''STEPN-იდან მხოლოდ ის ადამიანები იღებენ სარგებელს, რომელთაც დისციპლინა აქვთ'' - პავლე მგელაძე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრული ბოტასის, STEPN-ის, მნიშვნელობა ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ყოველდღიურად იზრდება და მისი შექმნის დღიდან, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. აპლიკაციის მეშვეობით სეირნობითა და სირბილით საკმაოდ სოლიდური თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი. NFT-ბოტასები საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან და შემოსავლის მიღებასთან ასოცირდება, ზოგიერთისთვის კი STEPN ფინანსური პირამიდის მორიგი სახეობაა. როგორ მუშაობს აპლიკაცია, რა სარგებლის მიღებაა შესაძლებელი მისგან და რა უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, ვისაც NFT ბოტასის შეძენა სურთ? − ამ საკითხებთან დაკავშირებით Entrepreneur პავლე მგელაძეს ესაუბრა. მანამდე კი გაეცანით სტატიას, რა უნდა ვიცოდეთ ციფრული ბოტასის შესახებ?

პავლე, როგორ დაინტერესდით STEPN-აპლიკაციით და რა გამოარჩევს მას სხვა კონკურენტებისგან?

სანამ აპლიკაციას გადმოვწერდი, ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხებოდა მასზე აზრს და როცა უკვე უშუალოდ STEPN-ის ე.წ. Whitepaper-ს გავეცანი, ვნახე, რომ ამ პროექტს მხარს უჭერდა SEQUOIA − ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სერიოზული კაპიტალი, რომელსაც დიდი წვლილი აქვს Instagram-ის, YouTube-ის, Google-ისა და სხვა Tech-კომპანიების განვითარებაში. ასევე, STEPN-ის უკან დგანან Binance, Solana Ventures და სხვა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ აპლიკაცია არ იყო თაღლითობა, არამედ, პირიქით − რამდენიმე ძალიან საინტერესო ფუნქციონალი აქვს, რომელიც Tech-მიმართულების ნაზავს წარმოადგენს, მაგალითისთვის:

  • თამაშზე აგებული საქმიანობა, რომელიც, თავის მხრივ, მომხმარებელს მეტ მოტივაციას აძლევს;
  • სოციალური ფაქტორი − მომხმარებელს სჭირდება გარეთ გასვლა, თანამოაზრეებთან კომუნიკაცია, ირჩევს სტრატეგიას, ეძებს რჩევებსა და რეკომენდაციებს, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, იქმნება საერთო ინტერესების მქონე საზოგადოება;
  • სათამაშოდ არ არის ყველასთვის ადგილი − აპლიკაციაში ძალიან ბევრი ფაქტორია, რაზეც დამოკიდებულია შენი ინვესტიცია და ამონაგები. იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო, საჭიროა: დისციპლინა, კალკულაციები და ალბათ, Excel-შიც რაღაცების გამოთვლა. მაგალითად: უნდა გახსნათ თუ არა აპლიკაციაში ე.წ. Mystery Box დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფასი აქვს იმ მომენტში GST-ს და რა დონეზე იმყოფებით თქვენ? თავდაპირველად ვხსნიდი ყუთს და მერე მივხვდი, რომ აქედან მიღებული სარგებელი, ამ შემთხვევაში, Jam-ები, არ ღირს იმდენი, რომ ამაში ფული დავხარჯო. სწორედ ეს არის ფინანსური გადაწყვეტილება. აპლიკაციის მომხმარებელს მსგავსი კალკულაცია ძალიან ბევრი მოუწევს და უნდა გაითვალისწინონ, რომ ნებისმიერ მათ მიერ დაშვებულ შეცდომაზე ფულს შოულობენ თავად აპლიკაციის შემქმნელები. ამ პროექტის ფარგლებში მხოლოდ ის ადამიანები იღებენ სარგებელს, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ დისციპლინით და არ უშვებენ ბევრ შეცდომას. რაც შეეხება STEPN-ის კონკურენტუნარიანობას, იმდენად მოწესრიგებული Whitepaper და გამოყენებადი ბიზნესლოგიკები ჰქონდათ, რომ აპლიკაციის განვითარების შესაძლებლობა ეჭვქვეშ არ დგება.

რა სახის სტრატეგია უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, რომელთაც აპლიკაცია აქვს გადმოწერილი? რას უნდა მიაქციონ ყურადღება?

სტრატეგია არის პერსონალური. აქ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ იმის მიხედვით, თუ რა სამომავლო ხედვა გვაქვს და რა სტრატეგიას ვირჩევთ. აბსოლუტურად ჩვენზეა დამოკიდებული, ავირჩევთ რაც შეიძლება რისკიან სტრატეგიას მეტი შემოსავლის მოსაძიებლად თუ ნაკლებად რისკიანს, რომელიც შესაბამისად, ნაკლებ ამონაგებს მოიტანს? თქვენ შეგიძლიათ, გადახვიდეთ 1-იდან 30-ე დონემდე და ეს თქვენი გამომუშავებული GST გამოიყენოთ იმაში, რომ სხვადასხვა ეტაპზე, ე.წ. Level-ზე გადახვიდეთ ან გაჩერდეთ მე-4 ან მე-9 ეტაპზე, ამ ადგილიდან იმუშაოთ და ეტაპობრივად ამოიღოთ აპლიკაცია. მე, მაგალითად, ვირჩევ რისკიან სტრატეგიას. ვინაიდან ძალიან კარგი მხარდამჭერები ჰყავს ამ აპლიკაციას, ვფიქრობ, თვენახევარში არ შემცირდება მისი მნიშვნელობა, აქედან გამომდინარე, მაქვს ხედვა, რომ დავაბანდო მეტი ფული და მაქსიმალურად მეტი ამონაგები ამოვიღო. ამჟამად 9 ბოტასი მაქვს. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ეფექტიანია და დიდ მოგებას იძლევა, ზოგიერთს კი მხოლოდ აპლიკაციაში ენერგიის გასაზრდელად ვიყენებ.

პავლე, როგორც ცნობილია, სანამ აპლიკაციის მომხმარებელი გახდები, გჭირდება სააქტივაციო კოდი, რომელიც უნდა მიიღო უკვე არსებული მომხმარებლისგან. რატომ არის კოდის მოძიება ასე გართულებული?

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია არ იქნებოდა სააქტივაციო კოდზე დამოკიდებული, დარეგისტრირდებოდა მილიონობით ადამიანი და შესაბამისად, გართულდებოდა ბოტასის ყიდვა, ჯერ გაიზრდებოდა და შემდეგ დაეცემოდა „ქოინების ფასი“. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ეს ფაქტი აირიდონ თავიდან, STEPN-ის შემქმნელები ზომავენ ადამიანების შემოსავალს. დღეის მდგომარეობით, 400 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავთ და მათი რაოდენობა ლოგიკურად და ეტაპობრივად იზრდება.

ალბათ, გახსოვთ თამაში Pokemon Go, რომელშიც მომხმარებელს არავინ არაფერს უხდიდა. საზოგადოება უბრალოდ „ქოინებს“ აგროვებდა. ამ აპლიკაციას მილიარდზე მეტი ჩამოტვირთვა ჰქონდა და ყოველდღიურ მომხმარებელთა რაოდენობა 250 მილიონს აღწევდა. STEPN ბევრად სჯობს აპლიკაციას. გარდა იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს ყოველდღიურად $1000 მოგებასაც კი უწერს, შედარებით უკეთ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები და სოციალურადაც არ არის რისკის შემცველი. სოციუმი, რომელიც შექმნა STEPN-მა, არ არის გადამეტებული და მხოლოდ საერთო ინტერესების მქონე პირები არიან გაწევრიანებულნი. აქედან გამომდინარე, სჯობს ნელ-ნელა ახვიდე 250 მილიონ მომხმარებლამდე.

პავლე, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ STEPN აგებულია ფულის შოვნის ე.წ. პირამიდულ პრინციპზე. რამდენად არსებობს იმის შანსი, რომ აპლიკაცია იყოს თაღლითური?

STEPN პირამიდა ცალსახად არ არის, რადგან სისტემა ისეა აწყობილი, რომ შემოსავლის წყაროები მუდმივად აქვს ამ ორგანიზაციას. ძალიან დიდი და რეპუტაციული კომპანიები უდგანან უკან, არ არიან ორიენტირებულნი ისეთ მექანიზმებზე, რაც დაკავშირებულია ე.წ. პირამიდასთან. რეალურად პროექტის იდეის ავტორებს ძალიან დიდი შემოსავალი აქვთ − თუნდაც, ამ გადაყიდული ბოტასებიდან 6%-ს იღებენ. 9 მარტს გაეშვა ოფიციალურად აპლიკაცია და 1 თვეში 26 მილიონზე მეტი მხოლოდ გადაყიდვებით მიიღეს. ძალიან ბევრი ტექნიკურად გამართული ფაქტორი აქვთ გათვალისწინებული STEPN-ში, რაც არ არის დაკავშირებული თაღლითურ პრინციპებთან.

რეალურად, რა ტექნოლოგიური სარგებელი და შედეგი იქმნება STEPN-ის მეშვეობით? რას ველოდებით ამ აპლიკაციიდან?

ამ მიმართულებით რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი: ერთია ის, რომ STEPN-ის შემქმნელები მომხმარებლების მონაცემებს საკმაოდ ეფექტიანად გამოიყენებენ. ჩართული გვაქვს ლოკაცია და ჩვენს ყველა აქტივობას აქცევენ ყურადღებას, აქედან გამომდინარე, ისინი მონაცემებს მონეტიზაციის საშუალებად აქცევენ. მეორე მხრივ, საკმაოდ სოციალური პროექტია, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწევა. პირადად მე, ამ პროექტის დასასრულს ვერ ვხედავ და ბევრი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს. ერთადერთი, ყველაზე დიდი რისკია, არ დაიჰაკონ და არ შეექმნათ უსაფრთხოების ისეთი გარემოება, რომ რაიმე მონაცემმა გაჟონოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, არ ჰქონდეთ რაიმე იმგვარი ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რომელიც მასშტაბირებაში შეუშლით ხელს... თუმცა ერთი რამ ცხადია: ასეთი ასიმეტრიული მოგება ბევრ კრიპტოპროექტს არ აქვს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც დღესდღეობით ან საერთოდ არ ვითარდება კრიპტოპროექტები, ან განიცდის რეგრესს.

პავლე, რამდენად დიდი პოტენციალი ექნება STEPN-ის აპლიკაციას ქართულ ბაზარზე და ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, იგეგმება თუ არა STEPN-ის ქართული ალტერნატივის შექმნა?

იმ შემთხვევაში, თუ ქართული ალტერნატივა ჩართავს გლობალურ ქსელს და საინტერესო პარტნიორებს შემოიკრებს, უდიდესი პოტენციალი ექნება საერთაშორისო ბაზარზე. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდი აპირებს საქართველოში გამოუშვას STEPN-ის მსგავსი აპლიკაცია. ძალიან საინტერესო და ახალი მიმართულება გახსნეს NFT-ბოტასებით. დაუშვეს შესაძლებლობა, რომ მსგავსი რაღაცებით დამატებითი შემოსავალი მიიღო. ამ ფონზე, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს წამყვანი კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები კიდევ მოიფიქრებენ საჭირო და გარდამტეხ ფუნქციებს... ვიმედოვნებთ, მათ შორის ჩვენც მოვიფიქრებთ სიახლეებს.

ამ მოცემულობით, ფიქრობთ თუ არა, დააბანდოთ უფრო მეტი ინვესტიცია?

9 ბოტასზე მეტის შეძენა უკვე აღარ არის ფინანსურად კარგი გადაწყვეტილება. როგორც ვახსენე, 9 ბოტასი მაქვს, საიდანაც 1 არის Uncommon Walker, ხოლო 8 მათგანი − Common Walker. ჩემი სტრატეგიაა, რაც შეიძლება სწრაფად ავიდე 30-ე დონეზე და ამის შემდეგ, არსებული 9 ბოტასით დავიწყებ ე.წ. დამინტვას, ანუ შეჯვარებას იმისათვის, რომ დამატებით ახალი ბოტასები წარმოიშვას.

პავლე, რას ურჩევთ საზოგადოებას, არის თუ არა STEPN ისეთი აპლიკაცია, რომელშიც ღირს ინვესტიციის დაბანდება?

არავინ იცის, ღირს თუ არა ინვესტიციის დაბანდება. მომხმარებელმა იმაზე უნდა იფიქროს, სულ რომ დაკარგოს ეს თანხა, რამდენად უღირს? ნასესხები ფულით არ უნდა შევიდნენ კრიპტოპროექტებში. ზოგადად, იმაზე მეტად არ უნდა გარისკონ, ვიდრე შეიძლება გადაიტანონ. ფინანსურად და ემოციურად არ უნდა დააზარალოს დანაკარგმა. ამას საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვამბობ. კრედიტითაც მიყიდია კრიპტო და იმაზე მეტიც დამიბანდებია, ვიდრე უნდა დამებანდებინა. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ვიღაცას ჩემი გამოცდილება გამოადგება. არსად არ არის საჩქარო − კრიპტოპროექტების „მატარებელი“ დიდხანს იქნება. ჯერ არაფერი გამოგიტოვებიათ.