Wempler - ინოვაციური პლატფორმა დამატებითი შემოსავლის მისაღებად

100,000 ლარი „შარქებისგან" 40%-ის სანაცვლოდ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს პირველი არხი სტარტაპერებს ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოპოვების შესაძლებლობას მეორედ შესთავაზებს. 20 აპრილს, 4 Emmy Awards-ის მფლობელი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს – Shark Tank საქართველოს მეორე სეზონი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ შოუ პირველად 2001 წელს, იაპონიაში „ფულის ვეფხვების“ სახელით დაარსდა. „შარქ თენქში“ მონაწილე ანტრეპრენერები „შარქების“, ანუ ერთგვარი ჟიურის წევრების წინაშე წარადგენენ თავიანთ სტარტაპებს, არწმუნებენ ინვესტორებს ამ ბიზნესის პერსპექტიულობაში, პასუხობენ შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხასა და ინტელექტუალურ მხარდაჭერას იღებენ. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია, ხოლო საქართველოში 2021 წლიდან, 46 მონაწილე დამწყებ ბიზნესს შორის, ინვესტორების დაფინანსება 14-მა რჩეულმა მოიპოვა. „შარქ თენქ საქართველოს“ პირველი სეზონის ფარგლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია გაიცა.

„შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური სპონსორია Visa, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, რომელიც ქართული ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია. Visa-ს როლი ბიზნეს ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გულისხმობს ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, პარტნიორობების ფორმატში განხორციელებულ არაერთ პროექტსა თუ ინიციატივას. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება „შარქ თენქ საქართველო“ − გადაცემა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის საშუალებით, ბიზნესმენებსა და ინვესტორებს ერთმანეთთან აკავშირებს, ამარტივებს მათ შორის კომუნიკაციას, ზრდის როგორც ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობას ასევე პროდუქტების გლობალურ ბაზარზე გატანის შესაძლებლობას.

„შარქ თენქ საქართველოს“ მეორე სეზონის პირველი გადაცემის გამარჯვებული სტარტაპი Wempler და მისი თანადამფუძნებლები - ალექსანდრე თავხელიძე, გიორგი ჯავახიძე და დავით ბერძენიშვილი გახდნენ. სტარტაპერებმა Wempler-ის განვითარებისთვის დაჩი ჭოლაძისგან, პავლე მგელაძისგან, ქეთი ქვარცხავასგან და ილია წულაიასგან 100,000 ლარიანი ინვესტიცია კომპანიის 40% წილის სანაცვლოდ მიიღო.

Wempler არის პლატფორმა ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც ეძებს შემოსავლის დამატებით წყაროს ან კადრს. მათ შორის მოიაზრება: თავისუფალი, ნახევარი განაკვეთის სამუშაო ან დროებითი კონტრაქტი. პლატფორმაზე დარეგისტრირებულები არიან ვერიფიცირებული კადრები, საიდანაც დამსაქმებელს შეუძლია, სასურველი ვარიანტი შეარჩიოს და ნებისმიერი სამუშაო გადააბაროს მას. „დაფიქრდით, ყოველდღე რამდენი წვრილ-წვრილი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, რამდენად დიდი დრო სჭირდება მათ და რამდენად არასასურველია მათი შესრულება თქვენთვის. მეორემ ხრივ, დაფიქრდით, ყველა ჩვენგანს გაგვაჩნია რაღაც უნარი, რაღაც ცოდნა, რისი საშუალებითაც შეიძლება ფულის შოვნა. ერთის მხრივ, პრობლემა არის ყოველდღიური საქმეების შესრულებისთვის დროის, მოტივაციის ან უნარის უქონლობა და, მეორეს მხრივ, ყველას გვაქვს სურვილი და შესაძლებლობა, გვქონდეს დამატებითი შემოსავალი. ამის ფონზე, არ არსებობს პლატფორმა სადაც ჩვენს სერვისს სხვას შევთავაზებთ. Wempler-ის უპირატესობა უნივერსალურობაა. არ ვზღუდავთ კატეგორიას ანუ ნებისმიერი სერვისი შეგიძლია მიიღო Wempler-ზე (ძაღლის გასეირნება, მებაღეობა, ბებიის მოვლა, მანქანის გარეცხვა, სარეცხის გაფენა)“, - აღნიშნავს ალექსანდრე თავხელიძე.

სტარტაპი გიორგი ჯავახიძემ, დავით ბერძენიშვილმა, ალექსანდრე, გიორგი და მიხეილ თავხელიძეებმა დააფუძნეს. ალექსანდრეს Wempler-ის იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც საოჯახო საქმის განხორციელებისას სხვა ადამიანის დახმარება დასჭირდა. „უნივერსიტეტის დავალებას ვაკეთებდი, ამ დროს დედამ დამირეკა - სარემონტო მასალები ელიავადან სახლში მიიტანეო. მანდ მივხვდი, რომ ვიღაც მჭირდებოდა, ვინც ამას გააკეთებდა. მაშინ იმასაც მივხვდი, რომ სერვისში, იმ კონკრეტულ მომენტში, ფულსაც გადავიხდიდი. როდესაც დავიწყე დამხმარე პირის მოძიება, ვერაფერი ვიპოვე. გავაანალიზე, რომ მსგავსი პლატფორმა, სადაც ვიპოვიდი დამხმარეს, არ არსებობდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე მისი შექმნა. მოკვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ, თურმე, ხალხი სერვისის მიმწოდებელსა და სერვისის მიღების მსურველს Facebook ჯგუფებში ეძებენ. მივხვდი, რომ არსებობს მოთხოვნა, რომელიც 10-მდე ჯგუფში მყოფ 300,000-მდე ადამიანს უჩნდება“, - აცხადებს ალექსანდრე თავხელიძე.

იმ გუნდის ჩამოყალიბება, ვინც იდეას ხორცს შეასხამდა, ალექსანდრე თავხელიძის განმარტებით, არ იყო რთული. იდეა მამას, 22-წლიანი გამოცდილების მქონე პროგრამისტს გააცნო. შემდეგ, შემუშავებული იდეის შესახებ გამოცდილ პროექტების მენეჯერს, საკუთარ ძმას, პროგრამისტ ბიძასა და მონაცემთა მეცნიერ დეიდაშვილს უამბო. Wempler-ის პოტენციალი იდეის გაცნობისთანავე დაინახეს, აქედან გამომდინარე, ალექსანდრეს ყველა დათანხმდა და საერთო ძალისხმევით, დაიწყეს სტარტაპის განვითარებაზე მუშაობა. საკმაოდ ბევრი გამოწვევა შეგვხვდა. უპირველესად ის, რომ, საწყის ეტაპზე, ყველანი გამოუცდელები ვიყავით, გვიჭირდა სამუშაო პროვცესის დაწყება. სწორედ ამიტომ, გავიარეთ არაერთი აქსელერაციის პროგრამა, გავიარეთ კურსები, დავიწყეთ მუშაობა, სამუშაო პროცესში შეცდომების დაშვება და ბოლოს მათზე სწავლა და გამოსწორება, რამაც საბოლოოდ სწორ გზაზე დაგვაყენა და ახლა უკვე ყველა ერთი და სწორი მიმართულებით მივდივართ ჩვენი პროდუქტის შექმნის გზაზე“, - აღნიშნავს ალექსანდრე თავხელიძე.

„შარქ თენქ საქართველოში“ გამარჯვება და ინვესტორის დაინტერესება Wempler-ის დამფუძნებლებისთვის გუნდის ახალი წევრის შეძენის შესაძლებლობა გახდა. ჩვენ გვსურდა, გყვოლოდა ადამიანი, ვინც დაიჯერებდა იდეას და ჩვენთან ერთად განავითარებდა მას. რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტი იყო იდეის სიყვარული, და მის განვითარებაში მონაწილების მიღების სურვილი, რაც აღნიშნული „შარქებისგან“ დავინახეთ და სწორედ ამიტომ მივიღეთ მათი შემოთავაზება“, - განმარტავს ალექსანდრე თავხელიძე. Wempler-ის გუნდისთვის პროექტში გამარჯვება, პირველ რიგში, იდეის ვალიდურობას ნიშნავდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი უნიკალურობის აქამდეც ღრმად სწამდათ დამფუძნებლებს. ახლა მათ 4 გამოცდილი ინვესტორი და მრჩეველი ჰყავთ რაც ნიშნავს იმას, რომ, ალექსანდრე თავხელიძის თქმით, ზაფხულის ბოლოს მომხმარებლებისთვის პროექტის პირველი ვერსია უკვე ხელმისაწვდომი იქნება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დაფინანსება და ინვესტორების რესურსი სწორედ MVP-ის შექმნაზე დაიხარჯება. საქართველოს ბაზრის ათვისების შემდგომ კი, გუნდი, აზიის ქვეყნების ბაზარზე გასვლას გეგმავს.