Let's Move Now - პირველი ქართული კიბერსპორტის სახეობა ''გაჩერებული სამყაროს ასამოძრავებლად''

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს პირველი არხი სტარტაპერებს ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოპოვების შესაძლებლობას მეორედ შესთავაზებს. 20 აპრილს, 4 Emmy Awards-ის მფლობელი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს – Shark Tank საქართველოს მეორე სეზონი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ შოუ პირველად 2001 წელს, იაპონიაში „ფულის ვეფხვების“ სახელით დაარსდა. „შარქ თენქში“ მონაწილე ანტრეპრენერები „შარქების“, ანუ ერთგვარი ჟიურის წევრების წინაშე წარადგენენ თავიანთ სტარტაპებს, არწმუნებენ ინვესტორებს ამ ბიზნესის პერსპექტიულობაში, პასუხობენ შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხასა და ინტელექტუალურ მხარდაჭერას იღებენ. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია, ხოლო საქართველოში 2021 წლიდან, 46 მონაწილე დამწყებ ბიზნესს შორის, ინვესტორების დაფინანსება 14-მა რჩეულმა მოიპოვა. „შარქ თენქ საქართველოს“ პირველი სეზონის ფარგლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია გაიცა.

„შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური სპონსორია Visa, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, რომელიც ქართული ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია. Visa-ს როლი ბიზნეს ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გულისხმობს ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, პარტნიორობების ფორმატში განხორციელებულ არაერთ პროექტსა თუ ინიციატივას. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება „შარქ თენქ საქართველო“ − გადაცემა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის საშუალებით, ბიზნესმენებსა და ინვესტორებს ერთმანეთთან აკავშირებს, ამარტივებს მათ შორის კომუნიკაციას, ზრდის როგორც ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობას ასევე პროდუქტების გლობალურ ბაზარზე გატანის შესაძლებლობას.

„შარქ თენქ საქართველოს“ მეორე სეზონის ერთ-ერთი გამარჯვებული, უპრეცედენტო ქართული წამოწყება, პროექტი - Let’s Move Now გახდა, რომელიც გლობალურ ბაზარზე კიბერსპორტის მიმართულებით ახალი ტენდენციების დამკვიდრებასა და ქართული პროდუქტის მსოფლიოსათვის გაცნობას აპირებს. Let’s Move Now-მ, „შარქებისგან“ ქეთი ქვარცხავასგან და მენი ბენიშისაგან 150 000 ლარის ინვესტიციის და მნიშვნელოვანი ინტელექტუალური მხარდაჭერის მოპოვება შეძლო. უშუალოდ პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, Entrepreneur პროექტის თანადამფუძნებელს, ასლან ცივაძეს ესაუბრა.

„პროექტი Let’s Move Now, არის კიბერსპორტის ახალი სახეობა, რომელიც აერთიანებს Battle royale-ს, Move to earn და სხვა მიმდინარეობის კომპიუტერულ თამაშებს და მათ იდეებს რეალურ ცხოვრებაში ახორციელებს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ეს იქნება „აუგმენტურ რეალობაზე“ (AR) დაფუძნებული თამაში. ზოგადად, კომპიუტერული თამაშები რამდენადაც კარგია, იმდენად ბევრი ნეგატიური მხარეები გააჩნიათ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის დროის ხარჯვა , რომელიც, რა თქმა უნდა, ფინანსური ინტერესის გარეშე არის მხოლოდ და მხოლოდ დროის არაეფექტური გამოყენება. მოთამაშეების უმეტესი ნაწილი, სახლში, ეკრანთან, უმოქმედოთ ატარებს ძალიან დიდ დროს, რაც საბოლოოდ ჯანმრთელობის პრობლემებთან არის დაკავშირებული. ეს ასევე პატარების მშობლებისათვისაც უდიდესი გამოწვევაა. ზუსტად ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ კომპიუტერული თამაშების დადებითი მხარეები Move-ში გაგვეერთიანებინა და ამავდროულად, ზემოთ ხსენებული პრობლემებიც გადაგვეჭრა. თამაშის რამდენიმე მიმართულებას დავამატეთ WALKER-ი, რომლის მეშვეობითაც მონაწილეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან არა ტრანსპორტით არამედ ფეხით, რაც ავტომატურად გულისხმობს ჯანსაღის ცხოვრების წესის პროპაგანდას“, - აცხადებს ასლან ცივაძე, - „იდეის შექმნისას მთავარი მიზანი გლობალურ მასშტაბზე გასვლა იყო, სადაც ადამიანები გაერთიანდებოდნენ და უზარმაზარი კომუნა ჩამოყალიბდებოდა. ისინი, ასაკის, რელიგიის, კანის ფერისა თუ პროფესიის მიუხედავად დაიწყებდნენ ერთმანეთში შეჯიბრს, მოძრაობას, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას, გააქტიურდებოდნენ, გაერთობოდნენ და ამავდროულად მოიგებდნენ ფულად პრიზებს“.

დღესდღეობით, Let’s move now-ს გუნდი, 14 ძირითადი წევრისაგან და „ამბასადორისგან“ შედგება, რომლებიც პროექტის მდგრად განვითარებაზე აქტიურად მუშაობენ. ესენი არიან: ასლან ცივაძე, მარიამ ყეინაშვილი, ფეა ცივაძე, პაატა გვათუა, ელენე ღვედაშვილი, მიხეილ თამასიძე, ოლღა გონგლაძე, გიორგი შენგელია, ლაშა ბასლანძე, ნიკა ნიკოლაძე, თამარ კურტაული, შაკო გოცირიძე, თომა ბერიძე და გიორგი სვანაძე. ამ ეტაპზე, დასრულებულია მუშაობა თამაშის ბეტა-1 ვერსიაზე და პროექტის გუნდი ბეტა-2 ვერსიის შემუშავებას იწყებს, რომელიც აპლიკაციისთვის დასრულებული სახის მიცემას, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის და NFT-ის ინტეგრირებას და გლობალურ ბაზარზე გასვლას მოიაზრებს.

როგორც პროექტის თანადამფუძნებელი, ასლან ცივაძე გვიამბობს, მისი გუნდი ყურადღებით აკვირდებოდა „შარქ თენქის“ პირველ სეზონს. მათ შეისწავლეს შარქების ფსიქოლოგია, მაქსიმალურად მოემზადნენ მწვავე კითხვებისათვის და შედეგმაც არ დააყოვნა. მისი თქმით, მენი ბენიშის და ქეთი ქვარცხავას პარტნიორობა, ამ პროექტის წარმატებისათვის შეუფასებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ „შარქ თენქი“ აუცილებელი პროექტია ქვეყნისათვის. ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც აქვს საოცარი იდეები და სჭირდებათ ფინანსური თუ ადამიანური გვერდში დგომა. შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს პოტენციალი მსოფლიო დონის პროექტები განვახორციელოთ საქართველოში“, - აღნიშნავს ასლან ცივაძე, - „გამარჯვება ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, დიდი მოტივაცია და რწმენა იმისა, რომ თუ მოინდომებ ყველაფერი გამოვა, მთავარია არ გაჩერდე. ძლიერი პარტნიორების შეძენა აათმაგებს მოტივაციას, მათი გამოცდილება და გუნდური მუშაობა მომავალი გამარჯვებების წინაპირობაა“.

რაც შეეხება Let’s Move Now-ს უახლოეს სამომავლო გეგმებს, გუნდი სრული დატვირთვის მუშაობს ბეტა-2 ვერსიის სრულყოფაზე, რომლის საბოლოო ტექსტირება თბილისში „ჰოთ ჩელენჯის“ სახით მოხდა. ეს შეჯიბრი თვის ერთ კონკრეტულ დღეს გაიმართება და იქნება ერთგვარად მოსამზადებელი პერიოდის დასასრული და გლობალურ ბაზარზე გასვლის წინაპირობა. „ჩვენი პირველი და შეუცვლელი მისია და გეგმაა ავამოძრავოთ გაჩერებული სამყარო - Let’s Move Now!“, - განაცხადა ასლან ცივაძემ.