკეთება. მაგრამ ეს ასევე იდეალური მომენტი იყო უკან დასახევად და მარტივი შეკითხვის დასასმელად: რატომ?

რატომ უნდა გაგიჩნდეს შეკითხვა − „რატომ"? იმიტომ, რომ ჩვენ იშვიათად ვსვამთ ამ შეკითხვას, როდესაც წარმატებები გვაქვს და როდესაც პასუხი თითქოს სრულიად აშკარად ჩანს. რატომ? რატომაც არა? მაგრამ რა იქნება, თუ ამ შეკითხვაზე პასუხი არ ვიცით?

ამიტომ ვეკითხები ფელონის: „თუ გქონდათ პასუხი, ვინმეს რომ ეკითხა, რატომ იყო ეს თქვენი მიზანი?"

ის ჩერდება. სამი წამი სიჩუმე.

„არა", – ამბობს ის ბოლოს, – „ვცდილობ მოვიფიქრო, რატომ უნდა იყოს ეს ჩემი მიზანი? შესაძლოა, იმ წიგნებიდან და სტატიებიდან, რომლებიც წავიკითხე, ან ვინმე ცნობილის მიზანი იყო Saturday Night Live-იდან ფილმების გადაღება".

„ეს მხოლოდ გზაა".

გსურთ გაიგოთ, რა არის დასახული მისიის საპირისპირო? მოსმენა ხომ არ გსურთ, რა არის ყველაზე დიდი მახე ანტრეპრენერისთვის? ეს სამი სიტყვაა, სწორედ ეს სიტყვებია: „ეს მხოლოდ გზაა". მაგრამ თქვენი გზა − არ არის. ეს უბრალოდ გზაა. გზა, რაღაც გზაა, ამ გზას სხვა ადამიანები იკაფავენ საკუთარი მიზნებისთვის, თქვენი მიზნებისთვის − არა. ეს გზა სრულიად პროზაული ცხოვრებისკენ მიდის და თუ მას დაადგებით, კმაყოფილების გრძნობა არ გექნებათ იმ რისკის გამო, რომელიც გასწიეთ.

ფელონიმ ორი ფილმი გადაიღო და ორივე გააცამტვერეს, მაგრამ იქ ნათელი წერტილიც იყო. ერთ-ერთის გადაღებაზე თავის მომავალ მეუღლეს, პროდიუსერ ნენსი იუვონენს შეხვდა. ეს იყო და ეს, მას უკვე აღარავინ ურეკავდა. ფელონიმ არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. იუვონენის დახმარებით იპოვა, რა უნდა ყოფილიყო მისი პირველი ნაბიჯი: „შეწყვიტე ფოკუსირება იმაზე, რაც არ გაქვს და იმაზე დაიწყე ფოკუსირება, რასაც აკეთებ". ასე რომ, ახლა ფილმებზე აღარ ფიქრობს.

„რა გინდა რომ გააკეთო ამის გამო? იტირო? ერთი წლის განმავლობაში ვაკეთებდი ამას", – ამბობს ის, – „ახლა რა უნდა გავაკეთო? რაღაც უნდა გავაკეთო. მე მაქვს ნიჭი. იმას ვგულისხმობ, რომ კომედიებში შემეძლო გამოსვლა. კომედიური სიმღერებით შემეძლო გამოსვლა".

მან თავიდან დაიწყო შექმნა და შესრულება. ნელ-ნელა გადაეწყო ახალ საქმიანობაზე. შემდეგ მას ლორნ მაიკლსმა დაურეკა, Saturday Night Live-ის შემქმნელმა და Late Night-ისა და The Tonight Show-ს პროდიუსერმა. ლორნმა წლების წინ უთხრა, რომ მისი აზრით, ფელონი ღამის შოუს შესანიშნავი წამყვანი იქნებოდა. ეს ის დრო იყო, როდესაც ფელონიმ SNL დატოვა. ახლა, ხუთი წლის შემდეგ, ო'ბრაიენი ღამის შოუს ტოვებდა და ეს სამუშაო ვაკანტური იყო. სიმართლე რომ ვთქვათ, NBC-ის ხელმძღვანელები დიდად აღტაცებულები არ იყვნენ ფელონით. „ისინი ამბობდნენ, რომ სხვები ჰყავდათ, რომლებიც შესაძლოა უკეთესები ყოფილიყვნენ ამ საქმისთვის", – იხსენებს ფელონი. მაგრამ მაიკლსმა მას დაუჭირა მხარი და ხელმძღვანელობაც მოლბა.

„ამან მთელი ჩემი კარიერა, მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა", – ამბობს ფელონი, – „მათ თქვეს: კარგი, თუ მართლა ფიქრობთ, რომ ჯიმის ეს შეუძლია, ვნახოთ, რა იქნება". ფელონის ბევრი რამ უნდა ესწავლა და თან − ძალიან სწრაფად.

როგორ უნდა გააკეთო ის, რაც აქამდე არასდროს გაგიკეთებია? ფელონიმ ეს ისე მოახერხა, რომ თავდაჯერებულიც იყო და ამავე დროს, ეჭვიც ეპარებოდა საკუთარ ძალებში. „მე ყოველთვის ასე ვაკეთებდი კომედიებს", – ამბობს ფელონი. ჩვენ მის კუთხის კაბინეტში NBC-ის სათავო ოფისში ვსაუბრობთ, ის ფეხზე დგება, რომ ინსცენირება შეძლოს ხელში წარმოსახვითი მიკროფონით. ფელონი მამოძრავებელი ძალაა, ესტრადის მსახიობია. ყველაზე კომფორტულად მაშინ გრძნობს თავს, როდესაც ფეხზე დგას. „მაშინვე ვხვდებოდი, რომ ხუმრობამ გაამართლა, მაგრამ შემდეგ მიჩნდებოდა გრძნობა, რომ მაყურებელს ვკარგავდი, ისინი უნდა დამებრუნებინა, და ისიც ვიცოდი, რა დააბრუნებდა მათ".

როგორც კი ზედმეტად თავდაჯერებული გახდებით, ნებისმიერი პატარა დაბრკოლება აგიბნევთ თავგზას. თუ საკუთარ თავში ზედმეტად გეპარებათ ეჭვი, ვერაფერს შეძლებთ. სწორი ბალანსის მიღწევა ძნელია და ფელონის ახსოვს, რომ თავიდან მეტისმეტად ძლიერ ეჭიდებოდა თავის თავდაჯერებულობას. „როდესაც მეუბნებოდნენ: ოჰ, შენ რა იღბლიანი ხარ, ეს თითქმის გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის", – ამბობს ის. მას ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ეს დაიმსახურა, იღბლიანობა თითქოს შეურაცხყოფად ჟღერდა. „მაგრამ ჩემთვის ვფიქრობდი: მოიცადე, ნამდვილად ასეა?" ეს თავდაჯერების არარსებობის გამო ხდება. მაგრამ ვფიქრობ, ეს მაინც ამ ორი გრძნობის კარგი შეხამებაა.

ანტრეპრენერებს ის პრობლემები აყალიბებთ, რომლებსაც ისინი ეჯახებიან, და ფელონიც ასე იყო. ღამით თოქ-შოუს წაყვანა იმ ტემპს მოითხოვდა, რომლითაც აქამდე არასდროს უმუშავია. ჯერ კიდევ SNL-ის დღეებში მთელი კვირა განიცდიდა, როდესაც მის ხუმრობაზე არავის ეცინებოდა. მაგრამ ახლა მას და მის გუნდს აქტიურ მოქმედებაზე გადასვლა მოუწიათ. ისინი სცენარს წერდნენ, ცდიდნენ მას და თუ არ გამოდგებოდა, ხვალინდელი დღე ყოველთვის ჰქონდათ. „იცით, რას ვგულისხმობ? ყოველთვის ვცდილობდი, რაც შეიძლება კარგი სცენარი მქონოდა", – ამბობს ფელონი, – „და თუ ის გაამართლებდა, გამოდის, რომ უბრალოდ გაამართლა და თუ არა, მაყურებელი იმას მაინც იტყოდა: „ოჰ, რა გაეწყობა, ის ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია".

ეს რეალობის მარტივი, მაგრამ კრიტიკული გააზრებაა. დაუფიქრდით: SNL-ში ფელონი გრძნობდა, რომ მას მხოლოდ თავისი საქმიანობის მიხედვით აფასებდნენ. წარუმატებელი ხუმრობა იმას ნიშნავდა, რომ მან მარცხი იწვნია. მაგრამ ახლა, როდესაც ის ყოველ საღამოს იქ იყო, ჯიმის აუდიტორია მის მიმართ ნდობით განიმსჭვალა. თუ ხუმრობა წარუმატებელი აღმოჩნდებოდა, მათ იცოდნენ, რომ ის ბევრს ცდილობდა. თუ საკუთარი მიზნის გარკვევა გსურთ, აი, რით უნდა დაიწყოთ: უნდა აღიაროთ, რომ თქვენ (ან თქვენი ბრენდი) არ ხართ უბრალოდ იმის ჯამი, რასაც ქმნით. რაღაც უფრო მეტი ხართ და ეს არის ის, რისთვისაც ადამიანები სინამდვილეში თქვენთან მოდიან. კაფე მხოლოდ ყავას კი არ გთავაზობთ, ის საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს. ანტრეპრენერები მხოლოდ კომპანიებს კი არ ქმნიან, ისინი ადამიანების პრობლემებს აგვარებენ.

როდესაც ჩვენი საქმე სამყაროში რაღაცის მოტანაა, რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ადვილად გვავიწყდება, რომ ეს სამყარო ერთი გიგანტური ლაქა არ არის − ჩვენს სამუშაოში რეალური ადამიანები მონაწილეობენ.

ფელონის შოუ 00:35 საათზე გადიოდა ეთერში, რაც მას ყოველგვარ ილუზიებს უკარგავდა.

„არავინ საუბრობს შოუზე 00:35 საათზე. ამ დროს ადამიანები მხოლოდ ძილს ებრძვიან", – ამბობს ის. ამიტომ, მან და მისმა გუნდმა საკუთარ თავს მარტივი ამოცანა დაუსახეს − დაძინების წინ გაეღიმებინათ ადამიანები. შოუ ხალისიანი და გულწრფელი იყო. ისინი ისეთ თამაშებს თამაშობდნენ, როგორიცაა „დაასახელე ვინ არის", აუდიტორიის წევრებს შემთხვევითი უცნობი ადამიანების სახელის გამოცნობას სთხოვდნენ. აქ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოიგებს და ვინ წააგებს. ადამიანებს მოსწონდათ ეს თამაში.

ფელონის რაღაცამ გაუნათა გონება. რა თქმა უნდა, ეს როლი არ იყო ისეთივე მომხიბვლელი, როგორც კინოვარსკვლავის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მას ეს გატაცება მაინც არასოდეს ჰქონია. გვიანობამდე მუშაობა მისთვის ბუნებრივი იყო, რადგან მას ადამიანებისთვის ბედნიერება მოჰქონდა. და როდესაც თავის ცხოვრებას უყურებდა, იგივე ინსტინქტი დაინახა: „მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი ამის გასაცნობიერებლად, მაგრამ უბრალოდ, მინდოდა ადამიანები გამეხარებინა", – ამბობს ის.

მაშინაც ასე იყო, როდესაც მისი სამუშაო, სურსათის შეფუთვა გახლდათ?

„მე საუკეთესო შემფუთავი ვიყავი", – ამბობს ის, – „ადამიანები მუდამ მე მკითხულობდნენ!"

მან გააცნობიერა, რა სურდა. „ვფიქრობ, ჩემი „რატომ" ეს არის: „შეიძლება თუ არა ჩემმა საქმიანობამ ადამიანები გაახაროს?" – ამბობს ის.

აი, ეს არის, რაზეც კარიერის აშენება შეგიძლიათ. ეს არ არის გზის მიყოლა. ეს არ ნიშნავს რაღაცის მხოლოდ ისე კეთებას. ეს მისიაა, მიზანი და გეგმაა იმისა, თუ როგორ უნდა შევქმნათ კიდევ უფრო დიდი რამ.

ფელონის ყოველთვის აქვს იდეები. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კარგი იდეებია, მაგრამ წინასწარ როგორ უნდა იცოდეს, კარგია თუ ცუდი? ამიტომ იწერს ის ყველა იდეას − როგორც წესი, ხმოვან ჩანაწერებს აკეთებს, ან Evernote-ში იწერს. „მახსოვს, ბოლოს რაც ჩავწერე, მაგნიტური ჩოგბურთის ბურთი იყო, რომელიც შეგიძლიათ თქვენი ძაღლის საბელს მიამაგროთ, როდესაც ის სასეირნოდ გაგყავთ", – ამბობს ის, – „მე ყოველთვის გამყავს ჩემი ძაღლი სასეირნოდ და გარკვეულ ადგილებში მიწევს ყოფნა. კარგი იქნებოდა, ბურთიც მქონოდა თან და გადამეგდო, როდესაც ძაღლთან ერთად ვარ, მაგრამ ბურთის ჯიბით ტარებას არ ვაპირებდი".

შეიძლება თუ არა ამ იდეამ ადამიანებს ბედნიერად აგრძნობინოს თავი? ეს არის ის, რისი გარკვევაც სურს შემდეგ. მან პროცესი შეიმუშავა თავისი იდეების შესამოწმებლად, რომელიც იმ ადამიანით იწყება, ვისთანაც ყველაზე მეტი წვდომა აქვს − საკუთარი თავით. ის გვერდზე ათავსებს თავის იდეებს, უნდა გადახედოს მათ და დაადგინოს, რომელია მათგან ყველაზე დასამახსოვრებელი.

„როგორც წესი, გონებაში კარგი იდეები რჩება", – ამბობს ის. შემდეგ საუკეთესოებს იღებს, საკუთარ თავს წარუდგენს და თითოეულზე კომიკოსივით საუბრობს. „მე ამაზე საკუთარ გონებაში ვიცინი", – ამბობს ჯიმი, – „მაგალითად, რატომ არის ეს სულელური? რატომ არ არის კარგი? ამ გზას ვიყენებ, რომ ისინი უფრო „ტყვიაგაუმტარები" გავხადო".

თუ იდეა გადარჩა, მას იმ ადამიანებამდე მიიტანს, რომლებსაც ენდობა, ხშირად The Tonight Show-ს სცენარისტებამდე. ის ამ შოუს წამყვანია 2014 წლიდან. ფელონის ადამიანები ნაწილობრივ იმის გათვალისწინებით აჰყავს სამსახურში, თუ რამდენად კარგად თანამშრომლობენ მასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მისი ხედვის გაზიარება და დახვეწა შეუძლიათ (ჯიმის შეუძლია მაშინაც ენდოს მათ, როდესაც ისინი იდეას იწუნებენ). ეს მან SNL-ში ისწავლა. ფელონის ახსოვს დრო, როდესაც პროდიუსერმა აიძულა ის და სხვა სცენარისტი, ერთად დაეწერათ რაღაც, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამას საერთოდ არ გეგმავდნენ. შედეგი მართლაც შესანიშნავი გამოდგა. ახლა ის ასე ამოწმებს ახალ ადამიანებს.

„ზოგჯერ სჯობს აიძულო თავი და ვინმესთან ერთად სცადო რაღაცის დაწერა, მხოლოდ იმის დასანახად, ერთად როგორ მუშაობთ", – ამბობს ის.

რამდენი იდეა გადადის მისი Evernote-საქაღალდიდან რეალურ სამყაროში?

როგორც ის ამბობს, შესაძლოა 10% ან 20%, რაშიც ყველაფერია − ხუმრობებით დაწყებული და სრულიად ახალი სატელევიზიო შოუთი დასრულებული. და თუ იდეა ერთხელაც არ გაამართლებს, ეს სულაც არ გაუცრუებს იმედს. „ყოველთვის მიყვარს ნებისმიერი რამის სამჯერ მოსინჯვა", – ამბობს ის, – „დადგენილი წესი არ არსებობს, მაგრამ არ მინდა მხოლოდ ერთხელ მივირთვა სენდვიჩი მაიონეზით და დავასკვნა: მე არ მიყვარს მაიონეზი. მსურს კიდევ ერთხელ გავსინჯო, და შესაძლოა კიდევ ერთხელაც".

იდეებთან დაკავშირებითაც იგივე ხდება: ჯიმი ცდილობს ხუმრობები რამდენიმე ღამის განმავლობაში გაიმეოროს თავის შოუში. ბოლოსდაბოლოს, მან იცის, რომ მისი მიზანია ადამიანებს ბედნიერად აგრძნობინოს თავი, ბედნიერების შეგრძნება კი არაზუსტი მეცნიერებაა. შესაძლოა რომელიღაც ერთ იდეასთან იყავით ახლოს, მაგრამ ვერ გაიგებთ რამდენად ახლოს იყავით, სანამ ხელახლა არ ცდით.

ახალი იდეების გამოცდა სასიამოვნოა და იმის გამო, რომ ისინი მხოლოდ თქვენს აუდიტორიაზე კი არა, საკუთარ თავზეც გიამბობენ. ასე მოხდა 2015 წელს, როდესაც ფელონიმ წიგნი დაწერა, სახელწოდებით „თქვენი შვილის პირველი სიტყვა იქნება მამა". ამ შემთხვევაშიც ისე დაიწყო, როგორც ყველა მისი იდეა იწყებოდა. მან წარმოიდგინა წიგნი, რომელიც მამებს შეეძლოთ შვილებისთვის წაეკითხათ, რათა მათთვის „მამა" „დედამდე" ესწავლებინათ.

სიუჟეტი ასეთია: ღორი ამბობს „მამა!" და მეორე ღორი გამოეპასუხება − „ღრუტ". იგივე ხდება ბაყაყებისა და ფუტკრის შემთხვევაში, და ა.შ. აგრძნობინებს თუ არა ადამიანებს ეს თავს ბედნიერად? დიახ, აგრძნობინებს, – ასე შეთანხმდნენ ის და მისი გუნდი.

აღმოჩნდა, რომ ისინი მართლები იყვნენ. წიგნი New York Times-ის ბესტსელერი გახდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ფელონის არც კი უფიქრია, შემდეგ რა მოხდებოდა. „ადამიანები ვიდეოებს მიგზავნიდნენ, სადაც ჩანდა, როგორ ამბობდნენ მათი შვილები პირველ სიტყვებს, როგორ კითხულობდნენ წიგნებს და ხვდებოდნენ, რომ კითხვა სახალისოა და ადამიანების რეაქციას იგებდნენ წიგნის კითხვისას, ახლა კი კითხვას სწავლობენ!" – ამბობს ფელონი და მაინც გაოცებულია ამ ყველაფრით.

როდესაც ჩვენი საქმე სამყაროში რაღაცის მოტანაა, რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ადვილად გვავიწყდება, რომ სამყარო ერთი გიგანტური ლაქა არ არის, ჩვენს სამუშაოში რეალური ადამიანები მონაწილეობენ. ისინი თქვენს იდეებს, პროდუქტებსა და სერვისებს იწოვენ საკუთარ ცხოვრებაში. „და იცით, არის რაღაც სასარგებლო ამაში, ჩემთვისაც და თქვენთვისაც", – ამბობს ფელონი. ის კვლავ წინ და უკან დააბიჯებს თავის კაბინეტში, საუბრისას ფიქრობს და ხვდება: შესაძლოა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ნახევარი ვიცოდი იმისა, თუ „რატომ" ვაკეთებდი ამას თუ იმას.

„იქნებ ეს „რატომ" ის არის, თუ როგორ ვიღებთ ორივენი ჯილდოს? როგორ უნდა გავაკეთო რაღაც, რომ თქვენც ბედნიერად იგრძნოთ თავი და მეც ბედნიერი ვიყო?"

ამან მაიძულა ჩვენი საუბრის დასაწყისს დავბრუნებოდი. მის კაბინეტში შევედი, ის თბილად მომესალმა და მაშინვე დამათვალიერებინა ოთახი. დეტალური, ექვსწუთიანი ტური ჩამიტარა, იქ არსებულ ყველა საინტერესო ნივთზე თქვა რაღაც. აბრა მაჩვენა თავის კართან, წარწერით JIMMY FALON, რომელსაც, დიახ, ერთი L აკლია და ეს იყო პირველი აბრა, რომელიც მისი, როგორც ღამის შოუს წამყვანის, კარზე ეკიდა („გინდათ თავმდაბალი იყოთ?" – ამბობს ის, – „აი, იხილეთ"). მან თავისი ოჯახის ფოტოებიც მაჩვენა. სუვენირები. ჯილდოები როდნი დენჯერფილდის ბიუსტით, რომელიც იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მის აღებას ორი ხელით და თან დიდი ოხვრა-ხვნეშით თუ შეძლებდი (თვითონ ვცადე). ის ჩაის მთავაზობს. ყავას. ნამცხვრებს. შემდეგ პატარა აკვარიუმთან ჯდება, რომელიც ლორნ მაიკლსმა უყიდა, რადგან ფელონი 47 წლისაა და უკვე იმ ასაკშია, რომ დამამშვიდებელი გარემო სჭირდება.

„ვცდილობდი, მინაზე ფრთხილად დამეკრა თითი", – ამბობს ფელონი, – „და მათთვის მესწავლებინა, რომ ჩემს თითს მიჰყოლოდნენ და ჩემი არ შეშინებოდათ".

ის ამის გაკეთებას ცდილობს და თევზი მას სრულ იგნორირებას უკეთებს. „ნახე, რა მაგრად გამოდის", – ამბობს ფელონი სიცილით. ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ, შეიძლება თევზს სამზე მეტი მცდელობა დასჭირდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჩემთვისაც სასარგებლო იყო: ამას ჩემთვის ბედნიერების შეგრძნება უნდა მოეცა, და ამასთან ერთად, მისთვისაც უნდა მიეცა ეს შეგრძნება. ამიტომ აკეთებს ამას და იცის, რატომ აკეთებს. ეს გზა ამართლებს.